გულახდილი საუბრები

ჩემი დედამთილის ეგოისტურმა საქციელებმა დამღალა

ავტორი: „თბილისელები“ 15:14 17.11, 2020 წელი

ეგოისტი დედამთილი
დაკოპირებულია

რომ გავთხოვდი, უბედნიერესი ვიყავი. საყვარელი ადამიანი ხელის გულზე მატარებდა. ჩემს ქმარს დიდი ოჯახი აქვს და თავიდან ახალდაქორწინებულებს ბინა გვიქირავეს და ორი თვე იქ ვცხოვრობდით. ასე ვთქვათ, თაფლობის თვე, უცხოეთის რომელიმე სასტუმროს ნომრის ნაცვლად, ნაქირავებ ბინაში, ერთ ოთახში გავატარეთ. მაგრამ იმდენად კარგად ვგრძნობდი თავს, რომ ამაზე არც მიფიქრია. 

ჩემი დედამთილი თითქმის ყოველდღე მოდიოდა, გამზადებული საჭმელი მოჰქონდა, სუფრას თავად შლიდა, მივირთმევდით და მერე, მიდიოდა. ყოველ დილა-საღამოს ურეკავდა თავის შვილს და მოიკითხავდა. ვფიქრობდი, რა ყურადღებიანი ქალია-მეთქი და თურმე, ყურადღებიანი კი არა, ნამდვილი ეგოისტია. ამას მაშინ მივხვდი, როცა ორი თვის მარტო ცხოვრების შემდეგ, ქმრის სახლში მივედი საცხოვრებლად. მსგავსი მოურიდებელი და შეუგნებელი ქალის მნახველი არ ვარ. დილაადრიან, დაკაკუნების გარეშე, შემოაღებს ჩვენი საძინებლის კარს და იწყებს ლაპარაკს: ადექით შვილო, გათენდა, გავშალე სუფრა, ჩაი დავასხი და გაცივდება, გეყოფათ ლოგინში ამდენი კოტრიალიო. გეფიცებით, დილის გათენების მეშინია. უკვე ისე გამომიმუშავდა, თენდება თუ არა თვალები დაჭყეტილი მაქვს და კარისკენ ვიყურები, როდის შემოგლიჯავს და დაიწყებს ჩვეული ტექსტით გამოსვლას.

ჩემს ქმარს რომ ვუსაყვედურე, დააკაკუნოს და ისე შემოაღოს საძინებლის კარი, მე მერიდება მის მაგივრად-მეთქი, გაეცინა და მიპასუხა: დედაჩემს ნუ მასწავლი, მე და ჩემს დედმამიშვილებს დილით სულ ასე გვაღვიძებდაო. მესმის, შვილი შეიძლება, გააღვიძო, მაგრამ ახალი რძალი რომ ვარ, იქნებ ჩემს ქმართან ჩახუტებული არ მინდა დამინახოს. დელიკატურად „ჩავურტყი“ საუბარში, მაგრამ ვერ შევაგნებინე. ისევ ისე აგრძელებს. ლამის თავის ხელით აჭამოს ჩემს ქმარს საჭმელი. თუ, უარს ამბობს, ბავშვივით ტუქსავს და ეჩხუბება. მგონი, ისევ სკოლის მოსწავლე ჰგონია. არადა, ჩემი ქმარი დედიკოს ბიჭი ნამდვილად არ არის, საკმაოდ ზრდასრული და სერიოზულია და მიკვირს, დედამისის ასეთ ქცევებს რომ იტანს. მესმის, მიჩვეულია, მაგრამ ცოლი რომ ვუზივარ გვერდით, ამის მაინც არ უნდა მოერიდოს? ვერ ვხვდები.

ამას წინათ კარგი ამინდი იყო და მანქანით ქალაქგარეთ გასეირნება გადავწყვიტეთ. დავგეგმე, ჩემს ქმართან ერთად როგორ გამეტარებინა ის დღე. სიურპრიზებიც მოვიფიქრე, მაგრამ, სანამ მე გავემზადე და საძინებლიდან გამოვედი, ჩემი დედამთილი ჩაცმულ-დახურული იდგა კართან, მეც მოვდივარო – ის დღე ჩამიშხამა. თავად, იცოცხლეთ, კარგად გაერთო. სვეტიცხოველშიც წააყვანინა თავი ჩემს ქმარს და ჯვარზეც აიყვანა. სულ არ ფიქრობს იმაზე, რომ შეიძლება, სადმე განმარტოებულად გვინდა წასვლა. არადა, დაგეგმილი მქონდა პიკნიკი ტყეში, სუფთა ჰაერზე, პატარა საჩუქარიც მქონდა ნაყიდი ქმრისთვის და მინდოდა, ორიგინალურად გადამეცა. ვინ დამაცადა? არ ვიცი, ჩემი დედამთილის ეგოისტურ გამოხტომებს როდემდე გავუძლებ. ისე გვექცევა, თითქოს დამოუკიდებლად ცხოვრება და აზროვნება არ შეგვიძლია, ისევ პატარები ვართ და მან თუ არ მიგვითითა, დავიღუპებით.

ნეტა, არ ახსოვს თავისი ახალგაზრდობა? არადა, არ მინდა, რამე უხეშად ვუთხრა და ოჯახში დაძაბულობა შევიტანო. იქნებ, მიხვდეს, რომ ახალგაზრდები ვართ და განმარტოება გვინდა, ერთმანეთის ჩახუტება და არ გვსიამოვნებს, როცა ვინმე დაჭყეტილი თვალებით გვიყურებს. ნუთუ, ვერ ხვდება, რომ ახალდაქორწინებულებს მეტი თავისუფლება გვინდა. არც ის მინდა, ჩემს ქმარს ისევ ნაქირავებ ბინაში გადასვლა ვთხოვო. ვიცი, ოჯახს ამის ფინანსები არ აქვს და მასაც გული უნდა ვატკინო. ვითმენ, მაგრამ როდემდე – არ ვიცი. ვხვდები, ნელ-ნელა მოთმინების ფიალა მევსება.
ნიაკო, 23 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი