გულახდილი საუბრები

ბიჭი, რომელიც მიყვარდა და ვენდობოდი, ცოლიანი აღმოჩნდა

№24

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 24.06, 2021 წელი

35 წლის ქალი
დაკოპირებულია

არასოდეს ვიყავი მიამიტი და მიმნდობი გოგო.

მშობლებიც ბრმად მენდობოდნენ, რადგან იცოდნენ ჩემი ხასიათი და ამიტომ, არასოდეს დაუშლიათ სადმე წასვლა. რომ ვთქვი, ზღვაზე მივდივარ დაქალთან ერთად-მეთქი, უსიტყვოდ დამთანხმდნენ და ფინანსურადაც დამეხმარნენ. თან, იმ ასაკში ვიყავი, რომ უკვე დამოუკიდებლად ვიღებდი გადაწყვეტილებებს და სამსახურიც ისეთი მქონდა, შემეძლო, ჩემი ოცნებები თავადაც ამეხდინა – რაც მინდოდა, მეყიდა, სადაც მინდოდა, წავსულიყავი, დრო გამეტარებინა, დამესვენა. არც თაყვანისმცემლები მაკლდა. ბევრ ბიჭს ვუყვარდი და ბევრი ცდილობდა ჩემთან დაახლოებას. მე კი არავისკენ მიწევდა გული.

მოკლედ, ჩემს დაქალთან ერთად ზღვაზე დასვენება გადავწყვიტე. ბათუმში სასტუმრო დავჯავშნეთ და გავემგზავრეთ. სწორედ, იქ გავიცანი გოჩა. საოცარი გარეგნობისა და ბუნების ადამიანი. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ჩანდა. ერთი ნახვით მოვიხიბლე და ისიც დაინტერესდა ჩემით. სულ რაღაც ორი შეხვედრის მერე მივხვდი, რომ ჩემში რაღაც ხდებოდა, თავს ვერ ვაკონტროლებდი და მასთან განშორება დიდ ტკივილს და მონატრებას მიტოვებდა. ერთი სული მქონდა, გათენებულიყო, რომ ისევ მენახა და მის გვერდით ვყოფილიყავი. ჩემი დაქალისთვის ეს ამბავი არ დამიმალავს. დავიწყე მის გარეშე გოჩასთან შეხვედრა და ერთ დღესაც, როცა მისი სასტუმროს ნომერში ავედით, თავი ვერ შევიკავეთ და ინტიმური ურთიერთობა გვქონდა. მანამდე სერიოზულად არ გვისაუბრია, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, თბილისში ჩავიდოდით და ეს გრძნობა კიდევ უფრო გაღრმავდებოდა. სამომავლოდ კი მასთან ოჯახსაც შევქმნიდი. მის თვალებში სიყვარულის გარდა, არაფერი შემინიშნავს და რას მივხვდებოდი, რომ ამ ადამიანში ვცდებოდი.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე და ჩემი დაქალი თბილისში ორ კვირაში დავბრუნდით, გოჩა კი იქ დარჩა. ბათუმიდან გამომგზავრებისას მისი ბოლო სიტყვები იყო: ძალიან კარგი გოგო ხარ, საოცრად თბილი და მზრუნველი, მაგრამ ჩემი თხოვნაა – ნუ იქნები მიამიტი. ყურმილი რომ დავკიდე, ვერ მივხვდი ამ სიტყვების აზრს. ჩემს დაქალს რომ ვუთხარი, მითხრა: ალბათ, ეჭვიანობს და მიგანიშნა, თუ მამაკაცი შენდამი გრძნობას გამოხატავს, არ მიღალატო და არ ენდო ბრმადო. გამეცინა და ვუპასუხე: რა სისულელეა, ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს, მის გვერდით სხვა ვერ წარმომიდგენია და ზუსტად ვიცი, ისიც იმავეს ფიქრობს, ჩვენ ერთმანეთს ვენდობით და რომ ჩამოვა, ნახავ, თუ ცოლობას არ შემომთავაზებს მალევე-მეთქი.

ბათუმიდან ყოველდღე მირეკავდა. ვიცოდი, როდის ჩამოდიოდა და ერთი სული მქონდა, როდის ჩავეხუტებოდი. თუმცა, მისი ჩამოსვლის დღეს ტელეფონი გაითიშა. საერთოდ არ დამკონტაქტებია. ჯერ ვინერვიულე, ვიფიქრე, უბედურება ხომ არ შეემთხვა ან რაიმე სერიოზული პრობლემა ხომ არ დახვდა სახლში ჩამოსულს-მეთქი. თუმცა, მერე მივხვდი, თავს მარიდებდა. იმ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა. მინდოდა გამერკვია, რა მოხდა და მაგრამ ვერაფრით დავუკავშირდი. მერე გამახსენდა, ხშირად ახსენებდა მის უბანში არსებულ კაფეს, სადაც დადიოდა და იქ მომხდარ ისტორიებს მიყვებოდა. კაფეში მივედი და ბარმენთან ვიკითხე, მათთან მსგავსი გარეგნობის ბიჭი თუ დადაიოდა. სწორედ, მისგან შევიტყვე, რომ გოჩა მათი ხშირი სტუმარია, გუშინაც იყო ცოლთან ერთადო. დამცხა, დავიბენი, გავშეშდი, თავში ყველაფერი ამერია. ჯერ ვიფიქრე, იქნებ ვერ აღვწერე სწორად და ეშლება-მეთქი, მერე ეჭვი გამიჩნდა და საბოლოოდ მივხვდი, მისი უცაბედი დაკარგვისა და დამალვის მიზეზი ცოლი იყო. ბარმენს ვკითხე, ხომ არ იცი, სად ცხოვრობს, მისი ყოფილი კლასელი ვარ, დიდი ხანია, აღარ მინახავს და მინდა, შევხვდე-მეთქი. მანაც მიამიტურად მითხრა: ზუსტად არ ვიცი, მაგრამ აქვე ახლოს ცხოვრობს, მგონი, წინ რომ კორპუსი დგას იმის ბოლო სადარბაზოდან გამოსულს ვხედავ ხოლმეო.

წავედი, ვიკითხე და გავარკვიე – გოჩა ნამდვილად ცხოვრობდა იქ და ახალმოყვანილი ცოლიც ჰყავდა. ენა ჩამივარდა, საკუთარი თავი შემზიზღდა. მას შემდეგ სამი წელი გავიდა და კაცის დანახვაც აღარ მინდა. ყველა კაცში მოღალატეს ვხედავ. უბრალოდ, ჩემი თავის მიმართ მაქვს პროტესტი – როგორ ვერ მივხვდი, რომ უცნობ მამაკაცთან ასეთი გახსნილი არ უნდა ვყოფილიყავი. მაგრამ, თავი დავკარგე, არ ვიცი, რა დამემართა და დავნებდი. მის მიმართ მხოლოდ ზიზღი შემომრჩა, საკუთარ თავს კი ვადანაშაულებ და ცხოვრებაში თუ ვინმეს შევიყვარებ, აუცილებლად მას შემდეგ, რაც ბოლომდე მეცოდინება მისი წარსული და აწმყო.

ნინი, 28 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი