გულახდილი საუბრები

ბევრი შვილი ქმრის შესანარჩუნებლად გავაჩინე, მაგრამ მაინც წავიდა

№7

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 25.02, 2021 წელი

დედის აღსარება
დაკოპირებულია

ბუნებით ეჭვიანი არ ვარ, მაგრამ ჩემს ქმარზე სულ ვეჭვიანობდი. საბაბიც მქონდა – გათხოვების პირველი დღიდან ვგრძნობდი, რომ სულ ქალებისკენ გაურბოდა თვალები. ვფიქრობდი, ასაკში რომ შევა, მიხვდება, რას ნიშნავს ოჯახი და დამაფასებს, როგორც ერთგულ და მზრუნველ ცოლს-მეთქი, მაგრამ შევცდი. რაც წლები ემატებოდა, მით უფრო ცივდებოდა ჩემ მიმართ, მით მეტად უხეში ხდებოდა და ქალებთან სიარულსაც არ იკლებდა.

ბევრი რამ მოვითმინე და ჩავყლაპე, რომ ოჯახი და ქმარი შემენარჩუნებინა. ვფიქრობდი, თუ ბევრ შვილს გავაჩენდი, სხვასთან არ წავიდოდა, თუმცა, აქაც შევცდი, როგორც ცხოვრების მეგზურის არჩევაში. ისე მიმატოვა ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად, უკან არც კი მოუხედავს. პირიქით, რაც მეტი პასუხისმგებლობა იგრძნო, მით მეტად დაშორდა ოჯახს.

ბევრი მეუბნებოდა: ნუ აჩენ ამდენ შვილს, ხომ ხედავ, ამის გამოსწორება არ იქნება, ბავშვების მთელი ბატალიონიც რომ ელოდებოდეს სახლში, მაინც სხვასთან გაიქცევაო. ამას მეც ვგრძნობდი, მაგრამ მაინც ვერ ვუშვებდი გონებაში. რომ არა შვილები, არც კი ვიცი, როგორ ვიარსებებდი. ესენი მატანინებენ ყველა ტკივილს. მატერიალურად არ გვიჭირდა და ახლაც ასე ვართ.

ბავშვებს არაფერი აკლიათ. ჩემი დედამთილ-მამამთილიც მეხმარება და ჩემი ოჯახიც. სამწუხაროდ, მე როგორც ქალი, ვერ შევდექი, ვერ მოვახდინე ჩემი ნიჭის რეალიზება, დავრჩი სამსახურის გარეშე და მხოლოდ ოჯახის დიასახლისის სტატუსი მოვირგე კარგად.

უფროსი ბავშვი ხშირად მეკითხება, რის გამო წავიდა მამა ჩვენგანო და ამ დროს მირჩევნია, მიწა გამისკდეს და ჩავვარდე. რა ვუპასუხო? ვუთხრა, ქალების გამო მიგვატოვა-მეთქი? მე ხომ ცხოვრება დამინგრია და ახლა უკვე შვილებიც განიცდიან უმამობას. რაც დროს გადის, მით მეტად მტკივა, რომ არ დავუჯერე ჩემს ახლობლებს, რომ მაფრთხილებდნენ, ეს ადამიანი არ გამოგადგებაო.

ყველა მის სისულელეზე თვალს ვხუჭავდი, დამცირებასა და შეურაცხყოფას ხმის ამოუღებლად ვიტანდი და ბოლოს რა შემრჩა ხელში? მხოლოდ იმას ვთხოვ ღმერთს, შვილები მას არ დაემსგავსონ, მასავით მოღალატეები და ცინიკოსები არ გაიზარდონ. ძალიან ვცდილობ, მათთან დარდი არ შევიმჩნიო, თორემ, როცა ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობ, ლამის გული გამისკდეს.

რთულია მარტო ქალისთვის ხუთი შვილის დედობა, თან, როცა მიტოვებული ცოლის სტატუსი გაქვს. აღარც ნათესავებისა და მეგობრების ნახვა მინდა. მხოლოდ იმაზე მელაპარაკებიან, როგორ შევცდი, როგორ დავინგრიე ცხოვრება, როგორ ვერ შევძელი ჩემი ნიჭის გამოყენება, შევალიე მთელი ჩემი ახალგაზრდობა მექალთანე კაცს და დავრჩი შეურაცხყოფილი. მისი დანახვაც არ მინდა, მაგრამ ბავშვებს რა ვუყო? მათთვის მამასთან ურთიერთობა ხომ აუცილებელია და არ მინდა, მათ შორის ბზარის გაჩენის მიზეზი მე გავხდე. დიდად ვერ ვატყობ ვაჟბატონს, რომ შვილებთან ხშირი კონტაქტის სურვილი აქვს. თუმცა, ბავშვები თავად ურეკავენ და ისიც ეზოში ხვდება. სახლში ამოსვლას ვერ ბედავს.

კიდევ ვამბობ, მადლობა ღმერთს, რომ შვილები მყავს და ჯანმრთელად მყვანან, ეს მაძლიერებს, თორემ ჩემი ქმარი მათი ღირსი არ არის. კაცს, რომელიც საკუთარი სიამოვნებისთვის და იმისთვის ათას ქალთან გაერთოს, ცოლ-შვილს დატოვებს, რა უნდა მოჰკითხო?

უბრალოდ, მინდა, ყველა ქალმა იცოდეს, რომ ის აზრი, თითქოს ბავშვი წყვილის ურთიერთობაში რაიმეს ცვლის, ტყუილია. ადამიანი ან ხარ სულით მოღალატე ან არა! რამდენი შვილიც უნდა გააჩინო, ამით საყვარელ მამაკაცს ვერ შეაჩერებ, თუ მას სულში მექალთანეობა უზის, ვერ „დააბამ“. საკუთარი გამოცდილება მაძლევს იმის უფლებას, ხმამაღლა განვაცხადო, რომ თუ ქმარს წასვლა უნდა, ბევრი შვილის გაჩენით ვერ შეინარჩუნებთ.

მაია, 39 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი