გულახდილი საუბრები

ასაკში დავფეხმძიმდი და ოჯახის წევრები აბორტის გაკეთებას მაიძულებენ

№17

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 04.05, 2023 წელი

დაუფიქრებელი შეყვარება
დაკოპირებულია

ვერ ვიტყვი, წუნია ვიყავი-მეთქი, ალბათ, ყველაფერი ბედისწერის ბრალია და რაც შუბლზე მეწერა, ისე წავიდა ჩემი ცხოვრება.

ბევრ ბიჭს მოვწონდი, თუმცა, ისე გავხდი 44 წლის, გულმა არავისკენ გამიწია. ალბათ, ეს იყო ჩემი ბედი და ამიტომ ვიწუნებდი. უფრო სწორად, კი არ ვიწუნებდი, ისე მიდიოდა საქმე, ვიწყებდი ურთიერთობას, გავივლიდით, გამოვივლიდით და ბოლოს ვცილდებოდი. ვგრძნობდი, ენერგეტიკულად ვერ ვიღებდი და მერჩივნა, დავშორებოდი. დიდი ოჯახი მაქვს და ცდილობდნენ, ხან ვინ გაერიგებინათ და ხან ვინ. თუმცა, ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ორმოცდაოთხი წლის ასაკში გავიცანი კაცი, რომელიც მივხვდი ზუსტად ის იყო, ვისაც წლებია, ვეძებდი. ჩვენ შემთხვევით შევხვდით. მოვლენები კი იმდენად ჩქარა განვითარდა, რომ მოხედვაც ვერ მოვასწარი. არც დაუმალავს და ვიცოდი, ცოლიანი რომ იყო. ისიც ვიცოდი, რომ ცუდ საქციელს ჩავდიოდი, ქალი ვარ და მესმის, რა რთულია, როცა შენს საყვარელ ადამიანს ოჯახი აქვს, მაგრამ იმდენად მიზიდავდა და მსიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა, საკუთარ თავს ამ სიამოვნებაზე უარს ვერ ვეუბნებოდი. ვიტანჯებოდით დამალვებით. ერთად რომ ვყოფილიყავით, ხან სად ვქირაობდით ბინას და ხან სად, თუმცა არცერთი ღამე ერთად არ გაგვიტარებია. ის აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო ცოლთან, სახლში, მე კი – ჩემს ოჯახში. ერთად არასოდეს დავდიოდით. ვცდილობდით, არავის გაეგო ჩვენი შეხვედრების ამბავი და საგულდაგულოდ ვმალავდით. მასთან შვილზე არასოდეს მისაუბრია, არადა ძალიან მინდოდა მისგან მყოლოდა და დედა გავმხდარიყავი. არ მიფიქრია, მერე როგორ განვითარდებოდა მოვლენები, არც ცოლთან დაშორებას ვთხოვდი, უბრალოდ, შვილი მყოლოდა მისგან და გამეზარდა. ღმერთის წყალობით, ორსულად დავრჩი. თავადაც გაკვირვებული ვიყავი და სანამ ტესტი არ გავიკეთე, ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა. ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ ასაკში დავორსულდებოდი. კიდევ ვამბობ, არავის ოჯახის დანგრევა არ მიფიქრია და არც არავის ქმრის წართმევა, უბრალოდ, ასე მოხდა. რომ ვუთხარი თავდახრილმა: ორსულად ვარ-მეთქი, მეგონა, ეწყინებოდა, მაგრამ პირიქით, ჩამეხუტა და ჩამკოცნა. უბრალოდ, მერე დავსხედით და დავიწყეთ იმაზე ფიქრი და მსჯელობა, რა უნდა გვექნა, როგორ გაგვეგრძელებინა ცხოვრება და რა გვეთქვა ოჯახის წევრებისთვის. რასაკვირველია, ცოლთან დაშორებაზე არც იყო საუბარი. არადა, იმის თქმა, რომ საყვარელი შვილს ელოდება, რთულია და გადავწყვიტეთ, ბავშვის გაჩენამდე მას არაფერი გაეგო, შემდეგ აუხსნიდა სიტუაციას. მერე კი ბავშვს გააცნობდა დედმამიშვილებს და ექნებოდათ ურთიერთობა. გეფიცებით, ნამდვილი ადამიანია. სხვა კაცი ასე არ მოიქცეოდა. დამამშვიდა და დამაიმედა, შიშიც გამიქრო და მომავლის იმედიც ასმაგად ჩამისახა. გახარებული დავშორდი და დავბრუნდი სახლში. თუმცა, აი, ოჯახის წევრებისთვის თქმა ვერ გავბედე. ზუსტად ვიცოდი, რა ამბავსაც დამატეხდნენ თავს და მოვერიდე. ასე ვმალე მთელი სამი თვე, სანამ მუცელი კარგად არ დამეტყო და მერე დედას გავუმხილე, ორსულად ვარ და ბავშვს ველოდები-მეთქი. არც უკითხავს ვისგან ველოდებოდი, როდის ან საიდან, ეგრევე ჩხუბზე გადმოვიდა. საღამოს შეკრიბა კონსილიუმი და აბორტის გაკეთება მომთხოვეს. ვუხსნიდი, რომ გვიანი იყო და რომც არ ყოფილიყო, არ ვაპირებდი არდაბადებული ბავშვის მოკვლას. მატირეს, მაგინეს, მლანძღეს, კახპა და ბოზი, ოჯახის შემარცხვენელი მეძახეს და ის ღამე მართლა წვეთი არ მიძინია, ვიჯექი და ვტიროდი. ამხელა ქალი ვარ, ძლივს ვეღირსე ბავშვს, თან, ისეთი მამისგან, რომელიც მიყვარს და ამაზე ნამდვილად არ ვიტყვი უარს. ყოველდღე მაიძულებენ აბორტს, მაგრამ ზუსტად ვიცი, ვერაფერს გახდებიან. მე ჩემს შვილს მუცელშიც დავიცავ და დაბადების მერეც. ვიცი, მამამისი გვერდით დამიდგება და გამაზრდევინებს, არ მიგვატოვებს.

თამუნა, 44 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი