გულახდილი საუბრები

არის თუ არა ქალისთვის ოჯახის დანგრევა განაჩენი

№24

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 25.06, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ადამიანი სოციალური არსებაა – სოციუმში იბადება და იზრდება. აქედან ვითარდება მასში მეორე ადამიანთან ურთიერთობის მოთხოვნილება. ჯანსაღი ურთიერთობა დაფუძნებულია ნდობაზე, სიყვარულზე; ისინი პატივს უნდა სცემდნენ ერთმანეთის სურვილებსა და მოთხოვნილებებს.

წყვილს უნდა ჰქონდეს ღიაობა ნებისმიერი ტაბუირებული თემის თუ საკითხის მიმართ. უნდა შეეძლოთ ერთმანეთის მოსმენა და მშვიდი საუბარი. გარდა ამისა კარგ ურთიერთობას აღრმავებს საერთო ინტერესები.

წყვილის ურთიერთობა – ეს არის ცალკე ავტონომია ორი ადამიანისთვის, სადაც ისინი დაცულ და უსაფრთხო გარემოში არიან. არ განიცდიან დისკომფორტს ან სხვა ადამიანების ჩარევას მათ ურთიერთობაში.

მარიკა (34 წლის): ორჯერ ვიყავი გათხოვილი. მე და ჩემი პირველი ქმარი სამი წელი ვიყავით შეყვარებულები. ხშირად ვსტუმრობდი მათ ოჯახს. ჩემიანებსაც სასიძოდ მიაჩნდათ. არ მახსოვს, ჩემს სადედამთილოს ეგრძნობინებინა, რომ მისი ერთადერთი შვილისთვის საცოლედ არ ვსურდი.

– სადედამთილოს სურვილები მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის?

– როგორ გითხრათ, ამაზე სერიოზულად არასდროს დავფიქრებულვარ. დაქორწინებას რომ ვაპირებდით, ყველამ იცოდა. მაგრამ ოფიციალურობას გვერდი ავუარეთ. არ გვინდოდა აჟიოტაჟი. როდესაც ვთქვით, უკვე ცოლ-ქმარი ვართო, ჩემი დედამთილი გაცეცხლდა – დიდი ქორწილი და ტრადიციული ლხინი არ მოგწონს, შე ტუტუცო გოგო და ჩემს ერთადერთ შვილსაც ტვინი აურიეო და აქ დაიწყო, რაც დაიწყო. არც მიფიქრია, ვინმეს განაწყენება, უბრალოდ, არ მიყვარს ხმაური და დიდი ქორწილები. მაგრამ ჩემმა დედამთილმა ვერ გაგვიგო, მეტიც, მტრად გადაგვეკიდა. დედამისი ერთპიროვნულად წყვეტდა ოჯახში ყველაფერს. მოკლედ, გასაქცევად გაგვიხადა საქმე. ჯერ ჩემებთან ვიცხოვრეთ სამი თვე. მერე ცოტა ხანი ქირით გადავედით.

– ამ ხნის განმავლობაში ქმარი დედასთან ურთიერთობდა?

– კი და ცდილობდა, შვილი დაერწმუნებინა, რომ მე ბოროტი ვიყავი. მაინც დამინგრია ოჯახი. ქირით ცხოვრებაც დიდხანს ვერ შევძელით. ქმარსაც მობეზრდა ასეთი არეული ცხოვრება. ახლა ხომ არაფერი მაბადია, არავინ ვარ, დედასთან ურთიერთობაც კი ვერ მოვაგვარეო. შემდეგ ჯერ მეგობართან, შემდეგ კი დედამისთან წავიდა.

– ფიქრობთ, რომ დაშორების ერთადერთი მიზეზი დედამთილი იყო?

– ერთი შეხედვით, ასე გამოვიდა. მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ მიზეზი მხოლოდ დედამისი იყო. იმიტომ, რომ პირველი დაშორებისას მხოლოდ ერთი კვირა გავძელით უერთმანეთოდ. შეხვედრა მთხოვა. შევრიგდით, მაგრამ ვერ გადავწყვიტეთ, სად გვეცხოვრა. იმას ჩემებთან ცხოვრება არ უნდოდა, დედამისი მე არ მიშვებდა სახლში. მოკლედ, ისევ დავშორდით და უკვე საბოლოოდ. ვიტირე, ვინერვიულე. მაგრამ გაიარა ამ ტკივილმა. შეიძლება ისე არ გვიყვარდა და გვინდოდა ერთმანეთი, რომ პრობლემები დაგვეძლია.

მეორედ უფრო გააზრებულად გავთხოვდი. მშობლებმა პირველი ქმრისა და დედამთილის ჯიბრზე დიდი ქორწილი გადამიხადეს. ეს არჩევანიც არ აღმოჩნდა ის, ვისთანაც მთელ ცხოვრებას გავატარებდი. ზუსტად სამ წელიწადში დავშორდით. მასაც არ გამოუჩენია დიდი სურვილი, ერთად ვყოფილიყავით. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მიდარდია, ოჯახის დანგრევა. ისევ დავბრუნდი ჩემს მშობლებთან და აი, იქ შემექმნა პრობლემა. თუ პირველი დანგრეული ოჯახის შემდეგ მშვიდად მიმიღეს, ახლა ასე აღარ მოხდა. დაიწყო ჩემი წამება. ორჯერ განათხოვარ ქალს კაცები სხვანაირად დაგიწყებენ ყურებასო და კონტროლის მექანიზმები ჩართეს: იქ არ წახვიდე, სახლში მოსვლა არ დააგვიანო, ეს არ ჩაიცვა, ასე არ შეიღებოო. მოკლედ, ისეთ ჩარჩოებში მომაქციეს, ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა.

– 34 წლის ქალს ასე გაკონტროლებენ?

– მაკონტროლებენ, ის სიტყვა არაა. არადა, მანამდე, სანამ გავთხოვდებოდი, არაფერს მიკრძალავდნენ. რასაც მინდოდა, იმას ვიცვამდი, დაქალებთანაც დავდიოდი და სახლში მისვლასაც ვაგვიანებდი. უბრალოდ, მენდობოდნენ და იცოდნენ, ცუდს არაფერს გავაკეთებდი. ახლა ისე გამაგიჟეს, ჩემს ყოფილ ქმარს დავურეკე და სალაპარაკოდ დავიბარე. ვუთხარი, იქნებ შევრიგდეთ, ახლიდან ავაწყოთ ურთიერთობა-მეთქი. წარმოგიდგენიათ, რა დღეში ვარ? ყოფილმაც სასტიკი უარი განმიცხადა. მერე გავიგე, ვიღაც ქალთან დაუწყია სიარული და მე რაღაში ვჭირდები.

გამოუვალ სიტუაციაში ვარ. ასე ცხოვრება აღარ შემიძლია. არადა, ისეთიც არავინაა, გათხოვება მომინდეს. აღარ გავთხოვდები. მინდა, ცოტა ხანი ჩემი სიამოვნებისთვის ვიცხოვრო. მაგრამ ვინ გაცდის. დავიღალე. მამაჩემი ისე ხშირად მიმეორებს, რომ განათხოვარი ვარ, თან, ისე ოხრავს და გმინავს, გეგონებათ, განათხოვრობა დაღია. მასთან ლაპარაკს აზრი არა აქვს. ზოგჯერ მრცხვენია იმის თქმა, რომ ჩემი მშობლები ასე პრიმიტიულად აზროვნებენ და გაუნათლებლობას იჩენენ. მაგრამ, რომც ვთქვა, ეს ჩემს მდგომარეობას ხომ არ შეცვლის? ვერც ვერსად გადავალ. ცალკე ბინა მე არ მაქვს და არც იმდენი შემოსავალი, ქირით გადავიდე. ჩემს მშობლებს სხვა შვილი არ ჰყავთ და აი, ასე ვარ ხელ-ფეხ შეკრული. ეს ყველაფერი წინასწარ რომ მცოდნოდა, მეორე ოჯახს არ დავანგრევდი. ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ქმარი შემენარჩუნებინა. თან, არც შვილი მყავს.

– როგორც ამბობენ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

– დიახ. გამოუვალი სიტუაციები არ არსებობსო. მაგრამ ჩემთვის ეს ვერაფერი ნუგეშია. ახლა ზღვარზე ვარ. როგორმე უნდა დავმშვიდდე და ალბათ, შევეგუო იმ აზრს, რომ მესამედაც მომიწევს გათხოვება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი