გულახდილი საუბრები

აქვთ თუ არა დისკომფორტი მეორე ქმრის როლში მყოფ მამაკაცებს

№13

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 03.02, 2023 წელი

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება პროგრესს განიცდის, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სტერეოტიპების ტყვეობაში მყოფები, განიკითხავენ საყვარელ ადამიანებს წარსულში ჩადენილი ცოდვების, ან შეცდომების გამო. ისინი არც საკუთარ თავს აძლევენ ბედნიერების საშუალებას, არც იმ ადამიანს, რომლის გვერდითაც ცხოვრობენ და ერთი შეხედვით მისი დათმობაც არ უნდათ. მეორე და მესამე ქორწინებით თითქოს დღეს ვერავის გააკვირვებ, მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება, ჩანდეს.

ლილი, 34 წლის: უკვე 7 წელია, რაც მე და ჩემი მეუღლე დაქორწინებულები ვართ. გვყავს ქალიშვილიც, რომელზედაც ჩემი მეუღლე ჭკუას კარგავს. წესით, ბედნიერი ოჯახი უნდა გვქონდეს და „გარედან“ ასეც ჩანს, მაგრამ ჩემს ქმარს არ სურს იმ ფაქტის მიღება, რომ ჩემს ცხოვრებაში პირველი მამაკაცი არ არის. როცა შეხვედრები დავიწყეთ, მე მხოლოდ 24 წლის ვიყავი და თავიდანვე გავუმხილე, რომ 19 წლისას მყავდა შეყვარებული და ამ ბიჭთან წარუმატებელი სექსუალური გამოცდილებაც მქონდა.

- როგორ მიიღო მაშინ მან ეს ფაქტი?

- ამ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთობის დასაწყისში არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. მშვიდად მიიღო ეს ამბავი. საერთოდ არ შემინიშნავს რამე ცვლილება მის ჩემდამი დამოკიდებულებაში. როგორ წარმოვიდგენდი, რომ ამ ამბავს ახლა მიუბრუნდებოდა და პრობლემად გადამიქცევდა. ბოლო დროს საშინლად ვჩხუბობთ. ვერ ვივიწყებ, რა ვქნა და ნერვები მეშლებაო, მეუბნება. ზოგჯერ საქმე განქორწინებაზე ღია საუბრებამდეც კი მიდის. ყველაზე ცუდი ის არის, რომ თავს მარიდებს. დიდი ხანია, ფიზიკური სიახლოვე არ გვქონია. ვცადე, ამ თემაზე დავლაპარაკებოდი და ისეთი რამ მითხრა, ლამის გული გამისკდეს, ზოგჯერ წარმოვიდგენ, ხოლმე როგორ გქონდა სექსი იმ ტიპთან და ფიქრიც კი მტანჯავსო. სულ ცუდ გუნებაზეა, მარტო ბავშვთან იღიმის. თუ უცებ მე შემომხედავს, ეგრევე იღუშება. მეუბნება, დეპრესიაში მაგდებს იმაზე ფიქრი, რომ ჩემამდე სხვა კაცთან იწექი და ნორმალურად მუშაობაც აღარ შემიძლიაო. სწორედ ასეთ მომენტებში უჩნდება აგრესია და პროტესტი ჩემ მიმართ. თან ვიცი, რომ ვუყვარვარ.

- არ ცდილობთ, დაელაპარაკოთ და აუხსნათ, ან, სიყვარული რაში გამოიხატება?

- როგორ არ ვცდილობ. აღარ ვიცი, საიდან მივუდგე, საიდან მოვუარო. ხშირად ვესაუბრები და ვუხსნი, რომ წარსულის გამო არ შეიძლება მთელი ცხოვრება გავიმწაროთ; რომ ეს სულელური და ბოროტი აზრები თავიდან უნდა მოიშოროს. მე ის მიყვარს - მას მე ვუყვარვარ. თან ამბობს, განა მე განგიკითხავ შენი წარსულის გამოო... მაგრამ სიგიჟემდე ვეჭვიანობო. იმის წარმოდგენა მკლავს, რომ არსებობს სადღაც კაცი, აქვე ამ ქალაქში, რომელსაც შეუძლია მითხრას - მე შენ ცოლთან ვიწექიო. მე რა უნდა დავუპირისპირო ამას, არ ვიცი. თეორიულად ხომ მართლა არსებობს იმის შანსი, რომ ერთმანეთს შეხვდნენ. სულ ვუმტკიცებ, რომ ჩემთვის ერთადერთი და განუმეორებელია, რომ სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარს. რომ თუ ასეთი უბედური უნდა იყოს, წავალ მისგან, მაგრამ არაფერი გამოდის. არ შველის. არც ის უნდა, რომ მისგან წავიდე.

- ანუ, განქორწინებაზე საუბარს თქვენ იწყებთ?

- დიახ. აბა, რა ვქნა. როდემდე ვუყურო მის ტანჯვას. ფსიქოლოგთან არ მომყვება. მიაჩნია, რომ ეს მისი კი არა, ჩემი პრობლემაა. ოჯახის და ქმრის შენარჩუნება ძალიან მინდა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ვეღარ გავუძლებ. იმედს და მოთმინებას დღითი დღე ვკარგავ. ბოლო დროს ჩემი ქმარი შეურაცხყოფასაც ხშირად მაყენებს. რაც რთული მოსასმენი და ასატანია. მართლა არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ნუთუ ისე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ბევრი ქალი იქცევა? დამემალა ყველაფერი და თავი ქალიშვილად შემესაღებინა? ისეთი შესანიშნავი მამაა - მშვიდი, გაწონასწორებული, მოსიყვარულე... რატომ უნდა დამენგრეს ოჯახი... ასეთი რა დავაშავე?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი