შოუბიზნესი

ნუცა თოფურია: კიდევ კარგი, ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში არავინ იყო

№11

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 18.03

ნუცა თოფურია
დაკოპირებულია

ნუცა თოფურიას ცხოვრება ბოლო პერიოდში ძალიან შეიცვალა. აქამდე თუ ყველასთვის სიმღერით იყო ცნობილი, ახლა უკვე მსახიობის ამპლუაც მოირგო და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალისტი გახლავთ.

ნუცა თოფურია: ბოლო პერიოდში ჩემს ცხოვრებაში ისეთი ამბები მოხდა, რომელსაც საერთოდ არ ველოდი. ყველაფერი კარგი ერთად დამატყდა თავს. ადამიანები რომ უკვე მოცეკვავეს და მსახიობს მეძახიან, ძალიან მიხარია და იმასაც რომ მეუბნებიან, ვერ ვხვდებით, რომელი უფრო კარგად გამოგდისო, ეს ჩემთვის საოცარი კომპლიმენტია. მგონია, რომ შენი სურვილები ზემოთ იგზავნება და ცოტა ხანში ხორცშესხმული გიბრუნდება. მახსოვს, ერთ დღეს დავჯექი და ვფიქრობდი, კარგია ჩემი საქმე რომ მაქვს, მაგრამ რა კარგი იქნება, ახალი გამოწვევაც რომ გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში-მეთქი. მსახიობობაზე ყოველთვის ვოცნებობდი.

ზუსტად მაშინ დამირეკა ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ირაკლი გოგიამ და მთხოვა, თეატრში მივსულიყავი. „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ ჩემი საყვარელი სპექტაკლია, რომელიც მართლა ზეპირად ვიცი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვუყურებდი, ვსაუბრობ ყველასთვის ნაცნობ პირველ დადგმაზე. როდესაც ირაკლიმ მითხრა, შენ ნინიკო უნდა ითამაშო, ჩვენ „დარაბებს მიღმა გაზაფხულიას“ ვდგამთო, ვერ გეტყვით, რა დამემართა. ამას დაემატა ისიც, რომ მითხრეს, რომ კოკა ჩემი მეგობარი გიორგი ცხადაძე იქნებოდა. თეატრთან არანაირი შეხება არ მქონია. კი, სერიალში ვთამაშობ – ეს ცოტა უფრო ახლოსაა ჩემს, როგორც მომღერლის, საქმიანობასთან, მაგრამ თეატრი მართლა სულ სხვაა. ამიტომ ჩემი პირველი კითხვა იყო – რატომ რისკავთ? ყველას იმდენად უყვარს და ისე კარგად ახსოვს ეს სპექტაკლი, მაყურებელი სიახლეს ძალიან სკეპტიკურად შეხვდება-მეთქი. ირაკლიმ მითხრა, ზუსტად ვიცით, რომ საქართველოში ეს სპექტაკლი ძალიან პოპულარული გახდება, მე ინტუიცია არასდროს მღალატობს და დღეს საქართველოში ნინიკო და კოკა ვინც უნდა ითამაშონ, ჩემი აზრით, შენ და ცხადო ხართო. გავშეშდი. აუცილებლად გამოგივაო-მითხრეს. რადგან ჩემთვის პირველი როლი იყო, ძალიან ვეცადე ჩემს თავში მეპოვა ნინიკო და მგონია, რომ მოვახერხე. სიტყვები – ძალიან პოპულარული გახდება ეს სპექტაკლიო, ასრულდა, ბილეთები დადებული არ არის, რომ იყიდება და მაყურებელი ბოლოს ცრემლიანი თვალებით რომ დგას ფეხზე, ამ განცდად არაფერი არ ღირს.

ძალიან მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. როცა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამო ძალიან დაძაბული პერიოდი მქონდა, სხვა მხრივ ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად დავაპაუზე და 24/7 ცეკვებით შემოიფარგლებოდა. ერთადერთი ნათელი წერტილი იმ პერიოდშიც სპექტაკლი იყო. ეს საათ-ნახევარი იყო ჩემი განტვირთვა და უდიდესი სიამოვნება. მერე ისევ ჩემს რეალობას ვუბრუნდებოდი. ახლა, როგორც მსახიობს რომ მომიხსენიებენ, ეს მართლა საოცრებაა.

სიახლესაც გაგიზიარებთ, ახლა ახმეტელის თეატრი დგამს ახალ „ხანუმას“, სადაც ქეთო და კოტე ისევ მე და ცხადო ვიქნებით. სხვა თეატრებიდანაც მაქვს გარკვეული შემოთავაზებები და ვნახოთ, რა იქნება სამომავლოდ.

– უკვე დიდი ხანია, აქტიური ხარ როგორც მომღერალი, მაგრამ ბოლო პერიოდში კიდევ სულ სხვა რეჟიმით ცხოვრობ...

– გამძლეობა და ძალა, რომელიც ამას სჭირდება, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრისგან მესმოდა, არასდროს მჯეროდა, რომ ცეკვებში მონაწილეობა ამდენად რთული იქნებოდა. ნუცა, რომელიც მშობლებმა მართლა პრინცესასავით გაზარდეს, რომელსაც სულ თავზე დაჰფოფინებდნენ და ხელის გულზე ატარებდნენ, სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა. სხვა დროს, ფეხი რომ გადამიბრუნდებოდა, შვიდი კაცი დამადგებოდა თავზე და ცეკვებში ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო ჩემთვის. ფეხის გადაბრუნება კი არა, ნეკნის გაბზარვა, დაჟეჟილობა, ჰემატომები და ასე შემდეგ. თურმე, ფიზიკურადაც ძალიან ძლიერი ვყოფილვარ. სულ მეკითხებოდნენ, ფეხებსა და ხელებში ამდენი ძალა საიდან გაქვსო. ამ დროს ფეხით სიარულიც კი არ მიყვარს, ერთ კილომეტრს რომ გავივლიდი, უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი და იქ ჩემს თავში საერთოდ სხვა თვისებები და შესაძლებლობები აღმოვაჩინე.

– რა ხდება ამ დროს პირად ცხოვრებაში?

– მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ კიდევ კარგი, ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში არავინ იყო. როგორი კარგი ადამიანიც არ უნდა იყოს, როგორ გაგებითაც არ უნდა ეკიდებოდეს ყველაფერს, ამ ეტაპზე ჩემი ცხოვრების რეჟიმის გაგება მაინც ძალიან გაუჭირდებოდა და ეს დიდ დისკომფორტს შექმნიდა. ეს ზუსტად ვიცი. ბუნებრივია, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად გინდა დროის გატარება და როცა ამისთვის დრო ფიზიკურად არ არსებობს, რთულია. ახლა პირადზე ვერაფერს ვამბობ, ძალიან ვარ გადართული კარიერაზე. როცა ჩემს პირად ცხოვრებაში რაღაც ხდება, ნაკლებად ვახერხებ კონცენტრაციას. რადგან ეს გამოცდილება მაქვს, ვცდილობ, ეს გაფანტულობა თავიდან ავირიდო და ამ ეტაპზე, გამოდის, რომ სიყვარული ცოტა გვერდით გადავდე. შემდეგ ინტერვიუებში შეიძლება, რაღაცების თქმა, მაგრამ ამ ეტაპზე მეტს არ ვიტყვი (იცინის).

– თაყვანისმცემლების არმია გყავს. როგორ იქცევი მათთან?

– ძალიან თავმდაბალი ვარ, მინუსებშიც კი მაქვს თვითშეფასება. თუმცა, ამ პერიოდში მართლა ისეთი რაღაცები ხდება, მეცინება – საჩუქრები, ზედმეტი ყურადღება და ასე შემდეგ. მომღერალ ნუცა თოფურიას ხომ ჰყავდა თაყვანისმცემლები, ახლა როგორც მოცეკვავეს და მსახიობსაც გაუჩნდა და სამივე ერთად საკმაოდ ბევრი გამოდის (იცინის). კი, თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ ვუჩივი. სასიამოვნოა ეს ყველაფერი. თან, ძალიან კარგი თაყვანისმცემლები მყავს, ზღვარს არ გადადიან, ზედმეტს არაფერს აკეთებენ. მეც ასი პროცენტით დიპლომატი ვარ (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი