რელიგია

როგორ შექმნა ტვინმა შფოთი და ადამიანი შეშინებულ ღმერთად აქცია

№15

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 18.04

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ზრუნვა ადამიანებისთვის აღიქმება, როგორც სიყვარულის გამოხატულება, ხოლო, როდესაც საქმეს ეხება – გათვლილად მოქმედება. სინამდვილეში კი ზრუნვა შფოთია, რაც ადამიანს მუდმივად იჭერს წუთისოფლის ჩაკეტილ წრეში. როგორ გავარღვიოთ ეს საბედისწერო წრე? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– როგორ გადავეჩვიოთ ზრუნვას და, რაც მთავარია, რატომ უნდა გადავეჩვიოთ?

– რა არის ზრუნვა? შფოთი, რა ვჭამო, რა ჩავიცვა... დღეს რომ გაქვს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაინც შფოთავ, რა იქნება ხვალ, ზეგ, ერთი წლის შემდეგ?! ზრუნვით გავაფუჭეთ უზრუნველი მდგომარეობა. ადამიანის ენერგიის 90 პროცენტი იქითკენაა მიმართული, რა ჭამოს, რა სვას, რა შეიძინოს და ღმერთს შესწუწუნებს, არადა, ღმერთი რა შუაშია?! უფალი ამას უყურებს და ელოდება, როდის მიხვდები და შეწყვეტ ამ შფოთს, დაძაბულობას, ზრუნვას და რაც ზრუნვის შეწყვეტის შემდეგ დარჩება, აი, ისაა მთავარი, ანუ უზრუნველობა. უზრუნველობას ბრძოლა არ სჭირდება, უზრუნველობა ბუნებრივი მდგომარეობაა. ეს ჩვენ გვგონია, რომ უზრუნველად ვიცხოვრებთ, თუ პრესტიჟულ უბანში ბინას ვიყიდით, ბოლო მარკის მანქანას შევიძენთ, ორჯერ მეტ ხელფასს დაგვინიშნავენ... ყველაფერი ტყუილია. ამით ზრუნვას იმატებ, ვინაიდან, რაც მეტი გაქვს, მისი დაკარგვის შიშიც იზრდება; მადაც გაეხსნება, რაც მოიპოვე, არ გაკმაყოფილებს. საღეჭ რეზინას ჰგავს: ჯერ გემო აქვს, მერე გემოს კარგავს, აგდებ და ახალი საღეჭი რეზინა გინდა, ახალი გემო. შესაბამისად, ტყუილია, რომ რაღაცების შეძენით, დაგროვებით, შეიძენ სტაბილურობას. პირიქით, შიშს აგროვებ და ამ შიშზე დგახარ. რას გვეუბნება ქრისტე?! „შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არ ხართ? რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს? სამოსელზე რაღას ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომინიც კი, მთელს თავის დიდებაში, არ შემოსულა ისე, როგორც ერთი ამათგანი. თუკი მინდვრის ბალახს, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო? ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ, ან: რა ვსვათ? ან რით შევიმოსოთო? ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ. ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს. თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე და ეს ყოველივე შეგემატებათ. ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი.“

ზრუნვა არის შიში. ბავშვობაში შიში არ გქონდა და იმიტომაცაა ბავშვობა უზრუნველი. უზრუნველობა, უშფოთველობა არსებობაა. სიმყარეა, რომელზეც ჩვენ ვიდექით, დიდი მამა რომ გვყავდა, ღმერთში რომ ვიყავით და სამყარო ჩვენი მტერი არ იყო. შეადარეთ, ახლა რა დღეში ვიმყოფებით?! რა გვიშლის ხელს, რომ ისევ უზრუნველები გავხდეთ?! რომელი ქონების შეძენაშია სამოთხე? რომელი მარკის ავტომანქანის ფლობაში? რომელ თანამდებობაზე დანიშვნაში?! სად დარჩა სამოთხე, სად დავტოვეთ?! შეიძლება, ვინმემ მითხრას, ბავშვობაში ხომ ვერ დავბრუნდებითო, მაგრამ, დიახაც რომ, შესაძლებელია დაბრუნება, იმიტომ რომ ბავშვობა უზრუნველი მდგომარეობაა, რომელსაც ვატარებთ. ტვინმა შექმნა შფოთი, იმიტომ რომ ღმერთს, მამას არ მივენდეთ. ახლა უფალი გეუბნება, ჩამოსწიე ზრუნვის ხარისხი, წადი მინდობის გზით და რაც დარჩება, ის არის უზრუნველობა. ბავშვობაში, თუ გახსოვს, სახლში, შენს ეზოში თავისუფლად იყავი, დადიოდი, თამაშობდი, მაგრამ, დედას რომ ეტყოდი, ტყეში წავალო, რას გეუბნებოდა?! ფრთხილად იყავიო და ეს რომ გახსოვს, ეზოს გარეთ ფრთხილად დადიხარ. აი, ესაა ჩვენი წუთისოფელი: არ ვენდობით, გვეშინია, ეზოს გარეთ გავიპარეთ, ტყეში ვართ, სადაც გაურკვევლობაა და ვაგროვებთ რაღაცებს იმის შიშით, რამე არ დამემართოსო. ასეთ მაგალითს მოვიტან: ბოლოს და ბოლოს ძალიან სასურველი ფეხსაცმელი რომ გიყიდეს, მაგრამ ცოტათი გიჭერს და უსიამოვნოა. წუთისოფელი არის სამოთხე, რომელიც გიჭერს, მაგრამ ნელ-ნელა „მოჯდება“. იესო გვასწავლის მინდობას და რაც ახლა გიჭერს და გაწუხებს, გარდაიქმნება სამოთხედ. იმიტომ რომ სამოთხე შენი ხედვის კუთხეა. ხშირად ვამბობთ, შვებას მომგვრიდაო და რა არის შვება? შუა, ხომ?! და რას ნიშნავს შუაში ყოფნა? დაუძაბავად ყოფნას. თუ მე აქეთ ან იქით ვარ გადახრილი, ვიძაბები, ვშფოთავ. შუაში ჩამოშვებული ხელებით დგახარ და ძალის მინიმუმი გეხარჯება. ყველა ნაწილაკი, ამას ფიზიკაც ამბობს, დაცხრომისკენ მიდის, მაგრამ ჩვენ მუდამ აღგზნებული ვართ. წუთისოფელი არის შეშფოთებული მდგომარეობა. მე სამოთხეში ერთი ვიყავი, ღმერთთან გამთლიანებული, შიშმა გამოიწვია ერთის შეშფოთება. ჩვენ ყველანი ვართ პატარა ღვთის ხატები, რომლებსაც შეეშინდათ. ერთი მეს შეშფოთებული მდგომარეობაა მთელი სამყარო. იესომ დაიჭირა ეს შეშფოთება, მოეშვა, მამას მიენდო და დამთავრდა – ისევ აღდგა, როგორც ის ერთი, რაც დასაწყისში იყო. აი, ვისი შვილი ხარ შენ. მეფე ხარ. მთელი სამყაროების, რაც არსებობს, პორველმიზეზი. მამამ, ღმერთმა, თავისი სულით შენში ჩადო მატერიაში, რომ შენც განგეცადა ის სიყვარული და სისავსე, რაც მამას აქვს. აი, ვინ ხარ შენ. ხოლო, რაც აქ ხდება, საშუალებებია. ისევ ვიმეორებ, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია: რა არის მონანიება?! გახსენება. გონს მოდი, უგუნური ხარ, შფოთავ, ბორგავ! რეანიმაციაში რომ მოხვდება ადამიანი, რომ გაარკვიონ, არის თუ არა გონზე, ეკითხებიან, რა გქვია, სად ხარ? გონზე არ ხარ, თუ ეს წუთისოფელი რეალობა გგონია. ილუზიაში ხარ, კოშმარში ხარ, თუ ეს ერთადერთი სინამდვილე გგონია და აქ იბრძვი; ესე იგი, გონს ვერ მოდიხარ. მაშინ განგება ხანდახან მძიმე ძალას იყენებს, რაღაცებს წაგართმევს. რაც უნდა წინააღმდეგობა გასწიო და ტლინკები ყარო, არ დაგინდობს, რომ იქნებ როგორმე გამოფხიზლდე. როდემდე შეიძლება, ბავშვები ვიყოთ?! რაღაც დონეზე გეპატიება, გაერთო საჩხაკუნოებით, მაგრამ, როდესაც გაიზარდე და მაინც არ მოდიხარ გონს, ძალით აგაყენებენ თბილი ლოგინიდან და რამდენიც გინდა. იბუზღუნე, რა დავაშავეო. რაც დააშავე, მერე მიხვდები, ამიტომ ჯობია, სამყაროს რიტმს ავუწყოთ ფეხი, ნუ გაებლანდები ფეხებში, თორემ გამოგაგდებენ გარეთ. ცოდვამ, ტვინის მიუხვედრელობამ დაგვიმძიმა ეს სამოთხე. სამოთხე ღმერთში ყოფნაა, ნეტარებაა, უბრალოდ, ჩვენი ტვინით გავაფუჭეთ, ავამღვრიეთ და ახლა ერთადერთი გზაა: გაუქმდი და იხილავ, რომ მე ვარ უფალი, რას ნიშნავს გაუქმდით?! გააჩერე ტვინი, არ შეგეშინდეს! თუ ნებით არ გააკეთებ, განგება ისეთ რაღაცას მოგივლენს, საერთოდ გადაგაგდებს, რომ გონს მოხვიდე. უნდა გაუქმდე, იმიტომ რომ შფოთზე დაშენდა ეს წუთისოფელი. რომ გაჩერდები, გაუქმდები და იწყება სიცოცხლე – იმიტომ რომ სიცოცხლე ნულოვანი მდგომარეობაა. როდესაც სუნთქავ, მუშაობ?! ცდილობ, ისუნთქო?! არადა წუთიც ვერ ძლებ უჟანგბადოდ და გამოდის, რომ ყველაზე დიდი სამუშაო სუთქვისას უნდა შეასრულო და არა სარჩოსა და ტანსაცმლის მოსაპოვებლად. არადა ადამიანს არც კი ახსოვს, რომ სუნთქავს, მაშინ ცხოვრებას რატომ აწვება?! ვინც ჟანგბადი გამოიმეტა, ცხოვრებას დაგაკლებს?! ამიტომ გეუბნება ღმერთი, გაჩერდით, მომენდეთ, იმიტომ რომ, თუ არ გაჩერდები, მე გაგაჩერებ განსაცდელებით და, საბოლოოდ, როდესაც ყოფნაში შეხვალ, ჩამოიშლება ეს მტვერი, შენი შფოთით შექმნილი და შეწებებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი