რელიგია

რატომ ეშინია ადამიანს და გაურბის, როდესაც ახდება ის, რაზეც ლოცულობდა

№18

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 09.05

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ადამიანს სიხარულის გამზიარებელი უფრო სჭირდება, ვიდრე ჭირის და ხშირად ისეც ხდება, რომ სიხარულის გამზიარებელი უფრო ნაკლებია, ვიდრე ჭირის. რატომ უჭირთ ადამიანებს სხვისი სიხარულის გაზიარება ან შეგრძნება? ეს კარგია თუ ცუდი? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რატომ უჭირს ადამიანს თავისი სიხარულის მარტო გადატანა?

– ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება „სახარების“ ის ადგილი, რომლის გააზრებაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც „სახარების“ ყველა სხვა საკითხავის. იესო კრებს თავის მოციქულებს, მოწაფეებს, მიმდევრებს, მათ, რომლებსაც მისი ყველაზე მეტად ესმით და, მათ შორის, ასეთი ერთ-ერთი ფილიპეა, რომელიც მან გალილეიდან ამოირჩია და როდესაც ფილიპემ იგრძნო იესოს ძალა და მადლი, პირველი, რასაც აკეთებს, თავის მეგობარ ნათანაელს უზიარებს თავის სიხარულს და ეუბნება, მე ვნახე მესია ნაზარეთიდან... ყველასთვის ნაცნობია ეს გრძნობა, იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია, დაიტიოს დიდი სიხარული, რატომ არ შეუძლია?! იმიტომ რომ ადამიანი არ არის ერთი სოციალური თუ კულტურული ერთეული, არ აროს ერთი სხეული და სიხარული რომ მოდის, სხეული სკდება. ამიტომ პირველი რეაქციაა, რომ სხვას გინდა, გაუზიარო ეს სიხარული. სიხარულის თვისებაა, რომ სხვას გაუზიარო. ასეთივე ადგილი გვაქვს მოციქულთა საქმეში, როდესაც პეტრე მოციქული დაიჭირეს და მეორე დღეს უნდა ეწამებინათ. პეტრე ხელფეხშეკრულია ბორკილებით, მეორე დღეს ქრისტეს გულისთვის უნდა მოკლან. ეკლესია მისთვის ლოცულობს. აქედანაც ჩანს ეკლესიის როლი, როდესაც ერთია სხეული და ვლოცულობთ. დღეს უკვე ფიზიკამაც დაამტკიცა, რომ ჩვენ ერთნი ვართ, მაგრამ ლოცვა ამას ყოველთვის ამზეურებდა. მე რასაც ვგრძნობ და განვიცდი, ის გადის გარეთ. ებრაელებს აქვთ გამოთქმა: ვინც სიკეთე გააკეთა, სამყაროს გადარჩენის ბედი ასწია სიკეთის მხარეს, ხოლო, ვინც სიკეთეს არ აკეთებს ან ბოროტებას სჩადის, მან სამყაროს ბედი დაამძიმაო. როგორც ხალხს, როგორც მასას კი არ გვიყურებს განგება, არამედ მისთვის ყველანი ერთნი ვართ. ერთი გამრავლებული ერთზე ისევ ერთია, მილიარდჯერაც რომ გაამრავლო ერთი ერთზე, მაინც ერთი იქნება.. რუსთაველთან და ძველ ქართულ ტექსტებში სიტყვა ერთმანეთი კი არ წერია, არამედ ერთმანერთი. ანუ ყველანი ერთნი ვართ. შესაბამისად, იმ ერთის სიხარული რომ ხდება, ის ხდება გარეთაც. ეკლესია რომ ლოცულობს, პეტრეს უკვე ანგელოზი ათავისუფლებს. იცით ეს ისტორია და აღარ მოვყვები. პეტრემ რომ დაინახა, გარეთაა, მიადგა მარკოზად წოდებული ერთ-ერთი ძმის სახლს. შუაღამეა. გაითვალისწინეთ, ეკლესია ამ დროს ლოცულობდა პეტრეზე. კარზე აკაკუნებს, გამოიხედა მოახლე გოგონამ, სახელიც კი წერია – როდემ. დაინახა პეტრე და უკან გაიქცა. შენც იმავეს არ იზამდი?! მართალია, გჯერა ლოცვის, მაგრამ, როდესაც დაინახავ, რომ მოხდა, რაზეც ლოცულობდი, შეიძლება, არც დაიჯერო და გოგონამ, რომ გაიხედა და პეტრე დაინახა, კარიც კი არ გაუღო – ოთახში შევარდა, პეტრე დგას კართანო. დანარჩენები ეუბნებიან, საღ ჭკუაზე არ ხარო. წარმოიდგინე, ლოცულობენ, რომ პეტრე გადარჩეს, ამ დროს პეტრე გამოშვებულია და არ სჯერათ. ჩვენც რამდენჯერ დაგვმართნია ასე?! ახლახან გავეცანი ახალგაზრდა, შესანიშნავი პოეტი ქალის ლექსს და იქ წერია, მაცხოვარს მიმართავს, 30 ვერცხლად რომ გაგყიდეს, ხომ არ გეცოტავაო; პილატემ რომ ბარაბა გაუშვა და შენ დაგტოვა, გული ხომ არ დაგწყდაო?! ანუ ადამიანური ასპექტებია წინ წამოწეული და ეს ბუნებრივია, ბოლოს და ბოლოს, ჯვარზე გაკრული მაცხოვარი ამბობს, რატომ მიმატოვე, მამაო?! ლაზარეს საფლავთან რომ იდექი, თქვი, ლაზარე ადექიო და ლაზარე რომ გამოვიდა, ცოტათი ხომ არ გაგიკვირდაო?! ნახე, რა ლამაზადაა გადმოცემული და აბსოლუტურად ადამიანურია ეს განცდები. ვინაიდან ასე ადვილი არ არის ამის დატევა. რა თქმა უნდა, ვლოცულობთ, მაგრამ, რომ წააწყდები შენი ლოცვის ნაყოფს, შეიძლება, შეგეშინდეს კიდეც. პეტრემ კი იმდენი აკაკუნა კარზე, რომ ბოლოს, კარი გაუღეს...

ისევ ფილიპეს დავუბრუნდეთ: ფილიპე მიდის ნათანაელთან და აუწყებს სიხარულით: ჩვენ ვნახეთ მესია ნაზარეთიდან, იესო იოსების ძე. მაგრამ ერთია, რაც შენ განიცადე და მეორე, სხვა ამაში დააჯერო. ჩვენც, კარგ ფილმს ან ნახატს რომ ვნახავთ, კარგ მუსიკას რომ მოვუსმენთ, კარგ ადამიანს რომ გავიცნობთ, აღვფრთოვანებით მივრბივართ, რომ სხვასაც ვაუწყოთ, მაგრამ მას არც კი აინტერესებს, იმიტომ რომ ეს ჩვენი იყო, პირადი და არ არის ადვილი, იგივე მიიღოს სხვა ადამიანმაც. ჩვენ რომ პირველად ვირწმუნეთ და გავიხარეთ ჩვენი რწმენით, აბა, მამა გურამი როგორ ქადაგებს, მოდი, ნახეო, ვეუბნებით სხვას, იმ სხვამ კი საერთოდ არ იცის, ვინ არის მამა გურამი და არც აინტერესებს. ეს შენთვის იყო. ასე ადვილიც არ არის, სხვას ცეცხლი გადასდო. ნათანაელი ფილიპეს პასუხად ეუბნება, კი მაგრამ ნაზარეთიდან რა ხეირი უნდა იყოსო?! ბუნებრივია, მისი პასუხი, ვინაიდან მესიას დავითის შტოდან მოელოდნენ დიდებულებით, მეფედ უნდა დაბრძანებულიყო. ყველა მტერი უნდა განადგურებულიყო და სწორედ აქ შეეჯახა ერთმანეთს რეალური მესია, ვინც „ბიბლიიდან“ მოდის და მოლოდინი. ჩვენც რამდენჯერ დაგვმართნია ასე, გვითქვამს, ეს არ შემიკვეთავს, რა ჩამოვიდა?! ნათანაელის ეს რეაქცია წარმოდგენების შედეგი იყო, თორემ ნამდვილი მესია ისეთია, როგორიც ქრისტეა. ამიტომ შეეჯახა ერთმანეთს ჩვენი წარმოდგენით შექმნილი რეალობა და ის, რაც ნამდვილია. ჩვენც მუდმივად გვიმეორდება ხოლმე ანალოგიური მდგომარეობები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ წარმოდგენებს თავი უნდა დავანებოთ, ისინი არსებულს არ დაემთხვევა, ან უფრო დიდი აღმოჩნდება და ვერ დაიტევ, ან ზედმეტი მოლოდინი გექნება და ის რომ მოვა, ვერც იმას დაიტევ, ასეთი როგორ იქნებაო. ამიტომ ყოველთვის ეცადეთ, რომ შეფასებების მიღმა დარჩეთ. ჩვენს შეფასებებში სამყარო ვერ ეტევა. მაგრამ ნახე, რა ხდება?! ნათანაელს უფალმა უწოდა ჭეშმარიტად უზაკველი, ანუ წმიდა და გულწრფელი ადამიანი. საერთოდ, ჭეშმარიტება პირველად ყოველთვის შეფუთული მოდის და შეფუთულად იმიტომ კი არ მოდის, რომ მართლა შეფუთულია, ჭეშმარიტება ყოველთვის გახსნილი და აშკარაა, ის შეფუთულია ჩემში არსებული წარმოდგენებით. ნათანაელის წარმოდგენაში მესია უნდა ყოფილიყო ბეთლემიდან, თუმცა იესო სწორედ ბეთლემში დაიბადა, მაგრამ მათ ეს არ იციან. ნაზარეთი გალილეაშია. ხოლო გალილეა გახლდათ პროვინცია, სადაც არეული ტომები ცხოვრობდნენ. და ებრაელები მათ ეჭვით უყურებდნენ. წარმოიდგინე, რამხელა დაბრკოლებაა: მესიას იქიდან რა უნდა?! გულწრფელია ნათანაელი, მართალს ამბობს, მას სხვანაირად წარმოედგინა მესია. ესე იგი, ადამიანური მოლოდინები გაშორებს იმას, რომ ჭეშმარიტი მესია დაინახო და მას აკნინებ. არადა ის კი არ არის მცირე, შენ გაქვს არასწორი წარმოდგენები მასზე, მაგრამ მაინც რატომ შეაქო უფალმა ნათანაელი?! ფილიპე იწვევს მას და ეუბნება - მოდი და ნახეო და ნათანაელი წავიდა და ნახა. აი, ამიტომ უწოდა იესომ მას უზაკველი. ჩვენ რომ ვყოფილიყავით, ვიტყოდით, რატომ უნდა წავიდე, დრო რატომ უნდა დავკარგო?! მაგრამ, ვინც მაძიებელია, გულწრფელია, ყველგან ჩაყოფს ხელს, არაფერს გაურბის და არ ეშინია, რომ მისი წარმოდგენები არ გამართლდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი