გულახდილი საუბრები

ასაკით პატარა ბიჭს გავყევი ცოლად და ეჭვიანობით თავი დავიავადე

№12

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 28.03

უშვილობას ვნანობ
დაკოპირებულია

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყოველთვის მომწონდა ჩემზე ასაკით პატარა ბიჭები. სკოლა დავამთავრე თუ არა, ჩემს კლასელ ბიჭს გავყევი ცოლად. არ დალაგდა ურთიერთობა. რაც წლები გვემატებოდა, მით მეტად იმატებდა გაუგებრობები, კამათი და ჩხუბი. ბავშვი ექვსი წლის იყო, როცა დავშორდით. მიუხედავად წარუმატებელი ქორწინებისა, სულ მინდოდა, ოჯახი მქონოდა, გვერდით ისეთი მამაკაცი მყოლოდა, რომელიც გამიგებდა, დამაიმედებდა, დამამშვიდებდა და მის გვერდით თავს დაცულად ვიგრძნობდი. ქმრის გაშორებიდან ხუთი წლის მერე შევხვდი მამაკაცს, რომელიც ძალიან შემიყვარდა, ერთმანეთს ვხვდებოდით, ინტიმური ურთიერთობა გვქონდა, თუმცა, ერთად ცხოვრება ვერ გამოვიდა – მის მშობლებს განათხოვარი და ასაკით უფროსი რძალი არ უნდოდათ. მართალია, თავად დიდად იყო მონდომებული, მაგრამ ვერ გარისკა, მშობლებს ვერ გადაახტა და მთელი შვიდი წელი საყვარლებად დავრჩით.

შემდეგ, მის ცხოვრებაში პატარა გოგონა გამოჩნდა და ის მოიყვანა ცოლად. მშობლებმაც შეუწყვეს ხელი და სამეგობრომაც. ყველაფერი გააკეთეს, მე ჩამომშორებოდა და ცოლად ის გოგო მოეყვანა. ახლა, გადასარევი ოჯახი აქვს და შვილებიც ჰყავს. ბევრჯერ ვიფიქრე, შვილის გამო პირად ცხოვრებაზე უარს ვიტყვი-მეთქი, მაგრამ მივხვდი, ასეთი ფიქრებით საკუთარ თავს ვატყუებდი. ერთი სიტყვით, ისევ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ასაკით პატარა ბიჭი. კარგა ხანს ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე გრძნობაც გაჩნდა, ჩემმა შვილმაც კარგად მიიღო, გაუგეს ერთმანეთს და ბედნიერი ვიყავი. უკვე ორი წელი გავიდა, რაც ხელი მოვაწერეთ და ერთად ვცხოვრობთ. თუმცა, რაც დრო გადის, ბედნიერებამ სადღაც უკანა პლანზე გადაინაცვლა, ეჭვიანობა გამიმძაფრდა და ვიტანჯები. მინდა, ყოველი მისი ნაბიჯი ვაკონტროლო: სამსახურიდან სახლში მომავალს წუთებს და წამებს ვუთვლი. ვცდილობ, მისი ტელეფონი ჩავიგდო ხელში და სოციალური ქსელები და მიმოწერები ვუკონტროლო. როცა ხვდება ეჭვიანობის პიკზე ვარ, მეჩხუბება: საბაბს არ გაძლევ, მიყვარხარ და რატომ ცდილობ, გამაკონტროლო, იეჭვიანო, საკუთარი ნერვებიც ამოიჭამო და ჩემიცო. სხვათა შორის, მისი ოჯახიც წინააღმდეგი იყო ჩვენი ურთიერთობის და მით უმეტეს დაქორწინების, მაგრამ კაცურად დადგა და თავისი გაიტანა. მე კი არ ვიცი, რა მემართება. სულ მეშინია, სხვა ქალი არ გამოჩნდეს მის ცხოვრებაში, არ წავიდეს და არ მიმატოვოს. არადა, მართლა ცდილობს, ბედნიერი ვიყო. მეგობარმა ფსიქოლოგთან სიარული მირჩია, მაგრამ არ წავედი. მინდა, თვითონ მოვერიო ეჭვებს. უბრალოდ, ძალიან მეგობრული ბიჭია, ხშირად იკრიბებიან მისი სამეგობრო და სადაქალო, ამასაც ეპატიჟებიან და მათთან დროის გასატარებლად რომ მიდის და მერე იქ გადაღებულ ფოტოებს დებს, ყველა მის დაქალზე მიჩნდება ეჭვი. სახლში მოსულს, ვთხოვ, ყველას ისტორია და ცხოვრება მომიყვეს – სად გაიცნო, როდის, რა ვითარებაში, გათხოვილია, როგორი ოჯახი აქვს... მოკლედ, მეც დავიტანჯე და ეს ბიჭიც დავტანჯე, მაგრამ რა ვქნა. ვიცი, ცუდად ვიქცევი, მასში რომ ეჭვი შემაქვს, მაგრამ თავს ვერ ვერევი. ვხვდები, სერიოზულად დავიზიანე ჯანმრთელობა, საკუთარ თავს ფსიქოზი დავმართე. კი ამბობდნენ, ასაკით პატარა ბიჭზე გათხოვება ტანჯვააო, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ასე შევიცვლებოდი და მეც იგივე დამემართებოდა. ვცდილობ, ისე მაინც ვიეჭვიანო, რომ მან ვერ გაიგოს, თუმცა, ესეც არ გამომდის. არადა, მართლა ძალიან მიყვარს და მისგანაც სიყვარულს ვგრძნობ. ამ ჩემი შეცვლილი ხასიათის გამო კი შვილთანაც გამიფუჭდა ურთიერთობა. ამას წინათ მითხრა: დედა, ვერ მიგებ, ცოტა დაფიქრდი, იქნებ პრობლემა შენშიაო. ფაქტია, მეც ვხვდები, რომ პრობლემა ჩემშია, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. არ ვნანობ, რომ ასაკით პატარაზე გავთხოვდი, მაგრამ ძალიან განვიცდი, რომ ნერვებს ვერაფერს ვშველი და ეჭვიანობა მღრღნის. ამით კი არა მარტო ქმარს, შვილსაც ვაზიანებ.

თაკო, 37 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი