მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
რა უცნაური, რქიანი ფიგურებია გამოსახული თბილისის ერთ-ერთი შენობის ფასადზე და რატომ ჩამოიხრჩო თავი ახალგაზრდა ქალმა მის სხვენში #15
2017-04-10
ნანა წერეთელი

ჯვარი, ნახევარმთვარე, ვარსკვლავი, სვასტიკა – ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ ნახატებია – ნიშნები, გარკვეული თანმიმდევრობით ქაღალდზე დატანილი რამდენიმე შტრიხი. მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში, სწორედ ამ ნიშნებისა და სიმბოლოების გამო, საუკუნეების განმავლობაში უამრავი ადამიანის სისხლი დაიღვარა... ყველა სიმბოლოს, რა თქმა უნდა, ახლა ვერ განვიხილავთ, მაგრამ, მათ შორის, ერთ-ერთი ძლიერი ნიშნის – პენტაგრამის არსში გასარკვევად, კვალიფიციურ პარაფსიქოლოგსა და ეზოთერიკოს, ქალბატონ ლალის მივმართეთ.

 – როგორც ვიცი, ამ მაგიურ სიმბოლოებში განუზომელი ძალის იდუმალი ენერგეტიკაა დაფარული, რომლის მართვა და კონკრეტული მიმართულებით გაშვება ბოროტ ძალებს ძალუძთ... ამჯერად, კონკრეტულად, პენტაგრამაზე ვისაუბროთ, მით უმეტეს, რომ ჭორები დადის, თბილისშიც არის ამ პრინციპზე აგებული რამდენიმე „ეშმაკეული” სახლიო...
დავიწყოთ თბილისით და იმით, რომ თითქმის ყველას შეგვხვედრია ადამიანი, ვინც ამტკიცებს: სახლი, სადაც ვცხოვრობ, მისტიკური და საშიშიაო. იმასაც ამბობენ, 10 შენობა ჩვენს ქალაქში ისეა განლაგებული, რომ პენტაგრამას ქმნის. შეიძლება, დამთხვევაა, მაგრამ ათივე სახლის ნომერში ექვსიანი დომინირებს და ისიც შესაძლოა, თითოეული მათგანი გვირაბით უკავშირდებოდეს ერთმანეთს და კონკრეტულ ადგილსო...
ფერცელაძის ქუჩაზე დამწვარი სახლია, თუმცა ხანძარს საყოფაცხოვრებო ნივთები – საწოლი, ტელევიზორი, კარადა გადაურჩა. დღეს აქაურობა კატების საცხოვრებლადაა ქცეული. სახლი თავდაპირველად, ფრენბურთის ფედერაციას ეკუთვნოდა, შემდეგ ერთი კაცი შესახლდა. ლოთი იყო და აქაურობა ლოთების თავშესაყარად აქცია. ერთ ღამეს ხანძარი გაჩნდა, თუმცა ხანძრის მიზეზი არ დაუდგენიათ. ის კაცი დაიწვა... სხვა უცნაური არაფერი შეგვინიშნავს... ამჟამად სახლს ახალი პატრონი ჰყავსო, – ყვებოდა მეზობლად მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონი. მეორემ:
სახლი ინგოროყვას ქუჩაზე, მართლაც შემზარავია. ფასადზე გამოსახულია იდაყვებდაყრდნობილი რქიანი, დიდყურა ფიგურა, მრისხანე გამომეტყველებით... ასევე, არის რამდენიმე პატარა, უცნაური არსების თავიც. ამ სახლის ერთ-ერთი იდუმალი ადგილი სხვენია, სადაც გადმოცემით, მრავალი წლის წინ, სომეხ გოგონას ჩამოუხრჩვია თავი. ლეგენდის თანახმად, სახლი მე-19 საუკუნეში, კერძოდ, 1888 წელს, სომეხმა ვაჭარმა, იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილ არქიტექტორს, ალექსანდრე შიმკევიჩს ააშენებინა. შიმკევიჩს ეკუთვნის თბილისის ყველაზე ლამაზი შენობები: ისლამური სახლი, კავკასიის აბრეშუმის სახლი, საქართველოს უზენაესი სასამართლო, კონსერვასტორია, ანდრიოლეტის სახლი, ფუნიკულიორის შენობა. ასევე, ბათუმის გიმნაზია. რუსთაველის თეატრიც, არქიტექტორ ტატიშჩევთან ერთად, შიმკევიჩის ნახელავია. ის მასშტაბურ პროექტებზე მუშაობდა და არა – კერძო სახლებზე. საინტერესოა, სომეხ ვაჭარს, რომელიც შესაძლოა, სატანიზმის მიმდევარი იყო, ზემოხსენებული სახლის აშენებაზე რატომ დასთანხმდა? ახალგაზრდა ქალი, რომელმაც სხვენზე თავი ჩამოიხრჩო, ერთი ვერსიით, ვაჭრის ცოლი იყო, მეორე ვერსიით კი – ქალიშვილი.
სახლს სარდაფი და საიდუმლო გვირაბიც აქვს, რომელიც სარიტუალო დარბაზში გადის. ზოგი ამბობს, რომ სახლს მთლიანად ეშმაკის ფორმა აქვს, რომლის ფეხებიც სარდაფია, თავი კი – სხვენი. თუმცა, მისი არქიტექტურა ეშმაკს ნამდვილად არ ჰგავს... სხვათა შორის, სახლში ბუხრის მსგავსი „ნივთია”, რომელზეც ბავშვის ფიგურაა გამოსახული. გავრცელებული ვერსიით. სწორედ ეს უნდა იყოს საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი კარი. „ეშმაკეული” სახლების დამაკავშირებელი გვირაბები კი ქმნიან პენტაგრამას.
– რა არის პენტაგრამა და რატომ უკავშირდება ის ბნელ ძალას?
– პენტაგრამა ხუთქიმიანი ვარსკვლავია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა დადებითი სიმბოლოს დატვირთვა – ძველი ღმერთის, ვენერას ნიშნად მიიჩნევდნენ, რომელიც 8 წელიწადში მზის გარშემო პენტაგრამას ხაზავს ცაზე. ამ ბრუნვისას ის 5-ჯერ უახლოვდება დედამიწას. მამრისა და მდედრის საწყისთა შეერთებით კი მიიღეს პენტაგრამა, რომელიც მათ შორის წონასწორობის შენარჩუნებას უზრნულვყოფდა. პენტაგრამის 4 ქვედა კუთხე ჰაერთან, მიწასთან, ცეცხლთან და წყალთან ასოცირდება, ზედა კუთხე კი – ყველაზე მაღლა მდგომ სულიერ სამყაროსთან. არის წრეში ჩახატული პენტაგრამაც, რაც ამ ყველაფრის ძლიერებას უსვამს ხაზს.
– როგორ აიხსნება თითოეული სტიქია?
– მიწა ეს არის ბუნებრივი ძალა და პირველყოფილი ინსტინქტები: დაბადება და სიკვდილი, ადამიანის ყველაზე რეალური სახე, ჯანმრთელობა და სექსუალური ენერგია; ცეცხლი – ძალა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია: შექმნა, განადგურება და ასევე ფიზიკური ძალაცაა; წყალი – ყველაფერი ამოუხსნელი: მაგია და საიდუმლო ძალა, რომელსაც ერთი შეხდვით ვერ დაინახავ; ჰაერი – ცოდნა და ინტელექტი: თავისუფლება, სიახლეები, ასევე ჩარჩოების, სტერეოტიპების, დოგმების მსხვრევა; სული კი – ამ ოთხი სტიქიის გამაერთიანებელი, პენტაგრამის მთავარი განმსაზღვრელი ძალა, ბუნების სტიქიების გაერთანებული ჰარმონიაა...
– რამდენად სწამდა მოსახლეობას პენტაგრამის ძალის?
– მოსახლეობის დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო მის ძალაში და ამიტომ ეზოს, კარის ზღურბლზე, სახლში ხატავდა. მას ატარებდნენ როგორც თილისმას და სოფელში, შესასვლელ გზებზეც კი აშენებდნენ ქვებით. თუმცა, იყო ამობრუნებული პენტაგრამაც თხის თავით ან მის გარეშე. ეს სიმბოლო, დაახლოებით, მეჩვიდმეტე საუკუნიდან გაჩნდა. საინტერესოა, რატომ მიაწერენ მას ორ საპირისპირო ძალას? რატომ არის ასეთი სხვაობა მის წაღმა და უკუღმა მხარეს შორის. ის ხომ ერთია და გააჩნია, საიდან შეხედავ, ისევე როგორც მაგია – გააჩნია, როგორ გამოიყენებ. ამობრუნებული პენტაგრამა სატანაა, ქრისტეს ანტიპოდი. როგორც ცნობილია, სატანიზმის სიმბოლოდ დამკვიდრებულმა პენტაგრამამ განვითარების პიკს მიაღწია და აქტუალობას არ კარგავს.
– თუმცა, პენტაგრამა გვხვდება შუმერებშიც და ბაბილონის ხანაშიც...
– პენტაგრამა შუმერებში 4 ათასწლეულის წინ დამკვიდრდა და არსებობდა ბაბილონის ხანაშიც. მაშინ ის ღვთისგან გამოთავისუფლებულ ადამიანს აღნიშნავდა, როგორც უზენაეს არსებას. ეს სიმბოლო გამოისახებოდა, როგორც ხელფეხგაშლილი ადამიანი. ორ წევრზე მდგარი პენტაგრამა „ყოფიერების პრინციპულობის” გამოხატულებაა. ლეონარდო და ვინჩი, როგორც „თავისუფლების ღირებულების” მოდულატორი, იყენებს მოტივებს მასონთა სიმბოლოებიდან და აჰყავს ეს ზნეობრივ, ზეგონებრივ რანგში. თუმცა, პენტაგრამა საბჭოთა პერიოდგამოვლილებსაც კარგად გვახსოვს ქვეყნის  გერბსა და ასევე ფულზეც –  გლობუსი, ნამგალი, ურო და გარშემო თავთავები, ზედა ცენტრში – პენტაგრამა, ქვედა ნაწილზე კი – ამომავალი მზე...
– ამბობენ, სტალინიც გატაცებული იყო ეზოთერიკითო...
– ხალხთა ბელადი აქტიურიად ნერგავდა არქიტექტურაში საკრალურ და მაგიურ მოტივებს და, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩიბუხის აქნევით ვერ უკარნახებდა ის მშენებლებს, როგორ „ჩაეწერათ” განსაზღვრულ ნაგებობაში ესა თუ ის სიმბოლო. ამისთვის მას სათანადო ცოდნა ჰქონდა მიღებული, რაც ფაქტებით დასტურდება. სტალინის მმართველობის პერიოდში აშენებული ყველა ნაგებობა საკრალურ სიბოლოებს ექვემდებარება. მიწიშქვეშა გვირაბებით ბელადი ცდილობდა, მოეწესრიგებინა დედაქალაქის ენერგეტიკა. მოეცვა მისი ძირითადი წყაროები და მათი ენერგეტიკული გამოსხივება საჭირო მიმართულებით წარემართა. ამავე მიზნითაა მოსკოვის მეტროს ვესტიბიულში სიმბოლიკები, ნიშნები, სკულპტურები. ესენია ენერგეტიკის სარქველები, აკუმულატორები და ტრანსფორმატორები.