კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღშფოთდა სტალინი, როცა მის შვილს ცოლი შეურიგდა

მსოფლიოს ზესახელმწიფოს, საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ელიტაში მყოფი ადამიანების პირადი ცხოვრება ათწლეულების განმავლობაში სრულიად დაფარული, ტაბუდადებული იყო. სწორედ ამიტომ შეიქმნა მრავალი ლეგენდა, რომელთაც არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან. ასეთი ლეგენდები იოსებ სტალინის შვილის, ვასილის სახელთანაცაა დაკავშირებული. ცნობილია, რომ დაფარული არაფერი რჩება და დროს ვერაფერი უძლებს. აღმოჩნდა, რომ „ცოცხალი ლეგენდებიც“ ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები ყოფილან, როგორც ყველა. გავიდა დრო და ერთ-ერთი ტაბუს ახსნის შემდეგ, ვასილ სტალინისა და გალინა ბურდონსკაიას ტრაგიკულ რომანსაც აეხადა ფარდა.

გალინა

გალინას მამამ, ალექსანდრ ბურდონსკიმ, შინსახკომში შემთხვევით დაიწყო მუშაობა. მან ჯერ კიდევ რევოლუციამდე ისწავლა ავტომანქანის მართვა და „ჩეკას“ არსებობის პირველ წლებში ძერჟინსკის მძღოლი იყო. შემდეგ სახელმწიფო პოლიტსამმართველოს სისტემაში დარჩა და სახალხო კომისარიატის გარაჟში ინჟინრის თანამდებობა მიიღო. მას ქალიშვილი ჰყავდა, რომელიც ძალიან უყვარდა და ცივ ნიავს არ აკარებდა. გალინა ბურდონსკაია მსახიობობაზე ოცნებობდა, დრამატულ წრეზეც დადიოდა; ნიჭიერ ახალგაზრდად მიიჩნევდნენ. გოგონა სპორტითაც იყო გატაცებული და სისტემატიურად ვარჯიშობდა მძლეოსნობაში „დინამოს“ სტადიონზე. გალიას საქმროც ჰყავდა – ჰოკეისტი ვლადიმირ მენშიკოვი, რომელსაც ქმრობა აღარ ეღირსა, რადგან თვითონ დაუსვა წერტილი საკუთარ ბედს. 1940 წლის ზაფხულში მან გალინას თავისი მეგობარი, ვასილ სტალინი გააცნო. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ერთი ნახვით შეყვარების დროს. ვასილი ქალებთან ხელგაშლილი იყო: ის საუკეთესო ყვავილების თაიგულს უძღვნიდა გოგონას, მოსკოვის საუკეთესო რესტორნებში ართობდა. გალინას მეგობრები შურით სკდებოდნენ. მათი ურთიერთობებით კმაყოფილი იყო გალინას დედა – ანასტასია ტერენტის ასული. მხოლოდ მამა – ალექსანდრ ბურდონსკი წუხდა ქალიშვილის გამო, რადგან ვასილის ირგვლივ მუდამ სპეცსამსახურების წარმომადგენლები ტრიალებდნენ და გალინა ავტომატურად, შინსახკომის ყურადღების ცენტრში ექცეოდა, თანაც, არავინ იცოდა, რა გეგმები ჰქონდა თავად სასიძოს და რას იტყოდა ბელადი, როცა გაიგებდა, რომ ებრაელი სარძლო ჰყავდა. 1941 წლის 1 იანვარს ვასილი ლიპეცკში, მეთაურთა შემადგენლობის უმაღლეს კურსებზე სასწავლებლად უნდა გამგზავრებულიყო. ამიტომ, ორიოდე დღით ადრე, გალინას ხელი მოჰკიდა და ქორწინების რეგისტრაციის ბიუროში მიიყვანა. მაშინ პომპეზური ქორწილების გადახდა მოდაში არ იყო. ამიტომ, ნიშნობა ვიწრო, მეგობრულ წრეში გადაიხადეს და სუფრიდან, პირდაპირ ლიპეცკში, სამხედრო ქალაქში გაემგზავრნენ. ეს იყო უბედნიერესი ხანა მათთვის. ცხოვრობდნენ საერთო საცხოვრებელში, იკვებებოდნენ საერთო სასადილოში. ვასია ცოლს მანქანის ტარებას ასწავლიდა. ის საოცრად მზრუნველი და ალერსიანი იყო. ქორწინების შესახებ ვასიას მამასთან საუბარიც კი არ ჰქონია, მხოლოდ დეპეშით აცნობა, რომ დაქორწინდა. პასუხი სამხედრო ქალაქში სპეციალურად ჩამოფრენილმა სამთავრობო ფელდეგერმა ჩამოიტანა. ვასილს მამის წერილი გადასცეს: „ცოლის მოყვანის მერე მთხოვ ნებართვას? შენ რა გიჭირს, ის მეცოდება, რომ შენისთანა სულელს გაჰყვა ცოლად“, – ასეთი ტექსტიც კი, ადრესატისთვის მილოცვას ნიშნავდა და ვაჟიშვილმა შვებით ამოისუნთქა. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, სტალინმა შვილს უბრძანა, ახალშერთული ცოლი კრემლში მიეყვანა. სტალინის კრემლის ბინა ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ვასია და სვეტლანა (ბელადის ქალიშვილი) ოთხ ოთახში ცხოვრობდნენ. ეს იყო მათი საძინებელი ოთახი, საერთო სასადილო, ბიბლიოთეკა და კიდევ ერთი საძინებელი ოთახი, რომელიც კაბინეტის ფუნქციასაც ასრულებდა. ბელადის საძინებელ ოთახში გალინამ სამხედრო ყაიდაზე გასწორებული, სალაშქრო საწოლი შეამჩნია. სტალინმა ვაჟის ქორწინებასთან დაკავშირებით, ბოლშევიკური ასკეტიზმის კანონებს უღალატა და ბრძანა, ნეფე-დედოფლის ოთახი მეფურად მოეწყოთ. მათი ჩამოსვლისთვის ოთახში დადგეს მსხლის ხის, მუქი ჩალისფერი, ხავერდით გაწყობილი საძინებელი გარნიტური. შეურჩიეს მძიმე, ხავერდის ფარდები ფანჯრებისთვის და საყვავილე ლარნაკი, რომელსაც გალინა ალექსანდროვნა, როგორც გაზეთი „სოვერშენნო სეკრეტნო“ (ეკატერინა ფეზი-ლუგინსკაია, 1990 წელი) იუწყება, სიკვდილამდე, 1990 წლის აგვისტომდე, სათუთად ინახავდა. ცოლ-ქმარი მოსკოვში მაისში გადაბარგდა, მაგრამ ბელადის ბრძანებით, ქალები, სვეტლანა და გალინა ჯერ სოჭში, მის აგარაკზე გადაიყვანეს, შემდეგ კი კუიბიშევში, სადაც გალინას მშობიარობაც მოუწია. ვასია ცოლს ეუბნებოდა, თუ გოგონას გააჩენ, გაგეყრებიო, მაგრამ გალიამ იმარჯვა და ვაჟი გააჩინა. სახელიც კი სპეციალურად შეურჩია – ალექსანდრე (ვასილის სათაყვანებელი სარდლის, ალექსანდრე სუვოროვის პატივსაცემად). კმაყოფილი ქმარი პირდაპირ ფრონტიდან ჩაფრინდა მეგობართან, სტეფანე მიქოიანთან (ცნობილი ბოლშევიკის, ანასტას მიქოიანის შვილი) ერთად. სტალინის ქალიშვილი, სვეტლანა იგონებს, რომ ვასილის ირგვლივ უამრავი სამხედრო მფრინავი ირეოდა და ყველა ეპირფერებოდა 21 წლის ჭაბუკ უფროსს, მათი ცოლები კი გალინასთან დამეგობრებას ცდილობდნენ, კეთილი შურით შურდათ მათი სიყვარულის. ახალგაზრდები არაფერს ერიდებოდნენ, სახალხოდ ეფერებოდნენ ერთმანეთს. ვასილ სტალინი ის კაცი იყო, ვისაც გონება კი არა, ემოციები და ტემპერამენტი მართავდა. გალინა ქმარს ყურადღებას არ აკლებდა, მასთან ფრონტის ხაზზეც მიფრინავდა, პოლონეთშიც იყო და გერმანიაშიც. მათმა ოჯახურმა ცხოვრებამ ომის კვალდაკვალ იარა – სამხედრო ბანაკებშიც ცხოვრობდნენ და ნახევრად დანგრეული ქალაქების მიტოვებულ, დიდებულ სასახლეებშიც, რომლებსაც შეტევაზე გადასული არმია დროებით თავშესაფრად იყენებდა. ყველაფრის მიუხედავად, მათ ურთიერთობას ბედნიერი ფინალი არ ეწერა. ერთგულ ცოლს სიკვდილამდე არ დავიწყებია ის „შავი დღე“, როცა „კეთილისმსურველმა“ იზრუნა და მისი ქმრისა და ცნობილი რეჟისორის, ახალგაზრდა, ჭკვიანი და ლამაზი მეუღლის რომანის შესახებ შეატყობინა. უცნაურია, რატომ გაისარჯა ასე კეთილისმსურველი. ის ხომ, როგორც აღმოჩნდა, გალინას კლასელი და ბავშვობის მეგობარი იყო. თითქოს დროც საგანგებოდ იყო შერჩეული: ამ დროს მათ შვილი უნდა შესძენოდათ, სახელიც კი ჰქონდათ შერჩეული ბავშვისთვის – ნადეჟდა (ბელადის მეუღლის, ნადეჟდა ალილუევას პატივსაცემად), მაგრამ აქ მხოლოდ ღალატში არ იყო საქმე. ღალატის გარდა, გალინამ ისიც გაიგო, რომ ის ქალი, თურმე, მის ქმართან წასულია და ერთად ცხოვრობდნენ. სასოწარკვეთილი, ნამტირალევი რძალი სტალინს კრემლში, ბიბლიოთეკის კიბესთან შეეჩეხა და სათქმელმა თავისით ამოხეთქა. რძალი მამამთილს ყველაფერში გამოუტყდა, მოუყვა მისი შვილის ჩადენილი სისულელეების შესახებ, შემდეგ კი ცუდად გახდა და ექიმების დახმარებაც დასჭირდა.

სუბსიდირება სტალინურად

რძალთან აღნიშნული შეხვედრის დროს, სტალინი გაფითრდა. ის აშკარად არ ელოდა მოვლენათა ასეთ განვითარებას. თუმცა, მომენტალურად, რძლისა და შვილიშვილის მხარეს დადგა. ამაზე დიდხანს არ უფიქრია, რადგან თავისი თავქარიანი ვაჟის მიმართ პრეტენზიები ადრეც ჰქონდა, მაგრამ რატომღაც მაინც არ ეგონა, ვასია გალიას ასე საქვეყნოდ თუ უღალატებდა. ბელადს ბევრი არ უფიქრია ამ თემასთან დაკავშირებით: რამდენიმე დღეში, მისი პირადი მითითებითა და განკარგულებით, გალინა ალექსანდრეს ასულის სახელზე სანაპიროსთან (მოსკოვის ცენტრში) მდებარე დიდი ოთხოთახიანი ბინა გააფორმეს, აუყვანეს ძიძა და მსახურები. გარდა ამისა, მიამაგრეს სამთავრობო ატელიეს და კრემლის სპეციალურ საავადმყოფოს, სადაც მომსახურება უფასო იყო. დაუნიშნეს პრივილეგიური კვება – პროდუქტების საზღაურის გადახდა, მამამთილმა პირადად, საკუთარი ხელფასიდან მოისურვა. ბესარიონიჩი რეგულარულად კითხულობდა რძალს, მაგრამ მოხდა ისეთი ამბავი, რაც ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ვერ აპატია. კერძოდ, ერთ-ერთი რეგულარული მოკითხვის დროს, ქალიშვილმა – სვეტლანამ, თავისი ჭკუით კარგი ამბავი ახარა, – უთხრა, რომ გალიამ თავჩაქინდრულ ქმარს, რომელმაც თავისი საქციელი მოინანია, აპატია და ისევ მიიღოო. სტალინი საშინლად აღშფოთებულა და უთქვამს – ნუთუ მიიღო, სულელი ყოფილა. მე ხომ ყველაფერი ვიღონე, რომ მშვიდად ეცხოვრა და ბავშვები გაეზარდა?! გაოცებულ ქალიშვილს ისიც კი უთხრა, რომ ყველა ქალი ტუტუცია. ამ ისტორიის შემდეგ, იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, საკუთარი რძლის, გალინა ბურდონსკაიას პირადი ცხოვრებითა და ბედით არასდროს დაინტერესებულა.


скачать dle 11.3