კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ იღებდა ალექსანდრე ბატონიშვილი მონაწილეობას კრწანისის ბრძოლაში

ალექსანდრე ერეკლეს ძე ბატონიშვილი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პატრიოტის სიმბოლოდ ითვლება. მას პატივს მიაგებდნენ არა მარტო თანამედროვენი, არამედ შემდგომი ეპოქების ქართული ეროვნული მოძრაობის მოღვაწენიც. პატივი და დიდება ალექსანდრე ბატონიშვილმა სამართლიანად დაიმსახურა. ამ დიდი პიროვნების შესახებ გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული.

– როდის გამოჩნდა ალექსანდრე ბატონიშვილი სამოღვაწეო ასპარეზზე?

– ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის შვილებს შორის, განსაკუთრებით, გამოირჩეოდნენ ლევანი და ალექსანდრე. ლევანი ახალგაზრდობაშივე გარდაიცვალა. ამის შემდეგ მამის მხარში დგომითა და მისი დავალებების პირნათლად შესრულებით ერეკლეს სხვა ვაჟებს შორის გამოირჩეოდა ალექსანდრე ბატონიშვილი. მას საფუძვლიანი განათლება ჰქონდა მიღებული. ალექსანდრეს აღზრდასა და პიროვნებად ჩამოყალიბებას ხელმძღვანელობდნენ არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი სწავლულებიც. ბატონიშვილს კარგად ჰქონდა შესწავლილი ქართული საერო და საეკლესიო ზნეობის თეორიული საფუძვლები. უკვე ახალგაზრდობის წლებშივე მიეცა მას საშუალება, მიღებული ცოდნა პრაქტიკულ ასპარეზზე გამოეყენებინა. ალექსანდრე მამის სიცოცხლეშივე მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობის გარდაქმნაში, მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაში, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. 1794 წელს ერეკლე მეორემ ალექსანდრეს საუფლისწულო მამულად შულავერი (თბილისიდან სამხრეთით) უბოძა. შულავერს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა ქართლ-კახეთის ლეკთა თარეშისგან დაცვის თვალსაზრისით. ჯერ კიდევ ერეკლეს მამამ, თეიმურაზ მეორემ, შულავერში ციხესიმაგრე ააგო. ამიერიდან ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაცვა ალექსანდრე ბატონიშვილს ევალებოდა. ბატონიშვილმა მამის დავალებას კარგად გაართვა თავი.

– თქვენ ამბობთ, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი მამის ერთგული და მორჩილი იყო. მაშ, რატომ არ მონაწილეობდა ის კრწანისის ბრძოლაში მამის მხარდამხარ?

– გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი მამას არ დაემორჩილა და ამიტომ არ მიიღო კრწანისის ბრძოლაში მონაწილეობა. ეს მტკნარი სიცრუეა. კრწანისის ომის წინა დღეებში ალექსანდრე ბატონიშვილს სახადი შეეყარა. იგი სარეცელზე იყო მიჯაჭვული და სიკვდილს ებრძოდა. როცა თბილისის დაცლა დაიწყო, ალექსანდრე იმდენად ცუდად იყო, რომ ფეხზე დგომა და სიარული არ შეეძლო და ის საკაცით გაიყვანეს ქალაქიდან. ასე რომ, ალექსანდრეს ერეკლე მეორის სიცოცხლეში მამის საწინააღმდეგოდ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. შვილი მიმის თანამოაზრე იყო და მუდამ მის გვერდით იდგა.

– მაშინ, რატომ დატოვა 1800 წელს ალექსანდრე ბატონიშვილმა საქართველო და თავი შეაფარა ირანს?

– კრწანისის ბრძოლაში მარცხის შემდეგ, თელავში გადასულ ერეკლე მეორეს, სულიერ დეპრესიასთან ერთად, ფიზიკური მდგომარეობაც შეერყა. ერეკლეს გარდაცვალებამდე (1778 წლის იანვარი) აქტიური ბრძოლა მიმდინარეობდა ძალაუფლების გადანაწილებისთვის. ერეკლეს სურვილის თანახმად, ტახტზე მისი უფროსი ვაჟი, გიორგი უნდა ასულიყო: რაღაც ფარული გარიგების საფუძველზე, გიორგის გამეფებას მხარს უჭერდა დედოფალი დარეჯანიც. ალექსანდრე ბატონიშვილი თავისი ნიჭით, განათლებით, სიმამაცით, პოლიტიკური ალღოთი და მხედართმთავრისთვის აუცილებელი ყველა თვისებით, მაღლა იდგა თავის ძმაზე – გიორგი ბატონიშვილზე. ამას ემატებოდა ის, რომ გამეფების დროისთვის ბატონიშვილი გიორგი უკვე სერიოზულად იყო ავად დიაბეტით. ავადმყოფობა იმდენად მოერია მას, რომ ხასიათი გაუფუჭა და, ერთ დროს ურთიერთობაში სასიამოვნო უფლისწული ეჭვიან და მშიშარა ადამიანად აქცია. ყოველივე ამას კარგად ხედავდა ალექსანდრე და გრძნობდა, რომ გიორგი მეთორმეტის გამეფება დამღუპველი იქნებოდა ქვეყნისთვის. იყო კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ალექსანდრე ბატონიშვილს მომავალი მეფის – გიორგი მეთორმეტის საწინააღმდეგოდ განაწყობდა.

– კერძოდ, რა იყო ეს მიზეზი?

– ჯერ კიდევ ერეკლეს სიცოცხლის ბოლო წლებში, ქართლ-კახეთის სამეფო კარზე აქტიურად ამოქმედდა რუსეთის დიპლომატიური და სამხედრო დაზვერვა. რუსები ძალზე დაუახლოვდნენ გიორგი ბატონიშვილს და მალე მოაქციეს იგი თავისი გავლენის ქვეშ. რუსები გიორგის ყოველდღე ჩასჩიჩინებდნენ: შენი გარდაცვალების შემდეგ, დედოფალი დარეჯანი და ბატონიშვილები შენი ვაჟის – დავითის გამეფებას არ დაუშვებენ, ჩვენ კი შეგვიძლია, უზრუნველვყოთ დავითის ტახტზე ასვლაო. როგორც ჩანს, სწორედ რუსებმა კიდევ დამატებითი მუხტი შეიტანეს გიორგისა და ალექსანდრეს დაძაბულ ურთიერთობაში, რადგან ალექსანდრე ტახტის მემკვიდრე დავითის სერიოზულ მოწინააღმდეგედ დაუსახეს გიორგის. ქართლ-კახეთის მომავალი მეფე რუსების ინტრიგას აჰყვა და მათ მიენდო. ცხადია, ალექსანდრე ბატონიშვილი სავსებით სწორად ფიქრობდა, რომ რუსების გავლენის ქვეშ მოქცეული ბატონიშვილი გიორგი ქვეყნისთვის სასურველი მეფე და სიკეთის მომტანი ვერ იქნებოდა. ალექსანდრე ბატონიშვილის ეს ვარაუდი ზედმიწევნით ზუსტად გამართლდა.

– რა ვითარებაში დატოვა ალექსანდრე ბატონიშვილმა სამშობლო?

– ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდეგ, 1778 წლის 14 იანვარს, ქართლ-კახეთის მოსახლეობა ახალი მეფის – გიორგი მეთორმეტის ერთგულებაზე დააფიცეს. ცხადია, დაიფიცეს ბატონიშვილებმაც. ამ დღეს ალექსანდრე თელავში არ იმყოფებოდა, ფარნაოზ ბატონიშვილთან ერთად იგი მოგვიანებით ჩავიდა იქ. მიუხედავად გიორგი მეთორმეტისადმი ცუდად განწყობისა, ალექსანდრემ მეფის ერთგულებაზე მაინც დაიფიცა. გიორგი მეთორმეტე ეჭვიანობდა და თავისი უარყოფითი დამოკიდებულება იმით გამოხატა, რომ ალექსანდრე საუფლისწულო მამულების გადანაწილებისას გაანაწყენა. ვინ იყო მართალი ძმებს შორის არსებულ დავაში, ძნელი დასადგენია, მაგრამ, როგორც ჩანს, ალექსანდრე სამართლიანად იყო განაწყენებული. ეს ჩანს შემდეგი ფაქტიდან: განაწყენებულმა ალექსანდრე ბატონიშვილმა თელავი დატოვა, შულავერში მივიდა და ირანის საზღვართან მდებარე ერთ-ერთ სოფელში გაჩერდა. გიორგი მეთორმეტემ ბატონიშვილს კაცები დაადევნა და თელავში დაბრუნება სთხოვა, ალექსანდრემ თხოვნა ყურად არ იღო და 1800 წლის ივნისში საზღვარი გადალახა. მალე ქართველი ბატონიშვილი ირანის შაჰის ტახტის მემკვიდრეს – აბას მირზას წარუდგინეს.

– რა გეგმები ჰქონდა ირანში მიმავალ ალექსადრე ბატონიშვილს?

– ალექსანდრე ბატონიშვილს ამოძრავებდა ერთადერთი მიზანი: ავადმყოფი, მეფობისთვის სრულიად შეუფერებელი და რუსეთის დაზვერვის გავლენის ქვეშ მყოფი გიორგი მეთორმეტის ტახტიდან გადაყენება. ძნელი სათქმელია, მიზნის განხორციელების შემდეგ ალექსანდრე თავად აპირებდა გამეფებას თუ რომელიმე ძმას აიყვანდა ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ, თუ გიორგი მეთორმეტეს ტახტიდან გადააყენებდა, ალექსანდრე თვითონ გამეფდებოდა.

– როგორ დაიწყო დასახული პოლიტიკური გეგმის განხორციელება ალექსანდრე ბატონიშვილმა?

– რამდენიმე წლის განმავლობაში ქართლ-კახეთის ტერიტორიას გამუდმებით ესხმოდა თავს ხუნძახის ბატონი ომარ-ხანი. ომარ-ხანს გარკვეულწილად აქეზებდა ირანი. ალექსანდრე ბატონიშვილმა სწორედ ომარ-ხანის სამხედრო ძალის გამოყენება სცადა. 1800 წლის ნოემბერში ომარ-ხანი დიდი ლაშქრით ქართლ-კახეთის დასარბევად გამოემართა. ქართლ-კახეთის სამეფოს ლაშქარს შეუერთდა რუსთა მცირერიცხოვანი რაზმი, რომელიც 1789 წელს შემოვიდა საქართველოში. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა 7 ნოემბერს, ნიახურას ველზე (მდინარე ივრის ნაპირას). ალექსანდრე ბატონიშვილს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ქართველთა და რუსთა გაერთიანებულ ლაშქარს მეფე გიორგი მეთორმეტე უსარდლებდა. სწორედ ბრძოლის დროს აპირებდა ალექსანდრე გიორგის დატყვევებას და ტახტიდან გადაყენებას. ბრძოლის დაწყების წინ ალექსანდრემ მოულოდნელი და არასასიამოვნო ამბავი შეიტყო: ქართველთა და რუსთა ჯარს ბაგრატ ბატონიშვილი სარდლობდა. გიორგი მეთორმეტემ რაღაც მიზეზის გამო უარი თქვა ბრძოლაში მონაწილეობასა და სარდლობაზე.

– თქვენი აზრით, რა უნდა ყოფილიყო, ამ უარის მიზეზი?

– გიორგის მოქმედება შეიძლება ორი მიზეზით აიხსნას: შესაძლოა მეფე სერიოზულად იყო ავად და ვერ შეძლებდა ბრძოლაში მონაწილეობას; გამორიცხული არ არის ისიც, რომ ომარ-ხანის ლაშქარში ალექსანდრე ბატონიშვილის ქართველთა რაზმით გამოჩენამ დააფრთხო ქართლ-კახეთის მეფე. ასეა თუ ისე, ალექსანდრე ბატონიშვილის გეგმა ნიახურას ბრძოლაში გიორგი მეთორმეტის დატყვევებისა და ტახტიდან გადაყენების შესახებ ჩაიშალა.

– რა მოიმოქმედა ალექსანდრე ბატონიშვილმა, როცა გაიგო, რომ გიორგი მეთორმეტე ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებდა?

– ალექსანდრე ბატონიშვილი სამშობლოს წინააღმდეგ არ იბრძოდა, იგი თავის თანმხლებ ქართველებს ქართველთა სისხლს არ დააღვრევინებდა. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილმა ალექსანდრემ გამოსავალი მაინც იპოვა – იგი ომარ-ხანსა და მის სარდლებს მოელაპარაკა და ურჩია: ქართველთა და რუსთა გაერთიანებულ ლაშქართან ბრძოლაში, სულერთია, მაინც დავმარცხდებით და ამიტომ, უმჯობესია, ბრძოლის ველს გავერიდოთო. ომარ-ხანს ჭკუაში დაუჯდა ეს სიტყვები. მისმა ლაშქარმა უკან დახევა დაიწყო. ალექსანდრე ბატონიშვილმა და მისმა თანმხლებმა ქართველებმა ყველაზე ადრე დატოვეს ნიახურას ველი. მოწინააღმდეგის უკან დახევით კარგად ისარგებლა ბაგრატ ბატონიშვილმა და ომარ-ხანს ძლიერი დარტყმა მიაყენა. ქართველებმა ბრძოლაში დახოცეს 4 ათასამდე მოწინააღმდეგე, ხოლო მათი დანაკლისი მინიმალური იყო – დაიღუპა ოცდაათამდე ქართველი და ორიოდე რუსი ჯარისკაცი. როგორც ვხედავთ, ალექსანდრე ბატონიშვილი, მისთვის სრულიად მოულოდნელად შექმნილ ურთულეს სიტუაციაშიც კი, მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო ერეკლე მეორის საყვარელი შვილი, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული პატრიოტი.

– სად და როდის აღესრულა ალექსანდრე ბატონიშვილი?

– მარცხის მიუხედავად, ალექსანდრე ბატონიშვილს ბრძოლა არ შეუწყვეტია. იგი აქტიურად მონაწილეობდა რუსეთ-ირანის 1804-1813 წლების ომში. 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს კი დაუნდობლად ებრძოდა რუსებს. დამარცხებულმა და სამშობლოდან დევნილმა, ამჯერად ჩრდილოეთ კავკასიას – ჩეჩნეთს შეაფარა თავი. არც ამ მარცხს გაუტეხია მისი ნებისყოფა. როცა 1832 წლის შეთქმულების მონაწილენი საქართველოს მეფის კანდიდატურას არჩევდნენ, ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი ირანში გადახვეწილი ალექსანდრე ბატონიშვილის მეფედ მოწვევას. მაგრამ ეს შეთქმულებაც დამარცხდა. ამის შემდეგ ალექსანდრემ კიდევ 12 წელი იცოცხლა და 1844 წელს, პოლიტიკურ ასპარეზზე დამარცხებული, მაგრამ სამშობლოს მტრებთან შეურიგებელი და თავისი იდეების ერთგული აღესრულა უცხოეთში.


скачать dle 11.3