კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე ეჭვიანობდა ლაშა ღლონტის მეუღლე და რის გამო დაიწყო მან ცხოვრება ქმრის ინტერესებით

არ ვიცი, დღეს ქართულ ესტრადაზე თუ შოუ-ბიზნესში, კიდევ ვის აქვს ისეთი ტკბილი ხმა, როგორიც „ალილოს” ხელმძღვანელს, ლაშა ღლონტს. ის სიყვარულზე სიმღერისთვისაა დაბადებული. თითქოს ყველა მისი ნამღერი მის გარშემო ნებისმიერ ქალბატონს ეძღვნება და მათ შორის შენც. ექიმი, მომღერალი და ახლა უკვე ბიზნესმენი – ლაშა ღლონტი საოცრად კარგი მოსაუბრეც აღმოჩნდა.

ლაშა ღლონტი: დავიბადე ქალაქ ბათუმში, სკოლა იქ დავამთავრე. ვცხოვრობდი სასტუმრო „ინტურისტის” უკან და ზუსტად აქედან შემიყვარდა სიმღერა. სეზონურად, მთელი თბილისი – მომღერლები, მოცეკვავეები ჩამოდიოდნენ და „ინტურისტში” ჰქონდათ გამოსვლა. ჩემი საძინებლის ფანჯრები სასტუმროს ფანჯრებს უყურებდა და ძილის წინ თუ, ძილში სულ მათი სიმღერა მესმოდა. ვხედავდი, როგორი გამოპრანჭულები იყვნენ. მერე დედაჩემმა განავითარა ჩემში ეს ნიჭი. დედა ერისთავი მყავს და საერთოდ, ერისთავები კარგად მღერიან. ჩემი დიდი ბაბუა იყო ასლან ერისთავი, „ასლანური მრავალჟამიერი” მის პატივსაცემად ჰქვია. ერთხელ ჩემს ოთახში მეძინა და ვიღაცამ იმღერა „მენატრება ივლისი, მენატრება თბილისი”. ბანალური სიმღერაა, რომელშიც განსაკუთრებული არაფერია მაგრამ, ისე იმღერა, ოთახიდან ღამის მაისურით გამოვვარდი. შევხედე და გოგი დოლიძე იყო, რომელსაც მაშინ არავინ იცნობდა. ამ სიმღერას გამოვყევი თბილისში. მაინტერესებდა, სად ცხოვრობდნენ ცაბაძე, ლაღიძე, სად გაიზარდნენ... ამიტომ, გადავწყვიტე, თბილისში ცხოვრება. მაგრამ, ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში.

– ესე იგი, სიმღერას არ გაჰყოლიხართ?

– არა, ბათუმში სერიოზულად არ მოვკიდებივარ ამ საქმეს, უბრალოდ, სკოლის გუნდში ვმღეროდი. მერე, თბილისში ყოფნის დროს, გავიცანი გურამ თამაზაშვილი, ზაურ ბოლქვაძე... თბილისში ბიძასთან ვცხოვრობდი. ის დიდ თანამდებობაზე მუშაობდა იმ პერიოდში და ურთიერთობა ჰქონდა ხელოვან ხალხთან. მასთან ხშირად იკრიბებოდნენ ეს ადამიანები. გურამ თამაზაშვილმა შექმნა ასეთი ანსამბლი „ალილო” და იქ მიმიწვია. აქედან დაიწყო ჩემი პროფესიული სვლა. ეს დაახლოებით ათი-თორმეტი წლის წინ მოხდა. დღეს ვარ კვარტეტ „ალილოს” ხელმძღვანელი. მაშინ „ალილოს” „ზარები” ერქვა და შემდეგ პატრიარქის კურთხევით გადავარქვით. შეიქმნა მარიკა კვალიაშვილის საშობაო კლიპი, სადაც გურამ თამაზაშვილი და ჩემი ქალიშვილი მღერიან და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ანსამბლს „ალილო” ეწოდა.

– თბილისმა კარგად მიგიღოთ.

– რატომ გავბედე და რატომ გამოვედი ფართო აუდიტორიის წინაშე? ჯერ ერთი, ეს ჩემი სურვილი ნამდვილად არ ყოფილა. დათო არჩვაძემ დამიწერა სიმღერა „მონატრებიხარ ფიქრებს” და ისეთი ჰიტი გახდა, ატყდა ერთი ამბავი, რეიტინგები მოხსნა... მაგრამ, თავიდან რატომ გავბედე სიმღერა და... თბილისში, თუ მუსიკალურმა საზოგადოებამ, რასაც ჰქვია „ქართული ხმები”, ჯანო კახიძე, გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე, არ მიგიღო, მაშინ უფლება არ გაქვს, თქვა – მე ვარ მომღერალი. ისე ვიყავი, რომ ექვსი წელიწადი, საერთოდ ხმას ვერ ვიღებდი მათთან ერთად, უბრალოდ, ვუსმენდი, როგორ მღეროდნენ, ქეიფობდნენ, რაზე საუბრობდნენ. როდესაც ამ ადამიანებმა მომცეს იმის უფლება, რომ მემღერა, მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე, სხვებსაც მოესმინათ ის, რასაც ვმღეროდი. რაც უნდა აფიარო თავი, თუ ეს საზოგადოება არ გიღებს, მას ფასი არ აქვს. ცუდად არ გამიგოთ, აქ რაღაც მაფია ან მსგავსი კი არ არის, უბრალოდ, თუ პროფესიონალად მიგაჩნია თავი, ანგარიში უნდა გაუწიო მათ აზრს.

– არ ნერვიულობდით მათ გვერდით?

– სხვათა შორის, ნაკლებად. როდესაც ისეთი ადამიანების გვერდით მღერი, როგორებიც იყვნენ გოგი დოლიძე და გურამ თამაზაშვილი, ისინი უფრო ნერვიულობდნენ. შენ ამ დროს დარწმუნებული ხარ, რაც არ უნდა გააკეთო, ისეთი პარტნიორი გყავს, მაინც შეგავსებს. სიმღერაში ასეა, პარტნიორზე თუ არ იფიქრებ და შენი თავის წარმოჩენას ეცდები, ის სიმღერა არ გამოვა.

– პროფესიით ექიმი ხართ?

– კი, ქირურგი. პროფესიაზე უარის თქმა მომიწია თვალზე პრობლემების გამო. ორი ოპერაცია გავიკეთე თვალზე და სამწუხაროდ, ქირურგიულ კარიერას ჩამოვშორდი. საკმაოდ სერიოზულად ვიყავი ჩართული ამ საქმეში. მქონდა გარკვეული წარმატებებიც როგორც ექიმს. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და პროფესია, მაგრამ უარის თქმა მომიწია. ამ მდგომარეობაში პასუხისმგებლობა საკუთარ თავსა და სხვის სიცოცხლეზე აღარ ავიღე. ამის შემდეგ წავედი მენეჯმენტში სამედიცინო ხაზით. ამჟამად ახალ სამსახურში ვარ. სექტემბრიდან უკვე ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, თუ რას ვაკეთებთ. ეს არ ეხება მუსიკალურ სფეროს, სუფთა ბიზნესია.

– ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ ჯანო კახიძესთან, გია ყანჩელთან ურთიერთობაში?

– ის, რომ საოცრად ბავშვურები იყვნენ. რაც უფრო დიდი და ნიჭიერია ადამიანი, ზუსტად იმდენადვე თავმდაბალია. ბევრს ეჩვენებოდა, რომ ჯანო კახიძე ძალიან მკაცრი, დიქტატორი იყო და ასეც იყო თავის საქმეში – ყველასგან პროფესიონალიზმს ითხოვდა. ურთიერთობებში კი სულ სხვანაირი იყო.

– თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– მყავს ერთი მეუღლე და ერთი ქალიშვილი (იცინის). ადრე დავოჯახდი. ოცი წლის ვიყავი, ცოლი რომ მოვიყვანე და ახლა თექვსმეტი წლის შვილი მყავს. საკმაოდ კარგად მღერის, მაგრამ მომავალ წელს აბარებს და ამიტომ, სიმღერას თავი დაანება, სწავლაზეა გადართული. ცოტა ხნის წინ, სოფო ხალვაშთან ერთად დათო არჩვაძის ინგლისურენოვანი სიმღერა ჩაწერა, რომელიც იაპონიას მიეძღვნა. კლიპის გადაღებას გეგმავენ, მაგრამ ახლა უკვე მეცადინეობითაა დაკავებული.

– როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?

– ჩემი მეუღლეც ბათუმელია, უბრალოდ, აქ გავიცანით ერთმანეთი. მაშინ მობილური ტელეფონი არ იყო და სახლის ტელეფონზე ის და მისი მეგობრები ვიღაცეებს აშაყირებდნენ. მაშინ ასეთი გასართობები გვქონდა (იცინის). „ფეისბუქები” და „ტვიტერები” არ იყო. ჩემი კურსელია ერთი გოგო, რომელთანაც მეგობრები იყვნენ შეკრებილნი. ჩამოწერეს ბიჭების სია და ჩემს მომავალ მეუღლეს მე შევხვდი. დამირეკა. დამირეკა და ხმა მომეწონა. ის მაშაყირებდა და პირიქით, მე დავაბი – ასე გამოვიდა. იმათ დაანებე თავი, ნუ უსმენ, მე მელაპარაკე-მეთქი. გოგოებსაც მობეზრებიათ ამისი ლაპარაკის მოსმენა. წავიდნენ ყავა დალიეს, ჩვენ კიდევ ვაგრძელებდით საუბარს.

– პირველად როგორ შეხვდით – შენ წითელი ვარდი გეჭიროს, მე გაზეთიო?

– (იცინის) არა. პირველად ამ ჩემი კურსელის დაბადების დღეზე ვნახე. რა გეცმევა-მეთქი და წითელი პიჯაკიო. შენ ისედაც გიცნობ, არ არის პრობლემაო. შევედი და ყავას სვამდა. სპეციალურად მივედი და ისე გავიარე, დავჯახებოდი. ყავა გადავასხი – ეს ისე გავაკეთე, ვითომ ვერ დავინახე. ისიც უხერხულობაში ჩავაგდე (იცინის). ეგრევე მომეწონა. მერე პირველი პაემანი უნდა გვქონოდა. ხუთ საათზე შეხვედრა დავნიშნეთ. მანამდე დაბადების დღეზე წავედი. მაშინ დაბადების დღეები ადრე იყო, შუადღის ორ საათზე მივედი ამ ჩემს ძმაკაცთან, ხდება ხუთი საათი, არ მიშვებენ. რომ წამოვიდე, სიმღერა არ იქნება, არაფერი არ იქნება. თან ვერ ვეუბნები სად მივდივარ. მამამისია თამადა და ჩემი ძმაკაცი ადგა, საცოლესთან მიდისო. ის სულ გადაირია, რაო, ლაშას საცოლე ჰყავს და აქ არ მოჰყავსო? ჩემმა ძმაკაცმა წამიყვანა მანქანით. რომ მივედი, ჩემი მეუღლე მეუბნება, სად უნდა ჩავჯდე, ეს ვინ არისო. ვუხსნი, რომ გამოუვალ სიტუაციაში ვარ და უნდა წამომყვეს. მოკლედ, ჩაჯდა მანქანაში, ავედით დაბადების დღეზე, იღება კარი, დგას თამადა და ტექსტი ასეთია: იმ ორ მტრედს გაუმარჯოს... ამან გადმომხედა, შენ დეგენერატი ხომ არ ხარ, რა ხდებაო?! (იცინის).

– კიდევ კარგი, იმ დღესვე არ მოგაყვანინეს ცოლად.

– არა, ერთი წელი ვიარეთ ასე და მერე მოვიყვანე ცოლად. უკვე თვრამეტი წელია, ერთად ვართ. ძალიან მიყვარდა სიმღერა და ის სულ ამაზე ეჭვიანობდა. მერე მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა და ახლა, ფაქტობრივად, ჩემი ცხოვრებით ცხოვრობს. თავიდან ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მერე მიხვდა და ახლა ვფიქრობ, ძალიან ბედნიერია. მას თავისი სამსახური, საქმე აქვს და წარმატებულია იმ საქმეში, მაგრამ ჩემთან ერთად, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ცხოვრება აქვს. სადაც ვახერხებ, ყველგან ერთად დავდივართ. ოპერაციის შემდეგ საჭესთან ვერ ვჯდები და ჩემი მძღოლია. ამაში ცალკე ფულს მართმევს, ბენზინს ჩამასხმევინებს.

– როცა მღერით, ისეთი შეგრძნებაა, რომ ყველა ქალს უმღერით, ვინც კი გარშემოა.

– კონკრეტულად, ერთ ადამიანს არასდროს ვუმღერი. იდეალური ადამიანი არ არსებობს. ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე, შვილი, მეგობრები და მერე ყველა ეს სიყვარული, ამა თუ იმ სიმღერაში ერთიანდება. ასე, განყენებულ, ვითომ იდეალურ ქალს, შერონ სტოუნს ან ანჯელინა ჯოლის არ ვუმღერი. არ არსებობს მსგავსი რაღაც. არის მომენტი, მოგინდება, მოგაწვება და უნდა ამოთქვა. გოგი დოლიძისგან ვიცი ერთი ფრაზა – ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩემთან ადამიანი სიყვარულით მოდის, ის კი არ მიხარია, რომ გოგი ვარ. იმ ადამიანს რომ უყვარს, ის რასაც ვაკეთებ, მაგაზე ვგიჟდებიო. როცა გაბრწყინებულ თვალებს ხედავ, ყველა შენიანი ხდება და გინდა, კიდევ უფრო მეტი გააკეთო.


скачать dle 11.3