კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახსნეს ცნობილმა ქართველმა გამომძიებლებმა ძვირფასი ქვების გატაცების ჩახლართული საქმე

– აი, ეს ჭაღი უნდა მოხსნათ, მაგრამ, ფრთხილად, იცოდეთ, არ გაგივარდეთ, არ დაგემსხვრეთ და, რაც მთავარია, ხმაური არ ატეხოთ, რომ არ „დავიწვათ“, – უთხრა ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცმა ორ ახალგაზრდას, რომლებმაც უზარმაზარი მუხის კარი მათთვის ჩვეული ოსტატობით გააღეს და მოსკოვის ვოროშილოვის სახელობის რაიონის ¹2 სახლმმართველობის სააქტო დარბაზში შეიპარნენ.

– მაინც, რად გინდა ეს ძველმანი? – გაეცინა ერთ-ერთ ქურდს და თავის მეწყვილეს შეხედა.

– მართლა რაში გჭირდებათ ეს დაჟანგული რკინები? – მხარი აუბა მეორე ქურდმა პირველს.

– ანტიკვარებს ვაგროვებ, – პასუხი არ დააყოვნა ხანში შესულმა მამაკაცმა, – ფრთხილად, ბიჭებო, ჭაღი 100 კილოგრამამდე იწონის და ხელიდან არ გაგივარდეთ!

ქურდებმა ჭაღი სუფთად მოხსნეს. შემდეგ სათადარიგო გასასვლელიდან ეზოში ჩაიტანეს და ფურგონიან „მოსკვიჩში“ ჩადეს, რომელიც კუთხეში იდგა.

– წავიდეთ, შეფ? – იკითხეს ქურდებმა.

– ახლა ორი სავარძელიც ჩამოვიტანოთ და – ბასტა. თქვენს ათას-ათას მანეთსაც მიიღებთ, – უპასუხა ქურდებს მამაკაცმა.

ქურდები დარბაზში აბრუნდნენ და სავარძლებს დაავლეს ხელი, მაგრამ ხანში შესულმა მამაკაცმა მაყუჩიანი „მაკაროვიდან“ ორ-ორი ტყვია დაახალა მათ თავში და, როდესაც დარწმუნდა, რომ მკვდრები იყვნენ, ქვევით ჩავიდა. თუმცა, მალევე ამობრუნდა უკან და ოცლიტრიანი ბიდონიდან ჯერ დახოცილებს დაასხა ბენზინი, შემდეგ დარბაზში მოასხა და ცეცხლი წაუკიდა. ხანში შესული მამაკაცი სწრაფად ჩავიდა სახლმმართველობის ეზოში, „მოსკვიჩი“ დაქოქა და იქაურობას გაეცალა.

სახლმმართველობის ძველ შენობას ძალიან მალე მოედო ცეცხლი და იქაურობა მანამ დაიფერფლა, სანამ იქ მეხანძრეები მივიდნენ.

შემთხვევის ადგილზე მისულ მილიციასა და კრიმინალისტებს ორი ადამიანის დანახშირებული ცხედარი დახვდათ, მოსკოვის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო.

ისტორიული ექსკურსი

თავდაპირველად სახლმმართველობაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება ახალბედა პროკურორს, მომავალში სახელგანთქმულ გამომძიებელს, იური პრონინს დაევალა. თუმცა შემდგომში ის ვიცე-პოლკოვნიკ გია ცეცაძეს გადასცეს. ცეცაძე მისთვის ჩვეულ საქმიანობას – ჩახლართული საქმის გახსნას შეუდგა. იური პრონინი და ზურაბ ღოღობერიძე კი მას ამ საქმეში ეხმარებოდნენ.

ცეცაძემ ექსპერტიზის ყველა პასუხი შეაჯამა, საქმის ლოგიკური ჯაჭვი შეკრა და ერთ-ერთ თათბირზე ხელქვეითებს განუცხადა:

– დამწვარი გვამების ვინაობა დადგენილია – ისინი ცნობილი „დომუშნიკები“ – ოლეგ ჩურბანოვი და ოლეგ პეროვსკი არიან. მთელ მოსკოვში ვერავინ შეედრებოდათ ბინის ქურდობაში და ისინი მხოლოდ ბინებზე დადიოდნენ. ამიტომ, აშკარაა, რომ ვიღაცამ ორივე დაიქირავა, შემდეგ კი, როგორც არასასურველი მოწმეები, თავიდან მოიშორა, კვალის დაფარვის მიზნით კი იქაურობა გადაბუგა. ამიტომ, ლოგიკურად ისმის კითხვა: რას იპარავდნენ ჩურბანოვი და პეროვსკი, რისი დამალვა უნდა მკვლელს?

– ამას როგორ გავიგებთ, ავთანდილოვიჩ? – საუბარში ჩაერთო ღოღობერიძე, – იქაურობა ისეა დანახშირებული, რომ ვერაფერს გაარკვევს კაცი.

– ამხანაგო უმცროსო ლეიტენანტო, – შეუტია ცეცაძემ ღოღობერიძეს, – სწორედ ამაში გვიხდიან ჩვენ ფულს. კრიმინალისტებთან ერთად დღე და ღამე გაასწორეთ და ფერფლიდან აღადგინეთ პირველადი სურათი.

ვიცე-პოლკოვნიკის შეხურებამ შედეგი გამოიღო და პრონინმა, ღოღობერიძემ და ექსპერტ-კრიმინალისტმა კუპრიანოვმა დაადგინეს, რომ დანახშირებულ შენობაში იმ უზარმაზარი ჭაღის ნარჩენები არ იყო, რომელიც სახლმმართველობის სააქტო დარბაზში ეკიდა.

– ახლა კი, მეგობრებო, ამ შენობის ისტორიას გადახედეთ და მისი ძველი მფლობელი დამიდგინეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმის გასაღები იქ დევს.

ღოღობერიძე და პრონინი არქივებს ჩაუსხდნენ და დაადგინეს, რომ შენობა გრაფ ვსევოლოდ გოლიცინს ეკუთვნოდა. ხოლო შემდეგ ის ვაჭარმა არნოლდ ტრახტენბერგმა იყიდა და 1917 წლამდე მის მფლობელობაში იყო. ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის შემდეგ კი ტრახტენბერგი საფრანგეთში გაიქცა.

ალმასური მითი

გია ცეცაძემ მსხვილი საქმე იყნოსა და მასში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საგამოძიებო ნაწილი ჩართო. ამ საქმესთან დაკავშირებით მან ანდროპოვის სახელზე დაწერა პატაკი და უშიშროების დახურულ არქივებში შესვლის უფლება მოითხოვა. ანდროპოვმა ცეცაძის თხოვნა დააკმაყოფილა და „კაგებეს“ მაიორს, ასევე ცნობილ გამომძიებელს, ეროვნებით ქართველს ნიკოლოზ ქაჯაიას დაავალა, მას დახმარებოდა.

ცეცაძე და ქაჯაია „კაგებეს“ არქივებს ჩაუსხდნენ და დაადგინეს, რომ მოსკოვიდან პარიზში გაქცეული ტრახტენბერგი 1918 წლის მარტში ელისეს მინდვრებზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს მოკლული. ებრაელი ვაჭარი სასტიკად იყო ნაწამები, მისი ბინა კი – თავდაყირა დაყენებული. აშკარა იყო, რომ იქ რაღაცას ეძებდნენ. სამი დღის შემდეგ საფრანგეთის პოლიციამ მოკლული ტრახტენბერგის საყვარელი – სარა პორტმანი და მისი 15 წლის ვაჟი დააპატიმრა, თუმცა, სამხილთა არქონის გამო, მალევე გაათავისუფლა და საქმე გაუხსნელი დარჩა.

– ნახეთ, გიორგი, – უთხრა ქაჯაიამ ცეცაძეს, – რას წერდნენ მაშინდელი ფრანგული გაზეთები: ტრახტენბერგი ევროპაში უნიკალური ალმასების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იატაკქვეშა მფლობელად ითვლებოდა. ის მალულად ყიდულობდა უნიკალურ ალმასებს და შემდეგ მალავდა. თუმცა, ეს მხოლიდ მითი იყო – რეალურად არავის უნახავს ეს კოლექცია.

– როგორც ეტყობა, ეს სინამდვილეა, ამხანაგო ნიკოლოზ, – უთხრა ცეცაძემ ქაჯაიას, – დარწმუნებული ვარ, რომ ებრაელმა ვაჭარმა თავისი კოლექცია რუსეთში დატოვა, სავარაუდოდ, იმ ჭაღში, რომელიც სახლმმართველობის შენობაში ეკიდა და ეს საშინელი დანაშაულიც ამის გამო მოხდა.

ცნობილი გამომძიებლის ვარაუდი საკმაოდ არგუმენტირებული ჩანდა და, საიდუმლო ბრძანების თანახმად, მთელი აგენტურული ქსელი დააყენეს ფეხზე, რათა ძვირფას კოლექციას საბჭოთა კავშირის ფარგლები არ დაეტოვებინა.

წვრილმანი ქურდი

ტრახტენბერგის კოლექციის ძიების საქმეში, ანდროპოვის საიდუმლო ბრძანების თანახმად, საფრანგეთში არსებული საბჭოთა რეზიდენტურაც ჩაერთო და პარიზის ჟანდარმერიის ცენტრალური არქივიდან მათ 1918 წლის საქმე მოიპარეს, რომელშიც ებრაელი ვაჭრის მკვლელობის დეტალები იყო აღწერილი. „კაგებეს“ საგამოძიებო ნაწილმა ეს დოკუმენტები გააანალიზა და დაადგინეს, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებული სარა პორტმანი და მისი 15 წლის ვაჟი, ლეოპოლდ ლურიე, იმავე წელს, ანუ გათავისუფლებიდან 6 თვის შემდეგ, საბჭოეთში გადმოსახლდნენ და საბჭოთა მოქალაქეობა მიიღეს. სარა ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა, ლეოპოლდ ლურიე კი ივან ბერეჟნოი გახდა. ბერეჟნოი დაოჯახდა და შეეძინა ვაჟი – ანატოლი. უშიშროებამ ლურიე-ბერეჟნოების ძებნა დაიწყო და აღმოჩნდა, რომ 1926 წელს დაბადებული ანატოლი ბერეჟნოი ქალაქ ტულაში ცხოვრობდა. ის უცოლშვილო იყო და ოთხი ნასამართლობა ჰქონდა წვრილმანი ქურდობისთვის.

– როგორც ეტყობა, ცნობილ ტრიუკთან გვაქვს საქმე, – თქვა ცეცაძემ, – დიდი დანაშაულის გადაფარვის მიზნით ბერეჟნოიმ წვრილმანი დანაშაული ჩაიდინა და ცდილობს, რომ გარკვეული დრო ციხეში გაატაროს, შემდეგ კი თავისი ბოროტმოქმედების შედეგებით მაქსიმალურად ისარგებლოს.

ცნობილმა გამომძიებელმა ბერეჟნოის დაკითხვის გადაწყვეტილება მიიღო და ქაჯაიასთან ერთად მას ციხეში მიაკითხა, მაგრამ ის საკუთარ საკანში ჩამომხრჩვალი ნახეს.

– აშკარაა, რომ უფრო სერიოზულადაა საქმე, ვიდრე გვეგონა, – თქვა ქაჯაიამ, – თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მე და თქვენ გაშიფრულები ვართ და ვიღაც უხილავი ბოროტმოქმედი მოწმეებს თავიდან იშორებს. სასწრაფო ზომები თუ არ მივიღეთ, ეს მითიური კოლექცია საბოლოოდ გაგვისხლტება ხელიდან.

ზღაპრული ქვები

საქმეს ოფიციალურად „კაგებეს“ საგამოძიებო ნაწილი აწარმოებდა და ინფორმირებულთა რიცხვი მკაცრად შეზღუდული იყო, მაგრამ მათი რაოდენობა სამ ათეულ თანამშრომელს მაინც აღწევდა. ამიტომ, გამომძიებლებმა ხაფანგის დაგება და გამყიდველი თანამშრომლის აღმოჩენა გადაწყვიტეს. იური ანდროპოვთან შეთანხმებით, მათ 28 თანამშრომელი გადაამოწმეს და საგამოძიებო ნაწილის საქმეთა მმართველი, კაპიტანი სერგეი პარხომენკო დააპატიმრეს, რომელიც საიდუმლო სამსახურებრივი ინფორმაციის გამჟღავნებაში იყო ბრალდებული. დაკითხვაზე მან აღიარა, რომ ინფორმაცია ალმასებთან დაკავშირებით მან ვინმე ანზორს გადასცა, თუმცა, არც ამ კაცის გვარი იცოდა და არც პროფესია.

– რა მოტივით გადაეცით სამსახურებრივი ინფორმაცია უცნობ ადამიანს, მით უმეტეს, თუ, როგორც თქვენ ამბობთ, ფული ან სხვა გასამრჯელო არ მიგიღიათ? – ჰკითხა ქაჯაიამ პარხომენკოს.

კაპიტანი ყოყმანობდა, პასუხის გაცემა არ უნდოდა, მაგრამ, ბოლოს მაინც აღიარა:

– ეს მე ვიტალი ფროლოვის ბრძანებით გავაკეთე. მან მაიძულა და უარის თქმა ვერ გავბედე.

გამომძიებლისთვის ყველაფერი ნათელი გახდა: პოლკოვნიკი ვიტალი ფროლოვი „კაგებეს“ სამეურნეო ნაწილში მუშაობდა და, უმნიშვნელო თანამდებობის მიუხედავად, უზარმაზარი გავლენა ჰქონდა, რადგან ის გენერალ-პოლკოვნიკ იური სურკოვის სიძე იყო, ხოლო სურკოვი მინისტრ შჩოლოკოვის პირადი მეგობარი გახლდათ. შინაგან საქმეთა მინისტრის პირადი მეგობრის ქალიშვილს, ლუდმილას, ბრილიანტები არანორმალურად უყვარდა და, როდესაც გამომძიებლებმა შეიტყვეს, ვისთან ჰქონდათ საქმე, ცუდ დღეში აღმოჩნდნენ: ერთ მხარეს მსხვილი მაღალჩინოსნები იდგნენ, მეორე მხარეს კი – სახელმწიფოს ინტერესები. ამიტომ ცეცაძემ და ქაჯაიამ კვლავ ანდროპოვს მიმართეს დახმარებისთვის.

– დააპატიმრეთ პოლკოვნიკი ფროლოვი და ყველაფერი გამობერტყეთ! – ბრძანა ანდროპოვმა და გამომძიებლები საქმეს შეუდგნენ.

პოლკოვნიკი ფროლოვი მისსავე კაბინეტში დააპატიმრეს და დაკითხეს. მან აღიარა, რომ როცა, პარხომენკოსგან ალმასების ამბავი შეიტყო, ყველაფერი ანზორს გააგებინა. ანზორი კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად „ხარი“, პარხომენკოსთან და მის ცოლთან მეგობრობდა. ხარმა პატიმრების მეშვეობით ბერეჟნოი გამოტეხა და ჯერ მოპარული ჭაღის ადგილსამყოფელი ათქმევინეს, შემდეგ კი საკუთარ საკანში ჩამოახრჩვეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყეს.

ტრახტენბერგის მითიური კოლექცია სინამდვილე აღმოჩნდა. სახლმმართველობის სააქტო დარბაზიდან მოპარულ ჭაღს ქალაქ ბათუმში, ერთ-ერთი ვაჭრის ბინაში მიაგნეს. მასში 91 ცალი ალმასი იყო ჩაწყობილი, რომელთა საერთო ღირებულებამ მაშინდელი ფასებით 201 მილიონი მანეთი შეადგინა, თავად ჭაღი კი 95 კილოგრამს იწონიდა და სუფთა ოქროსგან იყო ჩამოსხმული.

კაპიტან პარხომენკოსა და პოლკოვნიკ ფროლოვს 6 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ანზორ ბერაია, მეტსახელად „ხარი“ ციხეში, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, ებრაელი ვაჭრის ზღაპრული ქვები კი დღემდე მოსკოვში ინახება.


скачать dle 11.3