კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დარჩა მემკვიდრეობით ქართული რაგბის თავკაცს, გია ნიჟარაძეს პაოლო იაშვილისგან და რატომ დადიოდა ის ყოველდღე ჯანდაბაში

უკვე სამი წელია, რაც გია ნიჟარაძე ქართველი მორაგბეების დიდ ოჯახს თავკაცობს და ქართული რაგბის წარმატებებში თავისი წვლილი შეაქვს. საყვარელ სპორტს ცხოვრება ადრეულ ასაკში დაუკავშირა და ისე მოხვდა მის „ტყვეობაში”, რომ ვეღარ შეელია, თუმცა, პროფესიით გეოგრაფის შრომით კარიერაში საკმაოდ ბევრი, ერთი შეხედვით მისთვის უჩვეულო სამსახურიც საკმაოდ მრავლად იყო. პაოლო იაშვილის შვილიშვილს, ცნობილი ბაბუისგან დიდი მემკვიდრეობა დარჩა – სახელი, რომლის დაცვასაც ის ყოველთვის და ყველგან ცდილობს.

გია ნიჟარაძე: დედაჩემი 13 წლის იყო, როდესაც ბაბუაჩემმა, პაოლო იაშვილმა, თავი მოიკლა. ჩვენს ოჯახშიც ყოფილა ის ტრაგედია და ტკივილი, რაც ბევრ ქართულ ოჯახს გადახდა რეპრესიების გამო, მაგრამ ამას მე არ შევსწრებივარ, თუმცა, პატარაობისას მქონდა განცდა, რომ ჩვეულებრივი ადამიანის შვილიშვილი არ ვიყავი. მერე და მერე, როცა გავიზარდე, მოვისმინე ძალიან ბევრი საინტერესო ოჯახური ისტორია, პაოლო იაშვილის აღქმაც უკვე სხვაგვარად მოხდა ჩემში და ამან პასუხისმგებლობის განსაკუთრებული გრძნობა გამიჩინა. მეც და ჩემი ძმაც ვცდილობდით, გვეცხოვრა ისე, რომ არ შეგვერცხვინა ოჯახი, ბებია-ბაბუა. ვფიქრობ, ეს ზოგადად ყველა ნორმალური ადამიანის ცხოვრების წესია, მაგრამ, როდესაც ასეთი ბაბუის შთამომავალი ხარ, ეს განცდა ათმაგად მძაფრია. ჩვენ კარგი, თბილი ოჯახი გვქონდა, ბაბუასგან სახელის გარდა სხვა მემკვიდრეობა არ მიგვიღია, რადგან, მოგეხსენებათ, 1937 წელს ყველაფერს მუსრი გაავლეს. ბაბუას გამოუქვეყნებელი ლექსები, პიესები, მიმოწერა შინსახკომის აგენტებმა ნახევარ საათში გააქრეს სახლიდან. როგორც დედა იხსენებდა, უზარმაზარი სამი ტყავის ჩემოდნით გაუზიდიათ სახლიდან ყველაფერი. ბაბუას თავადური წარმოშობა ჰქონდა და ძალიან საინტერესო ოჯახში იყო დაბადებული: მამამისი ფარმაცევტი იყო საჩხერის რაიონში, მთელ დასავლეთ საქართველოში ჰქონდა აფთიაქების ქსელი. არ ვიცი, როგორ აკეთებდა ბიზნესს, რადგან, თურმე, ყველას უფასოდ ემსახურებოდა – უსასყიდლოდ ურიგებდა წამლებს. 1924 წლიდან ამ ოჯახის ნგრევა დაიწყო: ზოგი დახვრიტეს, ზოგი დააპატიმრეს, ბაბუამ კი თავი მოიკლა.

– სულ ახლახან, მისმა უწმიდესობამ პაოლო იაშვილს გადაუხადა პარაკლისი, რომლითაც მას თვითმკვლელობის ცოდვა მიეტევა. თქვენ, მის შვილიშვილს, მიგიძღვით ამაში წვლილი?

– სამწუხაროდ, მე ვერ დავესწარი ამ პარაკლისს – არ ვიყავი თბილისში, ტრაპიზონში გვქონდა შეხვედრა რუსებთან და მხოლოდ მეორე დღეს დავბრუნდი საქართველოში. ბაბუაჩემთან დაკავშირებით ძირითადად ჩემი უფროსი ძმა, მერაბი ზრუნავს და ამ ამბავშიც ის იყო აქტიურად ჩართული. ყველაფერი დაიწყო ჩვენი მეგობრების – მამა ილია მოსიძისა და აკაკი რამიშვილის ინიციატივითა და თაოსნობით, მათ, ისევე, როგორც ჩვენმა ყველა ახლო მეგობარმა, კარგად იციან ის დეტალები, რაც ბაბუას თვითმკვლელობას უკავშირდება. მათ გადაგვაწყვეტინეს, რომ ეს ყველაფერი მოგვეყოლა მისი უწმიდესობისთვის, რადგან ეს ცოდვა ბაბუაჩემის სულს იმქვეყნად არ ასვენებდა, ჩვენ, მის შთამომავლებს კი აქ გვაწვა მძიმე ტვირთად. ჩვენი მეგობრების დახმარებით, ჩემი ძმა შეხვდა მის უწმიდესობას. როცა მისი უწმიდესობა სიღრმისეულად გაეცნო ბაბუას ისტორიას, თქვა, რომ სამების საკათედრო ტაძარში გადაუხდიდა პარაკლისს. მართლაც ასე მოხდა – უამრავი ადამიანი შეიკრიბა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც პატრიარქმა საჯაროდ შეუნდო ბაბუას ჩადენილი ცოდვა. ეს ჩვენი ოჯახისთვის ენით აღუწერელი ბედნიერება იყო.

– უკვე სამი წელია, რაც ქართულ რაგბის ხელმძღვანელობთ. როგორ მოხვდით ქართველ მორაგბეთა დიდ ოჯახში?

– მე არაფერს არ ვხელმძღვანელობ, ჩვენ გვაქვს მორაგბეების დიდი ოჯახი, სადაც რეგალიები არაფერს ნიშნავს. რაგბის პატარაობიდან დავუკავშირე ცხოვრება, მაშინ ჩემი ძმა უკვე მორაგბე იყო. იმ პერიოდში თბილისში ჩემი თაობა, ძირითადად, სპორტით ცხოვრობდა, უნდა გეთამაშა ყველაფერი: ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი. რომ არ გეთამაშა, სირცხვილი იყო. მამაჩემი ცნობილი კალათბურთელი იყო, თბილისის „დინამოში” თამაშობდა და იმ ლეგენდარული გუნდის წევრი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ოთხჯერ გახდა. მეც დავდიოდი კალათბურთზე, მაგრამ, სიმაღლის გამო დიდი პერსპექტივა არ მელოდა, თავად „დავიბრაკე” თავი და წავედი რაგბიში, რომელიც იმ დროს სპორტის პოპულარული სახეობა არ იყო, მაინც ფეხბურთის ჩრდილში ხვდებოდა.

– ალბათ, თქვენს მეგობრებს თქვენი სპორტული მონაცემები განსაკუთრებით ადგებოდათ.

– ჩემი სამეგობრო სხვა კრიტერიუმებით იყო გამორჩეული: ჩვენთვის მთავარი იყო ზნეობა, მეგობრობა, სამშობლოს სიყვარული, უფროსების პატივისცემა. ჩვენც ბევრჯერ გვიჩხუბია ქუჩაში, მაგრამ, გვიჩხუბია ღირსეულად, ასეთივე ღირსეული იყო შერიგება ჩხუბის შემდეგ. ეს სტანდარტული პროცედურა იყო. სპორტი ძალიან ეხმარება ბიჭს ჩამოყალიბებაში. გამონაკლისები ყველგან არსებობს, მაგრამ, მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი სპორტსმენი არ მოიქცევა ცუდად. მორაგბეები მაინც, განსაკუთრებული ფსიქოლოგიის ადამიანები ვართ. ქართულ რაგბის ადრეც ჰყავდა ისეთი მორაგბეები, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ნაკრებს დაამშვენებდნენ. დღეს ქართული რაგბი რომ ამ სიმაღლეზეა ასული, ყველა ჩემი კოლეგის დამსახურებაა. სხვათა შორის, ცოტა ხანს რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელი ნონა გაფრინდაშვილიც კი იყო. მე ათი წელი ვითამაშე აქტიურ რაგბიში, მერე ტრავმების გამო თავი დავანებე და მოსკოვში წავედი ასპირანტურაში სასწავლებლად. იმ დროს ან პარტიული ხაზით უნდა გაგეგრძელებინა ცხოვრება, ან მეცნიერებას უნდა გაჰყოლოდი და მეც ასე გავაკეთე არჩევანი.

– თუმცა, თქვენს შრომის წიგნაკში ბევრი არამეცნიერული სამსახურიც არის, თუნდაც ის პერიოდი, როცა მინისტრის მოადგილედ მუშაობდით.

– ჩინოვნიკობა ძალიან რთული საქმეა, ამ გაუგებრობაში სრულიად შემთხვევით მოვხვდი, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, უმუშევარი კაცი მეგობრებისა და პირადი კონტაქტების წყალობით უცბად გავხდი ავიაციის დეპარტამენტის უფროსი – როგორც ჩანს, კარტი ასე დალაგდა, მოკლედ, სასწაულები ნამდვილად ხდება (იცინის). ახლა ზუსტად ვიცი, რომ ჩინოვნიკობა არ არის ჩემი საქმე და ალბათ, ამიტომაც შეველიე იოლად. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა მე სახელმწიფო სამსახურში ვიმუშავე, თუმცა, ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. ცხოვრებაში ამაზე ბევრად უფრო ეგზოტიკური სამსახურებიც მქონია (იცინის) მოსკოვში მე და ჩემი ორი მეგობარი ვდგებოდით დილის 5 სააათზე, ვსხდებოდით სატვირთო „მოსკვიჩში“ და მივდიოდით ჯანდაბაში, „მაჟაისკოე“ შოსეს ბოლოში, სადაც იყო საწყობი. იქ ვტვირთავდით სასურსათო პროდუქტს და ვარიგებდით მაღაზიებში – აი, ასეთი მძიმე პერიოდებიც მქონია. მერე დავბრუნდით თბილისში. მუშაობა დავიწყე ავიაკომპანია „ორბში“ და ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. პრაქტიკული ავიაცია ძალიან საინტერესო დარგია, თუმცა ყველაზე საყვარელი იყო დრო, რომელიც გავატარე სკოლაში – გერმანულ სკოლაში გეოგრაფიას ვასწავლიდი ბავშვებს. 16 მანეთი მქონდა ხელფასი, მაგრამ ბავშვებთან მუშაობა დიდ სიამოვნებას, ბედნიერებას და სიხარულს მანიჭებდა, ვფიქრობ, პენსიაზე გასვლის შემდეგ სკოლაში დაბრუნებაზე ხომ არ ვიფიქრო (იცინის).

– რაც აქტიურ რაგბის შეელიეთ, მოედანზე სათამაშოდ არ გადიხართ ხოლმე?

– არა, სამწუხაროდ, ვერ ვთამაშობ, ნოსტალგიაც არ მაქვს – ალბათ, მუდმივად რაგბით ვცხოვრობ და იმიტომ. თუმცა, როცა ბიჭები თამაშობენ, ერთი სული მაქვს ხოლმე, რომ მათ ადგილზე მე ვიყო. ნებისმიერი თამაშის დროს გულით, ტვინით, სხეულით მოედანზე ვარ. არ დაიჯერებთ და, ყველა თამაშის შემდეგ ისე მტკივა ხოლმე გვერდები, როგორც მოედანზე მყოფ მორაგბეებს (იცინის). ამდენი წელი გავატარე ამ ძალისმიერ სპორტში, იცოცხლე, ძალიან ბევრჯერ გამოვსულვარ მოედნიდან დაბეგვილი, მაგრამ, სერიოზული ტრავმა არასდროს მიმიღია. რაგბისთან დაკავშირებული ჩვენი ოჯახური ტრადიცია მე და ჩემს ძმას არ დაგვისრულებია, მე ქალიშვილი მყავს, რომელიც რაგბის ვერ ითამაშებდა, სამაგიეროდ, დღეს ქართული რაგბის ღირსებას იცავს ჩემი ძმისშვილი, სანდრო – ის „შვიდკაცაში“ ეროვნულ ნაკრებში თამაშობს.

– მორაგბეების ჰობიც ისეთი ძალისმიერია, როგორც თავად ეს სპორტი?

– არა, ჩემი ჰობი, მაგალითად, კულინარიაა. მართალია, ბოლო ხანებში ამისთვის დრო აღარ მრჩება, მაგრამ, როგორც ამბობენ, კულინარიაში გამომდის რაღაც-რაღაცეები, თან არა მხოლოდ მამაკაცური, ხორციანი საჭმელი, არამედ, სალათებიც კი (იცინის). მიყვარს კარგი მუსიკა. ჩემი ყველაზე დიდი გატაცება კი მაინც მეგობრები და ოჯახია და, თავს შევიქებ, რომ კარგი მეოჯახე ვარ. ჩემი აზრით, ქალი არ უნდა დადიოდეს ბაზარში, დიდ საყიდლებზე, ეს რთული მისია ოჯახში მე მაქვს აღებული საკუთარ თავზე.

მორაგბეების ყველაზე დიდი გატაცება კარგი საქმეების კეთებაა – ასეთი ბიჭები გვყავს ჩვენს დიდ ოჯახში. ერთ ისტორიას მოგიყვებით: ანჩისხატის ეკლესიასთან ახლოს „რებეკას ბარია“, იქ უცხოელებს უყვართ სიარული, რაგბის უყურებენ ხოლმე ხშირად. ერთ დღეს რებეკამ საჩუქარი გაუკეთა თავის კლიენტებს და ჩვენც დაგვპატიჟა, თან გვითხრა, მაისურები წამოიღეთო. მასპინძელმა კარგად გვიმასპინძლა, ცოტა ხნის შემდეგ კი მოვიდა, მაგიდაზე ფული დაგვიდო და გვითხრა: ეს თქვენი წილიაო. რა წილი-მეთქი, – ვკითხე გაოცებულმა. ყველა მაისური გავყიდეო. ჩვენ სასტიკად ვიუარეთ იმ ფულის აღება, მაგრამ რებეკა ამაზე ვერ დავიყოლიეთ, ბიზნესი ბიზნესიაო, გაიძახოდა. ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, ბიჭებმაც უარი თქვეს ფულის აღებაზე, რა უნდა გვექნა? ცოტა ხანში ბიჭებმა აიღეს ფული, გავიდნენ ბარიდან და მალევე დაბრუნდნენ. როცა ყველა გამოვედით ბარიდან, იქვე ახლოს მღვდელი დაგვხვდა: – თქვენ გელოდებით, რომ არ მეთქვა არ შემეძლოო – გვითხრა, – თქვენმა მორაგბეებმა ეკლესიას 600 დოლარი შესწირესო. აი, ასეთი გემრიელი და მართალი ბიჭები არიან ჩვენი მორაგბეები, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიყო ამ ოჯახის ყოჩი.


скачать dle 11.3