კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი და როგორ ვუმკურნალოთ გულის იშემიურ დაავადებას

სრულფასოვანი ცხოვრებისთვის საჭიროა კარგი ჯანმრთელობა, რომელიც სხვადასხვა ორგანოს ან სისტემის დაზიანებისას შეიძლება დაირღვეს. ყველა ორგანოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის, თავის მხრივ, საჭიროა შესაბამისი გარემო, რომლის მუდმივობასაც გულ-სისხლძარღვთა სისტემა უზრუნველყოფს. გული დღე-ღამის განმავლობაში დატვირთვის შესაბამისი ინტენსივობით მუშაობს და ასობით ლიტრ სისხლს გადატუმბავს. ის ჩვენი ორგანიზმის ყველაზე ძლიერი კუნთია და ფუნქციის შესაბამის კვებას მოითხოვს, რომლის ვერუზრუნველყოფის არქონის შემთხვევაში ხდება მისი დაზიანება. გულის იშემიური დაავადება ჩვენს ქვეყანაში ფართოდაა განვითარებული. ამ პრობლემის შესახებ გვესაუბრება აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი ლია რიგვავა.

– რას გულისხმობს ტერმინი გულის იშემიური დაავადება?

– გულის იშემიური დაავადება არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც განაპირობებს გულის კუნთის სისხლმომარაგების დარღვევა. იშემია, ანუ ჟანგბადოვანი შიმშილი, ვითარდება გულის კუნთის მოთხოვნისა და ჟანგბადის მიწოდებას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, ანუ, კუნთს არ მიეწოდება საკმარისი მოცულობის სისხლი. გულის კუნთის სისხლით მომარაგება ხდება ეგრეთ წოდებული კორონარული ანუ გვირგვინოვანი არტერიებით. აორტიდან გამოდის ორი – მარჯვენა და მარცხენა გვირგვინოვანი არტერია, რომლებიც შემდეგ უფრო წვრილ ტოტებად იყოფა. გულის იშემიური დაავადების დროს, სისხლძარღვების შენების შეცვლის გამო, ხდება კორონარული არტერიების სანათურის შევიწროება, რასაც თან სდევს გულის კუნთის სისხლით მომარაგებით შეფერხება.

– რა არის გულის იშემიური დაავადების მიზეზი?

– გულის იშემიური დაავადება შემთხვევათა 97 პროცენტში ვითარდება ათეროსკლეროზის ფონზე. ათეროსკლეროზი არის დაავადება, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს, მათ შორის – გულის მკვებავ არტერიებსაც. სისხლძარღვების შიდა ზედაპირი ათეროსკლეროზის დროს მკვრივდება, მასზე ილექება ცხიმოვანი ნივთიერებები და წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც ავიწროებს სისხლძარღვის სანათურს და ხელს უშლის მასში სისხლის მოძრაობას, რაც იწვევს ორგანოთა ჟანგბადით მომარაგების შემცირებას, შემდგომში კი – შეწყვეტას. ათეროსკლეროზის გარდა, იშემიური დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს კორონარულ არტერიებში თრომბის გაჩენა, რომელიც განპირობებულია სისხლის მომატებული სიბლანტით. იშემიის მიზეზი გვირგვინოვანი არტერიების სპაზმიც შეიძლება გახდეს.

– როგორ ვლინდება გულის იშემიური დაავადება?

– დაავადების მიმდინარეობა შეიძლება იყოს მრავალგვარი. გულის იშემიური დაავადების ძირითადი ფორმებია: სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი და პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, რომელიც ვითარდება გადატანილი ინფარქტის შედეგად. დაავადება ძირითადად იწყება სტენოკარდიით, რაც გამოიხატება ტკივილის ან მოჭერის შეგრძნებით მკერდის ძვლის უკან, ასევე, სუნთქვის გაძნელებით. თავიდან სტენოკარდიული შეტევები ვლინდება ფიზიკური დატვირთვის დროს და იხსნება დასვენების შემდეგ. რაც უფრო მაღალია სისხლძარღვების შევიწროების ხარისხი, მით უფრო ნაკლები ფიზიკური აქტივობისას ვლინდება სტენოკარდიული შეტევა. მოსვენებულ მდგომარეობაში აღმოცენებული ტკივილი კი უკვე საგანგაშო მდგომარეობაა და მოითხოვს ექიმის დაუყოვნებლივ კონსულტაციას. გულის იშემიური დაავადების მრისხანე გამოვლინებაა მიოკარდიუმის ინფარქტი, რომელიც კორონარული არტერიის სრულ დახშობას მოჰყვება. ამ დროს გულის კუნთის ის ნაწილი, რომელსაც სისხლით ამარაგებდა დახშული კორონარული არტერია, კვდება და მის ადგილას ყალიბდება ნაწიბურები. ხოლო, თუ გულის კუნთის დიდი უბანი ზიანდება, დროთა განმავლობაში ვითარდება გულის უკმარისობა. შესაძლოა, დაავადება გართულდეს სხვადასხვა არითმიით, რომლებიც, თავის მხრივ, სიცოცხლისთვის სახიფათოა.

– რაში მდგომარეობს დაავადების პროფილაქტიკა?

– არსებობს დაავადების ეგრეთ წოდებული პირველადი პროფილაქტიკა: ანუ როცა ვცდილობთ, თავიდან ავიცილოთ დაავადება. პირველადი პროფილაქტიკაა ჯანმრთელი ცხოვრების წესი და გარკვეული პერიოდულობით პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმებები. 20-იდან 60 წლამდე ასაკის ჯანმრთელმა პაციენტებმა ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ საამედიცინო შემოწმება. 60-დან 75 წლამდე – ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო 75 წლის შემდეგ – ყოველწლიურად. დაავადების მეორადი პროფილაქტიკის შემთხვევაში უკვე გვაქვს იშემიური დაავადება, ვცდილობთ, თავი ავარიდოთ გართულებებს და შევანელოთ პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობა. ამისთვის ყურადღება ექცევა ეგრეთ წოდებულ რისკ-ფაქტორებზე ზეგავლენას. გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორებია: არტერიული წნევის მომატება, ცხოვრების ჰიპოდინამიკური წესი, ჭარბი წონა, არასწორი კვება, თამბაქოს მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი, ფსიქოემოციური გადაძაბვა, ხშირი სტრესული სიტუაციები. დაავადების განვითარებაში ასევე დიდ როლს თამაშობს მემკვიდრეობის ფაქტორი, მაგალითად, ახლო ნათესავებში ჰიპერტენზიის ან მიოკარდიუმის ინფარქტის არსებობა. გულის იშემიური დაავადება უფრო ხშირია შუახნის ასაკის მამაკაცებში.

– როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?

– გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანია ავადმყოფის საფუძვლიანი გამოკითხვა, დაავადების განვითარების მიზეზების გამოვლენა, ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევა, რომელიც არაერთჯერადად ტარდება. თუ სტენოკარდიული შეტევები ვლინდება მხოლოდ ფიზიკურ დატვირთვაზე, ტარდება ეგრეთ წოდებული დატვირთვის ტესტები. გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტიკის ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია გულის სისხლძარღვების რენტგენოლოგოლოგიური გამოკვლევა, რომელსაც კორონაროგრაფია ეწოდება. ამისთვის სისხლში შეჰყავთ რენტგენოკონტრასტული ნივთიერება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება მსხვილი სისხლძარღვების, მათი დაზიანებისა და პროცესის გავრცელების შეფასება.

– როგორ ხდება დაავადების მკურნალობა?

– გულის იშემიური დაავადების მკურნალობა კომპლექსური პროცესია და მიმართულია ათეროსკლეროზის პროგრესირების შენელების, გულისა და სისხლძარღვების ფუნქციის აღდგენის, გვირგვინოვანი არტერიების თრომბოზის რისკის შემცირებისკენ. მკურნალობის პროცესში გამოყოფენ ორ მიმართულებას: პირველი არის მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელსაც პაციენტმა სიცოცხლის ბოლომდე უნდა მისდიოს. მეორე კი ქირურგიული მკურნალობა, რომელიც მოიცავს ანგიოპლასტიკას, კორონარული არტერიების სტენტირებასა და აორტოკორონარულ შუნტირებას.


скачать dle 11.3