კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

როგორ ვიპოვე ბებიასეული ბეჭედი

ერთი ჩემი ნაცნობი ოჯახია, რომლის წევრებსაც კუდი ყავარზე აქვთ გადებული, რადგან ძალიან მდიდრები ბრძანდებიან, თან, შვილები სულ კაი-კაი თანამდებობებზე არიან და ისეთი სახეებით დადიან, სალამს ვერ შეჰბედავ. თუ მოხდა სასწაული და დაგელაპარაკნენ, იმ ღამეს ბედნიერებისგან აღარ უნდა დაიძინო.

შეიძლება, ჩემი მონათხრობი ზღაპრად მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველაფერს აბსოლუტურ სიმართლეს გწერთ, მხოლოდ სახელებს ვცვლი.

ამ ოჯახში ყველაზე ამპარტავნები და კუდაბზიკები დედა და მისი ქალიშვილი არიან. ყველას აბუჩად იგდებენ, ყველას დასცინიან, თავი რაღაცა ჰგონიათ, თავიანთი ოჯახი წესიერებისა და პატიოსნების სიმბოლოდ მიაჩნიათ. მე არ ვიცი, რა დონეზე ბოროტად იყენებენ თანამდებობებს, მაგრამ, მათ ქონებას თვლა რომ არ აქვს, ცხადია. თანაც, ყოველთვის ასეთი მდიდრები კი არ იყვნენ, მას შემდეგ, აივსნენ, რაც ჯერ ვაჟიშვილი გაძვრა-გამოძვრა და კარგ ადგილას ამოყო თავი, მერე ქალიშვილი გათხოვდა-გამოთხოვდა სამჯერ თუ ოთხჯერ, ყველა ქმარს რაღაც წაართვა და ბოლოს, ვიღაც დიდი კაცის საყვარელიც გახდა, რომელმაც ისეთი სამსახური გაუკეთა, რომ მისი ათი თაობა იქნება უზრუნველყოფილი. მაგრამ, ჩემი აზრით, მაინც უბედურები არიან, რადგან მხოლოდ ქონების დაგროვებაზე ფიქრობენ. მეორე და მთავარი უბედურება კი ის არის, რომ ოჯახის დედა, ანუ ქალბატონი გურანდა, ქურდია. რა თქმა უნდა, ავტობუსებსა და „მარშუტკებს” არ დაჰყვება, მაგრამ, სამაგიეროდ, იპარავს პროდუქტებს მაღაზიებში და ძვირფას ნივთებს ახლობლების ოჯახებში. თან, ისე ოსტატურად აკეთებს, რომც წაასწრო, ბრალს ვერ დასდებ, აუცილებლად დაიძვრენს თავს და იქით ჩაგაგდებს უხერხულ მდგომარეობაში.

გვაქვს ბედნიერება და ჩვენი ოჯახი იმ რამდენიმე „რჩეულთა” შორის ირიცხება, რომლებიც ქალბატონ გურანდას ღირსად მიაჩნია, რომ თავისი სტუმრობით გააბედნიეროს ხოლმე. მისი სტუმრობის შემდეგ კი რაღაც ნივთი გვეკარგებოდა. თავიდან, ვერცხლის კოვზები ან რამე ამდაგვარი ქრებოდა, მაგრამ, ერთხელაც, ბებიაჩემის ნაქონი უნიკალური ბეჭდი დაგვეკარგა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ მივხვდით, რაში იყო საქმე და გვეგონა, რომ ბეჭედი სადმე გარეთ დავკარგეთ მე ან ჩემმა დამ (ხან ერთი ვიკეთებდით ამ ბეჭედს, ხან – მეორე). მაგრამ, ჩემმა დამ დაიჟინა, ნამდვილად მახსოვს, სახლში რომ მოვედი, მოვიხსენი და სერვანდზე რომ პატარა ლარნაკი დგას, იმაში ჩავდეო. მაგრამ, ასე იყო თუ ისე, ვერსად მივაგენით და ძალიან დაგვწყდა გული, რადგან, გარდა იმისა, რომ ძალიან ძვირფასი იყო, ის ერთი ბეჭედი გვქონდა ბებიის სახსოვრად. რამდენიმე თვის შემდეგ, ერთ ცნობილ ოჯახში ვიყავი წვეულებაზე, სადაც ქალბატონი გურანდას ქალიშვილიც გახლდათ. რომ დამინახა, წარბები აზიდა და ყველას გასაგონად მითხრა: „შენ როგორ აღმოჩნდი ამ ოჯახში, მზარეულად ხარ მოწვეული თუ დამლაგებლად?” – და ხელის კეკლუცი მოძრაობით, გაისწორა შუბლზე ჩამოვარდნილი კულული. ამ სიტყვებმა ისე გამამწარა, ვიფიქრე, ახლა კი ვეტყვი, რისი ღირსიც არის-მეთქი, მაგრამ, უცებ თვალი მომტაცა ბეჭდის თვლის საოცარმა გაბრჭყვიალებამ. შევხედე და ბებიაჩემის ბეჭედი არ უკეთია?! მაშინვე ყველაფერი ნათელი გახდა, სულ რაღაც წამებში გამინათდა გონება და მეც არანაკლები ირონიითა და, გესლით ვუთხარი: – არა, იმ ბეჭდის წასაღებად მოვედი, რომელიც დედაშენმა ჩუმად წაიღო ჩვენი სახლიდან (სიტყვა „მოიპარა” მაინც ვერ ვთქვი) და ახლა, შენ გიკეთია-მეთქი. უცებ, აილეწა და დაბნეულმა მკითხა, რა ბეჭედზე მელაპარაკებიო. მეც არ დავინდე და მივახალე: – აი, ეგ ბრილიანტიანი ბეჭედი, რომელიც ბებიამ დამიტოვა სახსოვრად, მაგრამ, დედაშენის წყალობით ახლა შენ გიკეთია-მეთქი. იქ ამბავი ატყდა?! ენით ვერ გამოვთქვამ. გურანდას შვილი ისე დაიბნა, რომ ბეჭედი მოიხსნა, სახეში მესროლა და მომაძახა: ეს ბეჭედი დედაჩემმა ქუჩაში იპოვა და მთელი თვე ვეძებდით პატრონს, მაგრამ, რადგან ვერ ვიპოვეთ, მე გავიკეთე. როგორ ბედავ, დედაჩემს ასე მოიხსენიებ, მისი წესიერება მთელმა ქალაქმა იცისო. აღარ მინდოდა სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება, ავიღე ჩემი ბეჭედი, მასპინძელს ბოდიში მოვუხადე და წამოვედი. მერე, გავიგე, იმ ქალბატონს დედამისის გამართლება დაუწყია – რაც მოხუცდა, მას მერე კლეპტომანია დაემართაო.

ნუნუკა, 32 წლის.



ქმარი ხელახლა შემიყვარდა

უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, ერთი ბიჭი მომწონდა ძალიან. მომწონდა კი არა, როგორც იტყვიან, ყურებამდე ვიყავი შეყვარებული, მაგრამ ამის გამჟღავნებას ვერც კი ვბედავდი, რადგან გოგიტა ისეთი პოპულარული ბიჭი იყო, მთელი უნივერსიტეტის ულამაზესი გოგოები ჯგროდ დასდევდნენ კუდში და მოსვენებას არ აძლევდნენ. იმათ ფონზე მე ვინ ვიყავი – ერთი, ჩვეულებრივი გოგო, არაფრით გამორჩეული – არც განსაკუთრებული სილამაზით, არც მამიკოს ფულებით. დანარჩენი კი ვის აინტერესებდა! ამიტომ, გოგიტას ყურადღება არასდროს დამიმსახურებია. ერთადერთი, რასაც მივაღწიე, ის იყო, რომ გავიცანი და უნივერსიტეტის ბაღში თუ შემხვდებოდა, ხელის აწევით მესალმებოდა. და, კიდევ, რამდენიმე საერთო მეგობარი აღმოგვაჩნდა და იმათ „სასტავში” თუ მოვხვდებოდით ხოლმე ერთად, ვისხედით და ვსაუბრობდით, უფრო სწორად, ის მელაპარაკებოდა, მე კი ვუსმენდი. მართალია, მისი საუბარი მე არასდროს შემეხებოდა, მაგრამ იმ წუთებში ჩემზე ბედნიერი გოგო არ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე, რადგან მის გვერდით ვიჯექი, მისი ხმა მესმოდა და, რაც მთავარია, მხოლოდ მე მივაჩნდი ღირსად, თავისი ამბები მოეთხრო. ისიც მართალია, რომ ძირითადად მეტრაბახებოდა, როგორ იხოცავდნენ თავებს გოგოები მის გამო, როგორ იცვლიდა „ნაშებს” და როგორ უცერემონიოდ ტოვებდა ის მისი სიყვარულით გულწასულ ქალებს; როგორი მაგარი მამაკაცი იყო, რატომ შესციცინებდნენ თვალებში თბილისის საუკეთესო გოგოები, როგორ ახარჯავდნენ მას საკმაოდ სოლიდურ თანხებს, ოღონდ კი მასთან ერთი ღამის გატარების შანსი მისცემოდათ. ამ ყველაფერს გოგიტა ისე მიყვებოდა, როგორც ძმაკაცს მოუყვება ბიჭი „პუტანებთან“ გატარებული ღამეების შესახებ. ოდნავი უხერხულობაც კი არ უგრძნია, რომ ამ ყველაფერს მე მიყვებოდა, მისსავე ტოლ გოგოს, თუნდაც მეგობარს ან ამხანაგს. რაღაც უსიამოვნო გრძნობა კი მიჩნდებოდა გულის სიღრმეში, მაგრამ, იმდენად ბედნიერად ვგრძნობდი თავს, მის გვერდით რომ ვიჯექი და, თანაც, მხოლოდ მე რომ მელაპარაკებოდა, აღარაფერი სხვა აღარ მაინტერესებდა. ერთხელ ცოტა დავლიეთ და გოგიტამ მითხრა, ახლა შენ მიამბე შენ შესახებ რამეო. მე დავიმორცხვე, მან კი გამამხნევა – ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. მე ჩემი ამბები მოგიყევი, შენ კი შენი უნდა მიამბოო. ეტყობა, სასმელმა იქონია გავლენა და მეც ვუთხარი, ერთი ბიჭი მიყვარს, მაგრამ იმან არაფერი იცის-მეთქი. ამაზე გადაირია – შენისთანა გოგოზე უარს ვინ სულელი იტყვის. მითხრი, ვინ არის და მე მოვიყვან ჭკუაზეო. გული გამისკდა, ძლივს გადავაფიქრებინე. ბოლოს თქვა, შენნაირ გოგოს რომ ვუყვარდე, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდაო. კი მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო, მაგრამ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მომივიდოდა. კინაღამ წამომცდა, ის ბიჭი შენ ხარ-მეთქი, მაგრამ, როგორც იქნა, შევიკავე თავი. ზედმეტი რომ არ წამომცდენოდა, კონიაკს მივეძალე და სამი-ოთხი ჭიქის შემდეგ ისე გავითიშე, გონზე აღარ ვიყავი. მარტო ის მახსოვს, რომ გულამოსკვნილი ვტიროდი. ვერაფრით რომ ვერ გამაჩუმა და გონზეც ვერ მომიყვანა, როგორც ჩანს, შევეცოდე და ბუნდოვნად მახსოვს, როგორ ჩამაცვა ქურთუკი, ხელკავი გამომდო და, როგორც იტყვიან, სახლში წამათრია. ჩემები სოფელში იყვნენ წასულები, შინ არავინ იყო და ამიტომ, ლოგინშიც გოგიტამ ჩამაწვინა (ეს მერე გავიგე მისგან). დილით რომ გამეღვიძა, გოგიტა სავარძელში ჩაძინებული დამხვდა, მე კი ღამის პერანგი მეცვა. ახლაც არ ვიცი, იმან გამხადა ტანსაცმელი თუ მე თვითონ მოვახერხე ამის გაკეთება. მაშინვე აბაზანაში შევედი, რომ ბოლომდე გამოვფხიზლებულიყავი. რომ გამოვედი, გოგიტა წასული დამხვდა. საღამოს დამირეკა, მომიკითხა და მითხრა, ერთი თვე არ ვიქნები ქალაქშიო და დამემშვიდობა. მაგრამ, ერთი თვე კი არა, ერთი წელი ისე გავიდა, აღარც კი შემომხმიანებია. მე ყოველდღე, დილიდან საღამომდე ველოდი მის ზარს, ვბრაზობდი, ასე რომ დამივიწყა, მაგრამ, მერე ვფიქრობდი, რატომ უნდა დამირეკოს, ბოლოს და ბოლოს, ვინ ვარ მისთვის-მეთქი.

ერთი წლის შემდეგ ქუჩაში შემხვდა ვიღაც გოგოსთან ერთად. ძლივს მიცნო, უფრო სწორად, ძლივს გამიხსენა. ის გოგოც ზრდილობის გამო გამაცნო – ჩემი ცოლიაო. ჩემზე კი არაფერი უთქვამს, ანუ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მისთვის არაფერს წარმოვადგენდი. მერე გოგოებმა მითხრეს, ამ ერთ წელიწადში ორჯერ შეირთო ცოლი, ორივეს გაშორდა და, შენ რომ გაგაცნო, ის მესამე ცოლი იყოო. ორი თვის შემდეგ ისევ შემხვდა და მისი ცოლი რომ მოვიკითხე, მითხრა, გავეყარეო. მერე სიცილით დაამატა, ყოველ სამ თვეში ერთხელ ახალი ცოლი მყავს და, მგონი, შენ მეტი აღარავინ დარჩა, ცოლად რომ შევირთოო. მერე ხუმრობით მითხრა, ისე, რამე რომ იყოს, არ გამომყვებიო? მეც ვითომ ხუმრობით ვუპასუხე – რატომაც არა-მეთქი. ვთქვი თუ არა, მაშინვე ვიგრძენი, რომ სულაც არ ვხუმრობდი. ეტყობა, ეს გოგიტამაც იგრძნო, ნიკაპი ორი თითით ამიწია, თვალებში ჩამხედა და ჩურჩულით მითხრა: იქნებ, შენ მაინც გამიგო. ოღონდ, იცოდე, ძალიან მძიმე ხასიათი მაქვს. ქალები ჯერ ბუზებივით მესევიან, მაგრამ, დამიახლოვდებიან თუ არა, ცოტა ხანში თავქუდმოგლეჯილები გამირბიან. აბა, თანახმა ხარ ასეთ პირობებზე? თან, მეოთხე ცოლის სტატუსი არც ისე სახარბიელო უნდა იყოს, რომ არაფერი ვთქვათ ერთჯერად თუ მრავალჯერად საყვარლებზეო. მე ამ გულახდილობამ კიდევ უფრო მომხიბლა. ვიგრძენი, რომ უფრო მეტად შემიყვარდა, თანაც, ისეთი შანსი მომეცა, რომელზეც ვერასდროს ვიოცნებებდი. ამიტომ, გადავწყვიტე, ეს შანსი ხელიდან არ გამეშვა და ნებისმიერი პირობით დავთანხმდი ცოლობაზე. პირველი თვის განმავლობაში ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი, მაგრამ, მერე და მერე ჩემი აღფრთოვანება განელდა, მით უმეტეს, რომ, ჩემი ქმარი უმძიმესი ხასიათისა და აუტანელი ჭირვეულობის აღმოჩნდა, არც ისეთი მაგარი მამაკაცი ყოფილა, როგორიც თავისი გარეგნული მონაცემებით ჩანდა. დაახლოებით სამი თვის შემდეგ მივხვდი, რომ მასთან ყოფნა მიჭირდა, კიდევ ორი თვის შემდეგ კი დავრწმუნდი, რომ ჩემი სიყვარულიდან აღარაფერი დარჩა და მასთან გატარებული ყოველი დღე ჩემთვის ტანჯვად იქცა, თუმცა, ვცდილობდი, არ შემემჩნია და ისევ ძველებურად ვუსრულებდი ყველა სურვილს. თავიდან გოგიტა თვითონაც ცდილობდა, კარგი ქმარი ყოფილიყო. მერე, ეტყობა, მობეზრდა ან დაიღალა, ნიღაბი მოიხსნა და თავისი ნამდვილი სახე დამანახვა. ჯერ მეგონა, გამძლეობაზე მცდიდა და როგორღაც ვუძლებდი, მაგრამ ბოლოს, ისე შევიშალე, რომ, ერთ დღესაც, ჩავალაგე ნივთები და ჩემს სახლში დავბრუნდი. სკანდალების თავი არ მქონდა. ამიტომ, იმ დროს წამოვედი, შინ რომ არ იყო. მაგიდაზე წერილი დავუტოვე, სადაც ვწერდი, რომ ორივესთვის ჯობდა, დავშორებოდით ერთმანეთს. სამი დღის შემდეგ, მომაკითხა და მუხლზე დაჩოქილმა მთხოვა, დავბრუნებულიყავი მასთან და მითხრა, ახლა ვიგრძენი, რომ შენსავით ქალი არ მყვარებია და თუ არ დაბრუნდები, თავს მოვიკლავო. არ დავუჯერე და უარი ვუთხარი – ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა-მეთქი. მეორე დღეს კი მისმა ძმაკაცმა დამირეკა, ახლავე წამოდი, გოგიტა საავადმყოფოში წევს და უკანასკნელ დღეშიაო. გიჟივით გავვარდი. რეანიმაციაში იწვა და მასთან არ შემიშვეს. ბიჭებმა მითხრეს, ვენები გადაიჭრა და შემთხვევით მოვუსწარით ცოცხალსო. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი არავინ იცოდა ჩემი და გოგიტას გარდა. ექიმმა მითხრა, მართალია, ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ, ძლიერი ორგანიზმი აქვს და, თუ კარგად მოუვლით, ნელ-ნელა გამომჯობინდებაო. რა თქმა უნდა, სახლში წასვლაზე არც მიფიქრია.

უკვე სამი კვირაა, მასთან ერთად ვარ საავადმყოფოში და პატარა ბავშვივით ვუვლი. არაფერს მეუბნება, მხოლოდ თვალს მარიდებს, მაგრამ ყველაფერს მიჯერებს. ხანდახან ისეთი თვალებით მიყურებს, თითქოს ეშინია, არ მივატოვო. საოცარია, მაგრამ, ამასობაში ის ძველი სიყვარული გაათმაგებულად დამიბრუნდა და, რომც მეხვეწოს, მისგან არსად წამსვლელი არ ვარ.

ეკა, 27 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3