კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ირჩენდა თავს ნიკუშა შენგელაია პარიზში და რა აქვს საერთო მას ნაპოლეონთან

ბოლო დროს აქტიურ მოქალაქეობრივ პოზიციას ხშირად აღარ ავლენს, თუმცა ამის მიზეზი არც იმედგაცრუებაა და არც პესიმიზმი, პირიქით, სამშობლოს განცდაც და სიცოცხლის ჟინიც, ყველაზე მძაფრად სწორედ ახლა იგრძნო – მას შემდეგ, რაც ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს, 50 წელს გადააბიჯა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ახლა უკვე მხატვრის სახელოსნოშიც დაბრუნდა და იმის ანაზღაურებას ცდილობს, რაც ადრე დაიკლო. თუმცა, „ბრჭყვიალს” მაინც არ ეჩვევა, ამისთვის ერთი მარტივი „ალიბი” აქვს – ნიკუშა შენგელაიაა და იმიტომ...

– ბოლო პერიოდში ხშირად აღარ ჩანხართ, სად „დაიკარგეთ”? სად ხართ, როგორ ცხოვრობთ?

– კარგად ვართ, აქ ვართ თბილისში, ბევრ რამეს ვაკეთებთ, ვუვლით ოჯახებს, ვფიქრობთ რა გავაკეთოთ ხელოვნებაში. ძალიან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა, დავბრუნდი სახელოსნოში. ევროპის ქალაქებში მქონდა პერსონალური გამოფენა. ნახატები კარგად გაიყიდა – ზოგიერთი გალერეებში მოხვდა, ზოგი პირად კოლექციებში. ერთ-ორ წელიწადში თუ დამიგროვდა ნახატები, მინდა, ჩემს თბილისშიც მოვაწყო პერსონალური გამოფენა. ძალიან გამიხარდება, თუ ჩემს ქალაქში გავაკეთებ ყველაფერს. საკმაოდ რთული პერიოდი გავიარე, რაღაც პასუხისმგებლობები დამეკისრა. ახლა ვფიქრობ, რომ უფრო უნდა დაწყნარდეს სიტუაცია. მეც იმ კონდიციაში გადავდივარ, როცა გამიჩნდა სურვილი, ხატვას და ფერწერას დავუთმო მეტი დრო. თუმცა, ჩემთვის, სახლში ესკიზებს ყოველთვის ვხატავდი. არც ეს ხანგრძლივი პაუზა გამიტარებია უსაქმოდ – იქ ქანდაკება გავაკეთე, რამდენიმე კლიპზე ვიმუშავე, თეატრშიც საკმაოდ ბევრი ვიმუშავე, როგორც მხატვარმა.

– ეს ფართო სპექტრი მხატვარს აძლევს საშუალებას შემოქმედის ჭია გაახაროს?

– მხატვარი თავის ჭიას ყოველთვის გაახარებს, თუ ამისი სურვილი აქვს და უყვარს თავისი საქმე. თუმცა, ამ ეპოქაში მხატვრებისთვის ცოტა რთული გახდა არსებობა. მხატვრებს ინფორმაციული მხარე წაართვა ფოტომ, ტელევიზიამ. ადრე მხატვრობას სხვა დატვირთვა ჰქონდა. მხატვარი მარტო თავისი შინაგანი სამყაროსთვის არ ხატავდა, ინფორმაციას აწვდიდა ადამიანებს. ახლა ბევრი რამ შეიცვალა. წინ წამოვიდა კონცეპტუალური მხატვრობა, რაც თავისთავად საინტერესოა, მაგრამ მაყურებლისთვის ეს დროის სიმცირის მაჩვენებელია. თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე, ეს არის დროებითი მხატვრობა. ცხოვრება ისე აჩქარდა, ადამიანებს არ აქვთ ნახატში ჩაღრმავების, რომანების კითხვის დრო. ხელოვნებაც სწრაფი ცხოვრების საპასუხოდ ვითარდება. მე არ მომინდა ამ მორევში ცურვა, ჩემთვის მხატვრობა სხვა განზომილებაა. უფრო სიღრმისეული მხარეები მაინტერესებს, ვიდრე – ეფექტური, თუმცა პოპ-არტებს ახალგაზრდობაშიც კი ვაკეთებდი. ჩემი აზრით, ახლა ძალიან საინტერესო დროა იმისთვის, რომ ხატვაში დააბრუნო ის ადამიანური ღირებულებები, რომლებიც თავის ნიშას ყოველთვის იპოვის, უბრალოდ რთულია ამით ფიზიკური არსებობა, მით უმეტეს ჩვენს სოციალურ გარემოში. ევროპაში ადამიანებს აქვთ საშუალება ფუფუნების საგნები შეიძინონ, ჩვენთან ხომ ამას ბევრი ვერ ახერხებს. მე ხუთი წელი მაინც ვცხოვრობდი საფრანგეთში, ხატვით არა მხოლოდ ვირჩენდი თავს, უფრო მეტიც, ფულიც კი ჩამომყვა თბილისში (იცინის). მაშინ ოჯახი არ მყავდა, მარტო ვიყავი საფრანგეთში. კარგია ევროპა, მაგრამ ვერ გავძელი იქ. როგორც ჩანს, მე მაინც ძნელად გადასანერგი მცენარე ვარ და მიჭირს ცხოვრება საქართველოს გარეშე. აქ როგორი მდგომარეობაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს ჩემია და ყოველთვის მირჩევნია ჩემს გარემოში ყოფნა. აქ, სახლში სრულყოფილად ვგრძნობ თავს. ჩემს შვილებს ვეუბნები ხოლმე ხშირად: კოსმოპოლიტი ვარ, ვიცი, რომ დედამიწა პატარაა შორიდან, მაგრამ ადამიანი სადაც დაიბადება და პირველად გაახელს თავს, იმ გარემოში უკეთ გრძნობს თავს და იქ უნდა იცხოვროს. სამშობლოს შეგრძნება ყოველთვის აქ გაქვს, აქ სადაც შენს ენაზე მეტყველებენ შენს გარშემო, სადაც სხვა წყალი და ჰაერია.

– და სადაც ძალიან ცნობილი ოჯახის შთამომავალიც ხარ?

– ალბათ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ჩემი მშობლებიც ასე იყვნენ. დედას და მამას არასდროს უფიქრიათ სხვაგან გადასულიყვნენ სამუშაოდ და საცხოვრებლად. თუმცა, ორივეს ჰქონდა ამისი შანსი. დედაც და მამაც აქაური მიწის ხალხი იყვნენ. სოფიკო ორი კვირით რომ მიდიოდა გადაღებებზე, მერე სულ იმას ამბობდა: ერთი სული მაქვს, ეს დრო მალე გავიდეს და სახლში დავბრუნდეო. ეტყობა, ეს გენეტიკური დამოკიდებულებაც არის. ახალგაზრდობაში საქართველო ფეხით მოვიარე. მშობლები სულ ცდილობდნენ, ისეთ ადგილებში გავეშვი, რომ ჩემი ქვეყანა კარგად გამეგო. 15 წლის ვიყავი ჟინვალში ვმუშაობდი არქეოლოგებთან. სწორედ მაშინ შევიყვარე და შევიგრძენი ეს გარემო, ლანდშაფტი, ჰაერი... გვიან ასაკში ეს შეიძლება ასე მძაფრად ვეღარ იგრძნო. ალბათ, დრომ მოიტანა, რომ დღეს თინეიჯერები ცდილობენ, სადღაც გაიქცნენ, უცხოეთში ისწავლონ და იმუშაონ. ალბათ, მეც მივრბოდი, მაგრამ ყოველთვის უკანვე ვბრუნდებოდი. ერთი წელი ვსწავლობდი მოსკოვში, კინემატოგრაფიის ინსტიტუტში. მეტი ვერ გავძელი და გამოვიქეცი. ირაკლი აბაშიძე მაშაყირებდა: ბონაპარტივით გაიქეცი მოსკოვიდანო (იცინის), როგორ უნდა გამეძლო ქვეყანაში, სადაც მზე არ არის. ქართველი კაცი ვარ, ვცოცხლდები გაზაფხულზე, ზაფხული მიყვარს ძალიან. თუმცა, ჩვენთან ხომ მზე ყოველთვის არის – შემოდგომაზეც, ზამთარშიც.

– კოსმოპოლიტობას ტყუილად იბრალებთ, საკმაოდ ტრადიციული ადამიანი უნდა იყოთ.

– როგორ შეიძლება ტრადიციული არ ვიყო, ნებისმიერ ტრადიციას, რომელიც ჩემამდე მოვიდა, შეიძლება ბოლომდე არ მივყვები, მაგრამ პატივს ვცემ. თუმცა, ხანდახან ანარქისტიც ვხდები (იცინის). როცა გინდა, რომ იბრძოლო შენი თავისუფლებისთვის, მაშინ ხარ ადამიანი. ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული ყოველთვის იმ ადამიანების მხარეს ვიყავი, რომლებიც ქუჩაში იდგნენ და თავისუფალი ნებისთვის იბრძოდნენ. ეს ძალიან მაგარი ჟინია, ისეთივე მაგარი და მძაფრი, როგორც სიცოცხლის ჟინი. ეს საოცარი საჩუქარია ყველა ადამიანისთვის. დედა სულ მეუბნებოდა: ყოველ დილას მადლობა უთხარი ღმერთს, რომ გაიღვიძე და ცოცხალი ხარო. ახლა, რაც ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯე, ამას განსაკუთრებულად ვგრძნობ. იმასაც ვცდილობ, საკუთარ თავში ვიპოვო მადლიერების გრძნობა იმისთვის, რაც მაქვს. არიან ადამიანები, ვისაც ცხოვრების ძალიან რთული გზა აქვთ. ამასაც განიცდი, მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით ვერ შემოიფარგლები.

– თქვენ მაინც ბედის ნებიერა ხართ, მთელი ცხოვრება ხელისგულზე „ბრჭყვიალებთ“...

– ბედის ნებიერა ვარ, მაგრამ ეს უფრო ჩანს ასე, ვიდრე სინამდვილეში იყო. ჩემი მშობლების სახელი მეხმარებოდა, თორემ, თავად არც ერთს უკადრებია, ვინმესთან დაერეკა და რაიმე ეთხოვათ ჩემთვის. პირიქით, სულ მეუბნებოდნენ: სამჯერ მეტი უნდა აკეთო, ვიდრე სხვა აკეთებსო. გვინდოდა თუ არა, ჩვენც იძულებულები ვიყავით ეს გვეკეთებინა.

– რაც ნახევარ საუკუნეს გადააბიჯეთ, მშობლებსაც უფრო დაემსგავსეთ.

– ჩემი მშობლების შვილი ვარ და სხვანაირი ვერ ვიქნები, მთლიანად მათ ვგავარ. ხმა ისე მიგავს მამაჩემის ხმას, ტელეფონშიც კი ვეშლები ხალხს (იცინის). დედასაც დავემსგავსე. ყველა მეუბნება: რაც სოფიკო აღარაა, საქციელით და პასუხისმგებლობით, სოფიკო გახდიო. ახალგაზრდობაში პასუხისმგებლობებზე ხომ ვერ ვფიქრობთ, ბევრი რამ გვეშლება. მშობლებსაც ისე ვერ ვცემთ პატივს, როგორც უნდა ვცეთ. ხანდახან იცი, როგორ ვნანობ, დიდი ხანი რომ არ გამოვჩნდებოდი და მერე დავურეკავდი სოფიკოს, მეტყოდა ხოლმე: გაგახსენდა, რომ დედა გყავსო? ახლა ვნანობ, რომ უფრო მეტად არ მოვეფერე, უფრო მეტად არ დავტკბი მასთან ურთიერთობით... ახლა სულ მაქვს სოფიკოს მონატრება, სულ მახსოვს, მაგრამ უცებ თავში შეიძლება დაგარტყას რაღაცამ და ეს განცდა მძაფრდება. საოცრება ყოფილა დედის ხმა და სუნი. ეს ძალიან დიდხანს რჩება. როცა ეს სუნი „მოდის,” მეხსიერებაში ყველაფერი უკან ბრუნდება. იმ ძველ სახლშიც ვეღარ მივდივარ ისე, როგორც ადრე. სოფიკოს გარეშე რთულია, მას საკმაოდ დატვირთული ჰქონდა ის ადგილი და ამისი შევსება ძალიან რთულია.

– ადრე მითხარით, საკმაოდ რთული ვარო, ნახევარმა საუკუნემ ამას ვერ „უშველა”?

– არა, ასეთი რთულიც არ ვარ საუკუნეები სჭირდებოდეს (იცინის). ასაკი ბევრ რამეს ცვლის, მათ შორის დამოკიდებულებას, შეხედულებას, ცხოვრების წესს. ანარქისტულ რეჟიმებს ვეღარ ვუძლებ, ვეღარც ღამეებს ვათენებ. ეს ბუნებრივად ხდება, ფიზიკურად ვეღარ უძლებ ადამიანი დიდ დატვირთვას და საკუთარ ასაკთან ადეკვატური უნდა იყო. არასდროს მომივიდოდა თავში აზრად, აუზზე მევლო და ტყეში მესეირნა. ახლა ამას ვაკეთებ ჯანმრთელობისთვის. ცურვა ძალიან მშველის. 500 მეტრი კროლით გაცურო, ეს უნდა მიუსაჯო საკუთარ თავს (იცინის). ტყეც ძალიან მიყვარს. მე უფრო ბუნების შვილი ვარ, ვიდრე ურბანისტული სამყაროსი. დილით ჩიტების ჭიკჭიკი რომ გაგაღვიძებს და არა გმირთა მოედნის სამკუთხედის ხმაური, ამას რა ჯობია? მე მაქვს ასეთი ნირვანა, წყნეთში, სოფელ დიღომში, მაგრამ იქ მაინც სახლის შეგრძნებაა, რომელსაც გარეული ტყე მირჩევნია. ყოფით ცხოვრებაში არ ვარ რთული. სახლში პრეტენზიები არ მაქვს. ერთადერთი მოთხოვნაა, ჩემს ნივთებს არ უნდა შეუცვალონ ადგილი, ყველაფერი ფუნქციონალურად და მოხერხებულად უნდა იყოს. სადილზე, ვახშამზე, პერანგზე არ მაქვს პრეტენზიები. ჩემი ცოლი მეჩხუბება, რად გინდა ტანსაცმელი, ერთს რომ ჩაიცვამ სექტემბერში, მაისში იხდიო (იცინის). თავისუფლად მიყვარს ჩაცმა, ტანსაცმელი არ უნდა მიჭერდეს. თუ სადმე სტუმრად მივდივარ, კოსტიუმშიც შეიძლება „გამოვიკოჭო,” თორემ ისე, რაც კომფორტულად მაქვს, იმით შემიძლია ვიარო მთელი თვე. „ბრჭყვიალი” ნამდვილად არ მიყვარს. დღესაც დედაჩემის დატოვებული მანქანით დავდივარ. ფული ჩემთვის არაა განსაკუთრებული ღირებულება. მე იმ თაობის შვილი ვარ, ვინც ფულს მხოლოდ საჭიროების საშუალებად მიიჩნევდა. ჩემს ახალგაზრდობაში ასი მანეთი გედო ჯიბეში, თუ ათი, ერთი და იგივე იყო, იგივე მეგობართან მიდიოდი, იგივე ტაქსით ივლიდი. ჩემთვის ფული იმად დარჩა, რაც იყო. ფულს „ბრჭყვიალში” არ გადავიხდი, ვიღაც კრეტინებს თავს არ გავადურაკებინებ და კუტიურიეების მსხვერპლი არ გავხდები (იცინის).


скачать dle 11.3