კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ახალი ექსპონატებით შეავსო გია ჭანტურიამ თავისი კოლექცია და დაპატიჟებენ თუ არა მას უილიამი და ქეითი შვილის ძეობაზე

ბატონი გია ჭანტურიასა და ინგლისის სამეფო კარის მეგობრობის შესახებ მთელმა საქართველომ იცის. ამიტომ, ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ მთელი ინგლისისთვის უბედნიერეს დღეს, 29 აპრილს, ბატონი გია ექვსკაციანი ჯგუფით ლონდონში იმყოფებოდა და სულ რამდენიმე მეტრის მანძილიდან საკუთარი თვალით იხილა საოცარი სანახაობა – პრინცი უილიამისა და პრინცესა ქეითის ქორწილი.

ინტერვიუს ჩასაწერად რომ მივედი, ბატონ გიასთან მისი მოსწავლე, კოკა ყანდიაშვილის უმცროსი ქალიშვილი – თეა დაგვხვდა, რომელიც 29 აპრილს ლონდონში ახლდა თავის მასწავლებელს. ბატონი გია და თეონა ლონდონურ დღეებს იხსენებდნენ და იქ გადაღებულ სურათებს ათვალიერებდნენ.

– ბატონო გია, პირდაპირ მთავარი თემიდან დავიწყოთ: როდის გადაწყვიტეთ ლონდონში პრინცი უილიამისა და პრინცესა ქეითის ქორწილის საყურებლად წასვლა და რამდენი ხნით ადრე შეუდექით სამზადისს?

– ნოემბერში, როგორც კი ოფიციალურად გამოაცხადეს უილიამისა და ქეითის ჯვრისწერის შესახებ, მაშინვე შევუდექით სამზადისს. ბილეთები დავუკვეთეთ და სასტუმროში ნომრები დავჯავშნეთ. მართალია, მერე პატარა წინააღმდეგობების გადალახვა მოგვიხდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. 27 აპრილს, დილით, „თურქიშ ეარლაინით“, ჩავფრინდით სტამბულში. იქიდან ოთხი საათი ვიფრინეთ ლონდონამდე და ამის მერე დაიწყო ჩვენი ტრიუმფალური სვლა. ორი დღე დავდიოდით ლონდონში საქართველოს დროშებშემოხვეული, ჩვენს დროშებს ვაფრიალებდით, მაგრამ, რა თქმა უნდა, კულმინაცია იყო 29 აპრილი. 28-ში, საღამოს 6 საათზე უკვე მოლზე ვიყავით (მოლი ცენტრალური პროსპექტის დასახელებაა), ბაქინგემის სასახლესთან. გვეგონა, ადრე მივედით, მაგრამ, იმდენი ხალხი იყო, ადგილი ვერ ვნახეთ, რომ დავმდგარიყავით. მერე ვიღაც ახალზელანდიელ ქალებს ვთხოვეთ და თავისთან ჩაგვაყენეს.

– რამდენკაციანი იყო თქვენი ჯგუფი?

– შვიდკაციანი: მე და ექვსი ბავშვი, მეათე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები, ძირითადად ჩემი ახლობლების შვილები. მათ შორის იყო თეაც, კოკა ყანდიაშვილის უმცროსი ქალიშვილი, ჩემი მოსწავლე და პატარა მეგობარი, რომელიც ახლა აქ არის და თქვენ მოსვლამდე ლონდონურ დღეებს ვიხსენებდით.

– ღამე თქვენც ქუჩაში გაათენეთ, კარვებში?

თეა: კარვები არ გვქონია, მხოლოდ რაღაც მშრალი საჭმელი და თბილი ტანსაცმელი გვქონდა წაღებული. მთელი ღამე იქ ვიყავით. ძალიან ციოდა და საკმაოდ გაგვიჭირდა 18 საათი ფეხზე დგომა, მაგრამ, გავუძელით. ძალიან რომ გავიყინეთ, მერე სადღაც ვიშოვეთ თითო ჭიქა ცხელი ყავა და ცოტა გავთბით.

– რის მიხედვით შეარჩიეს საქორწინო ცერემონიალისა და ჯვრისწერისთვის ვესტმინსტერის სააბატო?

გია ჭანტურია: ვესტმინსტერის სააბატო უძველესი კულტურული და ისტორიული ძეგლია. ის მეთერთმეტე საუკუნეში ააგო ედვარდ აღმსარებელმა და მას შემდეგ ინგლისის ყველა მეფეს აქ დაადგეს გვირგვინი, მათ შორის დედა-დედოფალს და მის უდიდებულესობა ელიზაბეთ მეორეს. უილიამმა და ქეითმაც არ უღალატეს ტრადიციას და ამ დიდებულ ტაძარში დაიწერეს ჯვარი. თუმცა კი, პრინცმა ჩარლზმა და პრინცესა დაიანამ საქორწინო ცერემონიალისთვის წმიდა პავლეს ტაძარი აირჩიეს, რომელიც სითის ცენტრში მდებარეობს.

– ახლა, რაც შეეხება ქორწილს...

– ეს იყო მართლაც გრანდიოზული სანახაობა, მე ვიტყოდი – სახალხო ზეიმი, რომლის აღწერაც სიტყვებით შეუძლებელია. ტელევიზიით ნანახი კადრებიც კი ვერ გამოხატავს იმ დიდებულებასა და ხალხის გულწრფელ აღტაცებას. იქ უნდა ყოფილიყავი, რომ ეს ყველაფერი სრულად შეგეგრძნო.

– სანამ უშუალოდ ქორწილის შესახებ გვიამბობთ, საინტერესოა, რომელი ქორწილი იყო თუნდაც სანახაობრივად უფრო დიდებული – პრინცი ჩარლზისა და დაიანასი თუ – უილიამისა და ქეითის?

– ჩარლზისა და დაიანას ქორწილი მე მხოლოდ ტელევიზიით მაქვს ნანახი, მაგრამ, ვიდეოჩანაწერებით რომ შევადარე ეს ორი ქორწილი ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ აღტაცებისა და გაოცებისგან შოკირებული ვარ იმით, რაც ამ დღეებში ლონდონში ვნახე, უნდა ვაღიარო, რომ პრინცი ჩარლზის ქორწილი მაინც უფრო დიდებული და გრანდიოზული იყო.

– თქვენი აზრით, რა არის ამისი მიზეზი?

– ჩემი აზრით, ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი: პრინცი ჩარლზი ტახტის პირველი მემკვიდრეა, უილიამი კი – მეორე მემკვიდრე. შესაბამისად, ჩარლზის ქორწილში მოწვეულ სტუმართა შემადგენლობაც უფრო გრანდიოზული იყო და უფრო წარმომადგენლობითი – მოწვეულნი იყვნენ თითქმის ყველა სახელმწიფოსა და მთავრობათა მეთაურები, რაც უილიამის ქორწილში ნაკლებად იყო; მეორე მიზეზი კი ის არის, რომ, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, ინგლისის სამეფო კარმა უფლება არ მისცა თავს, კიდევ უფრო მეტი ხარჯი გაეწია თუნდაც ასეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის აღსანიშნავად.

სხვათა შორის, ამ ქორწილში ვერ ჩამოვიდა ესპანეთის მეფე, რადგან ავადმყოფობს და ერიდება მოგზაურობას, მაგრამ, ჩამოვიდნენ დედოფალი სოფია და ასტურიის პრინცი და პრინცესა. ცოტა გამიკვირდა, მაგრამ, ვერ ჩამოვიდა ჰოლანდიის დედოფალი ბეატრიქსი, რადგან მეორე დღეს ყოფილა ჰოლანდიის ეროვნული დღესასწაული და დედოფალი თავის ხალხთან დარჩა. მაგრამ, ჩამოვიდა მისი უფროსი შვილი; ამავე მიზეზით ვერ ჩამოვიდნენ შვედეთის მეფე და დედოფალი. არ იყვნენ, ასევე, იაპონიის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები – სულ ცოტა ხნის წინ იაპონიაში მომხდარი უბედურების შემდეგ, მათ უფლება არ მისცეს თავს, საზეიმო წვეულებაში მიეღოთ მონაწილეობა. ერთი სიტყვით, ყველას, ვინც ვერ ჩამოვიდა, თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა.

– ვინ უძღვებოდა ჯვრისწერის ცერემონიალს?

– ჯვრისწერის ცერემონიალს უძღვებოდა ქენტერბერიის არქიეპისკოპოსი. სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, არ იყო მიწვეული მხოლოდ დედოფლის მეორე ვაჟის განქორწინებული მეუღლე, სარა ფერგიუსონი. უმაღლეს დონეზე იყო მორთული და მოწყობილი ვესტმინსტერის სააბატო და სასახლე.

– რატომ არ მოიწვია სამეფო ოჯახმა ყოფილი რძალი?

– ალბათ იმიტომ, რომ, ცოტა ხნით ადრე სარამ საკმაოდ უხერხული სიტუაცია შეუქმნა თავის ყოფილ მეუღლეს რაღაც თანხებთან დაკავშირებით და სამეფო კარმა მიზანშეწონილად არ ჩათვალა მისი გამოჩენა ამ საზოგადოებაში.

– რამე უჩვეულო ხომ არ მომხდარა ლონდონში 29 აპრილს – ისეთი, რაც სხვა დროს არ ყოფილა?

– სხვათა შორის, ვიღაც ჭკვიანმა „აამუშავა“ ეგრეთ წოდებული ტოტალიზატორი და ხალხი უზარმაზარ ფსონებს დებდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფერის ტანსაცმელს ჩაიცვამდა დედოფალი. საბოლოოდ, დედოფალი ყვითლებში გამოჩნდა და ძალიან უხდებოდა ეს ფერი.

– თქვენც იმიტომ ხომ არ ჩაიცვით ყვითელი პულოვერი სურათის გადაღების წინ?

– (იცინის) სწორად გამოიცანით. დედოფლის მეუღლე სამხედრო ფორმაში იყო. კრემისფერები ეცვა კორნუელის ჰერცოგინიას, პრინც ჩარლზის მეორე მეუღლეს. ოჯახის წევრ მამაკაცებს ასევე სამხედრო ფორმები ეცვათ. ძალიან საინტერესო იყო პატარძლის კაბა და ფეხსაცმელი, რომელიც შექმნა სარა ბარტონმა. სხვათა შორის, დაიანას კაბის შლეიფის სიგრძე 8 მეტრამდე იყო, ქეითის კაბისა კი – მხოლოდ 2 მეტრი და 70 სანტიმეტრი. ეს იყო ძალიან სადა და დახვეწილი კაბა, რომელიც მიამსგავსეს მონაკოს პრინცესის, გრეის კელის საქორწინო კაბას, რომელიც მას 1956 წელს ეცვა, როცა მონაკოს პრინცს, რენიე მესამეს გაჰყვა ცოლად. გარდა ამისა, ქორწილში დაიანას თავისი საგვარეულო ტიარა ეკეთა, მაგრამ, რადგან ქეითი დიდგვაროვანი ოჯახიდან არ არის და მათ არ აქვთ საგვარეულო გვირგვინი, პატარძალს თავზე დაახურეს სამეფო საგანძურიდან გამოტანილი ტიარა, რომელიც, ჯერ კიდევ იორკის პრინცობის დროს, დედოფლის მამამ, ჯორჯ მეექვსემ აჩუქა თავის მეუღლეს. საყურეები კი ქეითს თავისმა მშობლებმა უყიდეს. ეს იყო მუხის ფოთლების ფორმის რტოებში გაბნეული ბრილიანტები. ვარცხნილობის გაკეთება პატარძალს თვითონ უნდოდა, მაგრამ, ბოლოს მაინც სტილისტმა გაუკეთა.

– რატომ არ ისურვა პატარძალმა ეტლში ჩაჯდომა?

– ქეითს არ უყვარს ცხენები და, ამიტომ, არჩია, პრინცი ჩარლზისა და მისი მეუღლის „როლს-როისით“ მისულიყვნენ ტაძრამდე. თუმცა, ჯვრისწერის შემდეგ მაინც მოუწია ეტლში ჩაჯდომა. ეს იყო გრანდიოზული სანახაობა: წინ მიდიოდა ღია ლანდო, რომელშიც ნეფე-პატარძალი იჯდა, უკან კი მათ მოჰყვებოდა უამრავი დახურული კარეტა, რომლებშიც ოჯახის წევრები და სტუმრები ისხდნენ.

– კარგ ადგილას იდექით?

– ფანტასტიკური ადგილი გვქონდა. რამდენიმე მეტრში ჩაგვიარა მსვლელობამ.

– თქვენ გარდა კიდევ თუ იყვნენ ქართველები?

– საქართველოს დროშას მარტო ჩვენ ვაფრიალებდით. სხვათა შორის, ბევრი ცნობდა ჩვენს დროშას და გვეკითხებოდნენ, საქართველოდან ხართო? რამდენიმემ ისიც კი გვკითხა, ხომ სააკაშვილია თქვენი პრეზიდენტიო.

– ქართველი არავინ გინახავთ?

– როგორ არა. დროშა რომ დაინახეს, მოგვაკითხეს სესილი გოგიბერიძისა და ზაზა შენგელიას ქალიშვილმა და სიძემ. ისინი იქ ცხოვრობენ, კიდევ ერთი ქართველი ქალი მოვიდა და მოგვესალმა.

– კოცნა კარგად დაინახეთ?

– ქეითმა და უილიამმა აივანზე გამოსვლის შემდეგ ორჯერ აკოცეს ერთმანეთს და ყველამ კარგად დაინახა. რუსული „გორკას“ მსგავსად, ხალხი ხმამაღლა გაიძახოდა – კიდევ აკოცეთ, კიდევ აკოცეთო.

– რა ხდებოდა ქვემოთ, ხალხში, წესრიგი იყო?

– ასეთი წესრიგი, შეიძლება, ვერსად ნახოთ. ერთ ზედმეტ ნაბიჯს არ დგამდა არავინ. ქუჩებში მოწყობილი იყო „სთრით-ფართები“ – ხალხი ქეიფობდა, მღეროდა, ცეკვავდა, ოღონდ, საოცრად მოწესრიგებულად. განსაკუთრებული ერთსულოვნება იყო ბრიტანეთის ჰიმნის შესრულების დროს.

– თავად წვეულებაზე რას გვეტყვით?

– პირველ შეკრებაზე მიწვეული იყო 600 სტუმარი და სუფრას უძღვებოდა დედოფალი.

– ანუ, თამადა იყო?

– ჰო, ასე გამოდის. პირველი სადღეგრძელო, როგორც ყოველთვის, დედოფლისა იყო, მერე კი ნეფე-პატარძალი ადღეგრძელეს. მეორე შეკრებაზე უკვე სტუმრების ახალგაზრდული შემადგენლობა იყო – სულ 300 კაცი. 30 აპრილს, დილით, დედოფალი და მისი მეუღლე შოტლანდიაში გაემგზავრნენ და მეორე შეკრებას უკვე პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე გაუძღვნენ.

– ვიცი, რომ საქორწინო საჩუქარი გაგიგზავნიათ ახალდაქორწინებულთათვის.

– დიახ. ოღონდ, იანვარში გავუგზავნე წმიდა გიორგის ულამაზესი ხატი, საკმაოდ მოზრდილი ზომის, ოქროთი მოპირკეთებული. დაახლოებით სამ კვირაში მომივიდა ძალიან თბილი წერილი პირადად უილიამისა და ქეითისგან, რომელსაც ეწერა: „ფრაივით“ – ანუ, მხოლოდ ჩემთვის იყო განკუთვნილი და რომელშიც გულწრფელ მადლობას მიხდიან. ეს საჩუქარი იმიტომ შევარჩიე, რომ წმიდა გიორგი ინგლისის მფარველიც არის და საქართველოსიც.

– დარწმუნებული ვარ, თქვენი მრავალფეროვანი კოლექციები ახალი ექსპონატებით შეივსო.

– რა თქმა უნდა. შევიძინე სამი უნიკალური თეფში, რომელთაგან ერთ-ერთზე უილიამი და ქეითი არიან გამოსახულნი, დანარჩენი ორიც მათ ქორწინებას მიეძღვნა. გარდა ამისა, ჩემს წერილების კოლექციას შეემატა ნეფე-პატარძლის სამადლობელო წერილი. რაც შეეხება სამკაულების ასლების კოლექციას, ის შევავსე იმ ბეჭდის ასლით, რომელიც უილიამმა აჩუქა ქეითს და, კიდევ, რამდენიმე სუვენირი, კალენდარი და უამრავი ფოტომასალა ჩამოვიტანე.

– კიდევ როდის აპირებ ინგლისში წასვლას?

– ტრადიციულად, ზაფხულში.

– ქორწილზე, რატომღაც, არ მიგიწვიეს. როგორ ფიქრობ, ძეობაზე მაინც ხომ დაგპატიჟებენ?

– (იცინის) ალბათ, დამპატიჟებენ. ყოველ შემთხვევაში, იმედს მაინც ვიტოვებ – ამას, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ.


скачать dle 11.3