კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

თბილისელ პიანისტს ედიშერ სავიცკის „იამაჰამ“ ასტრონომიული ღირებულების როიალი საჩუქრად გადასცა

ედიშერ სავიცკი პირველი ქართველი პიანისტია, რომელიც „იამაჰას” არტისტი გახდა და, როგორც ამბობენ, საჩუქრად ასტრონომიული ღირებულების როიალი გადაეცა... მიუხედავად იმისა, რომ მას „კარნეგი ჰოლში“ და მსოფლიოს უცნობილეს დარბაზებში დაუკრავს, თბილისში გამოსვლასა და დარბაზში მყოფ უცნობ ქალბატონს ტიტებით ხელში, ყველაზე სანუკვარ მოგონებად მიიჩნევს...

ბავშვობის მოგონებებსა და დღევანდელობაზე, ედიშერ სავიცკი ამერიკიდან გვესაუბრა.

ედიშერ სავიცკი 1976 წელს თბილისში დაიბადა, მუსიკოსთა ოჯახში. 1981-1994 წლებში სწავლობდა ნიჭიერთა ათწლედში, პედაგოგ მაია ბერიძის კლასში. 1994 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფესორ ნანა ხუბუტიას კლასი). 1994-1995 წლებში გახდა საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიისა და გრანტის მფლობელი, ხოლო 1995 წელს – საქველმოქმედო პროგრამის „ნოვიე იმენას” ლაურეატი. 1998 წლიდან, ლექსო თორაძის ხელმძღვანელობით სწავლა განაგრძო ინდიანას უნივერსიტეტში ქალაქ საუსბენდში. 2000 წელს მიიღო „საკონცერტო პიანისტის“ სერტიფიკატი. 2001 წელს მიიღო რავინიის ფესტივალის ინსტიტუტის სტიპენდია. 2002 წელს – „არტისტ დიპლომი”, 2002-2005 წლებში – მაგისტრის აკადემიური ხარისხი; 2006-2007 წლებში მიიღო კატერინ ჰერიკ კობის სტიპენდია მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლისთვის; 2010 წლიდან სწავლა განაგრძო დოქტორანტურაში. ედიშერ სავიცკის სახელობის სტიპენდიანტები არიან „ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეები: ირმა გიგანი, ანა კოკოლია, ლექსო პირმისაშვილი, ანა ქსოვრელი, ნინო კუპრეიშვილი, ელენე შავერზაშვილი, ცოტნე ცოცხალაშვილი, დავით ქეცბაია, ანა გოგავა, ანა ყიფიანი...

– ბატონო ედიშერ, თავად როგორ იხსენებთ ბავშვობას?

– ძალიან აქტიური ბავშვობა მქონდა, რადგან დედაჩემი მაქსიმალურად ცდილობდა, მხოლოდ მუსიკით არ ვყოფილიყავი დაკავებული. მეც ყოველთვის მქონდა ენთუზიაზმი იმ სფეროს მიმართ, სადაც კი ვახერხებდი ყოფნას. ბავშვობიდან ვსწავლობდი ხელოვნების ისტორიას და, თან ძალიან მიტაცებდა სპორტი – ფეხბურთი, თხილამურები... ფაქტობრივად, მთელი ბავშვობა გუდაურში მაქვს გატარებული. ერთხელ მთამსვლელთა ჯგუფშიც კი ჩავეწერე მშობლების დაუკითხავად. თუმცა, ყველაზე მეტად ქართული ცეკვა მიზიდავდა... დროის არქონა ერთ-ერთი მიზეზი იყო, რატომაც არ მიმიყვანეს ცეკვაზე, თუმცა, მგონია, ჩემები რეალურად აფასებდნენ იმ ფაქტს, რომ ცეკვისთვის საკმაოდ მრგვალი ვიყავი.

– თუ არ ვცდები, როიალზე დაკვრა რეკორდულად ადრეულ ასაკში დაიწყეთ?

– როიალზე დაკვრა ორწლინახევრისამ დავიწყე. იმ პერიოდში კონცერტზეც კი გამოვედი კონსერვატორიაში. დედაჩემი ჯერ კიდევ სტუდენტი იყო და კონსერვატორიის პედაგოგთა შვილებს კონცერტის ორგანიზებაში ეხმარებოდა. მას სახლში ბავშვის დამტოვებელი არავინ ჰყავდა და თან წამიყვანა. კონსერვატორიაში რომ მივედი და როიალი დავინახე, დარბაზში დაკვრა მომინდა და ნებაც დამრთეს, კონცერტზე გამოვსულიყავი. კარგად მახსოვს სკამზე აძრომის პროცესი და პირველ რიგში მჯდარი უცნობი გაღიმებული ქალბატონი ტიტებით.

– მუსიკის პროფესიულად შესწავლა როდის დაიწყეთ?

– ჩემი მშობლები მუსიკოსები არიან და ბუნებრივი იყო, რომ მეც ნიჭიერთა ათწლედში მიმიყვანეს. ჩემი პედაგოგი იყო ქალბატონი მაია ბერიძე, რომლის დიდი მადლობელი ვიქნები ყოველთვის და, არა მხოლოდ იმ ცოდნისთვის, რაც მისგან შევიძინე, არამედ, დიდი მოთმინებისთვის. გამოცდებზე ხუთებს ვიღებდი და კონცერტებზე ვუკრავდი, მაგრამ ფორტეპიანოზე დაკვრა დიდ შრომას მოითხოვს, მე კი თხილამურებსა და ფეხბურთს მეტ დროს ვუთმობდი. ასევე, ვსწავლობდი გერმანულ სკოლაში. ათწლედში სწავლის პერიოდში ორჯერ მოვიტეხე თითი და მეორედ უკვე ნათელი გახდა, რომ რომელიმე ერთ გზას უნდა დავდგომოდი. ამასობაში 90-იანი წლებიც დადგა და ჩვენი ქვეყანა და ხალხი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აღმოვჩნდით.

– მოდი, უფრო ვრცლად ვისაუბროთ 90-იან წლებზე. ბევრისთვის ეს რთული პერიოდი ერთგვარად სასიკეთო აღმოჩნდა, რადგან საქართველოდან წავიდნენ და უცხოეთში არნახულ წარმატებებს მიაღწიეს...

– ურთულესი პერიოდი იყო და, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა არც აქტუალური იყო და არც ხელსაყრელი ახალგაზრდა კაცისთვის, ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს პედაგოგს, ქალბატონ ნანა ხუბუტიას, რომელთანაც კონსერვატორიაში ვსწავლობდი. უამრავ გამოჩენილ მუსიკოსს შევხვედრივარ, მაგრამ, ვიცი, რომ ქალბატონი ნანა არის სწორედ იმ ერთეულთაგანი, ვინც ნამდვილ, დიდ ხელოვნებას ემსახურება. მისი სახით ჩვენს ქვეყანას ნამდვილი განძი ჰყავს. საერთოდ, პედაგოგების მხრივ ძალიან გამიმართლა, ამაში იგულისხმება მათი იშვიათი პიროვნული თვისებებიც...

– გამართლებად მიიჩნევთ ლექსო თორაძის მიწვევას?

– 1998 წლის ზაფხული იყო და ჩემს მოთხილამურე მეგობრებთან ერთად ვიყავი შეკრებაზე. თბილისიდან დედაჩემი ჩამოვიდა და მითხრა, ამერიკიდან დარეკეს, ბატონი ლექსო თორაძე გეპატიჟება და თუ წახვალო. არანორმალური სიხარულის შეგრძნება მქონდა. იმ დროს საქართველოში მუსიკოსისთვის არანაირი პერსპექტივა არ იყო. სამ კვირაში უკვე ამერიკაში ვიყავი, სადაც ახალი და ძალიან აქტიური ცხოვრება დაიწყო.

– ამერიკაში როგორი გარემო დაგხვდათ?

– ალბათ, გუდაურიდან და ეზოდან წამოყოლილი ჟინის გამო იყო ძალიან დიდი სურვილი, რომ ჩემი თავი კარგად მეჩვენებინა. მით უმეტეს, ბატონ ლექსოსთან იყვნენ მაშინ საშა კორსანტია, გიორგი ვაჩნაძე, ვახტანგ კოდანაშვილი, მაქსიმ მოგილევსკი და სხვები... საბედნიეროდ, ფეხბურთის თამაში არც ამერიკაში მომაკლდა – სამი ტურნირი მოვიგეთ მუსიკოსების გუნდმა. უცნაური ფაქტია, მაგრამ, ამერიკაში წასვლა მომიწია იმისთვის, რომ ღვინო დამეწურა, რასაც რეგულარული სახე ჰქონდა. საერთოდ, ქართული ტრადიციები და სამზარეულო ლექსო თორაძის სტუდიის განუყოფელი ნაწილია.

– რა მოგცათ ლექსო თორაძესთან სწავლამ?

– ბატონ ლექსო თორაძესთან ინდიანას უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში უამრავი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ამის საწინდარი ის იყო, რომ ჩემს გარშემო უზომო შესაძლებლობები დავინახე, რაც, სამწუხაროდ, მაშინ საქართველოში არ არსებობდა. იყო უამრავი მოგზაურობა, კონკურსებში გამარჯვებები, მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს დარბაზებში გამოსვლები.

– კონკურსებზე და პრიზებზე გვიამბეთ...

– უილიამ ბერდის საერთაშორისო კონკურსი (მეორე პრემია), ჰილტონ ჰედის საერთაშორისო კონკურსი (პირველი პრემია), მინიაპოლისის კონკურსი (პირველი პრემია) და გრანპრი („იამაჰას” როიალი – დისკლავირი), მაროკოს საერთაშორისო და კასაბლანკას კონკურსები (ორი გრანპრი)...

– პირველი ქართველი პიანისტი ხართ, რომელიც „იამაჰას” არტისტი გახდა...

– მიხარია, რომ პირველი ქართველი პიანისტი ვარ, რომელიც იამაჰას არტისტი გახდა... 2007 წელს პირდაპირი ტრანსლაცია მქონდა სახლიდან (საუსბენდი), როიალ-დისკლავირის საშუალებით, „იამაჰა არტისტ სერვის ინტერნაციონალის” დარბაზის სცენაზე... საბედნიეროდ, ბევრი გამოსვლა მქონდა სხვადასხვა დარბაზში და ახლა უკვე ნაკლებად ვღელავ კონცერტის წინ. პირველად „კარნეგი ჰოლის“ კულისებში რომ აღმოვჩნდი, მღელვარებისგან ყურიც კი გამიბუჟდა, სანამ სცენაზე გავედი. დაახლოებით ასევე იყო ზალცბურგის „მოცარტეუმში“... თუმცა, როდესაც საქართველოში ვუკრავ, სხვანაირ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ყოველთვის მიხარია და ველოდები ჩემს ქვეყანაში კონცერტის გამართვას, ისევ იმ იმედით, რომ სცენიდან დავინახავ გაღიმებულ უცნობ ქალბატონს ტიტებით ხელში.




скачать dle 11.3