კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან მიწის დაუმუშავებლობის გამო მიწის მფლობელები და გაუღვიძებს თუ არა ფინანსური სანქციები გლეხს მიწის დამუშავების სურვილს

მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წილის 80 პროცენტი იმპორტმა დაიკავა, ხელისუფლებაც გააქტიურდა და სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად დამატებითი 150 მილიონი ლარით დაფინანსების შესახებ გვაცნობა, თუმცა მოგვიანებით, გაირკვა, რომ ეს თანხა სხვადასხვა პროექტებში დაიხარჯება. ამის პარალელურად, აგრობაზარზე სადაზღვევო კულტურის დანერგვის შესახებაც იმსჯელეს უცხოელებთან ერთად. ამასობაში კი ითქვა, რომ მიწის ის მფლობელები, რომლებიც მიწას აცდენენ, თავდაპირველად, დაჯარიმდებიან, საბოლოოდ კი, თუ იურჩებენ, საერთოდაც, უმიწოდ დარჩებიან. რაკი ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ კონსულტანტს, ნიკოლოზ ზაზაშვილს, როგორც თავად ამბობს, უშუალო კონტაქტი აქვს ფერმერებთან, სწორედ მასთან გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, როგორ მოვახერხეთ (იმის მტკიცების პროცესში, რომ ქართულ მიწაზე ჯოხიც კი ხარობს), რომ ქართულ სუფრაზე მწვანილიც კი იმპორტული გვქონდეს.

– ვინ დაზარალდება ყველაზე მეტად მიწის დაუმუშავებლობის გამო დაჯარიმების სისტემის შემოღებით? საქმე მხოლოდ მიწის დამუშავება ხომ არ არის, გლეხს გასაღების ბაზარიც სჭირდება?

– ზუსტად არ ვიცით, რა სახით გამოდის ეს კანონი და, საერთოდაც, ექნება თუ არა კანონის ფორმა, თუმცა, რადგან საუბარია მიწის 5 ჰექტარზე მეტ ფართობზე, არ მგონია, ეს გლეხებს პირდაპირ ეხებოდეს. აქ უფრო იგულისხმებიან იმ კატეგორიის მეწარმეები, რომლებიც ფლობენ მიწის ფართობებს, მაგრამ სულ სხვა საქმიანობას ეწევიან, რადგან, მათი აზრით, ის უფრო მომგებიანია, ვიდრე მიწის დამუშავება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: შესაძლოა, ზოგი მფლობელი არცოდნის გამო ვერ ამუშავებდეს მიწას. იქნებიან ისეთებიც, რომლებმაც ვერ შეძლეს ბაზარზე მორგება. ჩვენი პრობლემა ისიც არის, რომ არ არსებობს დარეგულირებული აგრობაზარი. ამდენად, ვერც მეურნე იქნება გარანტირებული, რომ მოიყვანს და გაყიდის მოსავალს და ვერც დამკვეთი, რომ მისთვის საჭირო პროდუქტს დაუკვეთავს და ნამდვილად მიიღებს. აქ უფრო რთული პრობლემა ჩნდება, ვიდრე დაჯარიმებაა, რადგან გარანტია არ აქვს არც მყიდველს და არც გამყიდველს.

– მაგრამ ხომ არსებობს ამ პრობლემის დარეგულირების გამოცდილება იმავე დასავლეთის ქვეყნებში?

– ეს პრობლემა რეგულირდება დაზღვევის სისტემით. როგორც, თუნდაც, ავტომანქანების სადაზღვევო პროდუქტი მოიცავს მესამე პირის დაზღვევას, ასეთივე რამ არსებობს მიწასთან მიმართებაშიც და ასეთ პირობებში ბევრად უფრო ადვილია ურთიერთობა მყიდველსა და გამყიდველს შორის. ორივე, ასე თუ ისე, დაზღვეულია და მათ შორის შეთანხმებაც უფრო ადვილად მისაღწევია. ეს სისტემა ჩვენთან არ მუშაობს, ამის გარეშე კი რთული იქნება ამ სფეროს დარეგულირება. წარმოვიდგინოთ, არსებობდეს საწარმო, რომელმაც არ იცის, სად გაყიდოს წარმოებული პროდუქცია. იქნება ასეთი საწარმო ოდესმე მომგებიანი?! ჩვენს აგრობაზარზე არ არსებობს არც გარანტირებული მყიდველის და არც გარანტირებული მეწარმის ცნება. ჩემი აზრით, სახელმწიფომ, ალბათ, ამ კუთხით უნდა იმუშაოს, თუნდაც, სადაზღვევო კომპანიების ჩართვით. ხომ ჩართო სახელმწიფომ სადაზღვევო კომპანიები ჯანდაცვის სფეროში და ეს საკითხი დარეგულირდა. ასეთივე პროდუქტი შესაძლოა, მოიძებნოს მიწასთან მიმართებაშიც.

– ძვირი დაჯდება? იმაზე მეტი თუ ნაკლები, რაც სახელმწიფოს უმწეო მოქალაქეებისა და პედაგოგების დაზღვევა უჯდება?

– არ მგონია, მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში იქმნება პროდუქცია. მეორე მხრივ, მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს მოვალეობაა, შექმნას სახელმწიფო რეზერვები მარცვლეულისა თუ სტრატეგიული პროდუქციის სახით, რომლებიც ქვეყანას აუცილებლად უნდა გააჩნდეს.

– რა შედის ამ სტრატეგიული პროდუქციის ჩამონათვალში?

– მარცვლეული, კარტოფილი, ხილის ნაწილი, ამას გარდა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ჯარის საკვები რეზერვიც. შესაბამისად, რაკი სახელმწიფო მაინც გვევლინება ერთ-ერთ შემსყიდველად, იქნებ ამ მიმართულებით გაძლიერდეს მუშაობა. იქნებ სახელმწიფომ შეისყიდოს მიწის მფლობელებისგან პირველ ეტაპზე სოფლის მეურნეობის პროდუქცია.

– ჩვენი ჯარი არც ისე მრავალრიცხოვანია, რომ მისთვის რეზერვების შესყიდვამ ფეხზე დააყენოს ჩვენი სოფლის მეურნეობა. რა ეშველება იმ პრობლემას, რომ ჩვენთან მოწეული პროდუქცია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე შემოტანილი, ალბათ, იმიტომაც, რომ ჩვენის თვითღირებულება მაღალია. თუმცა, თუ კიტრი გინდა, ლაგოდეხის უნდა იყიდო, თურქულს სუნიც არ აქვს კიტრის, არათუ გემო.

– ბაზრის დახარისხება ამ კატეგორიის მიხედვით, რაც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენს მომხმარებელს თითქმის არ ეშლება. შეიძლება, შემოტანილი იაფია, მაგრამ ჩვენი მომხმარებელი მზად არის, გადაიხადოს უფრო მეტი, რადგან ჯერჯერობით ჩვენს მიწაზე მოყვანილს იმიჯი მეტი აქვს, ვიდრე სხვაგან მოყვანილს. რაც შეეხება შემოტანილ პროდუქციის დაბალ ფასს: ის სახელმწიფოები ორიენტირებული არიან, რომ მათი სასოფლო-სამეურნო პროდუქცია გავიდეს გარე ბაზარზე, ამიტომ სახელმწიფო ხელშეწყობა დიდია და ფასიც ამითაა განპირობებული. რა თქმა უნდა, ეს იმ ქვეყნების პოლიტიკაა, თუმცა ჩვენც შეგვიძლია, მოვაგვაროთ ეს პრობლემა და არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც, გარე ბაზარზე ვიყოთ ორიენტირებული. რასაკვირველია, სახელმწიფოს პირდაპირი შესყიდვით შესაძლოა, უცხოური პროდუქტი უფრო იაფი დაუჯდეს, ვიდრე ადგილობრივი, მაგრამ მაინც ადგილობრივს მიანიჭოს პრიორიტეტი ზემოჩამოთვლილი მიზეზების გამო. თუმცა მე იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი პროდუქციის თვითღირებულება მაღალია, რადგან არავის დაუთვლია ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტების თვითღირებულება. ჩვენ ხშირი კონტაქტი გვაქვს ფერმერებთან და დიდი პრობლემაა მათ მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების დათვლა. ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ ძალიან მწირი ეკონომიკური ცოდნაა ამ დარგში.

– ანუ იცის, როგორ მოიყვანოს კარგი პომიდორი, მაგრამ არ იცის, როგორ გაყიდოს?

– ზუსტად არავინ იცის გათვლა. ისინი ამბობენ, რომ მათი პომიდორი უნდა ღირდეს ამდენი და ამდენი, მაგრამ იშვიათად თუ ვინმემ იცის დაზუსტებით, რამდენს იგებს ამ ფასით. გლეხი ამბობს, ძვირი მიჯდება ყურძნის მოყვანა, სახელმწიფო კი იაფად ყიდულობსო. ესეც არ არის დადასტურებული. ვერავინ გეტყვით, რა უჯდება ეს ყურძენი და რამდენად უნდა გაყიდოს, რომ მოგება მიიღოს. ყურძენი ამ შემთხვევაში არის ნედლეული, რომელსაც გლეხი აწარმოებს გადასამუშავებლად. ნედლეული კი ვერასდროს იქნება უფრო ძვირი, ვიდრე საბოლოო პროდუქტი. რადგან ყურძენზე ვსაუბრობთ: არსებობს სუფრის ყურძენიც და ის 10-ჯერ უფრო ძვირი ღირს, არადა, მოყვანის ტექნოლოგიაში განსხვავება არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენთან არ მოჰყავთ სუფრის ყურძენი.

– ალბათ, ისიცაა, რამდენს შევჭამთ, რომ უღირდეს მოყვანა?

– რამდენიც შემოდის, იყიდება, არადა ძალიან ბევრი შემოდის. სუფრის ყურძენი მხოლოდ უცხოეთიდან შემოდის, რადგან ჩვენი არ გვაქვს. ჩვენს ყურძენს მივირთმევთ სექტემბერ-ოქტომბერში, მაშინ, როდესაც ყურძნის ფასი ყველაზე დაბალია. არადა, სუფრის ყურძნის სხვა საუკეთესო ჯიშებიც გვაქვს. რა აუცილებელია, სახელმწიფო ჩაერიოს იმაში, გლეხმა რა ჯიშის ყურძენი უნდა მოიყვანოს?!

– თუ ერევა იმაში, რომ ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად, უტრირებულად ვიტყვი, ვისწავლოთ ჭურჭლის კარგად რეცხვა, ვითომ საწყენი იქნება, ამაში რომ ჩაერიოს, თუკი გლეხი თვითონ ვერ ხვდება?

– ჭურჭლის გარეცხვა ადვილია, სოფლის მეურნეობა კი რთული სფეროა. მე, მართალია, ვამბობ ჩემს აზრს, ასე უნდა გაკეთდეს-მეთქი, მაგრამ ამას, იცით, რამდენი თვლა უნდა კიდევ?!

– ვთქვათ, გლეხი არ ითვლის და მხოლოდ ინტუიციურად ადებს ფასს თავის პროდუქციას, მაგრამ ხომ არიან მიწის მსხვილი მფლობელები. ისინიც არ ითვლიან? საერთოდ, დათვლილია, რა პოტენციალი აქვს ჩვენს მიწას? სულ ვამბობთ, რომ ნაყოფიერია და, მართლაც, ფოთოლი რომ ეცემა, ხე თავისით ამოდის, მაგრამ რეალურად რა ხდება?

– ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობა წამგებიანია, თუმცა ჯერ არავის დაუთვლია, რა მიზეზის გამოა წამგებიანი: იმიტომ რომ მოყვანაა რთული თუ მოყვანილის გაყიდვა. მარტივ მაგალითს მოვიყვან: ერთ მარცვალს ამოჰყავს, სულ მცირე, 300 მარცვალი. რა ხარჯებით უნდა იყოს იმდენი, რომ ერთმა სამასთან მოგება არ მოგცეს?! აქედან უნდა დავიწყოთ ფიქრი, რამდენი მარცვალი რამდენ მოგებას გვაძლევს; როგორ უნდა დაითესოს, რა მანძილზე. თანამედროვე ტექნოლოგიებში ყველაფერი გაზომილია, თესლებს შორის მანძილი, მორწყვის სიხშირე, თუ თესლს სადღაც მიწის ქვეშ დააგდებ, ის მომგებიანი არ იქნება.

– ხომ ვთესავდით ოდესღაც, იმ ეტაპისთვის შესაფერისი რაღაც ცოდნა ხომ გვქონდა?

– მაშინ, მართალია, გლეხი მუშაობდა მიწაზე, მაგრამ თავადაზნაურობა მართავდა. ისინი ქმნიდნენ ამ ყველაფერს. ბოლოს და ბოლოს, რა შემოსავალი ჰქონდათ მიწის გარდა?! ქართველი ხომ ქალაქში ნაკლებად ცხოვრობდა. ეს დღეს მიგვაჩნია მიწა მეხუთეხარისხოვნად და ქალაქი გახდა მთავარი, ამიტომაც შეიქმნა ეს მდგომარეობა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, სადაზღვევო პროდუქტის შემოტანა აგროსექტორში ეფექტს მოგვცემდა.

– მიწის დიდ ფართობზე მოსავლის მოყვანის პრობლემა გასაგებია, მაგრამ შემზარა იმ სტატისტიკამ, რომ კახეთში ოჯახების 77 პროცენტი უმწეოა. ვერ ვიგებ ამ მაჩვენებელს. იქნებ ამიხსნათ, საკვების პრობლემა რატომ უნდა იყოს კახეთში?

– რატომ იყო მოსახლეობისთვის მიწის ქაოტური დარიგება შეცდომა? თანაც ისე მცირე რაოდენობით არის გაცემული, რომ თუ არ გაერთიანდნენ, შედეგი ნაკლებად იქნება. მაგალითად, ამის გამოცდილებაც არსებობს დასავლეთში, კოოპერატივების სახით. თუ სახელმწიფო შეასრულებს პირდაპირი შემსყიდველის ფუნქციას, ფერმერები იძულებული იქნებიან, გაერთიანდნენ, რადგან სხვა შემთხვევაში, ვერ მიაწვდიან პროდუქციას და ესეც ერთ-ერთი სტიმული იქნება მათ გასაერთიანებლად. ხომ ვიცით ქართული ხასიათი, გლეხური მეურნეობების გაერთიანება ასე მარტივად არ გამოვა, მაგრამ, თუ რაღაც ამოცანა ექნებათ, გაერთიანდებიან. მე ამას არ ვამბობ შორიდან დაკვირვების შედეგად. ფაქტია, ვინც პატიოსნად იშრომა, არ მოეშვა მიწას, არ იზარმაცა, არჩევანში არ შეცდა, მან შედეგს მაინც მიაღწია. მე მიწის ისეთ პატრონსაც შევხვედრივარ, რომელსაც სამასი ჰექტარი მიწა სხვისთვის აქვს მიქირავებული და წელიწადში 6 000 დოლარს იღებს. ამხელა ქონების პატრონი 6 000 დოლარზეც თანახმაა, ოღონდ არ მოჰკიდოს ხელი იმ სამას ჰექტარს და ურჩევნია, ავტობუსის ან სამარშრუტო ტაქსის მძღოლად დაიწყოს მუშაობა. ვისი ბრალია ეს?!

– იმ სამას ჰექტრის დამუშავებას ფული არ სჭირდება?

– თუ მე დღესვე სამასი ჰექტრის დამუშავებაზე დავიწყებ ფიქრს, რა თქმა უნდა, ხვალვე ეს არ გამოვა. ერთი ჰექტრით უნდა დაიწყო. ოცი წელია, ადამიანებს მიწა აქვთ და ხელი არ მოუკიდიათ მისთვის.

– როდესაც ქვეყნდება მონაცემები, რომ ამდენი და ამდენი პროდუქციის წარმოების პოტენციალი გვაქვსო, რას ეფუძნება ეს დათვლები?

– ჩვენ ბევრ სტატისტიკურ მონაცემს ვეცნობით, მაგრამ ბოლომდე დაზუსტებული არც ერთი არ არის.

– როგორც ამბობენ, ჩვენი მიწა არ აღწერილა კარგა ხანია და არავინ იცის, რამდენი და რა სახეობისაა, რომელი კულტურებისთვისაა ოპტიმალური?

– ყველგან არიან შეგუებული იმას, რომ სტატისტიკა ზუსტად ვერ ასახავს რეალობას. დღეს მეტ-ნაკლებად დაიხვეწა კომუნიკაციური საშუალებები, რადგან არსებობს ელექტრონული საინფორმაციო ბაზა, სადაც მიწების აღრიცხვაც შეიძლება და საქონლისაც. არსებობდა შრომები, რომლებიც კვლევით ინსტიტუტებში იქნება შენახული და, თუ ვინმეს ამ ინფორმაციის გაცნობა უნდა, ადვილად იპოვის. ჩვენ მიწას ვეღარ დავყოფთ მთად და ბარად, რათა დავასკვნათ, რომ მთაში უფრო მწირი მიწაა, ბარში კი – ნაყოფიერი, რადგან შესაძლოა, ბარში მიწაზე თქვა, რა მშვენიერ ადგილასააო, მაგრამ იქ ვერაფერი მოიყვანო.

– უფრო მძიმედ ყოფილა საქმე, ვიდრე მეგონა.

– მიწაზე ინფორმაცია გვაქვს, ოღონდ გადამოწმება უნდა. არსებობს მიწების რუკები, ვიცით, რა ტიპის მიწები გვაქვს. უამრავი საშუალებაა, რომ განვსაზღვროთ მიწის სახეობა, თუმცა მოსავლიანობის მიხედვითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ. გარდა ამისა, ბევრი დაბინძურებული ადგილიც გვაქვს: ზოგი – მძიმე მეტალებით, ზოგიც – რადიაციით. თუ მოთხოვნა არ იქნება, ეს ინფორმაცია უქმად იდება და მას არავინ გამოიყენებს. თუ ფერმერმა იმიტომ აიღო მიწა, რომ ბუნება მოეწონა ან მიწის ადგილმდებარეობა და არ შეისწავლა, რა სახეობის პროდუქციისთვისაა ოპტიმალური, არაფერი გამოვა. ამიტომაც, როდესაც ვამბობ სახელმწიფო შესყიდვების აუცილებლობაზე, ვგულისხმობ, რომ უნდა გადაისინჯოს, რომელ მიწას რა პოტენციალი აქვს და უკვე შემდგომი ეტაპებია, თითოეულის ნაყოფიერების განსაზღვრა. ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს, რა კულტურა მოვა ამა თუ იმ ტიპის მიწაზე. მაგალითად, არის ინფორმაცია, რომ იმ ნიადაგზე, სადაც ჩაია გაშენებული, ნიადაგის მჟავიანობის გამო, აღარაფერი გაიხარებს. მაგრამ გაირკვა, რომ შესაძლოა, გაიხაროს კენკროვნებმა, მაგალითად, ამერიკულმა მოცვმა. შესაძლოა, ჩაი უფრო მომგებიანია, მაგრამ მოთხოვნაა ამერიკულ მოცვზეც: კილოგრამი ორ დოლარად შეიძლება, ჩააბარო ადგილზე. გურიაში ამ მიმართულებით რამდენიმე ფერმერმა უკვე წამოიწყო საქმე, მაგრამ კიდევ მეტი ხელშეწყობა რომ ჰქონდეთ, უფრო მეტს შეძლებენ. ჩვენ ჩვენი ფუნქცია დავინახეთ იმაში, რომ ამ დარგში ჩავდოთ ცოდნა. სხვათა შორის, ანალოგიური მდგომარეობაა მეფუტკრეობაშიც. არ არის დათვლილი მისი თვითღირებულება. თაფლი ღირს ათი ლარი, მაგრამ ვერავინ გეტყვით, რატომ ღირს ამდენი. მეფუტკრე ამბობს, ძვირი გვიჯდებაო, ოღონდ გათვლების გარეშე. თაფლს კარგი პერსპექტივა აქვს, მაგრამ დღეს არსებული ფასით უცხოურ ბაზრებზე შესვლა ვერ მოხერხდება.


скачать dle 11.3