კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ამოიღეს ბოლშევიკებმა საფლავებიდან მერვე საუკუნის წმიდანების ნეშტები და რა განაჩენი გამოუტანა 12 საუკუნის მიცვალებულებს სასამართლომ



ის, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ლიბერალიზმისადმი ლტოლვამ ზომაზე მეტად გამოალიბერალურა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ ინტერნეტით გავრცელებული შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლებიც მოწმობს. რაკი საქართველოს საპატრიარქომ სიმშვიდისა და ლოცვის გაძლიერებისკენ მოგვიწოდა და სასულიერო პირების ჩართვა დისკუსიებსა და პოლემიკაში მტრული ძალების მიერ დაგეგმილ პროვოკაციად შეაფასა, გადავწყვიტეთ, არცთუ შორეული წარსულისთვის გადაგვეხედა და ბოლშევიკების მიერ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები გაგვეხსენებინა, მით უფრო, რომ დღევანდელ გამოლიბერალურებულებს კოჭებშივე ეტყობათ, რომ ქართველი ბოლშევიკების ღირსეული შთამომავლები არიან. წარსულის გახსენებაში პროფესორი სერგო ვარდოსანიძე დაგვეხმარება.



– რატომ იყო აუცილებელი ბოლშევიკებისთვის ეკლესიის, ზოგადად, რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა?

– ბოლშევიკების მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება არ იყო ვინმეს პიროვნული ახირება, ეს იყო იმდროინდელი იდეოლოგია, რომელიც უნდა დამკვიდრებულიყო საქართველოში და იმ უდიდეს იმპერიაში, რომელსაც შემდეგ მოდერნიზებული რუსული იმპერია, ანუ საბჭოთა კავშირი დაერქვა. მათი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, იყო ის, რომ ჯოგად, ნახირად ექციათ საზოგადოება, რადგან მოაზროვნე და სულიერად ამაღლებული ადამიანი არასდროს მიიღებდა მონაწილეობას იმ ექსპერიმენტებში, რომლებსაც შემდეგ დაარქვეს კოლექტივიზაცია, ინდუსტრიალიზაცია თუ კულტურული რევოლუცია. მათი ახალ მოძღვრებაზე დამყარებული იდეოლოგია იყო ახალი რელიგია და მის დასამკვიდრებლად აუცილებელი იყო ტრადიციული ღირებულებებისა და სარწმუნოების მოსპობა. როდესაც 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკების საოკუპაციო ჯარები შემოვიდნენ თბილისში და დაამხეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, შეიქმნა რევკომი, გარეგნულად თითქოს სამოქალაქო ორგანო, მაგრამ რეალურად საოკუპაციო-სამხედრო ხელისუფლება. ამ რევკომმა 1921 წლის 15 აპრილს გამოსცა დადგენილება, რის თანახმადაც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია კანონგარეშე გამოცხადდა, ესე იგი მას ჩამოერთვა იურიდიული სტატუსი. ამან ხელ-ფეხი გაუხსნა ბოლშევიკებს, რომ სახელმწიფო ქონებად გამოეცხადებინათ საეკლესიო სიწმიდეები. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მოასწრო, მრავალი საეკლესიო სიწმიდე ეროვნულ განძად გამოაცხადა და ქვეყნიდან გაიტანა, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც დარჩა ეკლესია-მონასტრებში. 1922 წელს ბოლშევიკებმა ადგილობრივი რწმუნებულების საშუალებით მოიარეს საქართველოს ყველა მოქმედი ეკლესია და ეკლესიის წინამძღვრებს უთხრეს: არის დიდი საშიშროება, რომ ოქრო-ვერცხლით შემკული საეკლესიო სიწმიდეები დაიკარგოს, ამიტომ მოგიტანთ სეიფებს, რომ იქ ჩაკეტოთო. სასულიერო პირებმა, გახარებულმა იმით, რომ შეიძლებოდა, გადაერჩინათ საეკლესიო ნივთები, დაიწყეს აღწერა. 1923 კი წელს გამოვიდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს საგანგებო დადგენილება, რომ ეს ნივთები უნდა გამოეტანათ ეკლესიებიდან, გადაედნოთ და დამშეულთათვის პური ეყიდათ. აი, ასე გაცამტვერდა მთელი ჩვენი საეკლესიო სიწმიდეები, რომლებიც მენშევიკურ მთავრობას ემიგრაციაში არ წაუღია. როდესაც ბოლშევიკები შემოვიდნენ, საქართველოში იყო 1 450 მოქმედი ეკლესია და 60-მდე – მონასტერი, ღვთისმსახურებას კი 1 600 საეკლესიო პირი ეწეოდა. გარდა იმისა, რომ ეკლესიებიდან საეკლესიო სიწმიდეები გაიტანეს, დაიწყო ადმინისტრაციული წესით ეკლესიების დახურვა. სასულიერო პირებს აიძულებდნენ, უარი ეთქვათ საღვთო მსახურებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ გადასახლებით, განკულაკებით და დახვრეტითაც კი. ეს იყო ტიპური აგრესიული ათეისტური პოლიტიკის დასაწყისი საქართველოში.

– როდიდან დაიწყო ეკლესიების ნგრევა საქართველოში?

– პირველად ბოლშევიკებმა წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია დაანგრიეს ქუთაისში, რომელიც იდგა იქ, სადაც ახლა დავით აღმაშენებლის ძეგლია. დაანგრიეს ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია, რომელიც დღევანდელი პარლამენტის შენობის ადგილას იდგა; იმ ხანად მთელ საქართველოში უამრავი ეკლესია-მონასტერი გაანადგურეს. დანგრევის საფრთხე ემუქრებოდა ქაშუეთის ეკლესიასაც, მაგრამ მოხდა ასეთი რამ: ლავრენტი ბერიას დედა – მართა ჯაყელი მორწმუნე ქალი იყო; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძე, სანამ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩევდნენ, ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვარი იყო. როდესაც შეატყობინეს, რომ ქაშუეთის ეკლესიის ადგილას აბანო უნდა აეშენებინათ, ძალიან დანაღვლიანდა და შეწუხდა. ამ დროს დაინახა, რომ ტაძარს გარს უვლიდა ფეხშიშველი მართა ჯაყელი. მისთვის უთქვამს: ჩემო მართა, შემოუარე ქაშუეთს, გაისად ის აქ აღარ იქნებაო. მართა ჯაყელი ყველას ეუბნებოდა, რომ ბერიას ვერაფერს სთხოვდა, რადგან ლავრენტისთვის მისი სიტყვა არაფერს ნიშნავდა, მაგრამ უწმიდესი კალისტრატესთვის მას უთქვამს, დაწერეთ წერილი და მომეცითო. კალისტრატე ცინცაძემ დაწერა მოხსენებითი ბარათები: ერთი ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის – კანდიდ ჩარკვიანის და მეორე – ლავრენტი ბერიას სახელზე. ლავრენტი ბერიასთვის გაგზავნილი წერილი უკან დაუბრუნდა წარწერით: „კათოლიკოს კალისტრატეს, ვისი ბრძანებით აპირებენ ქაშუეთის დანგრევას, გთხოვთ, მომახსენოთ“. ასე გადარჩა ქაშუეთის ეკლესია დანგრევას.

– როგორ ცდილობდნენ ქართველი სასულიერო პირები ეკლესიის და თავიანთი თავის დაცვას?

– როდესაც 1921 წელს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი გელათის მესამე საეკლესიო კრებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს და მისი აღსაყდრება მოხდა სვეტიცხოველში, მან წარმოთქვა მეტად საგულისხმო სიტყვები: მე ავდივარ გოლგოთაზე! კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობა შეადარა გოლგოთაზე ასვლას და ეს წინასწარმეტყველება იყო: მან იცოდა, რა ძალასთან მოუწევდა შერკინება, ამიტომ იყო, რომ, თავდაპირველად, გელათის საეკლესიო კრებაზევე გაკეთდა განცხადება, ეკლესიამ მოსთხოვოს ხელისუფლებას, რომ არ იყოს ეკლესია კანონგარეშე მდგომარეობაში, თორემ გამოვაცხადებთ, რომ დევნილები ვართო, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გენუის საერთაშორისო კონფერენციას მიმართა მემორანდუმით და სთხოვა ევროპის სახელმწიფოებს, ნუ დატოვებდნენ მარტოდმარტო საქართველოს რუსეთის იმპერიული სახელმწიფოს პირისპირ, დახმარებოდნენ ქართველ ხალხს, რომ შეენარჩუნებინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ბუნებრივია, ეს ბოლშევიკების ძალიან სერიოზული გამოწვევა იყო. გენუის კონფერენციას ბოლშევიკური რუსეთის დელეგაციაც ესწრებოდა ჩიჩერინის ხელმძღვანელობით. მათ უნდოდათ, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარების საქართველოში შემოსვლა საქართველოს გათავისუფლებად წარმოედგინათ, მაგრამ ცხვირწინ აუფრიალეს ამბროსი ხელაიას მემორანდუმი, რამაც ბოლშევიკები ძალიან განარისხა. საქართველოდან ჩიჩერინის დელეგაციას ბუდუ მდივანი ახლდა და, როდესაც ბუდუ მდივანი საქართველოში დაბრუნდა, მოითხოვა, რატომ არ დააპატიმრეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მისმა სიტყვამ ძალიან გვავნოო. 1922 წლის 13 ივლისს ჩეკას თანამშრომლები საპატრიარქოს რეზიდენციაში გამოცხადდნენ და უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი კოტე ცინცაძესთან, ჩეკას მდივანთან, წაიყვანეს დაკითხვაზე. დაკითხვას უშუალოდ კოტე ცინცაძე აწარმოებდა, ის ეკითხებოდა კათოლიკოსს: ვინ მოგცათ უფლება, გენუის კონფერენციაზე რომ გაგზავნეთ მემორანდუმი? ვინ ამოგირჩიათ საქართველოს „ოპეკუნად?“ ჩეკას თავმჯდომარე ძალიან გულახდილად ამბობდა თავის აზრს: ჩვენ პროლეტარიატის დიქტატურა გამოვაცხადეთ და ვებრძვით მტრებს, ყველა თავისუფლებანი ჩვენთვის გვინდა, თქვენი დრომორჭმული მიმდევრებით ცხოვრებიდან გარიყული ხართ, თქვენ ვინ მოგცემთ თავისუფლებასო. ამ ყველაფერზე გასცა პასუხი კათოლიკოს-პატრიარქმა, მაგრამ ბოლშევიკური მთავრობისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. 1922 წლის 17 ნოემბერს მთავრობის დადგენილებით საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციაც ჩამოართვეს. თხუთმეტმა შეიარაღებულმა პირმა კათოლიკოსს უთხრა: თქვენ უფლებააყრილი პირი ხართ, არ გაქვთ ნება, გეჭიროთ ეს ბინა, ის ჩვენ გვჭირდება კომკავშირლებისთვის, რომელთა 5 წლისთავი აქ უნდა გადავიხადოთო. 1922 წლის დეკემბერში კათოლიკოს-პატრიარქი გამოაძევეს თავისი რეზიდენციიდან; ქუთაისიდან გამოაძევეს ნაზარ მიტროპოლიტი და დაიწყო საშინელი რბევა ყველა ეპარქიაში. თუ სასულიერო პირები გაჯიუტდებოდნენ, მათ გადასახადებს უმატებდნენ, თუ ვერ გადაიხდიდნენ, მაშინ პასუხისგებაში აძლევდნენ ან კონტრრევოლუციონერობის ბრალდებით ხვრეტდნენ. ცნობილი ამბავია, რომ 1924 წლის აგვისტოში სვირის მაშინდელმა მილიციამ დააპატიმრა ეკლესიის კურთხევაზე ჩაბრძანებული ნაზარ მიტროპოლიტი და მასთან ერთად მყოფი სასულიერო პირები. „ტროიკამ“ გაასამართლა ისინი და დახვრიტა საღორიისა თუ საფიჩხიის მიდამოებში, მათი საფლავებიც კი არ ვიცით. აპატიმრებდნენ და ხვრეტდნენ სასულიერო პირებს, რომლებიც ღამით მალულად ნათლავდნენ ბავშვებს, რომლებიც მოახერხებდნენ და მიცვალებულს წესს აუგებდნენ. უფრო შორსაც წავიდნენ ბოლშევიკები, ზოგიერთი გაბრიყვებული მოქალაქე დააჯერეს იმაში, რომ მღვდლის მიერ ნაკურთხი მიცვალებულის საფლავში გაჩერება არ შეიძლება და კომუნისტურ სასაფლაოზე ორკესტრის თანხლებით მიცვალებულების გადასვენება დაიწყეს. ესეც არ აკმარეს, რაკი ხელისუფლება მიხვდა, რომ ეკლესია შეურიგებელი იყო და ვერ გატეხეს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი, უწმიდესი დააპატიმრეს. მას ქართველი ერის ეროვნული ინტერესების ღალატში ბრალს სდებდნენ მაშინდელი საზოგადოებრივი ბრალმდებლები: ამხანაგები ოქოიანი, ორზუმელიანი და ვარლამიანი. 1925 წელს, მართალია, კათოლიკოს-პატრიარქი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს საპატიმროდან, მაგრამ ხელისუფლებამ ახლა უკვე ეკლესიის შიგნით სცადა არეულობის გამოწვევა და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია. კათოლიკოსი ამბროსი და ის სასულიერო პირები, რომლებმაც ხმა აღიმაღლეს ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ, იწოდებოდნენ რეაქციონერებად, სამშობლოს მოღალატეებად. მხოლოდ 90-იან წლებში მოხერხდა ის, რომ კათოლიკოსი ამბროსი 1995 წლის სექტემბერში, როდესაც უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმიდანად შერაცხა, კვლავ თავისი სიდიადით დაჰბრუნებოდა საქართველოს ეკლესიას.

– რა ნიშნით დაანგრიეს ბოლშევიკებმა ეკლესიები, რატომ გამორჩათ გელათი, ბაგრატი, სვეტიცხოველი, ჯვარი და უამრავი სხვა?

– ძალიან ბევრი რამ გააკეთა კულტურისა და სიძველეთა დაცვის კომიტეტმა. ამ კომიტეტის წევრები იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, გიორგი ჩუბინაშვილი, შალვა ნუცუბიძე, სხვები და ერთი ყოფილი სასულიერო პირი, თავდადებული მამულიშვილი გიორგი ბოჭორიძე. ის განიმოსა და დაიწყო მასალების შეგროვება, ბევრი საეკლესიო ნივთი აქცია სამუზეუმო ექსპონატად და შეაფარა მუზეუმებს. შემდეგ ის მაინც დახვრიტეს. იმაზე მეტი ვანდალიზმი რა უნდა ყოფილიყო, როდესაც ქუთაისში 20-იან წლებში მოაწყვეს წმიდანების დავითისა და კონსტანტინე მხეიძეების სასამართლო პროცესი, რომელთა ნეშტები ამოიღეს მოწამეთადან და ორი კვირის განმავლობაში დაჰყვიროდნენ: თუ წმიდანები ხართ, თავი იმართლეთო. სასამართლოს გამოატანინეს განაჩენი, რომ ისინი უნდა გადაეყარათ ადიდებულ რიონში, მაგრამ პეტრე ჭაბუკიანმა როგორღაც მოახერხა და დაარწმუნა ეს გიჟები, რადგან ესენი მერვე საუკუნის დროინდელი ქართველი მიცვალებულების ნეშტებია, ასე შევინახავ მუზეუმშიო. მხოლოდ 1956 წელს კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკის დროს მოხერხდა მათი დაბრუნება მოწამეთაში. მრავალი სასულიერო პირი გადაასახლეს. „ტროიკის“ განაჩენით ციმბირში იყო გადასახლებული შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი, მაშინ კი ეპისკოპოსი ეფრემ სიდამონიძე. ის კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ძალისხმევით დაბრუნდა საქართველოში და ასეთი ათასობით მაგალითია. 1944 წლისათვის საქართველოში მოქმედ ეკლესიათა რაოდენობა იყო 15, 1 450-დან და სასულიერო პირთა რაოდენობა – 40. 40-იან წლებში ომი რომ არ დაწყებულიყო, უნდა დაეხურათ სიონი და სვეტიცხოველი, გადასახადებს ვერ იხდიანო.

– რა გადასახადებს ახდევინებდნენ სასულიერო პირებს?

– სასულიერო პირები დაბეგრილი იყვნენ არასამეწარმეო საქმიანობის გამო. მაგალითად, თიანეთში ყოფილა დეკანოზი იროდიონ სისაური, ადგილობრივმა ინსპექტორმა მას დაავალა 500 მანეთის, 80 კილოგრამი ხორცის, 310 კილოგრამი კარტოფილის, 9 კილოგრამი ერბოსა და 7 კილოგრამი მატყლის გადახდა. თავზარდაცემულმა მღვდელმა მათ 400 მანეთი მისცა. დანარჩენი აპატიეს იმ პირობით, თუ მღვდლობას თავს დაანებებდა. დაჭერის შიშით დეკანოზმა იროდიონმა უწმიდესსა და უნეტარეს კალისტრატეს სთხოვა დათხოვნა. მაგალითად, მაშინდელი კიროვის რაიონის ფინანსური განყოფილების გამგეს გამოუძახია კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე და მას უბის წიგნაკში აქვს ასეთი ჩანაწერი: დამიბარა 12 საათზე, მივედი, მაგრამ ჩემი მიღება არ ინება, მდივანს დაავალა, სასწრაფოდ გადაიხადოს გადასახადი, თორემ ეკლესიას დავხურავო. თანაც ეს მხოლოდ 40-იან წლებში კი არ ხდებოდა, ეს გრძელდებოდა 90-იან წლებამდე. ამის პარალელურად, მიზანმიმართულად მიდიოდა პროპაგანდა: რელიგია ხალხის ოპიუმია, სასულიერო პირები არიან ხალხის მტრები და ასე შემდეგ. როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე გახდა, მან ყველაზე კარგად წარმოაჩინა ის სირთულეები და პრობლემებიც, რომლებიც მაშინ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინაშე იდგა. 1980 წლის დასაწყისში ასეთი წერილით მიმართა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარიძეს: ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არ გაუწიეთ ანგარიში იმას, რომ შიო მღვიმის მონასტერი მოქმედი ტაძარია, რა უნდა ქართულ მონასტერში ორღანს?! გადავავლოთ თვალი სხვა ტაძრების მდგომარეობასაც: მეტეხის ტაძარში, სადაც დაკრძალულია წმიდა დიდმოწამე შუშანიკი, ახალგაზრდული თეატრია; ბიჭვინთის დიდებულ ტაძარში, სადაც იყო კათედრა დასავლეთი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებისა, ამჟამად ორღანია და კონცერტები იმართება. თბილისის წმიდა ნიკოლოზის ტაძარი საკონცერტოდაა ქცეული, ანჩისხატის საპატრიარქო ტაძარი – სახელოსნოდ; ნაძალადევის ღვთისმშობლის ეკლესიაში აბანოა, წყნეთის ეკლესიაში – პურის საცხობი. საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში მრავალი ეკლესია გადაქცეულია საწყობებად, გართობისა და დასასვენებელ ადგილებად. მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ისეთი ქვეყანა, სადაც ასე უპატივცემულოდ ეპყრობიან უძველეს სიწმიდეებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს ეკლესია-მონასტრები ჩვენმა წინაპრებმა სალოცავად ააშენეს და არა გასართობ ადგილებად. მე, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ვალდებული ვარ, ერის წინაშე ვთქვა გულწრფელი და გულმართალი სიტყვა ამ უაღრესად დიდი და სულიერად ფაქიზი საქმის გამო. ეს არის კათოლიკოს-პატრიარქის საკმაოდ მკაცრი წერილი და ის ნათლად ასახავს იმ რეალობას, რაშიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო. უფრო ადრინდელსაც მოგახსენებთ: ალავერდობაზე ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავარს არ ჰქონდა უფლება, წირვა ჩაეტარებინა. ხელისუფლების პოლიტიკის მიზანი იყო ეკლესიის დასუსტება, მისი საზოგადოებაში დისკრედიტება და ამისათვის ისინი ყველაფერს აკეთებდნენ. კომუნიზმის გაშლილ მშენებლობაში ეკლესიის ადგილი არ უნდა ყოფილიყო და მოსკოვის წინაშე ხშირად იკვეხნიდა ჩვენი ხელისუფლება, რომ საქართველოს მასობრივი ათეიზმის ქვეყნად ვაქცევთო.

– რუსეთშიც ასე გააფთრებით ებრძოდნენ მართლმადიდებლობას?

– ამ დოზით რბევა და დევნა, რაც საქართველოს ეკლესიამ განიცადა, არც რუსეთის და არც სომხეთის ეკლესიებს განუცდია. პირიქით, სომხეთის ეკლესია გაძლიერდა, როდესაც იქ ყოველთა სომეხთა უმაღლესი კათოლიკოსი ვარზგენ პირველი გახდა და მან ბევრი გააკეთა სომხური ეკლესიისთვის. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების შემდეგ ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსმა ვარზგენმა, რომელიც დიდად აფასებდა ახალგაზრდა უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, ასეთი რამ თქვა: ვისურვებ, რომ ქართულ ეკლესიას უფრო მეტი სითამამე შეეძინოს თავის მოქმედებებშიო.

– რა ბედი ეწია იმ ხალხს, ვინც ამაში უშუალო მონაწილეობას იღებდა?

– არ მინდა მათი სახელების დასახელება, იმიტომ რომ მათგან ძალიან ბევრი გარდაცვლილია. განსაკუთრებით აქტიურობდა რელიგიის რწმუნებულთა აპარატი, სადამსჯელო ორგანო, რომელსაც ევალებოდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის კონტროლი, სასულიერო პირებზე ჭორებისა და ცილისწამების გავრცელება, დაშანტაჟება და ასე შემდეგ. ეს აპარატი 1990 წელს გაუქმდა საქართველოში. ვერ ვიტყვით, რომ, ამ მხრივ, გულხელდაკრეფილი იყო საქართველოს ცეკასა და კომკავშირის კომიტეტი, თუმცა ბევრი მათგანი უკვე ასაკოვანია…

– ბევრი არც ისე ასაკოვანია?

– ეკლესიაშიც მოდიან. შეიძლება, ინანიებენ, თუმცა მე ბევრის არ მჯერა. მაგრამ ისტორია ძალიან ულმობელია და არაფერს ივიწყებს.

– რამდენად უწია მათ ამ ცოდვებმა ამქვეყნადვე?

– ცნობილია, რომ მათი ოჯახები, ვინც მონაწილეობა მიიღო ეკლესიების ნგრევაში, ნასახლარებადაა ქცეული და საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ნახავთ ამის მაგალითებს. მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ძალიან ბევრს მიუტევა. ის ბრძანებს, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა, მოინანიოს ცოდვები. დაწესდა მიტევების დღე, სინანულის დღე და ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ მათ შთამომავლობას არაფერი დაუშავებია! აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნისაში საბჭოს თავმჯდომარემ ქსენია ჩაგანავამ შეურაცხყოფა მიაყენა სასულიერო პირს: კომკავშირლებთან ერთად მღვდელი გაკრიჭა. დღეს მისი ეზო-კარი შამბნარითაა დაფარული. მისი ერთი ავადმყოფი, უკვე ასაკში შესული შვილი კი ნათესავების წყალობაზეა. ამით არ ჩანს ყველაფერი?!



ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3