კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გრძნობს პიროვნება საკუთარი სიცოცხლის აღსასრულს ინტუიციით

სიკვდილის არსზე, რაობაზე უთვალავი შეხედულება არსებობს – ექიმების, ფილოსოფოსების, მწერლების, პოლიტიკოსების, მესაფლავეების... ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე მიიჩნევს, რომ სიკვდილი თავის გამოვლინებაში ძალზე მრავალფეროვანი სახით წარმოგვიდგება. დღევანდელი დიალოგის ძირითადი თემა კი, სიკვდილის შიში და სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა იქნება.

– ბატონო გელა, რას გულისხმობთ სიკვდილის გამოვლინების მრავალფეროვნებაში?

– სიკვდილი სიცოცხლის შეწყვეტაა. სიკვდილის მრავალფეროვნებაში – სიბერით, ავტოკატასტროფით, თვითმკვლელობით, გაზით გაგუდვით, წყალში დახრჩობით, ნაღმზე აფეთქებით სიკვდილი არ მიგულისხმია. მხედველობაში მქონდა სიკვდილის სუბიექტური, შეფასებითი მხარე: ზოგიერთის სიკვდილზე იტყვიან – „აღესრულაო”, ზოგიერთისაზე – „ჩაბარდა პატრონსო”, ზოგი „განისვენებს”, ზოგიც „წამალში იპარება”...

სიკვდილი იშვიათად დგება მყისიერად, ხშირად შეიძლება მასში სხვადასხვა ატრიბუტის გამოყოფა. მე თუ მკითხავთ, ანდერძიც სიკვდილის თავისებური ატრიბუტია.

– კი ბატონო, ანდერძი საკუთარი სიცოცხლის თავისებური შეჯამებაა, ოღონდ, ძირითადად იურიდიულ ასპექტში... თქვენგან კი სხვა სახის აქცენტების ახსნას მოველით.

– მოდი, სიკვდილის მრავალფეროვნების გამოვლენის კუთხით, ცნობილი პოეტების ნამოღვაწარიც გავიხსენოთ: გალაკტიონი გამოყოფდა „სიკვდილის გზას”, „სიკვდილის სიახლოვეს”, „ცივ სამარეს”, „სიკვდილის ლანდს”... ტიციანი ამბობდა, რომ იგი „ყაჩაღებმა მოკლეს არაგვზე”, რომ „შემართულია ფეხზე ჩახმახი და უსიკვდილოდ ვერ გადურჩება”, მისი „თვითმკვლელობის იავნანური” იმაშიც გამოიხატებოდა, რომ „მტკვარი ახლოა, მინდა მტკვარში თავი დავიხრჩო” და სხვანაირადაც – „უბრალოდ ვკვდებით მეარღნეები და პოეტები, მაგრამ ჩვენ, ალბათ, თავის მოკვლაც გვეპატიება”... მაშინაც, როცა „პოეზიით დაიღუპებოდნენ” ის და პაოლო იაშვილი... თანაც, არც „სიკვდილისთვის დაემდურებოდა” ვინმეს – „გულზე ტყვია ცამეტის” დამდებთაგანს... მას „ერთხელ სიკვდილი ვერაფერს უზამდა, ერთხელ სიკვდილის არ სჯეროდა”. „ერთხელ სიკვდილს სიკვდილიც არ ჰქვიან. ეს ყველას მოელის, ყველას ხარკია”... – ეს სტრიქონები ანდერძზე მეტია, ლამის სიცოცხლის (უფრო – სიკვდილის!) დაპროგრამებას გაუტოლდეს!

– ამ ციტატებით რისი თქმა გინდათ? იმის ხომ არა, რომ, ცალკეულ შემთხვევებში, პიროვნება ინტუიციით გრძნობს ხოლმე საკუთარი სიცოცხლის აღსასრულს?

– დიახ, ამგვარი რამ ჩემამდეც ბევრს უთქვამს და მათ მოსაზრებებს ვუერთდები.

– ახლა, მთავარ თემაზე გადავიდეთ: თქვენ როგორ მიიჩნევთ – რა არის სიკვდილის შიში?

– სიკვდილის შიში გახლავთ სიცოცხლის შეწყვეტის საფრთხის განცდით გამოწვეული უარყოფითი ემოცია. ეს გრძნობა, თუკი სიცოცხლის შეწყვეტის საფრთხე მართლაც რეალურად არსებობს, ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს.

– მაგრამ, ყველამ ვიცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახერხებენ ამ ემოციის მინიმუმამდე დაყვანას. გავიხსენოთ თუნდაც დიდი ილია: „დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან”...

– როცა ილია ამ სტრიქონებს 21 წლის ასაკში წერდა პეტერბურგში, მას არავითარი სიკვდილის საფრთხე არ ემუქრებოდა. აქ იმდენად სიკვდილის შიშის დაძლევასთან არ გვაქვს საქმე, რამდენადაც მომავალი, სამოქმედო გეგმის განსაზღვრასთან... რადგან ჯერ ისევ პოეზიაში ვტრიალებთ, ბარემ აქვე ვიტყვი, რომ არც ლადო ასათიანის შემდეგი სიტყვებია სიკვდილის შიშის დაძლევა – „თავს არ მოიკლავს ქართველი, არა, ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს”. აქ უფრო კრედოს დაფიქსირებასთან გვაქვს საქმე. რადგან, 1939 წელს ლადოს, მართალია, უკვე ჰქონდა ჭლექის ნიშნები, მაგრამ სიკვდილის გარდუვალობა დღის წესრიგში ჯერ არ იდგა.

– თქვენი აზრით, გიჟებს რატომ არ ეშინიათ სიკვდილის?

– სიტყვა „გიჟი” სალაპარაკო ქართულში გამოიყენება, ჩვენ კი, მოდი, მეცნიერებაში დამკვიდრებული მისი ეკვივალენტი ვიხმაროთ – „სულით ავადმყოფი”. ვინ თქვა, რომ სულით ავადმყოფებს სიკვდილის არ ეშინიათ? პირიქით! ძირითადად, ყველაზე მეტად მათ ეშინიათ სიკვდილის პათოლოგიურად! სწორედ ამაში მდგომარეობს მათი ავადმყოფობის გამოვლინების მნიშვნელოვანი ასპექტი.

მაგრამ, არსებობს სულით ავადმყოფთა მცირე ნაწილი, რომელთაც მართლა უკიდურესად დაბალ ნიშნულზე აქვთ დაყვანილი საკუთარ თავში ეს ემოცია და ზუსტად ეს გახლავთ მათი ავადობის გამოვლინების მნიშვნელოვანი შტრიხიც.

– „სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა” რას ნიშნავს?

– სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა იგივე სიკვდილის შიშია, ოღონდ, უკიდურესად მძაფრი, რეალური სიკვდილის საფრთხით განპირობებული. ნორმალური ფსიქიკისა და არასახიფათო პროფესიის ადამიანი, თავის სიცოცხლის 7-8 ათეული წლის განმავლობაში, სულ რამდენჯერმე ახერხებს სიკვდილისთვის თვალის გასწორებას.

ამასთან, არსებობენ ადამიანები, რომლებიც, თავისი პროფესიიდან (სამხედრო პირი, მთამსვლელი, ტორეადორი, ავტომრბოლელი...), ანდა, თავისი ნატურიდან გამომდინარე – ჯერ შეიძლება არც ჰქონდეთ პროფესია – ძალზე გაშინაურებულები არიან ამ ექსტრემალურ განცდასთან.

– სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა დროის რა მონაკვეთს გულისხმობს?

– მკაცრად დროის შემოსაზღვრა ძნელია... ეს, შეიძლება, გაგრძელდეს რამდენიმე წამი, შეიძლება – რამდენიმე თვეც (მაგალითად, სიკვდილმისჯილთა საკანში ჯდომა). თუ სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვას მოსალოდნელი – პროგნოზირებადი სიკვდილიც მოჰყვა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა იქნება... მაგრამ, თქვენთვისაც და ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო უფრო ის ვარიანტია, როცა სიკვდილისთვის თვალგასწორებული კაცი, მიზეზთა და მიზეზთა გამო, ცოცხალი გადარჩება ხოლმე.

– რუსული ანდაზაა: სიკვდილი და ცოლი ღმერთისგან არიან დანიშნულიო...

– სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა უაღრესად ყოვლისმომცველი ემოციაა. ის ადამიანის ცხოვრებაზე, მის შემდგომ ყოფაზე, აუცილებლად გაავლებს კვალს ამა თუ იმ ფორმით. წინასწარ ძნელია თქმა, რა მიმართულებით – ნიუანსებისა და თვითონ პიროვნების გაუთვალისწინებლად მარჩიელობას არ დავიწყებ – უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ.

უნდა ითქვას, რომ სიკვდილის მძაფრმა შეგრძნებამ, შეიძლება, ადამიანი არაადეკვატური, სწორხაზოვანი გახადოს. არ არის გამორიცხული უკუშედეგიც (განსაკუთრებით, თუ პოეტურ ნატურასთან გვაქვს საქმე) – შეიძლება, მივიღოთ მკაცრად რეალისტი და მიზანსწრაფვული პერსონაც.

მოვიყვან მაგალითს ისტორიიდან. ბერი ეგნატაშვილი მოგვითხრობს: „მაშინ ჰკრეს თოფი რევაზ სახლთუხუცესსა ჩალოყაშვილსა, რომელი იყო კაცი კეთილი და რჩეული სარდალი. ეს იყო ბატონის თეიმურაზის მოწინავე. ამას ჰკრეს თოფი და დაკოდეს სასიკვდინედ. და რა სცნა სიკვდილი თვისი, არა აშალა ჯარი, და მუნ დაუტევა ძენი თვისნი, და თვით გაბრუნდა სახლთხუცესი და მივიდა ბატონს თეიმურაზთანა. მაშინ დალოცა ბატონი თეიმურაზ ესრეთ, ვითარმედ: მე მომკვდარვარ შენის სამსახურისა და ერთგულობისათვის, ჩემი თავი თქვენის ჭირის სანაცვლო იყოს, – გამოესალმა და აკოცა ხელსა. და იტირეს ორთავე მრავალი. წარვიდა და მივიდა სახლთხუცესი მუნვე ადგილსა, სადაც დაიკოდა, და მუნ მოკვდა.

და რა ნახეს სიკვდილი მისი კახთა, მოეშალა თავი, შეშინდენ და უკუნიქცნენ და წარვიდნენ”.

– ამ ისტორიული ექსკურსით რისი თქმა გინდათ, რომ რევაზ ჩოლოყაშვილის გმირული საქციელი არაადეკვატური იყო?

– იაპონია კამიკაძეების სამშობლოა, ხარაკირიც იაპონური მოვლენაა და სულის სიმტკიცით იაპონელის გაკვირვება ადვილი არ გახლავთ. სწორედ იაპონელს უთქვამს: „სიკვდილი ძნელი არ არის, უფრო ძნელია სიცოცხლე”.

რევაზ ჩოლოყაშვილის ქცევაზე უნდა ვიმსჯელოთ არა მხოლოდ მისი ქმედების მოტივებით (მეფისთვის, სამშობლოსთვის ერთგულების გამოხატვა), არამედ იმ შედეგითაც, რაც მივიღეთ – „რა ნახეს სიკვდილი მისი კახთა, მოეშალა თავი, შეშინდენ და უკუნიქცნენ”.

გავიხსენოთ ვახუშტიც: „სალაშქროთა შინა ახოვანნი, საჭურველთ მოყუარენი, ამაყნი, ლაღნი, სახელის მეძიებელნი ესრეთ, რამეთუ თვისთა სახელთათვის არა რიდებენ ქუეყანასა და მეფესა თვისსა”.

– თქვენ კარგა ხანია, მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას იკვლევთ. მის ბიოგრაფიაშიც იყო სიკვდილისთვის თვალის გასწორების მომენტი. რას გვეტყვით ამის შესახებ?

– ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ მთავრდება ილიას პატარა მოთხრობა „ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილი”: „სიცოცხლეს თუ ვისგანმე ვიჩუქებდი, მარტო შენისთანა ვაჟკაცისგანაო.”

1923 წელს დასახვრეტად გამზადებულ მიხეილს, სიცოცხლე ერის მოღალატემ და ჯალათმა სერგო ორჯონიკიძემ აჩუქა. კაცმა, რომელმაც დიდი ილია, მისი დისშვილი კოხტა აფხაზი, ვაჟა-ფშაველას შვილი ლევან რაზიკაშვილი კი არა, მთელი საქართველო არ დაინდო... მიხეილს შეეძლო, ეთქვა: უარს ვამბობ შეწყალებაზე, დამხვრიტეთ, თქვენი დედაცაო... მაგრამ, მაშინ გვეყოლებოდა ერთით მეტი მკვდარი გმირი და ერთით ნაკლები დიდი მწერალი, რომელმაც შემდგომი 14 წლის განმავლობაში ბოლშევიკებს არაერთგზის აგემა მწარე ალიყური... ჩემი ღრმა რწმენით, დახვრეტის საშიშროება რომ არა, მისგან ასეთი დიდი მწერალი ვერც დადგებოდა – ამ საშიშროებამ მისი სული გამოაწრთო!

– გაქვთ რაიმე ხელშესახები არგუმენტი ამ მოსაზრების დასადასტურებლად?

– მიხეილს თავის უბის წიგნაკში ჩაუწერია: „ჩემი ბედი ძლიერ ჰგავს გ. ერისთავის, ორბელიანებისა და სხვათა ბედს: ჯერ სიკვდილი გადაუწყვიტეს, მერე აპატიეს და დიდი მწერლები გამოვიდნენ. ჩეკაში ამაზე ვფიქრობდი.”


скачать dle 11.3