კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აი, თქვენი მკვლელი

– რა საშინელებაა! ნუთუ მოიძებნება ადამიანი, ვინც მოისურვებს, დამნაშავის ფაიფურის გამოსახულება იყიდოს?

ბატერი ოცდათოთხმეტი წლის იყო, უცოლო, სერიოზული, მაღალი, კარგი გარეგნობით. რა თქმა უნდა, მან ბევრი იცოდა ქალებთან ურთიერთობის შესახებ, მაგრამ რაღაცნაირად ხელიდან გაუშვა შანსი ცხოვრებაში გამოეყენებინა ეს ცოდნა.

– უილიამ კორდერი ძველი დროის ცნობილი მკვლელი იყო, – აუხსნა მისტერ ბატერიმ.

– რა ღირს? – იკითხა მისის ებერნონმა.

– აზრზე არ ვარ. ალბათ, რამდენიმე ფუნტი.

მეორე დღეს მისის ებერნონი მისტერ ბატერის ისევ ესტუმრა.

– მადლობა უნდა მითხრათ, – მრავალმნიშვნელოვნად წარმოთქვა მან, – ცნობები შევაგროვე: აღმოჩნდა, რომ ქანდაკება საკოლექციოა და სწორედ დამნაშავეთა ფიგურები იყიდება ყველაზე უკეთ. კორდერი კი იშვიათობაა. მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ასლი არსებობს. დაქალმა მითხრა, რომ ფიგურა შეიძლება ლონდონის ერთ-ერთ აუქციონზე ათას ფუნტადაც კი გაიყიდოს.

– ღმერთო ძლიერო! – ბატერიმ იგრძნო, როგორ აენთო ღაწვები, – როგორი დავალებული ვარ თქვენგან, ასეთი სასარგებლო ინფორმაციისთვის:

– თავს დავალებულად ნუ იგრძნობთ. ყოველთვის ისე მხვდებით, ისეთ ყურადღებას იჩენთ... თავს იმის უფლებასაც ვერ მივცემ, იტალიურ რესტორანში ლანჩზე დაპატიჟება გთხოვოთ, რათა ჩვენი გამარჯვება აღვნიშნოთ.

მერე ქალი დაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა:

– ქმარს არ ვეტყვი, ძვირფასო მისტერ ბატერი.

ბატერი სკამზე აწრიალდა. ქალის სიახლოვის გამო უხერხულობას გრძნობდა. მხოლოდ ამის თქმა მოიფიქრა:

– რომ დაგვინახონ? მე ჰაი-სტრიტზე ყველა კარგად მიცნობს.

ოთხშაბათს თავის ასისტენტს, ჯეიმსს სთხოვა მაღაზიისთვის მიეხედა, თავად კი ქანდაკება ფეხსაცმელების ყუთში ჩადო და ლონდონში გაემგზავრა... ექსპერტი აღელვებისგან კინაღამ დაიხრჩო, როდესაც ბატერიმ ყუთი გახსნა. ეს პირველი უილიამ კორდერი იყო, რომელიც ექსპერტმა ნახა და თან, ასეთ კარგ მდგომარეობაში.

– ახლავე შემიძლია რვაას ფუნტად გავყიდო, უთხრა მან ბატერის, – თუმცა აუქციონზე, სულ ცოტა ათასად გაიყიდება.

ორი დღის შემდეგ მაღაზიაში მისის ებერნონი გამოჩნდა და ახალი ამბებიც მოისმინა.

– თქვენი მალდობელი ვარ! – უთხრა ბატერიმ, – გთხოვთ, შემდეგ ოთხშაბათს ჩემთან ერთად ისადილოთ. ჩვენ შეგვეძლება, ლანჩზე ეპსონში შევხვდეთ, სადაც არავინ გვიცნობს.

ქალმა გაიცინა და თეთრი კბილები გამოაჩინა.

– რა დამაინტრიგებელია! თუმცა, სამწუხარო ისაა, რომ 15-ში საფრანგეთში მივემგზავრები და ერთი თვე არ ჩამოვალ.

ბატერის იმედგაცრუების დაფარვა გაუჭირდა.

– თქვენი ქმარიც თქვენთან ერთად მოემგზავრება?

– შვებულებას ჩვენ ყოველთვის ცალ-ცალკე ვატარებთ. მას გოლფი უყვარს, მე ისტორიული ადგილები. ახლაც მოგზაურობას ორლეანიდან დავიწყებ და მერე ლუარს ავყვები.

– მეც ასე მოვიქცევი, – ბატერიმ ეს ისე წარმოთქვა, თითქოს იდეა ახლახან გაუჩნდა, – წარმოიდგინეთ, რა საინტერესო იქნება სადმე, საფრანგეთში რომ შევხვდეთ და ჩვენი ლანჩი იქ გადავიტანოთ. მოდი, პაემანი ახლავე დავთქვათ – 18 მაისს, შუადღისას, ორლეანის ტაძრის კიბეებზე.

მისის ებერნონმა ისევ გაიცინა. დაიხარა და კაცს ტუჩებში აკოცა.

დღეები საშინლად ნელა გადიოდა. მან უკვე ბილეთებიც იყიდა და საფრანგეთის რკინიგზის რუკაც. პირველად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ახალი პერანგები და შარვლები შეიძინა. 15 მაისს აუქციონზე გამოცხადდა. სწორედ მასზე იყო დამოკიდებული მისი ხორციელი სიამოვნებების საიდუმლოებებში ჩაწვდომა. ის ასეთ შესაძლებლობაზე მთელი ცხოვრება ოცნებობდა, მაგრამ დაბალი შემოსავლის გამო, თავს ამის უფლებას ვერ აძლევდა. მან წარმოიდგინა, როგორ იჯდა შიშველი მისის ებერნონი სასტუმროს ნომერში შამპანურით ხელში.

ქანდაკება ზუსტად ათას ორას ორმოცდაათ ფუნტად კომპანია „ჰადსონ და ბლეიკმა” შეიძინა.

სამი დღის შემდეგ ის ლურჯ ბლუზასა და თეთრ შარვალში გამოწყობილი, დათქმულ ადგილას იცდიდა. მისის ებერნონი ოცი წუთით გვიან მოვიდა. მან ქალს ორლეანში დილით ნაყიდი ორქიდეები გაუწოდა. შემდგ „ოტელ დე ვილში“ წაიყვანა, სადაც ლანჩი ჰქონდა შეკვეთილი. ისინი სასტუმროს გრძელ ტერასაზე ისხდნენ. საჭმელი ბრწყინვალე იყო. კაცმა შამპანური შეუკვეთა. სამი საათის შემდეგ, მსუბუქად შემთვრალები მზიან ქუჩაში გამოვიდნენ. ბატერიმ ქალს სანაპიროზე გასეირნება შესთავაზა. იქ ჩაის სალონი შეხვდათ და შევიდნენ. მოსაღამოვდა. ბატერიმ ტაქსი აიყვანა და ქალს სასტუმრომდე მიცილება შესთავაზა.

– ტაძრამდე მიმაცილეთ, – უთხრა ქალმა, – იქიდან ფეხით წავალ. თქვენც სასწრაფოდ სასტუმრო უნდა იპოვოთ.

ბატერიმ ნერვიულად გაიცინა. ჩანდა, ქალი იოლი ნადავლი არ იქნებოდა.

– მეგონა, ეს არ დამჭირდებოდა... – მან იგრძნო, რომ მომენტი გაუშვა. უფრო თავდაჯერებული და მიმწოლი უნდა იყოს. ქალს, სავარაუდოდ, ისეთი კაცი სჭირდება, რომელმაც იცის, რა უნდა და ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს.

მეორე დღეს ბატერიმ პაემანზე ხუთი წუთით დააგვიანა. დრო ისევ მშვენივრად გაატარეს. ბოლოს ქალი ისევ წასასვლელად მოემზადა.

– სასტუმროში უნდა დავბრუნდე, – უთხრა ბატერის, – სასწრაფოდ თავი უნდა დავიბანო. თან ხუთზე მასაჟი და მანიკიური მაქვს დანიშნული. ჩვენ შეგვიძლია, ხვალაც შევხვდეთ ლანჩზე.

ეს ნელ-ნელა პრობლემა გახდა. მისის ებერნონს მოსწონდა ლანჩები, მაგრამ მეტი არაფერი. ყოველდღე ქალი მას ხელიდან უსხლტებოდა – ხან პარიკმახერიო, ხან კბილის ტკივილიო. ფული ბატერის ხელში საშინელი სისწრაფით ადნებოდა. ბოლოს მან ერთი გეგმა შეიმუშავა. ერთ საღამოს, როდესაც ქალი წავიდა. ვარდების დიდი თაიგული იყიდა და სასტუმრო „შარლემანში” მივიდა. ქალაქში ბევრი არ იყო სასტუმრო, სადაც კლიენტებს მასაჟს და სილამაზის სალონის მომსახურებას სთავაზობდნენ. მისაღებში ოთახის ნომერიც გაარკვია და ორ წუთში უკვე კარზე უკაკუნებდა. სახე ვარდების თაიგულით ჰქონდა დაფარული. ქალმა კარი ოდნავ გამოაღო. კაცმა ხელი ჰკრა და ოთახში შევიდა. მისის ებერნონი თეთრ ხალათში და თავზე წაკრული პირსახოცით გაკვირვებული იდგა.

– მისტერ ბატერი?! მე დაწოლას ვაპირებდი.

– გადასარევია! – მან კარი დაკეტა.

– ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა დატოვოთ ჩემი ნომერი.

კაცმა გაიღიმა და ქალს პირსახოცი მოაძრო. მისის ებერნონმა თაიგული შემოსცხო.

– გაეთრიეთ!

– სინამდვილეში გინდათ, რომ დავრჩე. ჩვენ შესანიშნავად გავატარეთ დრო. ძვირად ღირებული ლანჩები... მთელი ქონება დაგახარჯეთ.

– მაგრამ მე არ ვიყიდები.

– საქმე მაგაში არაა. მომწონხართ და მეგონა, თქვენც მოგწონდით.

– მე გათხოვილი ვარ, – ქალი ცდილობდა საწოლს მოსცილებოდა, – მე ეს არ მინდა, მე უბრალოდ, პატარა მსუბუქი რომანი მინდოდა, რომ ვიღაცას ჩემთან ერთად დღე გაეტარებინა, – და აქ ქალმა ფატალური შეცდომა დაუშვა, – თქვენ იმიტომ აგირჩიეთ, რომ თქვენგან საფრთხე არ მოდის. ყველა ქალი გეტყვით, რომ თქვენთან ყოფნა უსაფრთხოა.

– უსაფრთხო?.. – მას სახე დაემანჭა, თითქოს სილა გააწნესო, – უსაფრთხო?! – სისხლი პირდაპირ თავში აუვარდა... ქალმა მისი ოცნება მოკლა. ამიერიდან ვერც ერთ ქალს ვეღარასოდეს მიეკარება. იგი მას ამის გამო ვერ იტანდა და იმის გამოც, რომ ქალმა ასე ცინიკურად შეჭამა მთელი ფული, რომელიც კორდერის ფიგურაში აიღო.

ბატერიმ ქალს ხელი ყელში უხმოდ წაუჭირა.

მეორე დღეს ყველა ფრანგული გაზეთი „შარლემანში” მომხდარ მკვლელობაზე წერდა. პოლიცია ეძებდა მამაკაცს, რომელიც დაღუპულთან ერთად რამდენიმე რესტორანში ნახეს. მამაკაცი, სავარაუდოდ, ინგლისელი იყო. თუმცა, მეტი არაფერი იცოდნენ. ბატერიმ შვება იგრძნო, როცა ფეხი ინგლისის მიწაზე დადგა, მაგრამ სიმშვიდე ხანმოკლე აღმოჩნდა: საბაჟოზე ოფიცერმა რამდენიმე კითხვით მიმართა.

– საფრანგეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ არაფერი გაგიგიათ? ინგლისელი ქალი ოტელში გაგუდეს. იგი ზუსტად თქვენი ქალაქიდან იყო, მილარდ ებერნონი. არსად შეხვედრიხართ?

– ებერნონი. არასდროს გამიგია.

სახლისკენ მიმავალი ცდილობდა, ამ ყველაფრისთვის პოლიციის თვალით შეეხედა. მკვლელობასთან მას ვერაფრით დააკავშირებდნენ. ისინი ერთმანეთს მხოლოდ ლანჩზე ხვდებოდნენ და ყოველთვის სხვადასხვა რესტორანში. ყოველთვის ქეშით იხდიდა. ვარდები ბებერ ახლომხედველ ქალთან იყიდა. სასტუმროში ანაბეჭდები არ დაუტოვებია. ის ფაქტი, რომ იგი იმავე პროვინციიდან ჩამოვიდა, საიდანც მისის ებერნონი, დანაშაულის მტკიცებულება არ იყო. უბრალოდ, სიმშვიდე უნდა შეენარჩუნებინა.

გაღიზიანდა, მაგრამ არ შეშინდა, როდესაც ბაქანზე ადგილობრივი პოლიციელი დახვდა.

– სახლამდე მიგაცილებთ და რამდენიმე კითხვით მოგმართავთ. დუვრში თქვენ თქვით, რომ არ იცნობდით მისის ებერნონს?

ბატერიმ რაღაც ცუდი იგრძნო.

– შეიძლება, უბრალოდ, სახელი არ მახსოვდა. მაღაზიაში იმდენი ადამიანი შემოდის.

– მის სახლში ბევრი წიგნი ვიპოვეთ და მისმა ქმარმა თქვა, რომ ის მათ თქვენთან ყიდულობდა. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, თუ თქვენს დავთრებს გადავხედავთ?

დახურვის დრო იყო, მაგრამ ჯეიმსი მაღაზიაში დახვდათ. ბატერი მიესალმა და პოლიციელთან ერთად უკანა ოთახში შევიდა.

– კარგად გაატარეთ შვებულება, მისტერ ბატერი? – დაიყვირა ჯეიმსმა, – თქვენს მაგიდაზე გზავნილია. გავხსენი, როგორც დამიბარეთ.

ბატერიმ თაროდან ჩანაწერების წიგნი გადმოიღო, მაგრამ პოლიციელმა არ გამოართვა. იგი ბატერის მაგიდაზე გახსნილ გზავნილს მისჩერებოდა.

– ვიღაცამ საჩუქარი გამოგიგზავნათ, სერ.

ბატერიმ ყუთში ჩაიხედა და გაოცდა, როდესაც იქ კორდერის ფიგურა დაინახა. იქვე წერილი იდო იმ კომპანიისგან, რომელმაც ქანდაკება იყიდა. მათმა კლიენტმა, ვისი ინსტრუქციითაც ისინი მოქმედებდნენ მოისურვა, რომ კორდერის ფიგურა აუქციონის შემდეგ მის პატრონს საჩუქრის სახით, სავიზიტო ბარათთან ერთად დაბრუნებოდა.

პოლიცელმა ყუთიდან სავიზიტო ბარათი ამოიღო, წაიკითხა და შემდეგ ბატერის გაუწოდა.

„თქვენ ისე ლამაზად გამატარებინეთ დრო. არ იფიქროთ, რომ თქვენი დიდსულოვნება არ დავაფასე. ნუ იდარდებთ, მე შემიძლია თავს ამის უფლება მივცე. მილარდ ებერნონი” და P.S. – აი, თქვენი მკვლელიც”.

თარგმნა

ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3