კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიხსნა ავტომობილების ქურდის დაკავების შედეგად საზარელი მკვლელობის საქმე

საშინელი აღმოჩენა

– დისტანცია დაიცავი, თემო, თორემ, თუ შეგვნიშნა, ყველაფერი ჩაგვეშლება, – უთხრა კაპიტანმა თორთლაძემ მძღოლს, რომელიც პლეხანოვის გამზირზე ნელი სვლით მიდიოდა „ფიატით“.

კაპიტანი თორთლაძე თბილისის მილიციის სამმართველოს ავტოტექნიკური საშუალებების გატაცების განყოფილებაში მუშაობდა ქვედანაყოფის უფროსად, „ფიატში“ მსხდომი დანარჩენი სამი მამაკაცი კი, მისი ხელქვეითები იყვნენ. ისინი ვინმე „ლაუდას“ უთვალთვალებდნენ, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი ზაქრო კაკაურიძე იყო. ლოტკინელი კაკაურიძე მანქანების პროფესიონალი ქურდი იყო და მეტსახელი „ლაუდა“ მას ცნობილი ავსტრალიელი მრბოლელის – ნიკი ლაუდას პატივსაცემად შეარქვეს. თორთლაძე თითქმის ყოველდღე ცდილობდა „ლაუდას“ შეპყრობას და ამიტომ უთვალთვალებდა მას. კაპიტანს იმედი ჰქონდა, რომ კაკაურიძეს ფაქტზე აიყვანდა და, ერთი მხრივ, ქალაქს მანქანების მოუხელთებელ ქურდს მოაშორებდა, მეორე მხრივ კი, სახელს მოიხვეჭდა და დააწინაურებდნენ.

კინოთეატრ „კომკავშირელის“ წინ მდებარე გასტრონომთან თეთრი „ვოლგა გაზ 21“ გაჩერდა და იქიდან საშუალო სიმაღლის მამაკაცი გადმოვიდა, რომელსაც მზის სათვალე ეკეთა. ის გასტრონომში შევიდა. ამით ისარგებლა „ლაუდამ“, რომელიც „ვოლგაში“ ჩაჯდა, მანქანა დაქოქა და ადგილიდან დაძრა.

– მეშოკში გვყავს ლაუდა, – უთხრა მძღოლს კაპიტანმა თორთლაძემ, – ნელა მიჰყევი უკან, ისე, რომ ვერ შეგვამჩნიოს და, როდესაც დანიშნულების ადგილზე მივა, ჩავავლებთ.

ლაუდამ „ვოლგა“ მარჯანიშვილის თეატრისკენ წაიყვანა, შემდეგ ხიდი გადაიარა და მარჯვნივ, სანაპიროსკენ ჩაუხვია. უცებ, მდევარი შენიშნა და სიჩქარე გამოცვალა, გაზს ფეხი დააჭირა და „ვოლგა“ სწრაფად მოსწყვიტა ადგილს. ადგილს მოსწყდა მილიციის „ფიატიც“, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დევნა გაიმართა და ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ლაუდა უზარმაზარ ჭადარს შეასკდა და, მიუხედავად იმისა, რომ გონება დაკარგა, მძიმე ტრავმა არ მიუღია – მას მხოლოდ თავი ჰქონდა გატეხილი.

– ესეც ასე, – გამარჯვებას ზეიმობდა თორთლაძე, რომელმაც გონმიხდილი ლაუდა კოლეგის დახმარებით მანქანიდან გადმოიყვანა და მოსულიერება დაუწყო.

– ამხანაგო კაპიტანო, აქ მოდით! – მოესმა თორთლაძეს მეორე კოლეგის აკანკალებული ხმა, რომელიც „ვოლგის“ საბარგულთან გაშტერებული იდგა და თავმოხსნილ, სისხლიან ტომარას მიშტერებოდა – ტომრიდან ადამიანის მოკვეთილი თავი მოჩანდა.

გატაცებული „ვოლგა“

გამოძიებამ დაადგინა, რომ, ავტომობილი „ვოლგა“, რომელშიც ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე ტომარა აღმოჩნდა, პროფესორ გივი სურგულაძეს ეკუთვნოდა, გატაცებული იყო ანუ, ეს მანქანა ჯერ კიდევ მანამდე გაიტაცა ვიღაცამ, სანამ მას ლაუდა მოიპარავდა პლეხანოვის გამზირიდან.

„ვოლგის“ საბარგულში დანაწევრებული გვამის აღმოჩენის ფაქტზე რაიონულ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლით. საქმეს გამომძიებელი ვანო ტომარაძე იძიებდა. მას მერე, რაც ტომარაძემ „ვოლგის“ მფლობელი დაადგინა და ისიც გაარკვია, რომ მანქანას უკვე სამი დღეა, ეძებდნენ, პროფესორ სურგულაძეს სახლში ეწვია და უთხრა:

– მე, ბატონო გივი, გამომძიებელი ვანო ტომარაძე გახლავართ. შეიძლება, შემოვიდე?

– რა თქმა უნდა, მობრძანდით, – შეიპატიჟა პროფესორმა ტომარაძე, – თქვენ, ალბათ, ჩემი მანქანის გატაცების გამო მეწვიეთ.

– დიახ, თქვენი მანქანის გამო, – დაადასტურა გამომძიებელმა.

– ხომ არ გიპოვიათ?

– დიახ, ვიპოვეთ. ამ დილით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩვენი თანამშრომლები თქვენი მანქანის საჭესთან მჯდომ ცნობილ გამტაცებელს დაედევნენ, ის კი ჭადარს შეასკდა.

– დაიღუპა? – აღმოხდა პროფესორს.

„რა კეთილშობილი კაცია, მანქანა არც კი უძებნია და გამტაცებლის სიცოცხლემ შეაშფოთა“, – გაიფიქრა სურგულაძეზე ტომარაძემ და უთხრა:

– არა, ცოცხალია. მხოლოდ მსუბუქად დაშავდა.

– მადლობა ღმერთს, – ამოისუნთქა პროფესორმა, – მანქანა ძალიან დაზიანდა?

– არც ისე, – მიუგო ტომარაძემ და დაამატა, – ბატონო გივი, თქვენი მანქანის საბარგულში სისხლიანი ჯვალოს ტომარა ვიპოვეთ, რომელშიც ადამიანის დანაწევრებული სხეულის ნაწილები ელაგა და მე ამ საქმეს ვიძიებ.

– დანაწევრებული გვამი?! – გაიმეორა პროფესორმა.

– დიახ, ბატონო გივი, მანქანის მეორე გამტაცებელმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. როგორც ჩანს, გვამი პირველ გამტაცებელს მიჰქონდა, რომელიც ჩვენ ჯერჯერობით ვერ მოვიხელთეთ.

– გასაგებია. მე რით შემიძლია, დაგეხმაროთ?

– თუ შეიძლება, დაწვრილებით მომიყევით, როდის და სად გაგტაცეს „ვოლგა“.

– მე პოლიტექნიკური ინსტიტუტის პირველ კორპუსთან ვაყენებ ჩემს მანქანას და, სამი დღის წინ, ანუ 16 მაისს, საღამოს 6 საათზე, სამსახურიდან რომ გამოვედი, მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ მანქანა მომპარეს. მე უახლოეს მილიციის განყოფილებაში მივედი და ამის შესახებ განვაცხადე.

– ბატონო გივი, მანქანა რომელ საათზე დააყენეთ „გეპეის“ წინ?

– ზუსტად დილის 8 საათსა და 40 წუთზე – ყოველთვის ამ დროს ვაყენებ ხოლმე იქ მანქანას.

– ესე იგი, თქვენი მანქანა 8 საათსა და 40 წუთიდან საღამოს 6 საათამდე მონაკვეთშია გატაცებული. ეს კი მთელი 9 საათი და 20 წუთია. ამ ხნის განმავლობაში მანქანისთვის ხომ არ დაგიხედავთ?

– არა, ბატონო, იმ დღეს უამრავი საქმე მქონდა და თავის მოსაფხანი წამიც ვერ გამოვნახე.

– გასაგებია. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა და შეწუხებისთვის ბოდიშს გიხდით, – გამომძიებელი პროფესორს დაემშვიდობა და წამოვიდა.

გამომძიებელმა ტომარაძემ მოკლულის ვინაობაც დაადგინა – ის 29 წლის მალხაზ გოგიტიძე აღმოჩნდა.

ბათუმელი „ცეხავიკი“

მალხაზ გოგიტიძე ქალაქ ბათუმის მკვიდრი, უცოლშვილო, სიმპათიური მამაკაცი აღმოჩნდა, რომელსაც მექალთანეს სახელი ჰქონდა გავარდნილი. ის ეგრეთ წოდებული „ცეხავიკი“ იყო და ბიჟუტერიის საამქროები ჰქონდა სხვა მეწილეებთან ერთად. იგი საკმაოდ მდიდარი ადამიანი იყო და ახალთახალი შავი „ვოლგით“ დადიოდა. გამომძიებელი ვანო ტომარაძე ბათუმში ჩავიდა და მალხაზ გოგიტიძის ოჯახის წევრებს ესაუბრა. მალხაზის ძმამ, 32 წლის ნოდარმა, მას უთხრა:

– არ ვიცი, ვის უნდა გაემეტებინა ასე ჩემი ძმა. ის ძალიან კეთილი იყო და გაჭირვებულებს ეხმარებოდა. მთელ აჭარაში ერთ კაცსაც ვერ ნახავთ, რომ მასზე ცუდი თქვას.

– როგორც შევიტყვე, თქვენს ძმას ქალები ჰყვარებია... – მორიდებით შეაპარა მოკლულის ძმას ტომარაძემ.

– კი ბატონო, მაგრამ, მალხაზს არავინ შეუცდენია და არც არავის ცოლთან და შვილთან წოლილა, რომ შემდეგ მისთვის ვინმეს სამაგიერო გადაეხადა. ჩემი ძმა ძირითადად ჩამოსულ რუს ქალებს უარშიყდებოდა და, არ მგონია, რომ რომელიმე მათგანის ქმარს მოეკლა მალხაზი.

– მალხაზის მკვლელობა მის სამსახურთან ხომ არ იქნება დაკავშირებული?

– არც ეგ მგონია. მალხაზი ფინანსებშიც პატიოსანი იყო და არც წილს მოუტეხავდა ვინმეს და არც პოდლობას ჩაიდენდა. მას ამ ამბავშიც ენდობოდნენ.

– როგორ ფიქრობთ, ხომ არ იყო ეს დანაშაული ძარცვის მიზნით ჩადენილი?

– გამოვრიცხავ. ეგ რომ ასე იყოს, მაშინ, რაღა თბილისში მოკლავდნენ. როგორც ვიცი, თბილისში რომ გამოემგზავრა, სულ რაღაც 800 მანეთი ჰქონდა თან და, დავიჯერო, ამ თანხის გამო მოკლავდნენ მას ასე სასტიკად? თან, არც ოქროს საათი ჰქონდა მაჯიდან მოხსნილი და არც ოქროს „ზაპონკები“.

– პრინციპში, მართალი ხართ, – დაეთანხმა ვანო ტომარაძე ნოდარ გოგიტიძეს, – მაგრამ, რა გვრჩება? გამოდის, რომ თქვენი ძმა მანიაკმა მოკლა?

ქერათმიანი ქალიშვილი

გამომძიებელი ვანო ტომარაძე 24 მაისს მალხაზ გოგიტიძის დაკრძალვას დაესწრო ბათუმში, მეორე დღეს მოკლულის ახლობლები დაკითხა და დაადგინა, რომ მალხაზი თბილისში 14 მაისს გაემგზავრა, როგორც თავად მალხაზს უთქვამს, „ვოლგის“ ძრავას სიმძლავრის გასაუმჯობესებლად. მალხაზი ვაკეში, თავის ბიძაშვილებთან – ნატო და დემურ გოგიტიძეებთან უნდა გაჩერებულიყო და, როგორც კი მანქანის საქმეს მოაგვარებდა, ბათუმში უნდა დაბრუნებულიყო. ნატო და დემურ გოგიტიძეები ვანო ტომარაძემ ბათუმშივე დაკითხა და შეიტყო, რომ მათ ვაკელ მეზობელს, ირინეს, მალხაზი უყვარდა და, როდესაც ის თბილისში ჩამოდიოდა, გასაქანს არ აძლევდა. ვანო ტომარაძე 26 მაისს დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ირინეს ეწვია ვაკეში. გოგონა განადგურებული ჩანდა, თუმცა, არ გაჰკვირვებია გამომძიებლის ვიზიტი და ტირილით უთხრა:

– დიახ, მე უზომოდ მიყვარდა მალხაზი, აჩრდილივით სულ უკან დავდევდი მას და, შეიძლება ითქვას, გასაქანს არ ვაძლევდი. მაგრამ, ჩვენ ერთად ყოფნა არ გვეწერა და ჩემი ერთადერთი სიყვარული იმ ქერათმიანმა ჯოჯომ შეიწირა, ამაში მტკიცედ ვარ დარწმუნებული.

– ვინ ქერათმიანმა ჯოჯომ?

– ვინ და, ვისაც მალხაზი „გეპეისთან“ ხვდებოდა ხოლმე.

– სახელი, გვარი... შეგიძლიათ, იმ გოგონას ვინაობა მითხრათ?

– სახელი და გვარი არ ვიცი, ვერ მოვასწარი გაგება, მაგრამ, ის პირველ კორპუსში სწავლობს და იქ უნდა ეძებოთ.

– შეგიძლიათ, მის პოვნაში დაგვეხმარო?

– დიდი სიამოვნებით.

ირინემ გამომძიებლებს ქერათმიანი გოგონას ზუსტი აღწერილობა უთხრა და, როდესაც მას მეორეკურსელი ნატო კვირიკაძის სურათი უჩვენეს, თქვა:

– კი, ესაა, მაგას ხვდებოდა. 15 მაისს მალხაზს ავედევნე და სწორედ ეგ გოგო ჩაისვა თავის „ვოლგაში“ და წაიყვანა.

ვანო ტომარაძემ დაადგინა, რომ ნატო კვირიკაძე 19 მაისს გაუჩინარდა, ანუ, იმავე დღეს, როდესაც ნაავარიევ „ვოლგაში“ მალხაზის დანაწევრებული გვამი აღმოაჩინეს. გაირკვა ისიც, რომ ნატო კვირიკაძე პროფესორ გივი სურგულაძის სტუდენტი იყო და გამომძიებელი კვლავ მას მიადგა და უთხრა:

– ბოდიში, ბატონო გივი, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გაგესაუბროთ.

– მობრძანდი, გეთაყვა, სავარძელში დაბრძანდი. რით შემიძლია, გემსახურო?

– თქვენი სტუდენტის, ნატო კვირიკაძის შესახებ უნდა მიამბოთ ყველაფერი, რაც იცით.

– ნატო ძალიან ბეჯითი და წესიერი გოგონაა. თუმცა, ამ ბოლო დროს რაღაც დადარდიანებული მეჩვენებოდა. ვფიქრობ, შეყვარებული უნდა იყოს და ეს არცაა გასაკვირი, მით უმეტეს, რომ მის ირგვლივ თაყვანისმცემელთა არმია ტრიალებს ხოლმე.

– ბატონო გივი, გავარკვიეთ, რომ ნატო იმ ბიჭს ხვდებოდა, რომლის დანაწევრებული გვამიც თქვენს ავტომობილში ვიპოვეთ. თავად ნატოც, აგერ უკვე ერთი კვირაა, გაუჩინარებულია და ამიტომ მოვედი თქვენთან.

– მე კი ვფიქრობდი, ავად ხომ არ არის-მეთქი და ზურაბსაც კი ვკითხე ნატოზე, – თქვა პროფესორმა.

– ვინ ზურაბს?

– ერთი უცნაური ბიჭია, ნატოს ჯგუფელი. ვატყობ, რომ გოგონა ძალიან უყვარს, მაგრამ თქმას ვერ უბედავს.

– ზურაბი რა გვარია?

– კენჭაძე, ზურაბ კენჭაძე.

– კეთილი, ბატონო გივი, მეტს აღარ შეგაწუხებთ, – მიუგო ტომარაძემ პროფესორს, გამოემშვიდობა და წავიდა...

პარანოიკი შეყვარებული

ვანო ტომარაძემ დაადგინა, რომ ზურაბ კენჭაძე მარტო ცხოვრობდა ერთ-ერთ კერძო სახლში, საბურთალოზე. მას 17 წლის ასაკში ავტოავარიაში დაეღუპა დედ-მამა. ტომარაძემ ზურაბ კენჭაძის სურათები მოიპოვა და ისინი პლეხანოვზე მდებარე გასტრონომის თანამშრომლებსა და იმ კოლეგებს უჩვენა, რომლებმაც ლაუდა აიყვანეს. როგორც გასტრონომის გამყიდველმა, ასევე კაპიტანმა თორთლაძემ და მისმა ხელქვეითებმა მაშინვე ამოიცნეს „ვოლგის“ სათვალიან მძღოლში ზურაბ კენჭაძე.

– ესე იგი, მალხაზ გოგიტიძის გვამი მას მიჰქონდა პროფესორ სურგულაძის მოპარული „ვოლგით“ და, სავარაუდოდ, მალხაზიც მან მოკლა, მაგრამ, სადაა ნატო?

29 მაისს, თბილისის მილიციის სამმართველოს ოპერჯგუფი და გამომძიებელი ვანო ტომარაძე, ხელქვეითებითურთ, ზურაბ კენჭაძეს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სტუდენტი მალე აიყვანეს. მან იქვე აღიარა მალხაზ გოგიტიძის მკვლელობა, თან თქვა:

– ნატო მოვიტაცე და ჩემი სახლის სარდამფში მყავს დაბმული...

ნატო კვირიკაძე ჯაჭვებით იყო რკინის ძელზე მიბმული და მილიციამ ის ტყვეობიდან გაათავისუფლა. ზურაბ კენჭაძემ თავის ჩვენებაში თქვა, რომ ნატო უზომოდ უყვარდა და მალხაზ გოგიტიძე ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, მანამდე კი ის მოიტაცა, თავის სახლში ნატოს თვალწინ მოკლა, დაანაწევრა და მტკვარში გადასაგდებად მიჰქონდა, მაგრამ პლეხანოვის გამზირზე წამით შეჩერდა სიგარეტის საყიდლად და, როდესაც შეიტყო, რომ მას მანქანა მოჰპარეს, იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ზურაბ კენჭაძე შეურაცხადად ცნო და ის საგიჟეთში, მოსკოვის სერბსკის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტში დააწვინეს გამოსაკვლევად, სადაც ორ წელიწადში გარდაიცვალა. ფსიქიურად შეირყა ნატო კვირიკაძეც, რომელიც თავისი სახლის ფანჯრიდან – მეოთხე სართულის სიმაღლიდან გადახტა და ასფალტს დაენარცხა, მაგრამ, ცოცხალი გადარჩა...


скачать dle 11.3