კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იწინასწარმეტყველა არგენტინელმა მხატვარმა იაპონიის ტრაგედია და რას წერს ის მეორედ მოსვლაზე

2011 წლის მარტში ამომავალი მზის ქვეყანაში დატრიალებულმა საზარელმა ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა. გარდა იმისა, რომ მიწისძვრამ და გიგანტურმა ცუნამიმ ათასობით ადამიანის სიცოცხლე და სახლ-კარი შეიწირა, ფუკუშიმას ატომური რეაქტორი პლანეტას ახალი რადიაციული საფრთხით ემუქრება. ბენჟამინ სოლარის წინასწარგანჭვრეტილი მომავლის შესახებ ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი მოგვითხრობს.

დავით ბუტიკაშვილი: მას შემდეგ, რაც იაპონიაში ასეთი რამ მოხდა, ისტორიის მკვლევრები, ექსტრასენსები, ხელოვნებათმცოდნეები სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა ლაპარაკობენ ბენჟამინ სოლარი პარავიჩინიზე. ბენჟამინ სოლარი მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების არგენტინელი მხატვარია, რომელსაც სპეციალისტები არგენტინელ, ან გნებავთ, ამერიკელ ნოსტრადამუსს უწოდებენ. სწორედ მან იწინასწარმეტყველა ბევრი დღევანდელი მოვლენა – კატასტროფები თუ მეოცე საუკუნის პოლიტიკური ფიგურის გამოჩენა. მათ შორისაა, იაპონიის ტრაგედიაც, რომელიც საკმაოდ უცნაურ, გრაფიკულად შესრულებულ ნახატზე აქვს ასახული. ნახატს „ფსიქოგრაფული” ეწოდება, 1939 წლით არის დათარიღებული და ქვევით, ესპანურად აწერია „იაპონია”.

ხსენებული მისტიკური ნახატი შესულია წიგნში: „ბენჟამინ სოლარი პარავიჩინის დაუსრულებელი და გამოუქვეყნებელი წინასწარმეტყველებები”. წიგნს ეპიგრაფად აქვს წამძღვარებული მხატვრის წინასწარმეტყველური ფრაზა: ყურისწამღები ხმაური გააყრუებს სიმაღლეებს. ამოქმედდება „F ბომბი”. სავარაუდოდ, „F ბომბი“ ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან გაჟონვაზე მიუთითებს ან თავად ამ ადგილის სახელწოდებაზე. პარავიჩინიმ ასევე იწინასწარმეტყველა ექვსდღიანი ომი ახლო აღმოსავლეთში – ისრაელსა და მის მეზობლებს შორის, ფრანკოს აღზევება ესპანეთში, რუსეთ-ამერიკის მეტოქეობა კოსმოსში 2001 წლამდე და ეკონომიკური კრიზისი საკუთარ სამშობლოში.

– ამბობენ, რომ მას ამერიკის 11 სექტემბრის ტრაგედიაც ზუსტად აქვს გადმოცემული ნახატზე.

– კი, ასეა. 2001 წლის 11 სექტემბერს კაცობრიობა შოკში ჩააგდო ტყუპ ცათამბჯენებზე მოულოდნელად განხორციელებულმა ტერორისტულმა შეტევამ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბენჟამინ სოლარიმ ამ დიდი ტრაგედიის ამსახველი გრაფიკული ჩანახატებიც შექმნა. აღსანიშნავია, რომ სოლარის ნახატებზე ხშირად, უცნაური ფიგურები, მწუხარე სახეები ედვარდ მუნკის სტილში და მისტიკური საგნებია გამოსახული. აი, რას წერს ის საუკუნის დასაწყისში შტატებში მომხდარ უბედურებაზე: „ამერიკის თავისუფლება დაკარგავს თავის ნათელს. იგი აღარასოდეს იქნება ისეთივე კაშკაშა, როგორიც მანამდე იყო. თავისუფლების სკულპტურაზე ორჯერ მიიტანენ იერიშს”.

– მისი ბიოგრაფიული ცნობების შესახებ რას გვეტყვით?

– იდუმალებით მოცული და ფართო მასებისთვის დღემდე არცთუ ცნობილი არგენტინელი მხატვარი ბენჟამინ სოლარი პარავიჩინი ბუენოს-აირესში, 1898 წლის 8 აგვისტოს დაიბადა. უდიდესი მხატვარი ცხოვრებაში საკმაოდ თავმდაბალი და უბრალო ადამიანი გახლდათ. არაჩვეულებრივი ნიჭისა და თვისებების გამო, ის ბუენოს-აირესის მაღალი ხელოვნების მუზეუმის დირექტორიც გახდა.

მყუდრო სახელოსნოში, სადაც სიჩუმეც კი მისტიკური და სხვანაირი იყო, ბენჟამინ სოლარი თავის უცნაურ ნახატებზე მუშაობდა. წინასწარმეტყველური ხედვა ქაღალდზე სპონტანურად გადაჰქონდა და ალბათ, მის გაოცებას საზღვარი არ ექნებოდა, რომ ენახა, რა სასტიკი და ულმობელი სიზუსტით შესრულდა ყველა ის დათქმა, რაც მან კონტურული მონახაზებით შავით თეთრზე გადაიტანა.

წინასწარმეტყველებები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ მისი მშობლიური ქვეყნის მომავლის ხედვით, ის მთელი მსოფლიოს მომავალს ჭვრეტდა. იმ დროისთვის, სოლარის ოჯახი დიდ კოლონიალურ სახლში ცხოვრობდა, რომელიც სოლარის დედას მემკვიდრეობით ერგო. სახლი ბუენოს-აირესის ჩრდილოეთით მდებარეობდა. უცნაური ხეებითა და მცენარეებით გარშემორტყმულ, ქალაქისგან გამიჯნულ, არქაული ტიპის სახლში სოლარის სწორედაც ის გარემო ჰქონდა შექმნილი, რომ მისტიკურსა და უცნაურზე ეფიქრა. ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი სოლარის 1936-1940 წლებში ჰქონდა. როდესაც ჰკითხეს, თუ საიდან იღებდა წინასწარმეტყველურ შეტყობინებებს, მან უპასუხა, რომ ყურში ქალის იდუმალი ხმა ჩაესმოდა. ის ჩასჩურჩულებდა და აიძულებდა, საკუთარ ნახატებსა და ლექსებში ნათელი მოეფინა მოვლენებისთვის, რომლებიც კაცობრიობას ელოდა. ერთ-ერთი მისი ბიოგრაფის ესპანურენოვან წიგნში მოთხრობილია, ასეთი უცნაური შემთხვევა: 1936 წელს, ჩვეულებრივ, ღამით, როდესაც მხატვარი ლექსის წერით იყო გართული, დაინახა, როგორ შეენარცხა, სრულიად უმიზეზოდ თითბრის მძიმე ლამპა კედელს და ნამსხვრევებად იქცა. მთელ ღამეს, ძილი არ ჰქონია მხატვარს. ხელში საოცარ ძალას გრძნობდა. ანაზდად წამოდგა და ხატვა დაიწყო ერთი წადილით შეპყრობილმა, როგორმე ეს შეტყობინებები ქაღალდზე ნახატის სახით გადაეტანა. თუმცა, შემდეგ, იქიდან ბევრი გადაყარა და ცეცხლს მისცა. ამიტომ, სამწუხაროდ, მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია.

საინტერესო ფაქტია ის, რომ სოლარის ხილვა ჰქონდა და ქაღალდზე დახატა მკვდარი, თავდაყირა დაკიდებული მუსოლინი – ზუსტად ისე, როგორც 1945 წელს, მილანში, ქუჩაში ნახა დუჩე, მისმა დიასახლისმა, კლარა პეტაჩიმ. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ სოლარიმ ეს ნახატი 1936 წელს შექმნა, ბენიტო მუსოლინის დიდების ზენიტში და 9 წლით ადრე, მის სიკვდილამდე. რამდენიმე წლით ადრე, დეტალურად, მთელი სიცხადით დახატა ატომური ბომბის მოქმედება და მისი შედეგი, ვიდრე მას რომელიმე ბირთვული სახელმწიფო გამოიყენებდა.

მაგრამ სოლარის ცხოვრების თავსატეხებით სავსე და ენიგმატური ასპექტი ამ ძალზე უცნაური მხატვრის უცხოპლანეტელებთან, არამიწიერ არსებებთან კონტაქტია. სანდო წყაროებსა და მონათხრობზე დაყრდნობით (მათ შორისაა, ცნობილი, ესპანელი მკვლევრის, ანტონიო რივერას წიგნი) სხვა ცივილიზაციებიდან მოსულმა ჰუმანოიდებმა სოლარი მოიტაცეს მცირე ხნით და კოსმოსურ ხომალდში ჰყავდათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დატყვევებული. ამაზე მოგვითხრობს პარაფსიქოლოგიისა და ეზოთერიკის მკვლევარი რობერტ ანდერსონი თავის წიგნში – „მისტიკური გარემოებები და გაუჩინარებები”. თავის დროზე ამ ამბავზე თავად ბუენოს-აირესის პრესაც წერდა. „მე შევხვდი ჩრდილოური, ნორდული გარეგნობის არამიწიერ არსებას, რომელსაც ზეცასავით ლურჯი და ისეთი კაშკაშა თვალები ჰქონდა, აბრმავებდა ადამიანს. ქერათმიანი ჰუმანოიდი მოგუდული ხმით სრულიად გაუგებარ ენაზე მელაპარაკებოდა. თუმცა, ჟესტებსა და გამომეტყველებაზე აშკარად ვატყობდი, რომ მეგობრულად იყო განწყობილი. მათთან კონტაქტის მერე მივხვდი, რომ ტელეპათიური უნარი მაქვს და შემიძლია, მათი აზრების ფრაგმენტულად გაგება სწორედ ამ ტელეპათიური კომუნიკაციის საშუალებით. არ მეშინოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ დედამიწაზე დამაბრუნებდნენ ზუსტად იმ ადგილზე, საიდანაც მომიტაცეს. როცა ამ უცნაური ტრანსიდან გამოვფხიზლდი, ზუსტად იქ ვიყავი, ობელისკის სიახლოვეს, საიდანაც წაიყვანეს“, – ამბობს ბენჟამინი პრესისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.

– ოცდამეერთე საუკუნეზე რას ამბობს არგენტინელი მხატვარი?

– ბენჟამინ სოლარი ხშირად წინასწარმეტყველებდა, რომ მესამე ათასწლეულში ჩვენს პლანეტას ბუნებრივი გზით „დიდი გაწმენდა” ელის – მიწისძვრები, წყალდიდობები, მყინვარების დნობა და ტორნადოები. ყველაფერი ეს მისი წინასწარმეტყველების სიზუსტეზე მიუთითებს. მანამდე, ის ამბობს, რომ: „კაცთა ცივილიზაცია დაკარგავს ჭეშმარიტი ცივილიზაციის სახეს და ადამიანები მხეცებს დაემსგავსებიან – ვისაც ყურები აქვთ, ისმინონ, ვისაც თვალნი ასხიათ, დაინახონ. რასები და ერები, რომლებიც ერთმანეთს ჭირის დღესავით ვერ იტანენ, შეერთდებიან. მსოფლიო ომის ქარცეცხლში გაეხვევა – ინდოეთი, რუსეთი, ჩინეთი და იაპონია. აფრიკა ამას დასაბამს მისცემს. ამერიკა მოწმის როლში გამოვა. ჩრდილოეთ ამერიკას შეიძულებს მთელი მსოფლიო და იქ ტანჯვისა და გოდების საათი დაისადგურებს, მაგრამ ხსნა არსაიდან იქნება”. როგორც ვხედავთ, ბენჟამინ სოლარი მესამე მსოფლიო ომს წინასწარმეტყველებს მილენიუმის დასაწყისში, რასაც თანამედროვე მედიასაშუალებები და პოლიტოლოგები ხშირად განიხილავენ ლიბიის კრიზისის გამო. ასე რომ, როგორც ვხედავთ, მისი წინასწარმეტყველებები ნამდვილად ყურადსაღებია.


скачать dle 11.3