კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ყულოშვილი

ყულა, ყულია, ყულო უცხოური სიტყვაა. ეს სიტყვა ინდოეთიდან მოდის. აზიის ზოგ ქვეყანაში ის მტვირთავს, ბარგის წამღებს ან, შავ მუშას ნიშნავს.

ყულოშვილთა სამშობლოდ ჩანს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე – საინგილო.

ყულოშვილები ქართველი მართლმადიდებლური სარწმუნოებისანი არიან. ყულოშვილთა წინაპრები დღესაც საინგილოში, საქართველოს ყოფილ მიწაზე ცხოვრობენ. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ერთი კომლი გადმოდის კახეთში. გურჯაანის რაიონში დასახლებულები ყულიშვილებად ჩაუწერიათ.

ასევე, ყულ ფუძითაა გაწყობილი გვარები: ყულბაია, ყულეჯიშვილი. ყულიანცი კი იგივე ყულიაშვილი უნდა იყოს.

ყულიაშვილები ქართველი აზნაურიშვილები არიან. ცხოვრობდნენ სოფელ ირაგაში, კოდაში, დმანისის რაიონში, გორში.

საქართველოში 61 ყულიშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 38, დმანისში – 14, რუსთავში – 9.

83 ყულოშვილი: თბილისში – 48, რუსთავში – 11, ლაგოდეხში – 8. არიან სხვაგანაც.

გვარიძიშვილი

წარმომავლობის მხრივ, იდენტურია გვარისა ბერიძიშვილი.

საკუთარი სახელიდან წარმომდგარა გვარი გვარაძე, გვარიძე. ადგილმონაცვლეობისას, სხვა ადგილას გადასვლისას დაუწერიათ გვარიძიშვილი. ამის მაგალითებით სავსეა 1864 წლის შემდგომი წლები. შედარებისთვის: წიკლაური – წიკლაურიშვილი, ბერიძე – ბერიძიშვილი და ასე შემდეგ.

გვარიშვილი კი თავადური გვარია და დადეშქელიანებიდან იღებს სათავეს.

გვაქვს გვარი გვარძიკი. ის აზნაურული გვარია სამეგრელოში.

საქართველოში 43 გვარიძიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 26, საგარეჯოში – 17.

თეგაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თეგი.

ქვემო ქართლში გვარი თეგაძე მოიხსენიება 1721 წელს.

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, სიამისა და ედიშერის ყმად სოფელ ხოზეთში მოიხსენიება სეხნია თეგაძე.

ამავე ძირისაა გვარები: თეგაძისშვილი და თეგაშვილი.

გადმოცემის მიხედვით, თეგაძეების გვარი თელავის რაიონის სოფელ თვალთოდან არის გადმოსული. მათი გვარი შიმშანიაშვილი ყოფილა. ამ გვარის წარმომადგენლები დღესაც სახლობენ იყალთოში და ერთმანეთთან აქვთ მიმოსვლა. იყალთოს თეთრი გიორგის სალოცავში დღემდე დადიან სალოცავად შავსაყდრელი თეგაძეები.

საქართველოში 95 თეგაძე ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 52, თბილისში – 40, გორში – 3.

მამუკაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მამუკა.

მამუკაშვილი მოიხსენიება ვარაზა გერმანოზაშვილის მიერ შერმაზან ყორღანაშვილისადმი მიცემულ საზღაურის წიგნში.

საქართველოში 1 444 მამუკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 512, გორში – 162, გარდაბანში – 151. არიან სხვაგანაც.

თულაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თულა.

სამწევრისის ტაძრის წარწერაში მოხსენიებულია მამასახლისი გიორგი თულაისძე.

თულაშვილები იყვნენ საბარათიანოს მებატონეები, რომლებსაც ყმები ეკუთვნოდათ ღვევში, ზბრითში, აწუფში, ბეგრეთში. 1696 წელს თულაშვილებს ჩამოართვეს ღვევის გლეხები, რომლებიც ომიანობის დროს მეფე ერეკლეს მეითრის შვილისთვის წაურთმევია და თულაშვილებისთვის მიუცია.

ამავე ძირისაა გვარები: თულაძე, თულიანი, თულოშვილი.

საქართველოში 135 თულაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 51, გორში – 31, რუსთავში – 11. არიან სხვაგანაც.

კოკაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კოკა.

1721 წელს საბარათიანოში, ბატონის მეფის სახასოში მოიხსენიება ყაზარა კოკაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: კოკაია, კოკაური, კოკელაშვილი, კოკელაძე, კოკიაშვილი, კოკილაური, კოკილაშვილი.

საქართველოში 98 კოკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 40, რუსთავში – 34, მცხეთაში – 6. არიან სხვაგანაც.

642 კოკაია: მარტვილში – 357, სენაკში – 285.

ზოსიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზოსია, რომელიც ბერძნული სახელიდან – ზოსიმედანაა ნაწარმოები და „ცხოვრებისუნარიანს“ ნიშნავს.

1873 წლის აღწერის მიხედვით, სოფელ ლასტისციხეში ფილიპე ზოსიაშვილი-ქავთარაძე მოიხსენიება.

საქართველოში 330 ზოსიაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 138, ტყიბულში – 112, თბილისში – 16. არიან სხვაგანაც.

თანდარაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თანდილა, რომელიც ავთანდილის კნინობითი ფორმაა. საკუთარ სახელად გვხვდება მხოლოდ საქართველოში. აქედან მომდინარეობს გვარი თანდილავაც.

1721 წელს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ მოხსენიებულია ივანე თანდილაშვილი.

ვარდისუბანში ივანე თანდილაშვილი 1874 წელს ნათლავს შვილს – გიორგის. მიმრქმელი იყო ვარდისუბნელი ზაქარია ჩომახაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: თანდაშვილი, თანდელაშვილი, თანდილაური.

საქართველოში 850 თანდარაშვილი ცხოვრობს: თელავში 271, თბილისში – 204, სიღნაღში – 79. არიან სხვაგანაც.

კოხაძე

გვარის ფუძეა მეტსახელი კოხი.

სოფელ პატარა თიანეთის 1843 წლის აღწერაში მოიხსენიება სოსია და მურად კოხაძეები.

ამავე ძირისაა გვარები: კოხია, კოხოძე, კოხიაშვილი.

კოხაძე-კოხოძეები გვარამაძეთა განაყოფი გვარებია.

საქართველოში 661 კოხოძე ცხოვრობს: ბაღდადში – 383, ქუთაისში – 124, თბილისში – 48.

26 კოხაძე.

ზარხოშაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ზარხოშა, რომელიც სპარსული სიტყვიდან – ზარხოშიდან მომდინარეობს და ქართულად „ნასვამს“ ნიშნავს.

1721 წელს მოისხენიება ზურაბა ზარხოშაშვილი.

საქართველოში 186 ზარხოშაშვილი ცხოვრობს: გორში – 139, თბილისში – 17, ქარელში – 11. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3