კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი გოგო ჰყავდა გიორგი გიორგანაშვილს ორი წლის განმავლობაში და რატომ არ უნახავს მას თამრი ბზიავა ჩაცმული

არ ვიცი, ამ გიჟურ ინტერვიუს რა დავარქვა, რადგან, ძალიან რთული გასარკვევი აღმოჩნდა, სად იწყება ერთის ან მთავრდება მეორის პასუხები. გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას და თამრი ბზიავას ურთიერთობა თეატრალურიდან დაიწყო, მაგრამ, ჩვენი შეხვედრის მიზეზია ფილმი „დაბადებულები საქართველოში”, რომელშიც მეგობრებმა არაჩვეულებრივად გამოავლინეს თავიანთი ნიჭი.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია თამრი ბზიავა

– ჩვენი ფილმი პრესამ ძალიან კარგად მიიღო, ეს არ გახარებს?

– სიმართლე გითხრა, მედიაზე მეტად კრიტიკოსების აზრი მაინტერესებდა, რომლებიც პროფესიულად აფასებენ ამა თუ იმ ფილმს. მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენების ბოლოს, პრესკონფერენციაზე, მხოლოდ ჟურნალისტები დარჩნენ, მხოლოდ ერთი-ორი კრიტიკოსი დავინახე, რომლებსაც ხმა არ ამოუღიათ. ეს არ მომეწონა. თუ რამე სათქმელი აქვთ, ჯობია, იმ მომენტში თქვან, იმ ადამიანებთან, რომლებიც პასუხს გასცემენ. მერე იწყებენ ხოლმე ლაპარაკს, მერე იჟონება რაღაც ინფორმაციები და ვიღაცეებისგან იგებ, ესა და ეს არ მოეწონათო.

– ამ ბოლო დროს ჟურნალისტებმა უფრო შეითვისეს ეს როლი.

– იმიტომ, რომ სპონტანურად აზრის გამოთქმის უნარი არ აქვთ. იქვე, დარბაზში უნდა მოხდეს ყველაფერი, რომ მაშინვე გამოთქვას ყველამ აზრი. სიმართლე გითხრა, არ ველოდი იმ შეფასებებს, რაც გვქონდა.

– რატომ არ ელოდი?

– იმიტომ, რომ სულ ცუდს ეძებენ. ამ შემთხვევაში, ის ცუდი, რაც მართლა იყო, არავის ხაზგასმით არ აღუნიშნავს. ერთმა ჟურნალისტმა თქვა კიდეც, მინდა იმ შენიშვნებზე ვილაპარაკო, რაც მართლა დავინახე, მაგრამ, იმდენად ბევრი იყო კარგი, რომ ნაკლზე ყურადღების გამახვილება არ მინდაო. ჩემს პრაქტიკაში ეს პირველად მოხდა.

– ჩემი აზრით, ამ ფილმში მცდელობა მაინც არის „არტჰაუსის” – არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მაინც ვიყენებ. ფილმი მართლა არ არის გათვლილი მასაზე. ჩემი აზრით, ძალიან ცუდია ის ტენდენცია, რომ თეატრშიც და კინოშიც მაყურებელი არ არსებობს თუ აღარ დადის, ვერ ვხვდები.

– ამაში დიდი წვლილი მიმწოდებელს მიუძღვის. მიმწოდებლები ვართ ჩვენ – კინო, ტელევიზია, თეატრი. ჩვენ ვაჩვევთ ამ ყველაფერს, ჩვენ ვანახვებთ სულ ნაგავს და ამ ნაგავზე ვსხედვართ. პირველი პრეტენზია ტელევიზიებთან მაქვს, მაგრამ მათაც რომ ჰკითხოთ, მარკეტინგულად სხვანაირად არ აწყობთ – ფული არ შემოდის. გადაჩვევა შესაძლებელია, თუმცა, ამასაც დრო უნდა.

– თავიდან როგორი დამოკიდებულებით, რა ემოციებით იყავი ფილმთან დაკავშირებით და ახლა როგორ ხარ?

– მე და თაკოს (თაკო შავგულიძე, რეჟისორი, – ავტორი) ორი მხარე გვქონდა. მას უნდოდა, რომ ჩემი პერსონაჟი ინდიფერენტული, ცივი და უემოციო ყოფილიყო, ცოტა იაპონელის ტიპაჟის, რომლის მთელი ემოციურობაც ბოლო სცენაში გამოჩნდებოდა, ბოლოს უნდა გახეთქილიყო. ჩემი ვერსია კი იყო, გაგვეკეთებინა ის, რასაც ლოგიკურად ვგრძნობდი. თაკომ, რაც უნდოდა, საბოლოოდ ის გააკეთა და აბსოლუტურად სწორად მოიქცა. დღეს ფილმს რომ ვუყურებ, თავიდან ბოლომდე ვეთანხმები, გადაღებების დროს კი ამოხეთქვის გარეშე ვერ ვითმენდი. ამიტომ ორ-ორ ვერსიად ვიღებდით ყველაფერს: ერთი ჩემი, უფრო ემოციური ვერსია იყო და ამით ჩემს ეგოსაც აკმაყოფილებდა და თან იმასაც მაკეთებინებდა, რაც თვითონ უნდოდა. ზუსტად იმ ემოციებს გამოვხატავდი, რაც იმ მომენტისთვის შესაბამისი, ადამიანური იყო. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ტიპაჟი, რომელიც ძალიან მოუხდა ფილმს. ცოტა დეპრესიულია, ომის პერიოდის ხასიათი აქვს. ჩემთვის იმ მომენტში ცოტა აბსურდული იყო ეს სიტუაცია, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ძალიან რეალური რაღაცეები ხდებოდა. იმდენად დავიბენი ომის პერიოდში, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. პირველი, რაც ვიგრძენი, იყო ის, რომ ჩემები როგორმე უსაფრთხო ადგილას მყოლოდა. მიუხედავად იმისა, რომ სულით „ვაიაგა” არ ვარ, მართლა წამსვლელი ვიყავი. ეგეთ დროს, უკანასკნელ კუანად მიმაჩნია ის, ვინც ქვეყნიდან გაიქცევა.

– იმ პერიოდში საქართველოში არ ვიყავი და ეს იყო ყველაზე დიდი საშინელება. ის, რაზე საუბრითაც გიორგის გმირი ფილმს იწყებს, რეალურად გადამხდა. ექვსი თვით წასული ვიყავი ინგლისში. რომ გავიგე, აქ რა ხდებოდა, თან ვერ ვიჯერებდი, თან გარედან სულ სხვანაირად ჩანდა ეს ყველაფერი. ერთხელ ჩემმა ნაცნობმა მომწერა, შენ რა გიჭირს, მანდ ხარ და თავი ქუდში გაქვსო. არადა, ყველაზე საშინლად ვიყავი. ყოველდღე ვრეკავდი და მეუბნებოდნენ – არ ვიცით, რა იქნება, შეიძლება, დაგვბომბონ და რაღაც ასეთი ტექსტები. მართლა ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მექნა. ჩემი აზრით, ყველა ომი, რაც კი ბოლო დროს საქართველოში იყო, ფარსია. ფარსია, მაგრამ მაინც მიდიხარ.

– ვერ გაჩერდები, არ არსებობს.

– ყველა, მათ შორის ჩემი ბევრი მეგობარი სულ სხვა კუთხით გიცნობს, სხვანაირი ჰგონიხარ. მაგრამ ჩვენ, ვინც შენთან ერთად გავიზარდეთ, სულ ერთად ვიყავით, ზუსტად ვიცით როგორიც ხარ შიგნიდან, როგორია რეალური გიორგი. შეიძლება, შენი გმირი შენს ბუნებასთან კავშირში არ არის, მაგრამ, ბევრ საერთოსაც ვპოულობთ. სულ „ღადაობ“, ხუმრობ, მაგრამ, ვიცი, რომ გაქვს ის სევდა, რომელიც შენს გმირსაც აქვს.

– კი, ეგ ეგრეა, შიგნიდან მაგარი მუდო ვარ.

– ამ თვისების ქონა ამართლებს ამ ფილმსაც, რადგან შენი რაღაცეებიც დევს. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, თეატრშიც და კინოშიც მაინც საკუთარ თავს დებ. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩემს გმირს რაღაც წერტილი აკლია, დაბოლოება.

– არაფერიც არ აკლია, მშვენიერია, მართლა. ჩვენ არ გვინახავს გახმოვანებული და ახლა ყველაფერი ძალიან კარგადაა აწყობილი. ძალიან კარგია შენი და ვანიკოს სექსის სცენაც.

– ამაზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა: მე, შენ და ვანიკო, პრაქტიკულად, ერთად ვართ გაზრდილები. ერთადერთი, ვისთანაც დაახლოება მომიწია, ეს ნუცაა. ჩვენ კი თხუთმეტი წლიდან სულ ერთად ვართ.

– ჩვენი ჯგუფი ექსპერიმენტული იყო და, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, შვიდი წელი ერთად ვცხოვრობდით. სამსახიობო სწავლება ოცდაოთხსაათიანი ერთად ყოფნაა...

– ამიტომაც ვამბობ, რომ, თუნდაც, სექსის სცენა ძალიან გამიჭირდებოდა, მეუხერხულებოდა და, ალბათ, ვერ გავაკეთებდი უცხო მსახიობთან. ვანიკოსთან კი ეს ორ დუბლში გადავიღეთ. ვანო იმდენად ჩემიანია, რომ საერთოდ არ გამიჭირდა.

– ეგ ყველაფერი მანამდე ხშირად გვიკეთებია, თუნდაც მაიმუნობის, ექსპერიმენტების დონეზე. სულ რაღაცას ვაკეთებდით, ვმუშაობდით. თუნდაც, ეტიუდების კეთების დროს, ვიღაცის გახდაა საჭირო და თამრის ვუძახდით ეგრევე. შვიდი წელი სულ გახდილი იყო და ჩაცმულს ვერ ვცნობდი. დღეს რომ მოვიდა და დავინახე „ბანწიკიანი” კაბით, მეთქი, ქეთი მოვიდა.

– ძალიან მიხარია, თუ ასეა. ქართულ კინოში პრობლემაა მსგავსი სცენების გადაღება და, მინდა, აღვნიშნო, რომ ამ სცენის სიკარგე თაკოს დამსახურებაა. შენ და ნუცას ამ ფილმში იდეალური ურთიერთობა გაქვთ, თუ შეიძლება, საერთოდ რამეს იდეალური უწოდო. რეალურად ცხოვრებაში ასეთი ურთიერთობები არსებობს?

– ალბათ, ვიღაცეებს შეუძლიათ, გრძელვადიან ურთიერთობებშიც რაღაცეების შენარჩუნება, მაგრამ, მე არა, ნაღდ ცხოვრებაში ეს არ გამომდის. ამ ორი წლის განმავლობაში ხუთი ურთიერთობა მქონდა, აქედან ერთი ცოლი იყო. ჩემთვის ურთიერთობების შენარჩუნების მაქსიმუმი, ვადა ორი წელია. შეიძლება, ეს იმის გამოც არის, რომ შვილი არ მყავს, ანუ, არ მქონია ურთიერთობების გაგრძელების ვალდებულება – ამ დროს მაინც ცდილობ ოჯახის შენარჩუნებას. არ ვიცი, რის გამო ხდება ეს. რთულია ურთიერთობები, ან, მე ვარ რთული, ვერ გეტყვი. ვერ წარმომიდგენია, ვიღაცასთან ვიყო მთელი ცხოვრება კი არა, თუნდაც ათი წელი.

– ეს თავიდანვე იციან ხოლმე იმ გოგოებმა?

– ასე პირდაპირ არ ვეუბნები ხოლმე, მაგრამ, როცა ყველაფერი ამოწურვამდე მიდის, თვითონაც ხვდებიან.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია გიორგი გიორგანაშვილი

– რამდენი კილო ხარ?

– სამოცდასამი (იცინიან). მსუქანი ვარ.

– ეს სიმსუქნე გენეტიკურია თუ რა ხდება? სახეზე ხდები და უკანალი ისევ გრჩება. კი, „იჩალიჩე“ჯ და თვე-ნახევარი დიეტაზე იყავი, მაგრამ, მაინც არ გამოგდის. თუმცა, შინაგანად იმდენად მომხიბვლელი ხარ, ამ პროპორციებს აღარავინ უყურებს (იცინიან).

– ბევრს მოსწონს ფორმებიანი ქალები.

– შენ, ცხოვრებაში გგონია, რომ ჯანმრთელი ხარ?

– რა იდიოტი ხარ! ამაზე პასუხი თქვა კატომ – ნუცას და გუკას შვილმა. ნუცა ეკითხება: ხომ იცი, ეს ვისი დაა? თორნიკესი. ხომ იცი, თორნიკე რომელიაო? კი, როგორ არა, გიჟი თორნიკე როაო. ბავშვმაც კი იცის, რომ გიჟი თორნიკეს და ვარ. რა ვიცი, მთლად ჯანმრთელი ვარ-მეთქი, ვერც საკუთარ თავზე ვერ ვიტყვი (იცინიან).

– რა უნდა გკითხო, არ ვიცი. ცხოვრებაში ხარ ლენჩი. იუმორი აქვს (მე მომმართავს, – ავტორი), მაგრამ, იმდენად უყურადღებო, რომ, ვერ იტყვი, კომიკური ტიპიაო. ინსტიტუტშიც და მერეც რომ გიყურებ, კომიკურზე მეტად უფრო დრამატული მსახიობი ხარ. ისე შეგიძლია, უცებ გარდაისახო, ისე გამოხატო კონკრეტული ემოცია, როგორც არავინ, ყოველ შემთხვევაში, ვერავინ იმ მსახიობებს შორის, ვინც დღეს გვყავს. ყველანაირი ხუმრობის გარეშე ვამბობ, რომ თანამედროვე მსახიობ გოგოებში შენნაირი არავინ მეგულება.

– მადლობა, გიორგი. ძალიან მომწონს, რომ ცხოვრებაში სხვანაირი ვარ, სხვანაირი ვჩანვარ და სცენაზე გარდასახვა შემიძლია.

– არა, ცხოვრებაში იმდენად იდიოტი ხარ, რომ ვერც წარმოიდგენ თუ ეს საერთოდ რამის გამკეთებელია. მართლა მაინტერესებს, როგორ ახერხებ ასეთ წამიერ კონცენტრირებას?

– მართლა ძალიან მაგარი პედაგოგი გვყავდა, რომლის სერიოზული დამსახურებაა, რაც დღეს ვიცი. მონაცემები საჭიროა, მაგრამ, ვხვდები, რომ ამ პროფესიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს შრომას და საკუთარ თავზე მუშაობას. ეს ნამდვილად გვასწავლეს, თუნდაც ტექნიკურად. მართალია, ჩვენთან არ ისწავლება კინო, ამას ალბათ უფრო ჩვენი ალღოთი ვაკეთებთ, მაგრამ, მაინც მგონია, რომ კარგი, მართლა კარგი თეატრალური მსახიობი თუ ხარ, კინოშიც კარგი იქნები. როგორც სპორტსმენს სჭირდება, რომ ირბინოს, ივარჯიშოს და ფორმაში იყოს, ისე სჭირდება მსახიობს მუდმივი ვარჯიში საკუთარ თავზე.

– დიდი ხანია, აღარაფერი გამიკეთებია და ვატყობ, რომ უკვე გამიჩნდა ის პრობლემები, რაც შენ და ვანოს არ გაქვთ.

– გადაღებებს შორის ძალიან პატარა პაუზა უნდა იყოს, სულ უნდა მუშაობდე, გიღებდნენ.

– თქვენ სულ მუშაობთ, თეატრშიც ხართ. პირდაპირ შეგიძლია დაწერო, რომ დღევანდელი თეატრი მეზიზღება, მძულს.

– მეც ზუსტად ასე ვარ, აღარაფერს აღარ მაძლევს. ისე, ცუდ რეჟისორთან მუშაობას ისევ გაჩერება ჯობია, რადგან მას პირიქით, რეგრესისკენ მიჰყავხარ. მსახიობი არ უნდა გაითქვიფოს და ძალიან დაწვრილმანებულად აირჩიოს, სად იყოს, სად გამოჩნდეს, ვისთან ითამაშოს.

– აუცილებლად იშტამპები – სერიალი, ყოველდღიური გადაცემა ცუდად მოქმედებს. იმ გადაცემამ, რომელიც ბავშვობაში მიმყავდა, სერიოზულად დამშტამპა. ბევრი წელი წამართვა ამ გადაცემამ. რეჟისორები ამის გამო დიდი ხნის განმავლობაში არ მაკავებდნენ. ამდენი წლის მერე ალბათ ეს მომენტი მაყურებელს დავიწყებული ექნება.

– უცხოეთში სხვანაირად ხდება – იქ სატელევიზიო პროექტებიც ხარისხიანია, რაღაცას სწავლობ, აქ კი ვერ იზრდები. ამიტომ, ჯობია, რომ არ იყო, ვიდრე იყო. მსახიობობა ის პროფესიაა, რომელიც ყველა ვარიანტში მოითხოვს, იყო ძალიან პოპულარული, თუმცა, ეს ჩემი თვითმიზანი მართლა არ ყოფილა.

– შენს გმირზე ვლაპარაკობდით...

– მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გმირი აქტიური და ემოციურია, ჩემთან შედარებით მაინც ძალიან მშვიდია. ძალიან ბევრ სიტუაციაში, რასაც ჩემი გმირი ითმენს, ავფეთქდებოდი კი არა, სასწაულებს გავაკეთებდი. სამსახურიდან პირდაპირ რომ ადგა და წამოვიდა, ასე არ წამოვიდოდი, ასე უჭკუოდ არ მოვიქცეოდი.

– შენს პერსპექტივებზე მოგვიყევი, სადღაც აპირებ ხომ წასვლას?

– ამაზე საუბარი ჯერჯერობით არ მინდა, მაგრამ, ზოგადად აქედან წასვლა მინდა. წასვლა იმიტომ კი არა, რომ აქ ცუდად ვგრძნობ თავს, უბრალოდ, მასშტაბი მინდა გავზარდო. ზუსტად ვიცი, იგივე გინდა შენც. შეიძლება, დიდი და ბევრი არაფერი, მაგრამ, რაღაცეები გამიკეთებია, რაც მაძლევს იმის საფუძველს, რომ იქ წასულს კონკრეტული იმედები მქონდეს. ორი წლის წინ ედინბურგის ფესტივალზე ოთხი ვარსკვლავი მომცეს. ეს კი ნიშნავს, რომ იქ უფრო დამინახეს, ვიდრე აქ, მიუხედავად იმისა, რომ აქაც ბევრჯერ ვითამაშე ის სპექტაკლი. ერთი ქალი ესწრება ხშირად ედინბურგის ფესტივალს – ჯოის მაკ მილანი, კრიტიკოსი, რომლის თითოეულ დაწერილ სიტყვას ყველაზე დიდი წონა აქვს იქ. მითხრეს, რომ ეს ქალი მოდის და დღეს რომ ვერ ითამაშო, ჩათვალე, ყველაფერი დამთავრდაო. ჩემზე ასეთი რაღაცეები კარგად მოქმედებს, არ ვიძაბები. იქ სულ იწერება რეცენზიები და, რაც უფრო დიდ ვარსკვლავს გაძლევენ, ამის მიხედვით დადის ხალხი სპექტაკლებზე. ჯერ ისეთი სასწაული დახასიათება დაწერა, ისე მოყვა და გამართა ყველაფერი, რომ ნამდვილად უდრიდა ყველანაირ შეფასებას. რომ ვკითხულობდი, ვფიქრობდი, ამას მე ვთამაშობ-მეთქი?! ეს ქალი ხუთ ვარსკვლავს თითქმის არავის არ აძლევს და მომცა ოთხი ვარსკვლავი, რასაც მართლა არ ველოდი. ეს, ალბათ, ყველაზე დიდი მიღწევა იყო. დავიბენი, თან მიხაროდა, მაგრამ, როგორც კი პირველი ეიფორია გადის, ეგრევე ახალი და ახალი რაღაცეების მიღწევა გინდება.


скачать dle 11.3