კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ნიშნავს პურისა და შაქრის გაძვირება ინფლაციას და რატომ ძვირდება საქართველოში საწვავი, ლარის გამყარების პარალელურად

მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს ლარი ლამის შეუქცევადად მყარდება, ფასები ეროვნული ვალუტის გამყარებას მთლად ადეკვატურადაც ვერ უწყობს ფეხს (ხანდახან – პირიქითაც). ცნობილია, რომ საქართველოს მსგავს თითქმის იზოლირებულ ეკონომიკაში ლარის გამყარება არცთუ შრომატევადი და თავსატეხი საქმეა და, აშკარაა, რომ ეს საქმე ეროვნული ბანკის ძალისხმევის გარეშე ვერ იქნებოდა. თუმცა, ამის მიუხედავადაც, თუ ფასების ზემოხსენებულ მატებას გავიხსენებთ, ჩნდება აზრი – იქნებ, მთავრობას ამ მადლისთვის მარილიც მოეყარა. ლარის გაიაფებასა და პროდუქციის გაძვირებაზე ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა გვესაუბრება.

– ლარი მყარდება, მაგრამ, მაგალითად, ენერგომატარებლების ფასი მაინც იზრდება, რაც, თავისთავად, იწვევს თითქმის ყველა პროდუქტის გაძვირებას. რა ხდება ამ ჩვენი ვალუტის თავს?

– აქ რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ტენდენციაა და ამიტომაც არის ფასების ზრდის პრობლემა. ამასთან ერთად, ეროვნული ბანკის ქმედებასაც, რის გამოც ლარი მყარდება, აქვს გარკვეული ახსნა, მაგრამ, დავალაგოთ ეს საკითხები, რომ მკითხველისთვის გასაგები გახდეს. ეკონომისტები ინფლაციას უწოდებენ სამომხმარებლო საქონელზე ფასების საშუალო დონის ზრდას. ეს არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა სამომხმარებლო საქონელი უნდა გაძვირდეს: ზოგიერთი შეიძლება, გაძვირდეს, ზოგიერთი – ძალიანაც, ზოგი – ნაკლებად, ზოგის ფასი უცვლელი დარჩეს, ნაწილი კი გაიაფდეს. ამიტომ, ინფლაცია ჰქვია გასაშუალოებული მაჩვენებლის გაზრდას. ყოფით ცხოვრებაში ობივატელი, ჩვეულებრივ, ფასების ნებისმიერ ზრდას უწოდებს ინფლაციას, რაც სინამდვილეში მთლად ასე არ არის. თუ პური გაძვირდა, ეს ნიშნავს, რომ პური გაძვირდა; თუ შაქარი გაძვირდა, ეს ნიშნავს, რომ შაქარი გაძვირდა, ანუ შეიძლება, პურიც და შაქარიც გაძვირდეს, მაგრამ ინფლაცია არ იყოს. როდესაც ფასების საერთო დონე იანგარიშება, საშუალო მაჩვენებელი ითვლება და, თუ რაღაც გაიაფდა, ამან შესაძლოა, გადაწონოს სხვა პროდუქტებზე ფასების მატება და ინფლაციის მაჩვენებელი უცვლელი დარჩეს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ცალკეული, მაგალითად, საკვები პროდუქტის გაძვირებას, თუმცა ეს კომპენსირებულია, მაგალითად, ტელევიზორების ან მობილური ტელეფონების გაიაფებით. ასე რომ, ყველანაირი გაძვირება არ ნიშნავს ინფლაციას.

– მაშინ, როგორი გაძვირება ნიშნავს ინფლაციას?

– ინფლაციას იწვევს ორი ფაქტორი: ერთია ინფლაცია, რომელიც გამოწვეულია მოთხოვნის ზრდით და მეორე – ინფლაცია, რომელიც გამოწვეულია დანახარჯების ზრდით. ესეც მარტივად ავხსნათ: რას ნიშნავს მოთხოვნის გაზრდა? თუ თითოეული ადამიანის ჯიბეში იზრდება იმ ფულის რაოდენობა, რითაც უნდა, რომ რაღაც იყიდოს, ანუ იზრდება მოთხოვნა ბაზარზე, მიწოდება კი ვერ იზრდება იმავე ტემპით, გამოდის, რომ მყიდველს მეტი ფულის დახარჯვა შეუძლია, გამყიდველს კი არ აქვს იმავე რაოდენობის საქონელი და, ამიტომაც, ფასი მატულობს. ამას ჰქვია მოთხოვნის ზრდით გამოწვეული ინფლაცია და ამის წყაროა, როგორც წესი, ფულის მასის ზრდა მიმოქცევაში.

– არ მგონია, რომ მაინცდამაინც ბევრი ფული გაგვჩენოდა ჯიბეში.

– ბუნებრივია, ეროვნული ბანკი ვერ იქნება პასუხისმგებელი ცალკეული საქონლის ფასზე, მაგრამ ის პასუხისმგებელია ინფლაციის დონეზე, ამიტომ, ცდილობს, რომ მიმოქცევაში ფულის მასა შეამციროს და, თუ ფულის მასა შემცირდება, ბუნებრივია, ინფლაცია მაღალი არ იქნება. ახლა სრული სურათი რომ წარმოვადგინოთ და დავუახლოოთ საქართველოს რეალობას, მიმოვიხილოთ დანახარჯებით გამოწვეული ინფლაციაც, რადგან საქართველოში სწორედ ამ სახეობის ინფლაცია გვაქვს. დანახარჯებით გამოწვეული ინფლაცია კი შემდეგნაირია: თუ მეწარმეს გაეზარდა გარკვეული დანახარჯი, ბუნებრივია, ის ამ დანახარჯს ასახავს ფასში, ანუ საქონლის გაძვირებას შეეცდება. თუ ბაზარმა მიიღო მომატებული ფასი, ეს ფასი დარჩება, მაგრამ, თუ ბაზარმა ფასი არ მიიღო, მაშინ მეწარმეს მოუწევს წაგებაზე წასვლა და, ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ გადის ბაზრიდან. შედეგად კი მიწოდება მცირდება, ხოლო, თუ მიწოდება მცირდება, ფასები მატულობს. საქართველოში სწორედ ეს ხდება. ჩვენს სამომხმარებლო კალათაში 80 პროცენტი იმპორტული საქონელია, იმპორტული საქონელი კი, როდესაც იზრდება ფასები ენერგომატარებლებზე, იმპორტიორს ძვირი უჯდება და ამიტომაც პროდუქციის ფასს ზრდის. ბაზარი, როგორც წესი, არაელასტიკურ პროდუქტებზე, ანუ ისეთ პროდუქტებზე, რომელთა ჩანაცვლება შეუძლებელია, ფასების ზრდას იღებს. მაგალითად, პურს, როგორც უნდა გაძვირდეს, სხვა პროდუქტით ვერ ჩაანაცვლებ, რადგან ის სხვა კიდევ უფრო ძვირი ჯდება. ამიტომ პურის ფასის ზრდის შემთხვევაში, ბაზარმა ეს გაზრდილი ფასი უნდა მიიღოს. რადგან ჩვენ ხორბლის იმპორტიორი ქვეყანა ვართ, ხორბლის საერთაშორისო ფასი კი იზრდება, ეს აისახება ქვეყნის შიდა ბაზარზე.

– ამავე მიზეზით ძვირდება ენერგომატარებლებიც?

– საქართველო ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანაა და, თუკი საერთაშორისო ფასი იზრდება, იმპორტიორსაც უძვირდება და ისიც აძვირებს, ხოლო, რადგან ამ პროდუქტს სხვა პროდუქტით ვერ ჩაანაცვლებს, ბაზარი ამ მომატებულ ფასს იღებს. აი, ეს ხდება რეალურად საქართველოში. ამ დროს რა ამოცანის წინაშე დგას ეროვნული ბანკი? საქართველოს ეროვნული ბანკის მიზანია, რომ ინფლაცია არ იყოს მაღალი, თუმცა, მარტის ჩათვლით, წლიური ინფლაციის ყოველთვიური მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია: არის ორნიშნა, თანაც მზარდია, ლამის 14 პროცენტსაც კი მიაღწია 2011 წლის მარტში. ამიტომ ეროვნული ბანკი იყენებს მის ხელთ არსებულ, ერთადერთ ინსტრუმენტს: შეამციროს ფულის მასა მიმოქცევაში. ეს ნიშნავს, რომ უნდა ამოიღოს ლარი, ამისთვის რეზერვებიდან უნდა გაყიდოს დოლარი, ხოლო დოლარს თუ გაყიდის, მიმოქცევაში დოლარის მასა იზრდება, ლარის მცირდება და, საბოლოოდ, გამოდის, რომ ლარი დოლართან მიმართებაში მყარდება.

– ვის აზარალებს ყველაზე მეტად ლარის გამყარება?

– ძალიან დიდი გამყარებაც არ არის გამართლებული, რადგან ასეთ პირობებში ექსპორტი საერთოდ აზრს კარგავს. ამიტომ, ეროვნული ბანკი ასეთი დილემის წინაშეა: ერთი მხრივ, ფულის მასა უნდა შეამციროს, რომ ინფლაცია მოთოკოს, მეორე მხრივ კი, ინფლაციის მოთოკვა უჯდება იმად, რომ ექსპორტს კლავს.

– ბოლოს და ბოლოს, რამდენია ეს ჩვენი ექსპორტი?

– იმპორტი ექსპორტს 3,5-ჯერ აჭარბებს, მაგრამ, რაც გვაქვს, ისიც შეიძლება, ჩაკვდეს. თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ექსპორტში კატასტროფული სურათია: პირველ და მესამე ადგილებზე არის ავტომანქანები და ჯართი. საქართველოში კი არც ავტომობილები იწარმოება და, ის ჯართიც, რომელიც გვაქვს, უმთავრესად საქართველოში წარმოებული არ არის.

– საოცარი ნიშა მოვძებნეთ: ჩამოგვყავს ავტომანქანები, შემდეგ ვყიდით და ექსპორტად ვიწერთ.

– განვაბაჟებთ საქართველოში, შემდეგ ვყიდით და თურმე საქართველო არის ავტომანქანების ექსპორტიორი – ეს წყლის მანიპულაციაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას დადებითად არ ახასიათებს. ერთი სიტყვით, ეროვნული ბანკი ცდილობს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენოს ყველა საშუალება და ინფლაცია მოთოკოს, მაგრამ მთავრობა, უბრალოდ, ხელს უშლის და აკეთებს ყველაფერს, რომ ინფლაციას ხელი შეუწყოს.

– რას გულისხმობთ?

– მთავრობას, სამწუხაროდ, არანაირი გააზრებული გეგმა არ აქვს, როგორ იმოქმედოს ინფლაციის საწინააღმდეგოდ.

– არ იცის თუ არ უნდა, რომ ასეთი გეგმა ჰქონდეს?

– მკითხველმა გასცეს პასუხი ამ თქვენს კითხვას, მე, უბრალოდ, დავეხმარები. 2010 წლის დეკემბრის შუა პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას საჯაროდ მისცა დავალება, რომ ორი კვირის ვადაში მოემზადებინა ანტიინფლაციური პროგრამა, ანუ, საახალწლოდ ასეთი პროგრამა მზად უნდა ყოფილიყო. მაგრამ, არათუ საახალწლოდ არ მომზადებულა, არამედ პირველი კვარტალიც დასრულდა, მეხუთე თვეც დაიწყო და არანაირი ანტიინფლაციური პროგრამა მთავრობას არ დაუწერია. სხვათა შორის, უფრო გასაკვირი იქნებოდა, პროგრამა დაეწერა, რადგან, ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს არც ერთ მთავრობას არანაირი პროგრამა არ დაუწერია და რაღა მაინცდამაინც ამას დაწერდნენ?! იმავდროულად კი, აი, რას აკეთებს მთავრობა: საქართველოს სოფლის მეურნეობაში ჩავარდნაა. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2010 წელს საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა დარგში იყო ზრდა, მაგრამ სოფლის მეურნეობაში იყო კლება. ამავე დროს, 2010 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მინისტრი, ისევე, როგორც საქართველოს მთავრობის წევრები, საკუთარ თავს უნიშნავდა ხელფასის ოდენობის პრემიას და, გამოვიდა, რომ წლის განმავლობაში ორ ხელფასი აუღია, თუმცა, ოფიციალური სტატისტიკით, სოფლის მეურნეობა ჩაგდებულია. თუ სოფლის მეურნეობა ჩაგდებულია, საქართველოს მთავრობა კი იწვევს ტურისტებს, რა ეფექტი უნდა ჰქონდეს? კვების პროდუქტების შიდა წარმოება არ გვაქვს; ტურისტი რომ ჩამოდის, ჭამა ხომ უნდა? ანუ, იქმნება დამატებითი მოთხოვნა საკვებ პროდუქტებზე. თუ შენი წარმოება არ გაქვს, ეს პროდუქტები ხომ უნდა შემოიტანო? ეს პროდუქტები კი ძვირია. ანუ, ერთი მხრივ, მოთხოვნა იზრდება, იმიტომ რომ, ტურისტი ჩამოვიდა და მას უნდა ჭამა; მეორე მხრივ კი, შენი წარმოება არ გაქვს და, რომ შემოიტანო, ისიც ძვირი ღირს.

– პრეზიდენტმა თქვა ასეთი რამ: ტურისტების სიმრავლე ხელს შეუწყობს ლარის სტაბილურობასო. ეს როგორ?

– ტურისტების სიმრავლე ლარის სტაბილურობას ხელს უწყობს იმ თვალსაზრისით, რომ მათ შემოაქვთ ვალუტა, მაგრამ, როდესაც სოფლის მეურნეობა ჩაგდებული გაქვს, დამატებითი ტურისტი დამატებითი მჭამელია, რომლის საკვებს შენს ქვეყანაში ვერ აწარმოებ.

– ესე იგი, ტურისტი მაშინ გაგვიმყარებს ეროვნულ ვალუტას, როდესაც გვექნება ეროვნული წარმოება იმ სფეროებში, რომლებიც ამ ჩვენი ტურისტების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

– ტურისტი ქვეყნის ეკონომიკისთვის მაშინ იქნება სასიკეთო, როდესაც თვითონ საქართველოს ეკონომიკა იქნება მწარმოებელი იმ ძირითადი პროდუქტებისა, რომლებიც უნდა მოვახმაროთ ჩამოსულ ტურისტებს, მაგრამ, ჩვენთვის არ გვყოფნის და, როდესაც ტურისტი ჩამოდის, მით უმეტეს, არ გვეყოფა. მინდა, კარგად გამიგოს მკითხველმა: მე ზოგადად ტურისტის წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ, ამ ვითარებაში ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკისთვის ინფლაციური ტვირთის ზრდის ხელშემწყობია. ასევე, ინფლაციის ხელშემწყობი იყო 20 და 30-ლარიანი ვაუჩერების პროექტიც, რადგან თებერვალ-მარტში ადამიანების ჯიბეში გაჩნდა დამატებით 50 მილიონი, ანუ ხელი შეეწყო მოთხოვნის ზრდას, მოთხოვნის ზრდა კი არის ინფლაციის ზრდის ერთ-ერთი წყარო. გაჭირვებულმა კაცმა, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა თქვას, რადგან მისთვის ოცი ლარი დიდი ფულია, ოცდაათი – მით უფრო, მაგრამ, ეს იყო ერთჯერადი; ამან გაზარდა ფასები და ეს გაზრდილი ფასები დარჩება, ოღონდ, ის გაჭირვებული ადამიანი ვეღარ მიიღებს მომდევნო თვეებში დამატებით 20 და 30 ლარს. ანუ, მთავრობამ გაატარა ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ფასების გაძვირებას უწყობს ხელს.

– კიდევ რომელი ღონისძიებები უწყობს ხელს ინფლაციას?

– სჭირდება თუ არა ქვეყანას ინფრასტრუქტურული პროექტები? რა თქმა უნდა, რადგან გზების მშენებლობა ხანგრძლივვადიან პერიოდში დადებით ეფექტს იძლევა: გზა თუ არ არის, ეკონომიკის განვითარება ფერხდება. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, როგორც კი გზა გაკეთდება, ეკონომიკა იმწამსვე იფეთქებს და, თანაც, თვით ამ გზის გაკეთებასაც სჭირდება დიდი დრო და ხარჯი. ამიტომ, სანამ ეს გზა ეფექტს მოგვცემს, მასზე გაწეულ ხარჯებს ინფლაციური დატვირთვა აქვს ეკონომიკისთვის, თუმცა, მე ამ ხარჯს ვამართლებ: თუ ჩვენ ამ გზას არ გავაკეთებთ, ეკონომიკა ფეხზე არასდროს დადგება. მაგრამ, ამას გარდა, გვაქვს სხვა საზოგადოებრივი ხასიათის დანახარჯებიც, რომლებიც ქვეყნისთვის მაღალი ინფლაციის პირობებში საზიანოა. ესენია: გაუთავებელი ძეგლები, გაუთავებელი კონცერტები, უფუნქციო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, რომლის საუკეთესო ნიმუშია გამჭვირვალე ხიდი მტკვარზე ან პარლამენტის მეორე შენობა.

– მას წყლის ბუშტის კონცეფცია აქვსო.

– რა მნიშვნელობა აქვს?! რა თქმა უნდა, შეიძლება, ქვეყანას ორი კი არა, სამი დედაქალაქი ჰქონდეს, მაგალითად, როდესაც ყაზახეთმა მიიღო გააწყვეტილება, რომ დედაქალაქი ასტანაში გადაეტანა, მათ ამის რესურსი ჰქონდათ.

– რაც მთავარია, ნაზარბაევმა ამით ერთხელ და სამუდამოდ მოუღო ბოლო რუსეთის პრეტენზიას, რომელსაც ის იმ ტერიტორიაზე აცხადებდა, სადაც დღეს ასტანაა.

– ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ, როგორც ეკონომისტი, ვიტყვი, რომ ამის რესურსი ყაზახეთს ჰქონდა, ჩვენ კი რა რესურსი გვაქვს? მაგრამ, მაინც ვაშენებთ და ეს ხარჯი ინფლაციურია. მეტიც, ჰქონდა თუ არა საქართველოს მთავრობას იმ პარლამენტისა და იმ სამთავრობო რეზიდენციის, რომელიც, ასევე, ქუთაისში შენდება, ასაშენებელი ფული?! 2008 წელს, რუსეთის აგრესიის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოგვიყო ოთხ-ნახევარი მილიარდი, მაგრამ, არა იმისთვის, რომ პარლამენტის მეორე შენობა აგვეშენებინა. ამიტომ, ის უცხოელი დონორი უკმაყოფილო რომ არ იყოს მის მიერ მოცემული ფულის არაეფექტიანი ხარჯვით, მთავრობამ, მანიპულაციას მიმართა: ქუთაისში პარლამენტის შენობას აშენებს არა ცენტრალური ბიუჯეტიდან, არამედ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან: ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყო ტრანსფერტი და ხარჯები გატარებულია ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომ უცხოელმა არ ჩაიხედოს და არ თქვას, თანხა ქვეყნის საბიუჯეტო პრობლემების გადაწყვეტისთვის მოგეცი და შენ პარლამენტის მეორე შენობას აშენებო. ეს, რა თქმა უნდა, ინფლაციური ხარჯებია, თუმცა მესმის, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან ხელისუფლება თბილისში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და უნდა, რომ გაექცეს პოლიტიკური დაძაბულობის კერას. მართალია, თავდაპირველად ამბობდნენ, რომ ქუთაისში მხოლოდ სესიები ჩატარდებოდა, ახლა კი შემოგვაპარეს, რომ მთელი პარლამენტი გადადის. ასე რომ, ამ ხარჯის პოლიტიკური მოტივი გასაგებია, მაგრამ, ის არ არის ქვეყნის რეალური ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატური. ამის შემდეგ ნუ გაგვიკვირდება, რომ ინფლაცია გვაქვს, ხოლო ეროვნული ბანკი, იმისთვის, რომ არ გააკრიტიკონ – ინფლაციას არ ებრძვისო, ცდილობს, ფულის მასა შეამციროს, რაც ლარის დოლართან მიმართებაში გამყარებას იწვევს.


скачать dle 11.3