კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინმა მეგობრისთვის კარცერში ჯდომაზეც არ თქვა უარი

რუსეთის ისტორიაში მრავალი მაგალითია, რომლის გაგებაც ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანს უჭირს. ეს საქმე, ალბათ, უფრო მეცნიერულ კვლევას საჭიროებს. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი, „ევროპის ჟანდარმის” „ბოროტების იმპერიად” გარდაქმნამდე მოხდა. 1917 წლისთვის, რუსეთში სრული განუკითხაობა სუფევდა – ლიკვიდირებული იყო მონარქია და პარალიზებული სახელმწიფო სტრუქტურები. ქვეყანას მოედო ნაციონალური თუ სოციალური პრობლემებით გამოწვეული აფეთქებების ტალღა. ამ ურთულეს პერიოდში, ქართველები მოწინავე პოზიციებს იკავებდნენ ყველა არსებულ პოლიტიკურ ორგანიზაციაში. მეტიც, გარკვეული დროის განმავლობაში, პეტროგრადის მუშათა და გლეხთა საბჭოების თავმჯდომარე ანუ, ფაქტობრივად, ქვეყნის პირველი პირი, ჩვენი თანამემამულე, კარლო ჩხეიძე იყო. მრავლად იყვნენ ქართველები რუსეთის დროებით ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში (ვციკი), ბოლშევიკებშიც, მენშევიკებშიც, ესერებშიც (სოციალ-რევოლუციონერები), კადეტებშიც (კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია) – მოკლედ, ყველგან. ამ დროს, სოსო ჯუღაშვილი ახალი დაბრუნებული იყო გადასახლებიდან. ის ყურადღებით აკვირდებოდა მოვლენებს და მათში მონაწილე პიროვნებებს. ბუნებრივია, მგზნებარე რევოლუციონერი დაუყოვნებლივ შეიყვანეს ბოლშევიკური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, რადგან იცოდნენ, რომ მისთვის შეუსრულებელი ამოცანა არ არსებობდა, არც შემცდარან.

პროვოკაცია

1917 წლის 3 ივლისს, იმპერიის სატახტო ქალაქი – პეტროგრადი ოკუპირებულ ზონას დაემსგავსა. თავდაპირველად, ქუჩებში კბილებამდე შეიარაღებული მეტყვიამფრქვეველთა პოლკის ჯარისკაცები გამოჩნდნენ, შემდეგ მათ პეტროგრადის გარნიზონის სხვა ნაწილებიც შეუერთდნენ. საღამოსთვის, თავრიდის სასახლესთან, მათთან მუშების კოლონებიც მივიდნენ. ისმოდა შეძახილები ერთადერთი მოთხოვნით: „ხელში აიღეთ ძალაუფლება”. „ვციკისა” და გლეხთა დეპუტატთა საბჭოების გაერთიანებულ სხდომას, მენშევიკი ბოგდანოვი მემუარებში ასე იხსენებს: ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ სხდომის ყველა მონაწილე გრძნობდა რომ, აღელვებული, შეიარაღებული ბრბო ნებისმიერ წუთს შეიძლება, შეჭრილიყო თავრიდის სასახლეში. დელეგატები დაეპატიმრებინათ და დაეხვრიტათ”. სხდომა შუაღამეს დაიწყო. ის კაკი წერეთელმა გახსნა. ჩვეული მჭევრმეტყველებით არწმუნებდა ყველას, რომ ძალაუფლების საკითხის ნაადრევად მიღება დაუშვებელი იყო, მით უმეტეს, იმ დროს, როცა ქუჩიდან ექსტრემისტულად განწყობილი შეიარაღებული აქციის მძლავრი ზეწოლა ხორციელდებოდა მონაწილეების მხრიდან. გაიმართა ცხარე დისკუსიები – გამოირჩეოდნენ დანი, სუხანოვი, ისტერიკულად კიოდა სპირიდონოვა. მხოლოდ ბოლშევიკების ჯგუფი იყო მშვიდად, არც ერთი მათი დელეგატი სიტყვით არ გამოსულა. გამთენიისას, ტრიბუნასთან ბოგდანოვი მივიდა და საქმიანი წინადადება შესთავაზა დამსწრეებს. სხდომა უნდა შეწყვეტილიყო, ჯარისკაცი დელეგატები სასახლეში დარჩენილიყვნენ, რომ მოსალოდნელი შტურმი თავიდან აეცილებინათ. ის დელეგატები კი, რომელთაც სახალხოდ აგიტაციის გაწევა შეეძლოთ, ანუ კარგი ორატორები იყვნენ, დაუყოვნებლივ უნდა განაწილებულიყვნენ ყაზარმებსა და ფაბრიკა-ქარხნებში. მათ ამბოხებულები უნდა დაერწმუნებინათ, რომ თავი შეეკავებინათ გამოსვლებში მონაწილეობისგან. კრებამ ეს დადგენილება მიიღო და დააკანონა. ბოლშევიკი დეპუტატები ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ, რადგან ლენინს ერთპიროვნულად ჰქონდა გადაწყვეტილი დესტაბილიზაციის გამოწვევა. ამისთვის მან კრონშტადტში დელეგაცია გააგზავნა და საყოველთაო გამოსვლებში მონაწილეობის მიღება მოითხოვა. ყველა ბოლშევიკი არ ეთანხმებოდა ულიანოვის პოზიციას, მაგრამ ამ პროვოკაციის წყალობით, 4 ივლისს, დილის 6 საათზე, პეტრეს ქალაქის სანაპიროებს 40 გემით 20 000 მეზღვაური მაინც მიადგა. მათ რასკოლნიკოვი და როშალი (ლენინის ერთგული ბოლშევიკი ლიდერები) მეთაურობდნენ. არმადა ორკესტრის თანხლებით, მწყობრი ნაბიჯებით მიუახლოვდა ბოლშევიკების შტაბს. ამ დროს, გამოჩნდა სტალინი და მეზღვაურებს მოუწოდა, შეეწყვიტათ შეიარაღებული მანიფესტაცია და უკან დაბრუნებულიყვნენ. ლენინი და ცეკას სხვა წევრები კი პირიქით, მანიფესტაციების გაგრძელებასა და თავრიდის სასახლისკენ წასვლას ითხოვდნენ. მარში შედგა, იარაღის ჩაბარებას არავინ აპირებდა. ექსტრემისტებმა იცოდნენ, რომ ეს შეუძლებელი იყო. ხუთ, ექვს და შვიდ ივლისს, ქალაქის მშვიდობიან მოსახლეობას გააფთრებული, მშიერი და კბილებამდე შეიარაღებული მეზღვაურები დაერივნენ. ისინი ძარცვავდნენ ორგანიზაციებს, ბანკებს, მაღაზიებს, სახლებს. მთელ ქალაქში ისმოდა სროლის ხმა. ვანდალიზმი საშიშ ნიშნულს მიუახლოვდა და ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. როგორც ყოველთვის, ასეთ ვითარებაში გააქტიურდა კრიმინალური სამყაროც. რუსეთის იმპერიის ცენტრი სრულმა ქაოსმა მოიცვა.

გაზეთი „ნოვოე ვრემია”, 1917 წლის 7 ივლისი

6 ივლისის დილას, მთავარსარდლის მოადგილემ, პორუჩიკმა კუზმინმა სასახლესა და პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში გამაგრებულ ამბოხებულებს ულტიმატუმი წაუყენა. მათ რამდენიმე საათში იარაღი უნდა დაეყარათ და ყაზარმებში დაბრუნებულიყვნენ. მთელ რაიონს ღამით სამთავრობო, სამხედრო ნაწილებმა შემოარტყეს ალყა, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყო მძიმე არტილერია და გრენადერთა პოლკი. ამბოხებულები რევოლუციის მტრებად გამოცხადდნენ.

ბოლშევიკურმა ფრაქციამ ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს თხოვნით მიმართა, ულტიმატუმი გაეხანგრძლივებინათ. გაიმართა მოლაპარაკებები და შეთანხმებაც მოხდა – შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც კონფლიქტის განმუხტვა დაევალა, მაგრამ მათ ვერაფერი გააწყვეს. განიარაღებაზე ჯარისკაცები სასტიკ უარს აცხადებდნენ. შეუსრულებელი საქმე ისევ სტალინის შესასრულებელი გახდა და აი, როგორ გაართვა მან ამ ამოცანას თავი – ნატალია ბოგდანოვა (ცნობილი მენშევიკის, „ვციკის” სამხედრო საქმეების მმართველის ქალიშვილი): „მამა სტალინთან ერთად შევიდა კრონშტადტელი მეზღვაურების მიერ დაკავებულ ციხესიმაგრეში და ათასობით გააფთრებულ ჯარისკაცს არწმუნებდა, რომ იარაღი აეყარათ და უკან დაბრუნებულიყვნენ, რადგან ბოლო, რამდენიმე დღის განმავლობაში, ათასობით ადამიანი დაიღუპა. მაგრამ, მათ არავინ უსმენდა და საუბარი შეაწყვეტინეს. ამ დროს, ტრიბუნასთან სტალინი მივიდა. სტალინს ბევრი არ ულაპარაკია, თქვა, რომ ბოლშევიკების ლოზუნგია: „მთელი ძალაუფლება საბჭოებს” და არავის აქვს უფლება, საბჭოების გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდეს. მთავარი, ის იყო, სტალინი საკუთარ თავზე იღებდა პასუხისმგებლობას, რომ იარაღი, რომელსაც ჯარისკაცები ჩააბარებდნენ, ისევ უკან დაუბრუნდებოდათ და არავინ დაისჯებოდა”. ამ გამოსვლამდე, როცა ბოგდანოვი ჯარისკაცებსა და მეზღვაურებს შორის სააგიტაციო და პროპაგანდისტულ სამუშაოებს უშედეგოდ ატარებდა, სტალინმა პრაქტიკული ნაბიჯი გადადგა. თავდაპირველად, თავისი ძველი ნაცნობი, დიმიტრი ბაჟანოვი მოიკითხა. დიმა სტალინთან ერთად იხდიდა სასჯელს ერთ-ერთი პატიმრობის დროს, სადაც ის სწორედ ბელადმა დაიცვა – მის გამო ბუნტიც კი ატეხა, რისთვისაც შვიდ პატიმართან ერთად, კარცერშიც კი ჩასვეს. მაშინ, სტალინმა მიზანს მიაღწია, დიმა განსაკუთრებული რეჟიმის დაწესებულებაში აღარ გადაიყვანეს. შვიდივე პატიმარს მხოლოდ თითო წლით გაუხანგრძლივეს პატიმრობის ვადა. შემდეგ, ბაჟანოვი დროზე ადრე გაათავისუფლეს, რადგან მან სამხედრო სამსახურზე თანხმობა განაცხადა. იმ დროს, ჯარში, კადრების მწვავე ნაკლებობის გამო გამოსული ახალი კანონი, ამას ითვალისწინებდა. შემდეგ, დიმა დააწინაურეს და ასმეთაური გახდა. ამის მეტი სტალინმა მის შესახებ არაფერი იცოდა. ჯარისკაცმა უთხრა, რომ ბაჟანოვი ამბოხებულთა შტაბის უფროსის მოადგილეა, ახლა სხდომაა და არავის მიიღებსო. სტალინი ნაგანით ხელში, პირდაპირ შეიჭრა სხდომაზე და თავის მეგობარს, ოთხ სხვა ოფიცერთან ერთად, სუფრათან შეუსწრო. ოფიცრებს იარაღისკენ გაექცათ ხელი, მაგრამ დიმა წამოხტა და გადაეხვია მას. მეგობრებს კი სტალინის შესახებ სხვადასხვა ისტორიებიც უამბო. სტალინმა ერთი, მაგრამ ბოლომდე ავსებული ჯარისკაცული „დრაბილნიკით” (ფართოყელიანი ჭიქა) ყველა ჯარისკაცის სადღეგრძელო შესვა, შემდეგ კი თქვა, რომ ჯერ ამის დრო არ დამდგარა და უდროო აჯანყებით შეიძლება, საქმე გაფუჭდეს. თუ შტაბში ღვინის მირთმევა გსურთ, ყველა ღონე უნდა იხმაროთ, რომ ჩემი სიტყვით გამოსვლის დროს, ექსცესები არ მოხდეს. სხვა შემთხვევაში კი დიმამ იცის, იარაღს სიმბოლურად რომ არ ვატარებო.

P.S. კრონშტადტელებთან მიმართვის დროს, რომელიღაც პროვოკატორმა იარაღიდან გაისროლა, რათა სტალინისთვის სიტყვა შეეწყვეტინებინა, მაგრამ ის უცბად გაანეიტრალეს. სტალინმა კი ხმამაღლა შესძახა: „ხომ ხედავთ, ჯარისკაცებო, ეს მეზღვაურიც გვეთანხმება”. ვინ იცის, რა და როგორ მოხდებოდა, სოსო ჯუღაშვილს დიპლომატიური ნიჭი რომ არ გამოეჩინა.


скачать dle 11.3