კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისგან იღებს ნუცა კუხიანიძე სიამოვნებას და ვის ჭურჭლად იქცა ვანიკო თარხნიშვილი

ფილმი, რომელიც ოცდაორ დღეში გადაიღეს, მათი დამეგობრების, პირველი კინოპარტნიორობის მიზეზი იყო. „დაბადებულები საქართველოში” სულ მალე გამოვა ეკრანებზე, მანამდე კი მსახიობები – ნუცა კუხიანიძე და ვანიკო თარხნიშვილი, ფილმზე, კინოსა და ქართულ რეალობაზე საუბრობენ.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ვანიკო თარხნიშვილი

– მაინტერესებს, პირველად როდის წაიკითხე სცენარი და საერთოდ, როგორ მოხდა შენი ამ ფილმთან დაკავშირება?

– პირველად ფილმის კოსტიუმების მხატვარმა, თიკო კვინიკაძემ მითხრა, რომ თაკო შავგულიძე ფილმს იღებსო. სადღაც წელიწად-ნახევრით ადრე მოვიდა თაკო, ბევრი ვისაუბრეთ ამ ფილმზე და ეგრევე მომიტანა სცენარი. თავიდანვე ძალიან მომეწონა, მივხვდი, რომ რაღაც საკულტო ფილმის სტილში გამოვიდოდა – ომის პრობლემატიკა, ახალგაზრდები... თან, უკვე ხუთი წელია, რაც ამერიკიდან ჩამოვედი, მაგრამ, მარტო „მედიატორში” ვითამაშე და მორჩა. ვიფიქრე, ეს ძალიან კარგი ფილმი იქნებოდა იმისთვის, რომ ამდენხნიანი პაუზის შემდეგ რაღაც გამეკეთებინა.

– ამ ფილმში შენ მხოლოდ მსახიობი არ ხარ, ასევე, ხარ „სანგუკოს” წარმომადგენელი...

– აუ, ეს ძალიან რთული იყო.

– მესმის, ძალიან რთული იქნებოდა და ზუსტად ამიტომ მინდა, გკითხო: რომ წაიკითხე სცენარი, იმაზეც ხომ მოგიწია ფიქრი, როგორ გაიყიდებოდა ეს ფილმი? უხეშად ვამბობ, მაგრამ, კინოკომპანიამ ამაზე უნდა იფიქროს, ხომ? არის ეს ის ფილმი, რომელიც შემოსავალს მოიტანს, ფესტივალებზე გავყიდით?

– ფესტივალებზე ვიფიქრე. რაც შეეხება შიდაგაქირავებას, სიმართლე გითხრა, ამ მხრივ გათვლები ცოტა მიჭირს. საერთოდ ვერ ვხვდები, ჩვენს მაყურებელს რა უნდა, რა მოსწონს. მაგრამ, აზარტი იმაშიც იყო, რომ ასეთი ქართული ფილმი არ გაკეთებულა – გაყინვის პერიოდის შემდეგ ვგულისხმობ და არა ძველ ქართულ ფილმებს. ეს არის არაკომედიური, არააგრესიული დრამა ჩვენს თაობაზე. ძალიან საინტერესოდ მეჩვენა ეს თავიდანვე. თაკოს წინა პატარა ფილმი მქონდა ნანახი, ისიც სოციალურ თემატიკაზე იყო – დევნილებზე, რომლის ვიზუალიც მართლა ძალიან მომეწონა. მივხვდი, რომ ძალიან საინტერესო რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა. მერე რომ მითხრა, ფილმში უნდა გეთამაშათ შენ, თამრის, ბახალას – ამან კიდევ უფრო დადებითად იმოქმედა ჩემზე. სულ გინდა, შენს კოლეგებთან ერთად რაღაც გააკეთო, გაიცნო. მანამდე, უბრალოდ, შორიდან გიცნობდი. კარგი იქნებოდა, უფრო მეტი ყოფილიყო, უფრო მეტი გვემუშავა, უფრო კარგად გაგვეცნო ერთმანეთი, როგორც პარტნიორებს.

– დანაკლისის განცდა გაქვს, ხომ?

– კი, როგორ არა. უფრო დიდხანს რომ ყოფილიყო გადაღებები, გაცილებით კარგად გავაკეთებდით ამ როლებს.

– შენ რომ არ თამაშობდე და საერთოდ არ გქონდეს შეხება ამ ფილმთან, რატომ უნდა წავიდეს ადამიანი კინოში და ნახოს ეს ფილმი, რისთვის არის?

– ჯერ ერთი, ზოგადად მინდა, აღვნიშნო, რამხელა სიამოვნებაა კინოში სიარული. მესმის, რომ მძიმე ფინანსური ვითარებაა, მაგრამ, ეს იმხელა განტვირთვაა, რომ ღირს ამის წესად ქცევა. საათ-ნახევრის განმავლობაში აბსოლუტურად სხვა სამყაროში ვარდები, გავიწყდება შენი პრობლემები, ზიხარ და მოდის მთელი ეს ვიზუალური გამოსახულება. თან, ეს ყველაფერი იდეითაც თუ არის დატვირთული, მაშინ სერიოზულად გაგიხსნის გონებას. ეს ფილმი შენი ყოველდღიური რიტმიდან, საფიქრალიდან ამოგაგდებს. ყველა ფილმი ხომ არ არის იმისთვის გადაღებული, რომ მოისვენო და აღარ იფიქრო არაფერზე?! ფილმი უნდა ნახოს ხალხმა, რადგან ეს მარტო შენი და ჩემი კი არა, ჩვენი ქვეყანა და მისი ტკივილია. ზოგადად, დაუცველობის განცდა ყველგან ძალიან მძიმე პრობლემაა, მაგრამ, მაინც მგონია, რომ ჯერ ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ. ცოტა მოვალეობის ამბავიც არის მისი ნახვა, რადგან ის ომზეა, რომელშიც დღემდე ვართ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია.

– მიგაჩნია, რომ ამ ფილმით შენი აგური დადე იმ დიდ მშენებლობაში?

– ყველა, ვინც რაღაცას აკეთებს, აგურს დებს. შეიძლება, ის აგური უხარისხო იყოს, მალე დაიშალოს, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რაღაცის კეთება უკვე ძვრაა, წინ გადადგმული ნაბიჯია, არ ზიხარ და არ ელოდები რაღაცას. მაგრამ, უკვე სხვისი განსასჯელია, რამდენად მყარი და ხარისხიანი აგური დავდეთ. ვიცი, რომ არაფრის კეთებას ყოველთვის კეთება ჯობია. „თუ ბი ორ ნათ თუ ბი-ს” პრინციპია, სადაც აუცილებლად ყოფნა რჩება. ამ ფილმის იდეაც, ვფიქრობ, ყოფნაა. დღეს აქ ხარ და, უნდა ეცადო, თავად შეიქმნა ის სამყარო, სადაც კარგად იქნები, სამყარო ვერ შეგიქმნის მას, ის შენს ხელშია.

– ამ ფილმით, უხეშად რომ ვთქვა, რაიმე ახალი შეიძინე, პირადად შენ, როგორც მსახიობმა? შენს ამერიკულ გამოცდილებასთან თუ გაავლებ რაიმე პარალელს?

– ყველაზე საყვარელი მაინც შენი ქვეყანაა და შენს ქვეყანაში, შენს თანამემამულეებთან ერთად გაკეთებული რაღაცეებია. სულ მქონდა იმის განცდა, რომ აქაურ კინოინდუსტრიაში ისე არ ვარ ჩართული, როგორც ამისი სურვილი მქონდა. ამიტომაც, ვამბობ, რომ ამ ნაწარმს მართლა შემიძლია, დავარქვა კინო. ამხელა პაუზის შემდეგ მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პრაქტიკიდან და მუშაობიდან მოდის პროფესიონალიზმი. ამის ნაკლებობა რომ გაქვს, ხარვეზები იმატებს და შენი პროფესიონალიზმის დონეც იკლებს, მარტო ნიჭი ვერაფერს იზამს, როგორ ფორმაში ხარ, ამასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო ხშირად იქნება ასეთი სამუშაო, მით უკეთესი – ჩემთვის ეს გამოცდილება ძალიან ძვირფასია. ვხედავ ჩემს შეცდომებს, ანალიზს ვუკეთებ, ვვითარდები და წინ მივდივარ.

– მინდა, შენს გმირზეც ვისაუბროთ: ბახალას პარტნიორი ხარ და თქვენს წყვილს შეიძლება ითქვას, იდეალური ურთიერთობა აქვთ. როგორ ფიქრობ, ამ საუკუნეში კიდევ არსებობს ასეთი ურთიერთობები?

– მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. რამდენი ადამიანიც არის, იმდენივე ურთიერთობაა. სრულყოფილება არ არსებობს, რადგან ადამიანი თვითონ არ არის სრულყოფილი, მაგრამ, უამრავი ფორმით შეიძლება, ეს სრულყოფილება მეტ-ნაკლებად გამოჩნდეს. ჩემი და ბახალას გმირებს არ სჭირდებათ ბევრი ლაპარაკი, ბევრის თქმა – უბრალოდ, უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის.

– მეც ასე დავინახე. ისინი დახურულად, თავის სამყაროში ცხოვრობენ, ისე რომ გარეშე პირსაც არ უჩვენებ. ეს მიკრო-სამყარო იმდენად სრულყოფილია, რომ გადამდებიც კია. ჩემი და თამრის გმირები სულ ჩხუბობენ, მაგრამ, ერთმანეთის გარეშე გაძლება არ შეუძლიათ. მგონია, რომ რეალურ ცხოვრებაშიც, ცოტა სხვა სახით, მაგრამ, ასეთი რაღაცეები ხდება – რა პრობლემებიც ჩვენ გმირებს აქვთ, იგივეა რეალურ ცხოვრებაში.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნუცა კუხიანიძე

– ძალიან ბევრს მუშაობ. ეს ინდუსტრია კი არ არის ისე განვითარებული, რომ ავირჩიოთ, სად გვინდა ყოფნა და სად – არა. მაგრამ, შენ მაინც განსაკუთრებით გიწევს ბევრი სხვადასხვა კუთხით მსახიობობა. არჩევნის საშუალება რომ გქონდეს და შენი ნება რომ იყოს, როგორ სივრცეში გესიამოვნებოდა ყოფნა, სად იქნებოდი კომფორტულად?

– ხშირად მიწევს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. არასწორ მიდგომად მიმაჩნია, როდესაც თეატრალები ამბობენ, მსახიობი ტელევიზიაში არ უნდა იყოს, რადგან ფუჭდებაო. „ტელევიზიონშიკები” კი ამბობენ, რა გინდა თეატრში, ფული აქ არისო ან რაღაც ეგეთი. კინოს მიმართაც ასეთი დამოკიდებულებაა – „კარგი რა, სადღა იღებენ ქართულ კინოს“. თეატრში ვარ, კინოსა თუ ტელევიზიაში... პასუხისმგებლობა იმ საქმის მიმართ მაქვს ასპროცენტიანი. მინდა, რომ ძალიან კარგი გამოვიდეს ყველა ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ. ვერ ვიტყვი, რომ ტელევიზია მეორეხარისხოვანია ჩემთვის, ანუ უბრალოდ, სამსახური. ასე არაა. ტელევიზია ახლა ძალიან მაინტერესებს. მინდა, აქ მაქსიმუმი გავაკეთო და ამისკენ მივდივარ. ასევეა თეატრშიც. შეიძლება, ეს ცოტა უტოპიური ოცნებაა, მაგრამ ამას ვცდილობ.

– ამ აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროს აერთიანებს ის, რომ მსახიობი ხარ და სულ სხვადასხვაგვარი მუშაობა გჭირდება. მიგაჩნია, რომ ერთ ადამიანს შეუძლია, თავიდან ბოლომდე გაითავისოს და სრულყოფილად მოახერხოს ეს ყველაფერი?

– ჩემი მიზანიც ესაა. მინდა, ერთმა ადამიანმა მაქსიმალურად კარგად მოახერხოს ყველაფრის გაკეთება. ამ ეტაპზე ვცდილობ, სხვადასხვა სახის გამოცდილება ერთმანეთისთვის გამოვიყენო. თეატრისთვის მუშაობა მეხმარება კინოში, კინოსი, – ტელევიზიაში და სხვა. ერთმანეთში პატარა „პაზლებივით” ვალაგებ ამ ყველაფერს, ისე, რომ არც ერთს არაფერი დავაკლო. მაგრამ, თუ მაინც ჩემს ღრმა, შინაგან განწყობაზე ვისაუბრებთ, ყველაზე სასიამოვნო სამუშაო, თვითონ პროცესს ვგულისხმობ, არის კინოს გადაღება – ყველაზე თბილად ამ დროს ვარ, უზომოდ გემრიელ საჭმელს რომ ჭამ, ისე ვგრძნობ თავს. დანარჩენებზე უფრო საქმიანად ვარ მომართული და უფრო შედეგისთვის ვმუშაობ. თეატრში პროცესიც არის და შედეგიც. მოკლედ, კინოში თბილად ვგრძნობ თავს, თუმცა, ისე, რომ სხვა არც ერთ სფეროს არ ვაკლებ ძალებს.

– როგორ გგონია, მსახიობს საზოგადოებაში რა როლი აქვს? ის მსახიობია და, უბრალოდ, გართობის ერთ-ერთი შემთავაზებელია თუ მას რაღაც სოციალური ზემოქმედების ძალაც აქვს? მიგაჩნია თუ არა, რომ მსახიობი არის ის, ვისაც შეგიძლია, მიჰბაძო, ის, ვინც გავლენას ახდენს რაღაც კონკრეტულ მოვლენებზე?

– გართობაც ჩემი შენზე ზემოქმედების, მოწოდების ერთგვარი ხერხია. თუმცა დღეს, ამ ეპოქაში, უფრო გართულდა ეს ყველაფერი. ძნელია, მსახიობი იყოს კუმირი და მას შენი ცხოვრების წესით მიჰბაძო. ამ შემთხვევაში კულტურული ზემოქმედების ხერხები ცოტა შეიცვალა – სხვადასხვანაირად ხდება. დღეს უფრო გართობით თუ ვახერხებთ ამას: დაგასვენებ ცოტა ხანს რაღაც პრობლემებისგან, მერე ცოტა რაღაცას შემოგაპარებ...

– საქართველოში უფრო გამრთობის, პასიური როლი აქვს მსახიობს. მას, მის საქციელსა თუ ნათქვამს იმხელა ყურადღება არ ექცევა, როგორიც საჭიროა. „სელებრითი” უცხოეთში სულ სხვა რაღაცაა – ის საყოველთაო ინტერესის საგანია – რას იტყვის ამა თუ იმ თემაზე, რა აცვია, სად ისვენებს... წითელი ხალიჩა ტყუილად არ არის გაშლილი, ეს სიმბოლიკაა. ისინი ამ წითელ ხალიჩაზე დადიან, განცალკევებულები დგანან და პოზირებენ იმიტომ, რომ ის შენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს. აქ კი, პირიქით, მსახიობს ფული არ აქვს და, შესაბამისად ის ძალიან ხელშესახებია...

– ზუსტად ამიტომ ვმუშაობთ ამდენს. მინდა სწორად გამიგოს მკითხველმა – იმიტომ კი არა, რომ ხალიჩაზე მოვხვდე და ჩემი ყველაფერი აინტერესებდეს, არამედ იმის გამო, რომ მთელი ის დატვირთვა ვიგრძნოთ საკუთარ თავზე, რაც მსახიობს უნდა ჰქონდეს; ჩემი საშუალებით კინომ, სპექტაკლმა, გადაცემამ, რაღაც კარგი გაგაგებინოს და შენ ამაზე დაფიქრდე. თუ შენთვის საყვარელი ადამიანი ვიქნები, შენ დამიჯერებ. თუნდაც, ვანო ამ შემთხვევაში ძალიან შტერია და ჭკვიანი რეჟისორი მას ფილმში იღებს (უხეშად ვამბობ), რომელიც საჭირო საქმეს აკეთებს – ჩემი საშუალებით მთავარ აზრს გაწვდის და ამან, შეიძლება, ორი წამით დაგაფიქროს. რეალურად ხომ მსახიობი მაინც ჭურჭელია.

– შენი შემდეგი პროექტი რა არის, გაქვს რამე გეგმაში?

– ასეთი კონკრეტული გეგმები არ მაქვს, მივყვები გრაფიკს, რომელშიც ვარ: ხან კინოს გადავიღებ, ხან სპექტაკლს ვითამაშებ, ხან გადაცემა მიმყავს. მაქსიმალურად ვცდილობ, სამივე მოვახერხო.

– უნივერსალი ხარ.

– უნივერსალი არ ვარ, მაგრამ, მინდა, ვიყო.

– მსახიობობა ისედაც ძალიან რთულია და, ამდენ სფეროში – მით უმეტეს. მუშაობა მთავარია, მაგრამ, მაინც კარგი იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი არ გიწევდეს და ერთ მიმართულებაზე იყო კონცენტრირებული.

– მინდა, რომ ნელ-ნელა ქართულმა კინომ თავისი სახე მიიღოს, ინდივიდუალური გახდეს. ამის დასაწყისს პერსპექტივაში უკვე ვხედავ და ეს ძალიან მახარებს.

– მინდა, ხალხს მოვუწოდო, რომ ზუსტად ამიტომ ნახონ ეს ფილმი. რომ ნახავენ, ჩვენც უფრო მივხვდებით, რისი ნახვა სჭირდებათ, რა მოსწონთ. გამოხმაურება გვჭირდება იმისთვის, რომ გავიგოთ, სწორად ვმუშაობთ თუ არა.

– საზოგადოებასაც ბევრი იმედგაცრუება ჰქონდა...

– ამიტომ ვერ ვხვდები. იმდენ „საიმედგაცრუებო” ფილმზე დადის დღეს მაყურებელი, თან ამბობენ, არ მოგვწონსო, რომ ვეღარ ვხვდები, რა შეიძლება მოეწონოთ და რა – არა. ეს იმდენად სხვა პროდუქტია (არ ვამბობ – კარგი, უბრალოდ – სხვა), რომ, მგონი, რაღაცეებს დაგვანახვებს.



– ძალიან დიდი სიამოვნებაა, როცა ისეთ რაღაცას აკეთებ, რომელიც, გრძნობ, რომ მართლა ძალიან კარგი და ღირებულია.

– როდესაც ფილმი, ნებისმიერი პროდუქტი, არ არის ჩარჩოში ჩაკეტილი, არ არის გათვლილი ორ ქუჩაზე, ხუთ უბანზე ან ერთ ქალაქსა და ქვეყანაზე, უკვე კარგია. როდესაც უერთდები სამყაროს, ბევრად უფრო სავსე ხარ. ისე კი, გეგონება, დედამიწა ცალკე ბრუნავს და საქართველო ცალკეა. ჩანასახის დონეზეა ქართული კინო, სახელმწიფო, მთელი კულტურა. გეგონება, ახალშობილი ერი ვართო, თან, არ ვაღიარებთ ამას, არ ვამბობთ, რომ ახალი ქვეყანა ვართ და წარსულზე, ახალზე, მომავალზე – ყველაფერზე პროტესტი გვაქვს, იმ ძველსაც არასწორად ვიყენებთ და ბევრ აგრესიას ვავლენთ.

– ერთადერთი გამოსავალია, რომ ბევრი ვიმუშაოთ. ძალიან ბევრი იმისთვის, რომ შემდეგმა თაობამ უკვე ამაზე ააშენოს.

– ხანდახან პესიმიზმი საშინლად შემომიტევს ხოლმე – ვამბობ, რომ არ მომწონს არაფერი, არაფერი არ ღირს რამედ, მაგრამ, მერე ვხვდები, რომ ერთ კაცს მაინც თუ ეხება, თუ სწორად გრძნობს იმას, რასაც აკეთებ, უკვე კარგია. გინდა, არ გინდა, შენს ქვეყანას უნდა ემსახურო და, აქედან გამომდინარე – მთელ მსოფლიოს. მაინც მგონია, რომ საზღვრები რეალურად არ არსებობს, ერთი დიდი ქვეყანა ვართ. ეს საზღვრები ტვინში რაღაცნაირად უნდა დავანგრიოთ, წავშალოთ. როგორც ამ ფილმში, ისე რეალურ ცხოვრებაშიც, ოპტიმიზმის მიზეზი აუცილებლად არის. ყველაფრის მიუხედავად, ყავას მაინც გემო და ფერი აქვს.


скачать dle 11.3