კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა 22 წლის უკრაინელი გოგონა ქართული სერიალის გმირი და რატომ ვერ დადის ის თბილისის ქუჩებში მარტო



უკვე ერთი კვირაა, რაც ქართველი ტელემაყურებელი, სერიალის „ჟამი ყვავილობისა” პერსონაჟთა პრობლემებით ცხოვრებას შეუდგა. სერიალში მრავალი ცნობილი მსახიობი მონაწილეობს. ქართველი მაყურებლისთვის, უცნობია მხოლოდ უკრაინელი მსახიობი ტანია კაზანცევა. ამბობენ, რომ მისი სცენები ამ სერიალში განსაკუთრებული გულახდილობით გამოირჩევა. ტანია, კრიმინალური ავტორიტეტის რძლის, ელენეს როლს ასახიერებს. გადაღებები ძირითადად წყნეთში მიმდინარეობს, ეს ინტერვიუც იქ ჩაიწერა. როგორია ჩვენი უკრაინელი რესპონდენტის შემოქმედებითი და არაშემოქმედებითი შთაბეჭდილებები, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.



ტანია კაზანცევა: ვარ 22 წლის. ჩამოვედი უკრაინიდან. იქვე დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი, პროფესიით თოჯინების თეატრის მსახიობი გახლავართ. ვმუშაობდი თეატრში.

– ამ სერიალში როგორ მოხვდით?

– შემთხვევით (იცინის), თუმცა, შემთხვევით არაფერი ხდება ცხოვრებაში... დილას მივედი ქასთინგზე, საღამოს კი დამირეკეს და მითხრეს, რომ როლზე დამტკიცებული ვიყავი. ამ ამბიდან, ერთი კვირის თავზე ჩამოვფრინდი თბილისში.

– ქასთინგმა სად ჩაიარა?

– ქასთინგი კიევში ჩატარდა. დაესწრო რეჟისორი ირაკლი აფაქიძე და გადამღები ჯგუფის ადმინისტრატორი დავით ჯიმშელეიშვილი, იგივე გრეცკი.

– საქართველოში პირველად ხართ?

– საქართველოში პირველად ვარ. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, რაღაც-რაღაცეების დათვალიერება უკვე მოვასწარი. ვნახე სიღნაღი, მცხეთა, თბილისის ბოტანიკური ბაღიც არაჩვეულებრივია – ძალიან მომეწონა. თვითონ თბილისიც ულამაზესია. ქუჩებში დამოუკიდებლად, მარტო სიარული მიჭირს.

– რატომ, ზედმეტად ყურადღებიანები არიან ქართველი მამაკაცები?

– ასეც შეიძლება ითქვას (იცინის). მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომეწონა ქართული სამზარეულო. ალბათ, შეიძლება მარტო იმიტომ გიყვარდეს ქართველი, რომ მან მოიგონა ხაჭაპური და ხინკალი. (იცინის).

– ქართული ღვინის დაგემოვნებასაც მოასწრებდით.

– რა თქმა უნდა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე უფრო ტკბილი ღვინოები მიყვარს. ჯერჯერობით კი მხოლოდ მშრალი ღვინოების დაგემოვნება მომიხდა.

– თქვენს გმირზე, ელენაზე, რას გვიამბობთ?

– ელენაზე საუბარი არაა ადვილი. სერიალი გრძელია, ისევე, როგორც მასში ასახული ისტორია. ჩემი პერსონაჟი საკმაოდ რთული, მაგრამ კარგი ადამიანია. დადებითი პიროვნებაა, რომელსაც ბევრი სირთულე ხვდება ცხოვრებაში. მუდმივად უმკლავდება მორიგ ფათერაკებს. უმკლავდება, ისე, როგორც შეუძლია, როგორც იცის... სიმართლე რომ გითხრათ, ხანდახან მეცოდება რა, სულ თავგადასავლებშია. რთული ცხოვრებით ცხოვრობს. კარიერის მოწყობის პარალელურად, სურს იყოს საყვარელი. ელენას უნდა, რომ უყვარდეთ იგი. ისე როგორც ყველას, ამ პერსონაჟსაც უყვარს თავისუფლება. თუმცა, ჩემს გმირს, ალბათ, განსაკუთრებით. მას დიდი სურვილი აქვს იყოს დამოუკიდებელი. როგორც წესი, ვისაც დამოუკიდებლობა და თავისუფლება სურს, ყოველთვის რთული ცხოვრებით ცხოვრობს, რადგან მუდმივად ბრძოლა უხდება.

– ამბობენ, თქვენ განსაკუთრებით გულახდილ სცენებში ხართ დაკავებული ამ სერიალში...

– როგორ გითხრათ... სამსახური სამსახურია, ხანდახან მაქსიმალურიც უნდა გააკეთო, თუ საჭიროება მოითხოვს. რაც შეეხება გულახდილ სცენებს, თუ ამას სცენარი ითვალისწინებს, ასეც უნდა მოიქცე. ჩემი სამსახური ამას ითვალისწინებს. რადგან მე ასეთი პროფესია ავირჩიე, ესე იგი, მე უნდა წავიდე ამაზე. მიუხედავად იმისა, რბილად რომ ვთქვა, ამ მომენტში მორალურად სიამოვნებას ნამდვილად არ განვიცდი. ფაქტია, ჩემი პროფესია ხანდახან მოითხოვს, რომ გადავაბიჯო საკუთარ თავს. ყველა რაღაცას თმობს საკუთარი სამსახურისთვის, ზოგი დროს, ზოგი ოჯახს და ასე შემდეგ.

– ქართველ მამაკაცებზე რას გვეტყვით? როგორც გავიგე, ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ, როგორც ტელემაყურებელთა მხრიდან, ასევე თვით სამუშაო კოლექტივიდანაც...

– არ ვიცი, არ ვიცი... ძნელია რამის თქმა (იცინის). მამაკაცი, ყოველთვის მამაკაცია, იმის მიუხედავად ქართველია ის, რუსი, გერმანელი თუ სხვა ეროვნების. ვერ ვიტყვი, რომ მათი მხრიდან რაიმე თავნებობასა და შეურაცხყოფას ჰქონოდა ადგილი.

– არ ველოდი ასეთ პასუხს... ტრადიციულად, აღნიშნავენ, რომ ქართველი კაცები ძალიან რომანტიკული და რაინდული თაყვანისმცემლები არიან. როგორ დავიჯერო, რომ აქამდე ეს თქვენთან ვერ გამოამჟღავნეს?

– ო, რა თქმა უნდა, გამოამჟღავნეს. მხვდებიან, მიამბობენ საინტერესო ამბებს, წამში მილიონი კომპლიმენტის თქმას ასწრებენ, მანებივრებენ. ამას უკვე მივეჩვიე (იცინის).

– რამდენ ხანს დარჩებით საქართველოში?

– სერიალის გადაღება კიდევ 6 თვეს გაგრძელდება და მეც აქ დავრჩები ამ ხნის განმავლობაში. უკვე ერთი თვეა, რაც აქ ვცხოვრობ.

– პირადი ცხოვრების რამდენიმე დეტალიც გაგვანდეთ, გათხოვილი ხართ?

– არა, გათხოვილი არ ვარ.

– არც შეყვარებული?

– (იცინის) მოდით ამ თემას ნუ შევეხებით. არ მინდა, ამის შესახებ საუბარი.

– როგორ ფიქრობთ, თუ კიდევ იქნება მორიგი შემოთავაზება, დარჩებით საქართველოში?

– ყველაფერი დამოკიდებულია თვითონ შემოთავაზებაზე. წინასწარ როგორ ვთქვა, დავრჩები თუ არა (იცინის). ყოველთვის წამსვლელი ვარ პატარ-პატარა ავანტიურებზე. თუ შემოთავაზება საინტერესო იქნება, მნიშვნელოვანი და საგულისხმო გამოცდილების მომცემი, ყველაფერი შეიძლება. როგორც რუსები იტყვიან: „პაჟივიომ, უვიდემ“.

– რა ადგილს დაიკავებს თქვენს კარიერაში, ამ სერიალში განსახიერებული როლი?

– იცით, მე ვერ ვიტყვი, რომ ამით რაღაცას ველი. ვმუშაობ, რადგან, მინდა მაქსიმალურად კარგად შევასრულო ჩემზე დაკისრებული მისია. ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ. ეს ჩემთვის პრიორიტეტულია და არაპრიორიტეტულია: აღიარება და ფული. სანამ მე ჩემი პროფესიით სიამოვნებას მივიღებ, მანამ ვიმუშავებ, სხვა შემთხვევაში რა მნიშვნელობა ექნება ჩემს მსახიობობას.

გულწრფელად რომ გითხრათ, მიმაჩნია, რომ ამ სერიალში პროფესიონალთა ძლიერი და მრავლისმთქმელი ჯგუფი გაერთიანდა. რაც ძალიან სასიამოვნოა, მით უმეტეს, რომ ახლა უკვე იშვიათად შეხვდებით გადასაღებ მოედანზე ასეთ პროფესიონალთა თავშეყრას. ეს მიღწევაა.

– მოგწონთ აქაურობა?

– მომწონს. ჯერჯერობით, ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ყველაფერს აქვს თავისი მინუსები და პლუსები, თვალშისაცემია, რომ აქ სხვანაირი ტემპით მიმდინარეობს მუშაობა. მაგალითად, თუ 15 წუთით დააგვიანე, ეს პრინციპში არც ნიშნავს დაგვიანებას. (იცინის). მე ამას მიჩვეული არ ვარ, და მსგავსი მომენტები ცოტა არ იყოს დისკომფორტს მიქმნის, მაგრამ მთლიანობაში ეს არც ისე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ აქ მიმიღეს და განწყობილნი არიან ძალიან კარგად. მაგრამ მგონი, არც ღირს ამაზედ ბევრი საუბარი. მე კი არა მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ქართველები ყველაზე სტუმართმოყვარენი არიან.

საერთოდ, მგონია, რომ ქართველებს გაგიმართლათ, რადგან ძალიან ლამაზ ადგილას ცხოვრობთ. სადაც არ უნდა გაიხედო ყველგან არაჩვეულებრივ ბუნებას დაინახავ. ელემენტალურად, დილით, წყნეთში რომ ამოდიხარ გადაღებებზე, აქაც კი მთაზე გიხდება ამოსვლა. რამდენჯერმე დილამდე გაგვიგრძელდა გადაღებები და შემდეგ მთელი გადამღები ჯგუფი ერთად შევხვდით ალიონს. არაჩვეულებრივი სილამაზეა. ყოველდღე ასეთ სილამაზეს ხედავ, ეს განწყობაზეც მოქმედებს და სულ კარგი საქმეების კეთების სურვილი გიჩნდება. დედაქალაქი გაქვთ ძალიან ლამაზი, ძველი. მე ყოველთვის მსურდა ძველ ქალაქში ცხოვრება, რადგან მგონია, რომ მასში სხვანაირი ატმოსფერო და სულიერებაა. თავისი შარმი აქვს ძველ ქალაქში ცხოვრებას. აქ ყველაფერია იმისათვის, თავი კარგად და კომფორტულად რომ იგრძნო, გაიხარო ცხოვრებით, მზით, ჰაერით, ცით და ასე შემდეგ.

– სერენადის სიმღერა არ უცდიათ თქვენთვის ქართველებს?

– ძალიან დიდი მონდომება არ გამოუვლენიათ, თუმცა, პატარ-პატარა მცდელობებს ჰქონდა ადგილი (იცინის).

საერთოდ, ძალიან მომწონს ქართული ცეკვები და სიმღერები. პირადად მე, მთელი ცხოვრება ხალხური ცეკვებით ვიყავი დაკავებული და თქვენს ცეკვებს რომ ვუყურებ, მაშინვე ნათელი ხდება, რომ ეს მთიანი რეგიონის წარმომადგენელთა ცეკვაა. ცამდე რომ ხტებიან... არაჩვეულებრივია, ისევე, როგორც თქვენი მრავალხმიანი სიმღერები. მგონია, რომ ქართველები ზოგადად კარგი მომღერლები ხართ.

– თქვენ თუ მოასწარით ამ ერთი თვის განმავლობაში ცოტათი მაინც ქართულის სწავლა?

– ქართულ ენას ვსწავლობ. უკვე ვისწავლე ათამდე თვლა. კიდევ: „მე მქვია ტანია,“ „გამარჯობა,“ „სასიამოვნოა“, „ეგ შენი საქმე არ არის, სადაც მინდა იქ დავდივარ...“ (იცინის).

– ამ ბოლო ფრაზას ვის ეუბნებით ხოლმე?

– (იცინის) ეს ფრაზები, სერიალის სცენარიდანაა, რომელსაც ჩემი გმირი ამბობს.



ეკა სალაღაია


скачать dle 11.3