კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი



გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები„ ¹28-41(459)



მატადორი ხარს უახლოვდება... ცხოველი დაღლილია, მძიმედ სუნთქავს... ნესტოები დაბერვია და უთრთის... ერთი შეხედვით, დამარცხებულია და განადგურებული. თითქოს ყველაფერი დამთავრდა... თითქოს ცოტაც და ადამიანი იზეიმებს გამარჯვებას... მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე, ისიც ტრიბუნებზე მჯდომი მაყურებლისთვის... წამიერი პაუზა, რომელიც ხარს სულისმოსათქმელად სჭირდება, მატადორისთვის საბედისწეროდ შეიძლება დასრულდეს, მით უფრო, თუ მატადორი გამოუცდელია, ხარი კი – ვერაგი. მაგრამ, მასაც უნდა გაუგოთ. ის ხომ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის და არა დიდებისთვის...

ვახომ თვალები მოიფშვნიტა. ნამძინარევი, მაშინვე ვერ მიხვდა, რა უნდოდა ქალს მისგან, ან საიდან გაჩნდა ასე მოულოდნელად. იამ ხომ სულის მოთქმა არ დააცადა. მაშინვე საყვედურებით აიკლო. თან თავშეუკავებლად ყვიროდა.

– შენც იმისთანა ნაძირალა ხარ. არაფრით განსხვავდები. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რატომ გაგექცნენ ცოლები. ალბათ, ზუსტად ისე ექცეოდი, როგორც შენი კრეტინი ძმაკაცი მომექცა. ვერ გიტანთ! რომ იცოდე, როგორ ვერ გიტანთ! რომ შემეძლოს, თვალებს დაგთხრიდით ორივეს.

– ეე... მოიცა, რა... რას გაუბერე... ცოტა სული მომათქმევინე, თავზე რომ დამესხი დილაუთენია და მლანძღავ, მითხარი მაინც, რა დავაშავე!

– არ იცი, არა?! არ იცი... მაგ მიამიტი, გულუბრყვილო სახისთვის უფრო მეზიზღები. თუმცა, შენ რას გერჩი... იდიოტი მე ვარ. ამდენ ხანს რატომ ვერ მივხვდი, ვისთან მქონდა საქმე. მეზიზღება... საკუთარი თავიც მეზიზღება... – ია აღრიალდა.

– მოიცადე-მეთქი, ხომ გეუბნები, მოდი, ჩამეხუტე, დამშვიდდი და მითხარი, რა მოხდა, რამ გაქცია კაცთმოძულე ამორძალად, – ვახომ დააპირა, მხრებზე მოხვეოდა ქალს, მაგრამ ია ხელიდან დაუსხლტა და მუშტები გამეტებით დაუშინა მკერდზე.

– არამზადა ხარ... არამზადა... რატომ არ მითხარი!

– რა არ გითხარი, ია, საყვარელო? დამშვიდდი და გამაგებინე, რა მოხდა, რამ გადაგრია.

– არ იცი, არა?

– არა, არ ვიცი. ბავშვს გეფიცები, წარმოდგენა არ მაქვს. თუ არ მეტყვი, ვერც გავიგებ. მით უმეტეს, რომ ახალგაღვიძებული ცუდად ვაზროვნებ.

– ახალგაღვიძებული არაფერ შუაშია. თქვენ, ყველანი ერთი ადგილით აზროვნებთ. იმიტომაც სჩადიხართ სისულელეებს.

– ვაა, ვინ გაგაგიჟა ასე? ქმარი რომ გყავდეს, ვიტყოდი, იმასთან მოუვიდა ჩხუბი-მეთქი.

ია მოულოდნელად გაჩერდა, ხელები უღონოდ ჩამოუშვა და აქვითინდა. ვახო უარესად დაიბნა, ცრემლების დანახვა ყოველთვის საშინლად მოქმედებდა მასზე. მით უმეტეს, ვერ იტანდა, როცა მისთვის ძვირფასი ადამიანები ტიროდნენ.

– ეე, კარგი რა... ეგ ტირილი რაღა უბედურებაა. შენი ჭირიმე, ნუ ტირი, თორემ მეც ავბღავლდები და ხომ წარმოგიდგენია, რა სასიამოვნო მოსასმენი იქნება, შეიძლება, დაყრუვდე.

იამ თავი ასწია, საწყალი, უსამართლოდ დასჯილი ბავშვის სახე ჰქონდა.

– მითხარი, ოღონდ გულახდილად, მართლა ასეთი მახინჯი ვარ?

– ვახო გაოგნდა.

– ია, ახლა ნუ გადამრევ! ვინ გითხრა, ქალო, მახინჯი ხარო? მაგიტომ ტირი?! ვაა, ეს ქალები... სარკეში ვერ ჩაიხედე, ქალო, სანამ ჩემთან გამოხვიდოდი და გულს გამიხეთქავდი?! მეც მეგონა, რაღაც უბედურება მოხდა-მეთქი. თურმე, რა ყოფილა. აბა, მითხარი, ვინ გაბედა შენი სილამაზის ხელყოფა?

– თავს ნუ ისულელებ. მე ეგ არ მიგულისხმია. სხვა რამის თქმა მინდოდა.

ვახომ ჭერისკენ აღაპყრო თვალები.

– ღმერთო, რა იქნება, ერთხელ მაინც, მხოლოდ ერთხელ, გამაგებინე ამ სქესის ენა. მომეხმარე, რა მოხდება და პირობას ვდებ, არც მე დაგრჩები ვალში.

– ნუ მკრეხელობ! – ფეხები დააბაკუნა იამ, – რაღაცას მაინც ეცი პატივი. მე რომ გკიდივარ შენც და შენს ძმაკაცსაც, ამას უკვე მივხვდი.

– ვაჰ! თქვი, რა, ვინ ოხერია, ეგ ჩემი ძმაკაცი. იქნებ, შენ გგონია, რომ ძმაკაცია. არ უნდა ვიცოდე, ვის გამო ვიტისკები?!

– ნიკუშამ დამიმტკიცა, რომ არასოდეს ვყვარებივარ. არასოდეს! მხოლოდ თამაშობდა ჩემით. მთელი ამ წლების განმავლობაში თავს ვიტყუებდი. დროს ტყუილუბრალოდ ვკარგავდი და მაგ იდიოტს საშუალებას ვაძლევდი, დაეცინა ჩემთვის. თან, რომ ვიცოდებდი კიდეც. ვფიქრობდი, უჭირს ახლა და მეც რატომ უნდა გავურთულო ცხოვრება უარესად-მეთქი. გარყვნილი, გარყვნილი ნაძირალაა, მაგრამ შენ ხარ დამნაშავე. რატომ ერთხელ მაინც არ მითხარი, სახლში ბორდელი რომ ჰქონდა მოწყობილი.

– ბორდელი ჰქონდა? ვის, ნიკუშას? ვინ გითხრა, ტო?! ვინ მოგატყუა.

– არავის მოვუტყუებივარ. საკუთარი თვალით ვნახე, ჩემი თვალით ვნახე... მე თვითონ და დარწმუნებული იყავი, არ მომლანდებია.

ვახომ სახეზე მოისვა ხელები, ჯერ კიდევ გაოგნებული იყო მოსმენილით.

– შენ ნიკასთან იყავი და იქ რამე ცუდი ნახე?

– ნუ მიყურებ მთვარიდან ჩამოვარდნილივით. რომ იტყვიან, ზედ ფაქტზე წავასწარი. ის გოგო საერთოდ დედიშობილა იყო, ტიტველი იყო, გესმის?

– მერე? – ამოიოხრა ვახომ.

– რა, მერე? შენს ძმაკაცს, საერთოდ, ზეწარი ჰქონდა შემოხვეული. რატომ ფეხი არ მომტყდა, რისთვის მივეთრიე იქ, მაგრამ შენ გამაბრიყვე... შენ!

– მე? რანაირად, ტო...

– ტო და ჯანდაბა შენ! რატომ მირევდი თავგზას, ისევ უყვარხარო. რა დანაშაული ჩავიდინე შენ წინაშე ისეთი, რომ ასე გამიმეტე. მე კიდევ შენი იმედი მქონდა. ვფიქრობდი, გული შეგტკიოდა ჩემზე.

– ჰო. ასეა. შემტკივა, შენ ჩემი და ხარ. ამაში ეჭვი არ შეგეპაროს.

– გაჩუმდი, უსინდისო! იცი, რა ვიგრძენი, ისინი რომ დავინახე? მაგრამ შენ ამას ვერასოდეს გაიგებ, იმიტომ რომ თავადაც გარყვნილი ხარ. ერთი ისეთი კახპა შენც გეყოლება სადმე გადამალული. მითხარი, სად მალავ – სააბაზანოში თუ საძინებელში, კარადაში უკარი თავი?! – ია წამოხტა და ოთახში წინ და უკან სირბილს მოჰყვა.

ვახოს გონებამდე ნელ-ნელა მიაღწია რეალობამ. როგორც იქნა, ჩასწვდა იას სიტყვების არსს და იმასაც მიხვდა, ვინ შეიძლებოდა, იას ნიკუშას ბინაში შიშველი ენახა.

– ჰოო, ეგ ის არის... მოკლედ, არ დაიჯერებ, მაგრამ, ეგ გოგო, უბრალოდ, ნაცნობია, მეტი არაფერი.

– ისეთი ნაცნობი, რომ აღარაფრის ერიდება და თქვენ წინაშე ტიტველი დარბის?! – ზიზღნარევი ირონიით წარმოთქვა იამ, – სადამდე დაეცით ერთიც და მეორეც. შეიძლება, მესამეც და მეოთხეც... უკვე აღარაფრის მჯერა.

ვახო შეიჭმუხნა.

– ია, მომისმინე, ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, უბრალო ადამიანები. ჰო, ნიკუშას რაღაც შეიძლება ჰქონდა იმ გოგოსთან, მაგრამ ეს თქვენს სიყვარულთან კავშირში არ არის.

– რას მელაპარაკები?! – ყასიდად შეიცხადა ქალმა, – აი, თურმე რა ყოფილა. მე კი რა ცუდი რაღაც ვიფიქრე. გმადლობ, ძვირფასო, ჭეშმარიტების გზაზე რომ დამაყენე. ახლა დამშვიდებული სინდისით დავწვები ვინმესთან და მერე ვიტყვი, ამას ჩემს სიყვარულთან კავშირი არა აქვს-მეთქი. გენიალურია! რატომ მე თავად ვერ მივხვდი ამას.

– ნიკუშას უყვარხარ.

– გაჩუმდი, გაჩუმდი, თორემ, თუ ვიფეთქე, ვეღარ გადამირჩები! – გააფრთხილა იამ, – მე ველოდებოდი, ვიცდიდი, მორჩილად ვიჯექი სახლში და საკუთარ თავს სხვა კაცზე ფიქრის უფლებასაც კი არ ვაძლევდი. მრცხვენოდა. გესმის შენ? მრცხვენოდა. ვერ ხვდები, ხომ, რისი შეიძლება რცხვენოდეს ან რატომ უნდა რცხვენოდეს ზრდასრულ, ჯანმრთელ ქალს, ეს ხომ ორგანიზმის ბუნებრივი მოთხოვნილებაა.

– ია, გეყოფა...

– მე? მე მეყოფა? მე მეუბნები, გეყოფაო? თქვენ, თქვენ რატომ არ გყოფნით? აი, შენ, ოთხი ცოლი გყავდა და ოთხჯერ მეტი საყვარელი.

– სამი ცოლი მყავდა, რატომ მიმატებ?

– სამი, რა, ცოტაა? იქნებ, საყვარლების რაოდენობაც არ ვიცი ზუსტად?

– გააჩნია, შენ რას ეძახი საყვარელს, – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ვახომ.

– იმას, რასაც შენ. თუმცა, ალბათ, ფიქრობ, რომ რადგან ისევ უცოლო ხარ, საყვარელიც არ შეიძლება გყავდეს. კარგი, ნაშები დავარქვათ. ასე გაწყობს?

– გეხვეწები, დამშვიდდი, რა... რად გინდა ასეთი რაღაცეები. აჯობებს, ის მითხრა, ნიკუშასთან მისვლა რატომ გადაწყვიტე, ჩვენ ხომ ვილაპარაკეთ?!

– ჰო, ვილაპარაკეთ.

– მერე, მე ის გითხარი, ახლავე, სასწრაფოდ ნიკუშასთან გაიქეცი-მეთქი?! თუ შეგახსენე, რომ არსებობს კაცი, რომელსაც უყვარხარ.

– ვნახე მისი სიყვარული, ვნახე. რა უნდა თქვა ისეთი, რომ ეს ჩემი მეხსიერებიდან ამოშალოთ. ჩემი ბრალია. ყველაფერი ჩემი ბრალია. მაგას არასდროს ვყვარებივარ. ეგოისტია ეგ შენი ძმაკაცი. საკუთარი პერსონის მეტი არავინ უყვარს. გამდიდრდა ბიჭი და რაღაში ვჭირდები, არა?! ყველაფერი გასაგებია. ახლა უკვე ვიცი, როგორც უნდა ვიცხოვრო. მაგ უსინდისო, ეგოისტის ლოდინში, მგონი, ის ადამიანი დავკარგე, რომელსაც მართლა ვუყვარვარ. მაგრამ არა უშავს, ჯერ კიდევ შეიძლება სიტუაციის შეცვლა.

– რას გულისხმობ? – დაეჭვდა ვახო, რომელსაც ძალიან არ მოეწონა ქალის ორაზროვანი, სარკასტული ღიმილი.

– გინდოდა, გეკითხა, ვის ვგულისხმობ?! – ბოროტად ჩაიცინა იამ, – აი, ეგ უკვე შენი საქმე აღარ არის, ყველა დაინახავთ, როცა დრო მოვა.

– სისულელე არ ჩაიდინო, იცოდე! – თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ვახომ.

– გააჩნია, თქვენ რას ეძახით სისულელეს. სულელი მაშინ ვიყავი, მაგის სიყვარულის რომ მჯეროდა. ასეთ შეცდომას ნამდვილად აღარ დავუშვებ. იშოვა ბიჭმა მილიონები და უკვე აღარ ვჭირდები? ვნახოთ, თუ არ ინანებს ამას.

– რა მილიონები, გოგო, რას ლაპარაკობ?

– ლევანმა ყველაფერი მითხრა. ვიცი, დედამისის მილიონების ამბავი. რა იყო, შენ ხომ არ გაქვს იმედი, რომ ტორტის პატარა ნაჭერი შეგხვდება. რა საცოდავი ხარ, საცოდავი არარაობა, მატლი, ჭიაყელა, რომელსაც სიამოვნებით გავსრესდი.

– ეე, შენ მაგრად გაუბერე. აბა, მორჩი! რა გინდა იმ ბიჭისგან. ქმარია და გიღალატა თუ რაშია საქმე?! კაცია, ტო... აბა, რა ქნას? პატარა ხომ არ ხარ, რომ ვერ მიხვდე ეგეთ რაღაცეებს. თანაც საკმაოდ ჭკვიანი ქალი მგონიხარ.

– იმდენად ჭკვიანი, რომ ამ შეურაცხყოფასაც გადავყლაპავ და მორჩილად დავიცდი, კიდევ რამდენიმე წელიწადს. არა, მე შეიძლება, სულელი ვიყო, მაგრამ იდიოტი ნამდვილად არ ვარ, არა! კარგად ბრძანდებოდეთ შენც და შენი „უცოდველი“ ძმაკაციც. შეგიძლია, მოახსენო, აქ რომ ვიყავი. მისი დანახვაც კი აღარ მინდა! – ია წამოხტა და კარისკენ გაიქცა. ვახოც უკან მიჰყვა. უნდოდა მისი შეჩერება, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრა. ქალი რომ წავიდა, საკიდიდან ქურთუკი ჩამოიღო, ხელი მანქანის გასაღებს დაავლო და კარი გაიკეტა...

... მატადორი მარტო მამაცი კი არა, ცოტათი შეშლილიც უნდა იყოს. სულით ავანტიურისტი, რისკიანი და იმავდროულად არისტოკრატიც. როგორ გგონიათ, ადვილია ერთდროულად შეშლილიც იყო და არისტოკრატიც?! თუმცა ყველა არისტოკრატი ხომ ცოტათი შეშლილია... მაგრამ არისტოკრატები არენაზე ხართან საბრძოლველად არ ჩადიან. სამაგიეროდ, ბედს ებრძვიან. ზოგჯერ თავგამოდებით, ზოგჯერ – შეუცნობლად. ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდებიან. ვერც იმას ამჩნევენ, როგორი გაფაციცებით შესცქერის ამ ბრძოლას მაყურებელი. ისე კი, ბედთან ბრძოლა ყველას შეუძლია, მაგრამ მარტო არისტოკრატები აკეთებენ ამას ავანტიურისტული მომხიბვლელობით.

***

ელენემ ხელის გრაციოზული მოძრაობით დააფერფლა სიგარეტი და მოპირდაპირედ მჯდარ ახალგაზრდა კაცს სევდიანად გაუღიმა.

– ესე იგი, არ შევცვლილვარ, არა?! ძალიან სასიამოვნოა, შენი მხრიდან ამის აღიარება. თუ ეს კომპლიმენტი არ არის. თუმცა, კომპლიმენტიც სასიამოვნოა, როცა ასეთ ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცისგან ისმის.

ლევანი შეიშმუშნა. უხერხულობა იგრძნო და მალულად გახედა გრაფს.

– ჩემს მეუღლეს მოსწონს, როცა ჩემს სილამაზეს აშკარად აქებენ. ეჭვიანობაც არ ახასიათებს, – მიუხვდა ქალი.

– არა, მე იმის თქმა მინდოდა, რომ ვიცრუე. იმაზე გაცილებით მშვენიერი ხართ, ვიდრე მახსოვდით, – ლევანი ქალის ხელს მისწვდა და თლილ თითებზე ეამბორა. ელენემ გადაიკისკისა.

– ლევანი და მინისტრის სავარძელი... თურმე ყველაფერი შეიძლება მოხდეს ქვეყანაზე.

ლევანს დიდად არ ესიამოვნა „კომპლიმენტი“, მაგრამ არ შეიმჩნია. შეეცადა, ღირსეულად გამომძვრალიყო სიტუაციიდან.

– დიახ. სიმართლეს ბრძანებთ, მინისტრის სავარძელში ნიკუშა უფრო მოიაზრებოდა, მაგრამ...

ელენეს მღელვარება დაეტყო, მაგრამ არ შეიმჩნია. მხოლოდ ნაძალადევმა ღიმილმა გასცა და ოდნავ ათრთოლებულმა ქვედა ტუჩმა, თუმცა ეს მარტო გრაფმა შეამჩნია.

– ნიკუშა... ჰო. ჩემმა შვილმა ბევრს გაგვიცრუა იმედები. უპირველესად კი, საკუთარ თავს. მე მინდა დავეხმარო, ძალიან მინდა, მაგრამ სიახლოვეს არ მიკარებს. წარმოგიდგენია?! მე აქ ვარ, ის – იქ. არც კი ვიცი, რას ჭამს, რას სვამს. ფულს გავუგზავნიდი, მაგრამ ისეთი თავმოყვარეა, ხელს არ მოკიდებს. ურთიერთობა კი უარესად გაგვიფუჭდება. შენი ნახვაც ამიტომ მინდოდა, ვფიქრობდი, დამერეკა, ვერ წარმოვიდგენდი, აქ თუ შეგხვდებოდი.

მეც ნიკუშას გამო დავრეკე. ძალიან განვიცდით მის ამბავს, – ლევანმა ჩაის ფინჯანი თავისკენ გააჩოჩა, მაგრამ დალევა არც უფიქრია, – ნირწამხდარი იყო და იმედგაცრუებული. ელენესთან სახლში უნდოდა მისვლა. როცა დაურეკა, დარწმუნებული იყო, ქალი თავის ფეშენებელურ, მდიდრულ აპარტამენტებში მიიპატიჟებდა, როგორც ძველ მეგობარს, მაგრამ მან შეხვედრა პატარა, თუმცა საკმაოდ ძვირად ღირებულ და პრესტიჟულ რესტორანში დაუნიშნა. თან დაუმატა, მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის აქ ვსაუზმობთ და გამეხარდება, თუ შემოგვიერთდებიო. ლევანს შეხვედრის დრო აწყობდა. რამდენიმე თავისუფალი საათი ჰქონდა და ისიც შეძლო, ჟურნალისტებს დასძვრომოდა. ელაპარაკებოდა მეგობრის დედას და სულ ნახატზე ფიქრობდა. არ იცოდა, როგორ წამოეწყო მასზე საუბარი.

– იქნებ, ჩამოსულიყავით თბილისში... – ლევანმა გაციებული ჩაი მოსვა. ელენემ ახალი სიგარეტი ჩაამაგრა სადაფის მუნდშტუკში და ქმარს ანიშნა, მომიკიდეო. გრაფი მოიღუშა, მაგრამ არაფერი უთქვამს. აშკარად არ ერეოდა ცოლის და სტუმრის საუბარში.

– მე ჩამოვიდე თბილისში? – ქალმა უკმაყოფილოდ ასწია წარბები და ხმადაბლა ჩაილაპარაკა, – თბილისი... არა. თბილისთან ბევრი ცუდი მოგონება მაკავშირებს და არ მინდა, მოგონებები გავაღვიძო. მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ შვილთან ურთიერთობის მოგვარება ძალიან გამიჭიანურდა. მეშინია, სულ არ დავკარგო. მომიყევი, როგორ ცხოვრობს. მუშაობს?

– არა, – წამოსცდა ლევანს, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, – უბრალოდ, ახლა არ მუშაობს. დროებით. თუმცა, მგონი, ვახომ უკვე მოაგვარა ეს პრობლემა.

– სულ მგონია, რომ ვიღაცამ ძალიან მოინდომა ჩვენი დაშორება. ვიღაც ჩაერია და ჩემი შვილის ნდობა და სიყვარული დამაკარგვინა.

ლევანმა ლამის უთხრა, ვიღაც რა შუაშია, შენმა შვილმა ის არ გაპატია, ამ გაპრანჭულ ფრანტს რომ ჩამოეკიდე კისერზეო, მაგრამ დროზე შეიკავა თავი.

– არ ვიცი, ქალბატონო ელენე, რას გულისხმობთ, მაგრამ მეც და ბიჭებიც ცდას არ ვაკლებთ. ძალიან ვართ მონდომებულები. თქვენი შერიგებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

– მართლა? – ქალმა ბუნებრივად გრძელი, ლამაზი წამწამები დააფახულა. იმ წუთში პატარა ბავშვს ჰგავდა. რაღაცით ძალიან გაოცებულს და გახარებულს. ლევანს გრაფი შეეცოდა. თუმცა, თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ.

– ჩვენ გვიყვარს ნიკუშა. გული გვტკივა, როცა ვხედავთ, როგორ კარგავს ცხოვრების ინტერესს. ახლა ძალიან ცოტა დრო მაქვს. გამიგებთ, ალბათ.

– რა თქმა უნდა. მადლობის მეტი რა მეთქმის. იმასაც არ ველოდი, რომ ჩემთან შესახვედრად მოიცლიდი. შენ ცოლი გყავს? – ჰკითხა მოულოდნელად ქალმა. ლევანი არ ელოდა ამ შეკითხვას და დაიბნა.

– მე? დიახ. ოთხი წლის წინ შევირთე. ჩემზე რამდენიმე წლით უფროსია. ბავშვიც ჰყავს, პირველი ქორწინებიდან, – ბეჯითი მოსწავლესავით მოყვა თავისი ოჯახის ამბავი ლევანმა და გაწითლდა. ეს ისე ანგარიშმიუცემლად გააკეთა, რომ გაბრაზდა კიდეც საკუთარ თავზე უაზრო გულახდილობისთვის.

– მართლა? რა საინტერესოა? ესე იგი, თბილისში არაფერი შეცვლილა, – გაიცინა ქალმა და მეუღლეს ფრანგულად გადაულაპარაკა, – ხომ არ დაიღალე, შერი. მირჩევნია, ქართულად ველაპარაკო. ასე უფრო მიადვილდება.

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ძვირფასო, – გრაფმა კოცნით გაამხნევა ცოლი, – პირიქით, ძალიან მომწონს, როცა ქართულად ლაპარაკობ. ისეთი სხვანაირი და სასურველი ხარ ამ დროს... ცოტათი შორეულიც...

ელენემ ისევ გაიცინა. ლევანმა გაიფიქრა, ეს ქალი ნებისმიერს აურევს თავგზას. ჩემი ყეყეჩი სიმამრი საერთოდ რისთვის სჭირდებოდაო.

– მე ვერ გავიგე, რა იგულისხმეთ, როცა თქვით, თბილისში არაფერი შეცვლილაო, ან როგორ მიხვდით ამას?

– მივხვდი, საყვარელო, შენმა სიტყვებმა მიმახვედრა. ისე თქვი, ცოლი ჩემზე უფროსია, თან შვილი ჰყავსო, რომ ყველაფერი გასაგები გახდა. ეგ ქალაქი ისევ ძველი პრობლემებით და სტერეოტიპებით ცხოვრობს. ალბათ, ძალიან გიყვარს, რადგან დაბრკოლებებმა ვერ შეგაშინა.

ლევანმა არ უპასუხა. თიკა დაუდგა თვალწინ და გულზე მოეშვა, როცა იფიქრა, რომ ის ახლა აქედან ძალიან შორს იყო...

თიკამ ბარგი აიღო, ბოლო წუთს გადაიფიქრა ის, რისი გაკეთებაც მთელი გზა უნდოდა. იმიტომ არა, რომ ქმრის შეეშინდა ან გამბედაობა არ ეყო. უბრალოდ, ქალურმა ინტუიციამ უკარნახა, რომ იმ ეტაპზე დათმობა ჯობდა. თან ქმარზე მეტად საკუთარ მამაზე იყო გაცეცხლებული. ზურაბის მექალთანობის ამბავი არ გაკვირვებია. გრძნობდა, კაცი ერთგულების ნიღაბს უნიჭოდ რომ ირგებდა. ყოველთვის გრძნობდა ამას, მაგრამ ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებდა. აკმაყოფილებდა ის გარემო, რომელიც მშობლებმა შეუქმნეს. დედამისი ჩუმად იყო. ესე იგი, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. რატომ უნდა ჩაეყო ცხვირი იქ, სადაც შესაძლოა, უსიამოვნო სუნს ცხვირის ნესტოები აეწვა. თიკა არ იყო სულელი. თუმცა ქმრის გულახდილობამ მიახვედრა, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ეტაპი, როცა არჩევანი უნდა გაეკეთებინა და მიეღო გადაწყვეტილება, ვის მხარეს აჯობებდა დგომა – ქმრის თუ მამის. ისევ ინტუიცია კარნახობდა, რომ ქმრის მოკავშირეობა გაცილებით მომგებიანი იქნებოდა მისთვის. მთელი გზა იმდენი იფიქრა, რომ ბოლოს თავიც ასტკივდა. ასე ცუდად არასოდეს უმგზავრია. სახლში მისულმა შხაპი მიიღო და მაშინვე ლოგინში ჩაწვა. თავის ტკივილმა გაუარა. დაძინებას ვერ შეძლებდა. ჯერ გადაწყვიტა, ქმრისთვის დაერეკა, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრა. სახლში მშობლებთან ვერ დარეკავდა. არც ჰქონდა ამის სურვილი. ჯერ კიდევ ტაქსიში მობილურიდან დაფარული ნომრით დედას დაურეკა და ბავშვის ამბავი იკითხა. ისიც უთხრა, ორ-სამ დღეს კიდევ ვერ ჩამოვალო და სანამ ქალი დაკითხვას მოუწყობდა, ტელეფონი გაუთიშა.

თიკას არასოდეს უცდია ქმრის მეგობრებთან დაახლოება. ყველას კარგად იცნობდა, მაგრამ ის ძაფი, რომელიც ახლობელ ადამიანებს შორის იბმება ხოლმე, ამ შემთხვევაში, არ გაბმულა. თიკას დათო მოსწონდა. ვახოს დასცინოდა. ნიკას კი, რბილად რომ ვთქვათ, ვერ იტანდა. მისი ცინიზმი აღიზიანებდა და ნერვებს უშლიდა. თანაც ისე, რომ ზოგჯერ თითქმის აცოფებდა. ხელმოცარული, უფულო და უპერსპექტივო ნიკუშა მაინც მაღლა იდგა მასზე, თავისი განათლებით, აღზრდით, შინაგანი კულტურით. თიკა გრძნობდა ამას და მასთან შეხვედრას ყოველთვის გაურბოდა.

ნიკუშას დიდი სიხარული არ გამოუხატავს ვახოს დანახვის გამო, მაგრამ ოთახში მაინც შეიპატიჟა. იას წასვლის შემდეგ მარტო ის მოახერხა, რომ შარვალი ჩაიცვა. ნატუკასაც დაეფარა შიშველი სხეული მეტ-ნაკლებად. ნიკუშას პერანგი, მისი საშინაო ფეხსაცმელი და კოლგოტი ეცვა. გაშლილი თმა სარეცხის დასამაგრებელი „შპილკით“ ჰქონდა შეკრული, სავარძელში ნებივრად მიწოლილიყო და არხეინად ეწეოდა სიგარეტს. ვახომ ბრაზით გახედა გოგოს და ნიკუშას მოურიდებლად მიახალა.

– ეს ისევ აქ არის? ვერ ეტყვი, რომ სახლში წავიდეს?

– შუაღამისას ხომ არ გავაგდებ ქუჩაში. გათენდება და წავა, – ჩაიბურტყუნა ნიკუშამ, ისე, რომ გოგოსთვის ზედ არ შეუხედავს.

– შუაღამისას, თორემ მაგასაც სიბნელის არ შეეშინდეს. საერთოდ, რა ჯანდაბას აკეთებს აქ. რა, შენი საყვარელია? ცოლად ხომ არ მოიყვანე?

– ვახო, მომეშვი, არ ვარ შენს გუნებაზე. ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი, – ჩაიღრინა ნიკუშამ.

– მე არ ვარ, შენი ნერვების მოშლის მიზეზი. ეეე, სულ არ გქონია ჭკუა, ერთი მისხალიც კი, რა უნდა გელაპარაკო.

– გამაგებინე, რატომ ილანძღები. რა დაგიშავე?

– მიზეზი არ იცის ბიჭმა, – ვახომ უკმაყოფილოდ აიქნია ხელები, – ამასთან ერთად გინდა, რომ გითხრა? კარგი, ია იყო ჩემთან.

ნიკუშა გაფითრდა.

– რაო, გეცვალა ფერი? – ნიშნისმოგებით ჩაიცინა ვახომ, – მცოდნია თუ არა, შენი ვაჟკაცობის ამბავი.

– მე მაგისთვის ერთგულების ფიცი არ მიმიცია.

– მშვენიერი არგუმენტია, მამაკაცური. თავის მართლება საჭირო არ არის. მეც ზუსტად ეგ ვუთხარი იას. იმიტომ, რომ ორივე კაცები ვართ და ერთმანეთს გასვრილი ერთი ადგილი უნდა მოვწმინდოთ. მაგრამ ახლა გეტყვი, სინამდვილეში რას ვფიქრობ შენზე.

– არ გინდა, ნუ მეტყვი, – ჩაიბურტყუნა ნიკუშამ და ნატუკას გახედა. გოგო ისევ მშვიდად იჯდა. ფეხი ფეხზე შემოედო და ისეთი უშფოთველი სახით ეწეოდა სიგარეტს, თითქოს კაცების საუბარი მას საერთოდ არ ეხებოდა.

ვახომ პროტესტის ნიშნად ენერგიულად გადააქნია თავი.

– არა, გეტყვი. ფეხებზე მკიდია შენი უგუნებობა. ია მართალია. ეგოისტი ხარ. თანაც იდიოტი. ხვდები, რომ ის გოგო საერთოდ დაკარგე?! სამუდამოდ. არ გაპატიებს ამას.

ნიკუშამ ხელი ჩაიქნია.

– ბოლოს და ბოლოს, მე თავისუფალი კაცი ვარ და ვისთანაც მინდა, იმასთან დავწვები, თუნდაც ქუჩის კახპასთან.

– რა თქმა უნდა. მაგრამ ქუჩის კახპა სახლში არ უნდა მოიყვანო და დიასახლისივით არ უნდა წამოასკუპო სავარძელში! – ვალში არ დარჩა ვახო.

ნატუკამ ტაში შემოჰკრა და ხმამაღლა გაიცინა.

– ბრავო! მშვენიერია, მშვენიერი, მაგრამ ჯენტლმენებო, რატომ დაგავიწყდათ, რომ „ქუჩის კახპამ“ ყველაფერი გაიგონა. ძვირფასო რომეო, – მიუბრუნდა ნიკუშას, – ჩვენს დროში შექსპირული ვნებები, როცა ისედაც გართულდა ცხოვრება, მეტისმეტია.

– შენ გაჩუმდი! – გოგოს მიუბრუნდა ნიკუშა, მაგრამ მის ხმაში აგრესია ან ბრაზი არ იგრძნობოდა.

– კი ბატონო, გავჩუმდები. რა მენაღვლება. უბრალოდ, ჩემი მოსაზრება გამოვთქვი.

– არ გინდა, ნუ ჩაერევი ჩვენს საუბარში.

– აჯობებს, ტაქსის ფული მისცე და გაუშვა.

– ეგ მარტო ჩემი გადასაწყვეტია, – არ დათმო ნიკუშამ, – ვინ მიკითხავს მორალს, ცნობილი დონ ჟუანი, სამცოლგამოცვლილი ლოველასი, უპასუხისმგებლო და არასერიოზული, თავქარიანი მოგულავე...

– განაგრძე, განაგრძე... საინტერესოა, კიდევ რას იტყვი ჩემზე.

– იმაზე მეტი რა უნდა ვთქვა, რაც ისედაც იცი. ია ჩემი ცოლი არ არის. ამიტომ, მის წინაშე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ.

– თვალებში მიყურე და ისე გაიმეორე, რაც ახლა მითხარი.

ნიკუშამ ხელი აიქნია.

– რას გადამეკიდე. შენ, რა, საქმე არა გაქვს? წადი, რა, სახლში. დაწექი და დაიძინე.

– ანუ, ხელს გიშლი?

– ჰო. რაღაც მაგდაგვარია. დავიღალე, ამდენი ჭკუის სწავლებით. პატარა აღარ ვარ და ვიცი, რასაც ვაკეთებ.

– ჰმ, პატარა აღარ არის ბიჭი. პატარა რომ იყო, კარგად გაგასილაქებდი, ყურს აგიწევდი და კუთხეშიც დაგაყენებდი.

– გეყოფა, არც შენ მყავხარ სანიმუშო მოსწავლე! – იყვირა ნიკუშამ.

ვახო გაჩუმდა. რამდენიმე წუთი ხმა არ ამოუღია. ნიკუშა უარესად გააღიზიანა მისმა სიჩუმემ.

– აუ, წადი, რა, აქედან, ხვალ ვილაპარაკოთ...

– მე შენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს. არც ხვალ, არც ზეგ და საერთოდ, შემეშვი, რა...

– მე შეგეშვა? დაგავიწყდა, სად ხარ? შენ მომეჭერი სახლში.

– ჰოდა, ბოდიშს გიხდი და მივდივარ. აქ აღარაფერი მესაქმება. ამიერიდან საერთოდ აღარაფერს გეტყვი. ვეღარც მნახავ. სამსახურში შეგიძლია იარო. ხელფასს ჩვეულებრივად მოგცემენ. რატომ ვიტკიებ აუტკივარ თავს, გაუგებარია. ან აქამდე რატომ არ ვიქცეოდი ასე. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და თუ ვინმეს კისრის მოტეხვა უნდა, ხელი არ უნდა შეუშალო. კარგად ბრძანდებოდე!

ვახომ ოთახის კარი გაიჯახუნა. ნიკუშამ ტუჩი მოიკვნიტა. წამოხტა და მეგობარს უკან გაედევნა.

– მოიცადე!

– რა გინდა, რას მომდევ? უკვე ყველაფერი გავარკვიეთ. გირჩევნია, იმას მიხედო, არ გაგექცეს. ეგეთ ჩიტუნიებს უყურადღებობა არ უყვართ. რა უნდა გელაპარაკო. იმაზე იდიოტი გამოდექი, ვიდრე მეგონა. მე ხომ ვარ ბედის საჩუქარი, მაგრამ შენ მეც კი მაჯობე იდიოტობაში.

– მოიცადე-მეთქი! რაღაც მინდა გკითხო.

– რა უნდა მკითხო. იამ რა მითხრა თუ ის, მე რა ვუპასუხე.

– მეც არ ვიცი, როგორ მოხდა. რას წარმოვიდგენდი, თუ აქ მოვიდოდა?! – ნიკუშამ შუბლი მოისრისა. ვახოს შეეცოდა ძმაკაცი და ერთბაშად მოლბა.

– ვერც მე წარმოვიდგენდი, მაგრამ მოვიდა. უყვარხარ, კრეტინო და ერთხელაც ასე მოხდებოდა.

– მერე, რაღა დღეს მოხდა. ეგ მაგიჟებს და მაცოფებს, რაღა დღეს! გადავალ ჭკუიდან. ჩაცმულები მაინც ვყოფილიყავით.

– ვაა, მაგარი რაღაც დაგემართა.

– მომისმინე, ძალიან ნერვიულობდა?

– ვინ?

– ვინ და ბებიაჩემი, ია, რა თქმა უნდა. ისეთი გავარდა, მინდოდა გამოვკიდებოდი, მაგრამ...

– მაგრამ მიხვდი, თავს რომ გაგიტეხდა, ხომ მართალია?

– შეიძლება. მაგრამ შენ ამით რა გემატება, ვერ ვხვდები, – შეუბღვირა ნიკუშამ გაბადრულ ვახოს.

– მეე? – გაიოცა იმან.

– ჰო, შენ, შენ. რა სახე გაქვს. გიხარია, რომ გულზე ვსკდები?

– არა, ტო, რა მიხარია, მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. რატომ მომატყუე, ის გოგო უბრალოდ მეგობარიაო. აი, შენი უბრალოდ მეგობრობა. ვერ გაგიქცია საცოლე?

ნიკუშამ ხელი ჩაიქნია.

– საცოლე... რომელი საცოლე?! შეიძლება, ასე უკეთესიც იყოს. მე და ია დიდი ხნის წინ აღმოვჩნდით სხვადასხვა პოლუსზე. უბრალოდ, ამის აღიარება არც ერთს არ გვინდოდა. ახლა ზუსტად ვიცით, რომ ერთად ვეღარ ვიქნებით.

– იმიტომ, რომ ეს პატარა კახპა ჩაიწვინე ლოგინში? – აღშფოთდა ვახო, – ახლა შენ ტვინი გაქვს?

– გეხვეწები, ნატუკაზე ასე ნუ ლაპარაკობ, ეგ არაფერ შუაშია.

– შუაში რაც არის, კარგად ვიცი. მართლა ხომ არ შეგიყვარდა, ბიჭო? – შეიცხადა ვახომ, – აი, ეგღა გაკლდა, სრული ბედნიერებისთვის. სულ აშენდები და დამშვენდები.

– მორჩი სისულელეებს! სიყვარულზე საერთოდ აღარ ვფიქრობ, მეტისმეტი ფუფუნებაა ჩემთვის. იცი, რას ვიზამ? საერთოდ წავალ აქედან!

– საიდან აქედან, ამ სახლიდან?

– არა, საქართველოდან. საქართველოდან წავალ!

– ვაა, ეგ უკვე მაგარია! არ არის ცუდი აზრი, მაგრამ სად წახვალ – დედაშენთან? – ვახომ ეს სიტყვები შიშით წარმოთქვა. ნიკუშას მძაფრ რეაქციას ელოდა, მაგრამ შეცდა. ნიკუშა პირველად შეხვდა დედის ხსენებას მშვიდად. მეგობარს გამომწვევად შეხედა და დაუფარავი გესლით ჩაილაპარაკა.

– რატომაც არა. თქვენგან მაინც დავისვენებ. ფულიც მექნება.

– ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ძმაო. ვისაც შეშურდეს, იმის კეთილებიც!

– შენ რა, მართლა დაიჯერე, რომ დედაჩემთან გავიქცევი? კალთაში ავუტირდები და დახმარებას ვთხოვ? არა, რა, მაგარი ბავშვი ხარ, მაგრამ აქედან გაქცევა მართლა მინდა. გავიქცევი კიდეც, აუცილებლად გავიქცევი...

თიკამ ყავა მოიდუღა. ტანზე არც ჩაუცვამს. აბრეშუმის მოკლე პერანგისა და ტრუსის ამარა, ფეხშიშველა გატანტალდა სასტუმრო ოთახში და პირდაპირ იატაკზე, ხალიჩაზე მოიკეცა. ყავას ნელა სვამდა, დაგემოვნებით და ფიქრობდა. ცდილობდა, ნიკუშას სახე აღედგინა მეხსიერებაში. ხვდებოდა, რომ მასსა და ნიკას შორის არანაირი ნათესაური კავშირი არ არსებობდა. ის, რომ მამამისი დედამისის საყვარელი იყო, არაფერს განსაკუთრებულს არ ნიშნავდა, მაგრამ შეგრძნება მაინც ისეთი ჰქონდა, როგორც ძალიან ახლობელ ადამიანზე ფიქრისას. სურვილი გაუჩნდა, ენახა და დალაპარაკებოდა, ნიკუშას ბინის ტელეფონის ნომერი იცოდა, მაგრამ დარეკვას ჯერ არ ჩქარობდა. ფინჯანი დაცარიელდა. შუაღამე გადავიდა. თიკა კი იჯდა და ფიქრობდა. „იქნებ, ჩემი ძმაა.. თუმცა, რა სისულელეს ვამბობ. მამაჩემი არ მისცემდა შვილის გაჩენის უფლებას ქალს, რომელიც სხვა კაცის ცოლი იყო. მაგრამ თუ მამაჩემს არაფერი ჰკითხა, თუ საერთოდ ამ ფეხმძიმობის დასამალად გათხოვდა? მათ შორის სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მამაჩემი იმ ძვირფას ნახატს არ აჩუქებდა. თუმცა, მაშინ ნახატის ღირებულება მისთვის უცნობი იყო და შეიძლება ასე მოიცილა თავიდან მობეზრებული სიყვარული. ძალიან დახლართული ამბავია და თან ცუდი სუნიც ასდის. სიმართლე მარტო ერთმა ადამიანმა შეიძლება იცოდეს – ელენემ“...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3