კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მფარველობდა ედუარდ შევარდნაძის ერთ-ერთი მოადგილე ქურდებს



მილიციის კაპიტნის, შალვა მოსიძის ისტორიამ გასული საუკუნის 70-იან წლებში დიდი რეზონანსი გამოიწვია და იმის გამო, რომ ამ საქმის ზოგიერთი მონაწილე დღესაც ცოცხალია, მათი სახელები შევცვალეთ.

უცნაური სიკვდილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი, მილიციის მაიორი ლევან ლაღიძე და იმავე უწყების კაპიტანი შალვა მოსიძე ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ერთ უბანში ცხოვრობდნენ, ერთ კლასში სწავლობდნენ, უნივერსიტეტიც ერთად დაამთავრეს და მილიციაშიც ერთდროულად დაიწყეს მუშაობა. ისინი განუყრელი მეგობრები იყვნენ და სამინისტროში მათ „სიამის ტყუპებს“ ეძახდნენ. 9 ივლისს ლაღიძე და მოსიძე კაფე „მეტროში“ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილები შეხვდნენ ერთმანეთს, განმარტოვდნენ და დაბალ ხმაზე დაიწყეს საუბარი. მოსიძე ლაღიძემ დაიბარა პაემანზე. მოსიძე თხუთმეტი წუთით ადრე მივიდა კაფეში და ორი ბოთლი შამპანური შეუკვეთა. მეგობარი რომ მივიდა, ჭიქა შუშხუნა სითხით შეუვსო და უთხრა:

– ვისაუბროთ, თან ნელ-ნელა ვწრუპოთ.

– არა, შაკო, – თავი გააქნია ლაღიძემ, – ვერ დავლევ. უკვე ორი დღეა, ვმარხულობ და სასმელს აღარ ვეტანები.

– მარხულობ? რას ამბობ, ლეო, – გაეცინა მოსიძეს, – რა მარხვა, რის მარხვა. ხომ არ გაგიჟდი! დალიე, თუ კაცი ხარ და მითხარი, რა ხდება. ასე კონსპირაციულად რატომ დამიბარე აქ. სამინისტროში ვერ ვილაპარაკებდით? დალიე, რა!

– არა, შაკო, არ გეწყინოს, ვერ დავლევ.

– ჩემი ხათრით, ლეო.

– არა, შაკო, არ გეწყინოს, – თავი გააქნია ლაღიძემ და შამპანურით სავსე ჭიქა გვერდზე გასწია.

იგივე გააკეთა მოსიძემაც და მეგობარს უთხრა:

– ესე იგი, მართლა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ჩემი ხათრითაც არ სვამ.

– არ ვსვამ, იმიტომ, რომ ვმარხულობ და რაც არ უნდა მოხდეს, წვეთიც არ გადამივა ყელში. გვეყო უღმერთოდ ცხოვრება. რაც შეეხება შენი აქ დაბარების მიზეზს, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.

– თქვი, გისმენ.

– ამ დილით მინისტრის მოადგილემ დამიბარა და გორელაშვილის საქმის დახურვა მიბრძანა. მითხრა, რომ საგამოძიებო ვადებს გადავაცილე, რომ ბევრი არაფერია გამოსაძიებელი, რომ გორელაშვილი ინვალიდია და მისი პატიმრობა მიზანშეწონილი არაა. ერთი სიტყვით, მას უნდა, რომ ის ნაძირალა გავათავისუფლო. არადა, ამ საქმეში რაც უფრო ღრმად ვერკვევი, მით უფრო საინტერესო ხდება. მით უფრო მეტი ხალხი ჩნდება და საქმე ხორცს ისხამს. მოკლედ, მინისტრის მოადგილის არგუმენტი გორელაშვილის ინვალიდობის გამო გათავისუფლების შესახებ სისულელეა. ის ხარივით ჯანმრთელია და მისი ინვალიდობის ცნობა „ლიპაა“. ერთი სიტყვით, მინისტრის მოადგილეს ძიების გაგრძელება არ აწყობს, რადგან, ვფიქრობ, ისიც გარეულია ამ საქმეში.

– რა საქმე უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან კანონიერ ქურდსა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს?

– მაგას სულ მალე დავადგენ, მაგრამ ამის დაშვება არ უნდა და იმიტომ მომთხოვა საქმის შეწყვეტა.

– შენ რა უთხარი?

– უარი. თანაც დავემუქრე, რომ მინისტრთან შევიდოდი პატაკით.

– მერე?

– რა მერე. შევატყვე, შეცბა და არ მოელოდა ჩემგან ამას, მაგრამ არ შეიმჩნია და მითხრა, რომ ჩემთვის ზედმეტი ხლაფორთის თავიდან აცილება უნდა. მისი თქმით, გორელაშვილს გავლენიანი ნათესავები ჰყავს და ვითომ ისინი აწუხებენ.

– სულ ესაა?

– ერთი შეხედვით – კი. მაგრამ, ვფიქრობ, მინისტრის მოადგილე ასე იოლად არ შემეშვება და შენ იმიტომ დაგიბარე, რომ ამ ყველაფრის საქმის კურსში იყო. მე რომ რამე დამემართოს, ედუარდ ამბროსიევიჩს ყველაფერი მოუყევი. მინისტრი სამ დღეში ჩამოვა და, სანამ ვნახავ, შენთან დავიჭირე სტოპერიოდი.

... შეხვედრის მერე შალვა მოსიძე სახლში წავიდა დასასვენებლად, რადგან ზედიზედ ორი დღეს იმორიგევა, ლევან ლაღიძე კი სამინისტროში დაბრუნდა, რადგან მორიგე იყო და მხოლოდ დილის 8 საათზე იცვლებოდა. მაგრამ, 10 ივლისს, ღამის 3 საათსა და 45 წუთზე, ლევან ლაღიძე მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადავარდა, ბეტონის ფილებზე დაეცა და... სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ მის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ალკოჰოლი აღმოაჩინა და მომხდარს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მიენიჭა, რასაც მაიორ პავლე კოღუაშვილის ჩვენებაც ამყარებდა, რომელიც იმ ღამეს სამინისტროში ლაღიძესთან ერთად მორიგეობდა. კოღუაშვილი წერდა: „მე და ლევან ლაღიძემ ორი ბოთლი არაყი გამოვცალეთ. შემდეგ ლევანი ტუალეტში წავიდა. თხუთმეტი წუთის მერე კი შევიტყვე, რომ ის ფანჯრიდან გადავარდა“. პავლე კოღუაშვილი მეორე დღესვე გაათავისუფლეს სამსახურიდან დისციპლინის დარღვევისთვის, ერთ კვირაში კი ის თბილისიდან გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა.

მაიორი ლევან ლაღიძე მხედრული პატივით დაკრძალეს, რომელსაც იმჟამინდელი მინისტრი ედუარდ შევარდნაძეც ესწრებოდა, ქელეხში კი სწორედ მინისტრის ის მოადგილე თამადობდა, რომელმაც ლაღიძეს გორელიშვილის საქმის შეწყვეტა მოსთხოვა. მეგობრის პანაშვიდებზე და დაკრძალვაზე შალვა მოსიძეს ისე ეჭირა თავი, თითქოს არაფერი იცოდა. ქელეხიდან სახლში რომ დაბრუნდა, ტახტზე წამოწვა და თვალცრემლიანმა ჩაილაპარაკა: „საცოდავი ლეო, მარხულობდა, ესე იგი, არც დალევდა. ის მოკლეს. ხვალიდან მისი მკვლელების ძებნას ვიწყებ“.

მარტოხელა შურისმაძიებელი

შალვა მოსიძემ მეგობრის მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად ყველაზე მარტივი და სარისკო, ძალისმიერი მეთოდი აირჩია. გადაწყვიტა მინისტრის მოადგილე მოეხელთებინა და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად ეთქმევინებინა მისთვის ყველაფერი. საამისოდ საგანგებო მზადება დაიწყო, რამდენიმე ვარიანტი შეიმუშავა, მაგრამ, ამასობაში მინისტრის მოადგილე დააწინაურეს და მოსკოვში, საკავშირო სამინისტროში გადაიყვანეს სამუშაოდ. მოსიძე, მინისტრის მოადგილესთან ჩვეულებრივ მიღებაზე უნდა მისულიყო, შემდეგ მისთვის იარაღი დაედო შუბლზე და მოკვლის მუქარით იძულებული გაეხადა, ყველაფერი მოეყოლა, ის კი კინოფირზე ჩაიწერდა. მაგრამ, მისმა დაწინაურებამ ეს გეგმა ჩაუშალა და სხვა ვარიანტების ძებნა დაიწყო. შალვას მიხეილ გორელაშვილის, მეტსახელად „ჩიტოს“ მოხელთებაც უნდოდა, რომელიც ციხიდან ლევანის სიკვდილის მესამე დღესვე გაათავისუფლეს, მაგრამ ჩიტოც მოსკოვში გაემგზავრა და შალვასთვის დროებით მიუწვდომელი გახდა. არც ყოფილი მილიციელი პავლე კოღუაშვილი ჩანდა და მოსიძემ მინისტრ ედუარდ შევარდნაძესთან შესვლა და პატაკის ჩაბარება გადაწყვიტა, მაგრამ მოულოდნელად, შეიტყო, რომ კოღუაშვილი გამოჩნდა და გადაწყვიტა, ყოფილი კოლეგა ენახა. შალვა პავლე კოღუაშვილს სახლთან ჩაუსაფრდა და როცა ის შინ დაბრუნდა, მას იარაღი დაადო კეფაზე, ბინაში შეაგდო, კარი ჩაკეტა, რადიატორზე მიაბა და უთხრა:

– დაბრუნდი, შე ნაბოზარო?

– რას მერჩი, შაკო, რა დაგიშავე?

– ვითომ არ იცი, არა?! სიმართლე უნდა მითხრა, თორემ სასტიკად გაწამებ. შემდეგ დაგანაწევრებ და შენ ხორცებს მაწანწალა ძაღლებს მივუყრი.

– რას მოითხოვ ჩემგან?

– სიმართლეს. მითხარი, როგორ მოკალით ლეო?

– რას სულელობ? ლეო მთვრალი იყო და ტუალეტის ფანჯრიდან გადავარდა.

– ტყუილს ამბობ! ლეო მარხულობდა, არ სვამდა და მე ეს ზუსტად ვიცი. სიმართლე მითხარი, თორემ, ლეოს სულს ვფიცავ, რომ ნაკუწ-ნაკუწ აგქნი და ახლავე დავიწყებ შენს წამებას.

– მართლა არაფერი ვიცი, – თავი გააქნია კოღუაშვილმა, – ლეო მართლა ტუალეტში გავიდა და ნახევარი საათის მერე გავიგე მისი სიკვდილის ამბავი. ჩოჩქოლი რომ ატყდა, მინისტრის მოადგილემ მიხმო და მითხრა, თუ ისე ვიტყოდი ყველაფერს, როგორც დამარიგებდნენ, 100 ათას მანეთს მომცემდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ლეოს გზას გამიყენებდნენ. თანაც ცოლ-შვილის დახოცვით დამემუქრნენ და იმიტომ დავთანხმდი. აქედანაც შიშის გამო გავემგზავრე და ცოლ-შვილი გადავმალე. აქ კი ბინის გასაყიდად ჩამოვედი და, რომ მცოდნოდა, შენ მეძებდი, საერთოდ არ გამოვჩნდებოდი.

– შენც დარტყმის ქვეშ ხარ და, რომ იცოდე, არ გაცოცხლებენ. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ მოგკლეს, რომ ცრუ მოწმედ სჭირდებოდი. ახლა კი მათთვის უკიდურესად საშიში ხარ.

– აბა, რა ვქნა?

– დამეხმარე სიმართლის გაგებაში და ერთად ვიძიოთ შური.

– თანახმა ვარ, – თავი დააქნია კოღუაშვილმა, რის მერეც მოსიძემ ის ახსნა, შეხვედრაზე შეუთანხმდა და კონსპირაციულად დატოვა იქაურობა. მეორე დღეს კი პავლე კოღუაშვილი ჩამოხრჩობილი იპოვეს მისსავე ბინაში.

შალვა მოსიძე კვლავ მარტო დარჩა. ის აშკარად, გრძნობდა, რომ ვიღაცის უხილავი თვალი უთვალთვალებდა და ნებისმიერი სასტიკი შეტაკებისთვის მზად იყო. შალვა დარწმუნდა, რომ ის ნაწამებმა ჩამოხრჩობილმა კოღუაშვილმა გათქვა და უკვე აშკარა დევნის საგანი იყო. ამიტომ კონტრშეტევაზე გადასვლა გადაწყვიტა და მასზე წარუმატებელი თავდასხმის მერე, როდესაც ის მარცხენა მხარში მსუბუქად დაჭრეს, ხოლო თავდამსხმელი მიიმალა, ორკვირიანი შვებულება აიღო და ჩიტოს ხელში ჩასაგდებად მოსკოვში გაემგზავრა ინკოგნიტოდ.

ქურდულ-მილიციური სინდიკატი

მიხეილ გორელაშვილის, იგივე ჩიტოს საქმე, რომელსაც, ფაქტობრივად, ლევან ლაღიძის სიცოცხლე შეეწირა, დახურული და არქივში გადაცემული იყო. საქმე კი იმაში მდგომარეობდა, რომ ჩიტო 10 ათასი მანეთის გამოძალვისთვის იყო დაპატიმრებული, რომელიც მან „ცეხავიკ“ შოთა ალავიძეს წაართვა. მაგრამ, მოგვიანებით, ალავიძემ ჩვენება შეცვალა, რის შემდეგაც ის ვენებგადაჭრილი იპოვეს თავისსავე აბაზანაში. სწორედ ამიტომ ცდილობდა ლევან ლაღიძე ამ საქმის საფუძვლიანად გამოძიებას, რასაც საბოლოოდ შეეწირა კიდეც.

მოსკოვში შალვა მოსიძე მაიორ ანტონ პეტრენკოსთან მივიდა, რომელიც მისი და ლევან ლაღიძის ძველი მეგობარი და ნათესავი იყო: პეტრენკოს შალვას ბიძაშვილი ნატო ჰყავდა ცოლად, თავად კი „კაგებეს“ საგარეო დაზვერვის თანამშრომელი იყო და ხშირად უწევდა უცხოეთში გამგზავრება. სწორედ ამ მიზეზით ვერ დაესწრო ის ლევანის დაკრძალვას. შალვამ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა პეტრენკოს და უთხრა:

– შენი შარში გახვევა არ მინდა. ამიტომ, ერთი თხოვნა მაქვს, თუ, რა თქმა უნდა, შესრულება შეგიძლია. მე ჩიტოს ადგილსამყოფლის დადგენა, მისი ბინის მისამართი მაინტერესებს. ეს, რა თქმა უნდა, მეც შემიძლია, მაგრამ აქ ინკოგნიტოდ ვარ ჩამოსული და ჩემს მოსკოველ კოლეგებს რომ მივმართო, გავიშიფრები.

– ლევანი ჩემი ძმა იყო და შურს ერთად ვიძიებთ, ამ ნაძირლებს ერთად გამოვააშკარავებთ, უპასუხა ანტონმა.

პეტრენკომ უპრობლემოდ დაადგინა ჩიტოს მისამართი, რომელიც ძველ არბატზე, ფეშენებელურ ბინაში ცხოვრობდა. შემდეგ მოსიძესთან ერთად გრიმი გაიკეთა და კანონიერი ქურდი ზედ ცხვირწინ ააცალა მისსავე კოლეგებს. მათ ჩიტო მოსკოვის მახლობლად, მიტიშჩის დასახლებაში მიიყვანეს და ერთ-ერთი აგარაკის სარდაფში თავქვე დაკიდეს. მოსიძემ გორელაშვილს უთხრა:

– რა კავშირი გაქვს პოლკოვნიკთან და რატომ მოკალით ლევან ლაღიძე?

პოლკოვნიკი მოსკოვში გადაყვანილი ყოფილი მინისტრის მოადგილე იყო. ჩიტომ ჯერ ურჩობა სცადა, მაგრამ კბილებში რომ პისტოლეტის ტარი მოხვდა, ყველაფერი დაწვრილებით დაფქვა და ბოლოს თქვა:

– პოლკოვნიკს თავისი დაჯგუფება ჰყავს, რომელიც მე და ჩემს ბიჭებს ჯერ კიდევ თბილისში გვკრიშავდა და, ცეხავიკებსა და „ფაშისტებს“ რომ ვწეწავდით, პასუხისგებისგან გვიცავდა. ალავიძეც მათ მოკლეს.

– კონკრეტულად ვინ?

– შეკვეთა პოლკოვნიკის იყო, „გოგრამ“ და „ხისთავამ“ კი შეასრულეს.

გოგრა და ხისთავა პოლკოვნიკის ადიუტანტები იყვნენ, რომლებიც მას მოსკოვშიც თან ახლდნენ. მოსიძემ სიმწრით, ტუჩი მოიკვნიტა და ჩაილაპარაკა:

– როგორ ვერ მივხვდი ამას. თუმცა, მართლა გამოვუყვან მათ წირვას, – შემდეგ მგლური თვალები მიანათა ჩიტოს და ჰკითხა: შენს ძმაკაც ქურდებსაც ხომ შენ აჭერინებდი?

– არა, – უარყო თავქვედაკიდებულმა გორელაშვილმა.

მოსიძემ ჩიტოს კიდევ სამი კბილი ჩაუმტვრია პისტოლეტის ტარით და უთხრა:

– ახლაც უარყოფ?

– ჰო, მე ვაჭერინებდი, – დაადასტურა ჩიტომ, – ვინც არ გვაწყობდა, პოლკოვნიკი ყველას იჭერდა.

მოსიძემ ჩიტოს მონათხრობი კინოფირზე ჩაწერა და მოსკოველი ქურდების წინამძღოლს, პავლე ბორუსოვს, მეტსახელად „ბანანს“ გაუგზავნა, თან თავქვედაკიდებული ჩიტოს ადგილსამყოფელიც მიუთთა.

ბანანმა და მისმა კოლეგებმა ჩამშვები ჩიტო სასტიკად სცემეს. შემდეგ ხმლით მოაჭრეს თავი და აგარაკს ცეცხლი წაუკიდეს.

მოსიძემ კი გოგრა და ხისთავა მეორე დღეს „ვოლგის“ მარკის ავტომობილში ჩაცხრილა – თითოეულ მათგანს რვა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შალვამ პოლკოვნიკის მოკვლაც სცადა, მაგრამ პოლკოვნიკი ჯავშანჟილეტმა იხსნა, მოსიძე კი მისმა მცველებმა დაჭრეს. ის ჯერ საავადმყოფოში წაიყვანეს და ექიმებმა ძლივს გამოჰგლიჯეს სიკვდილს, შემდეგ გაასამართლეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს...

P. S. შალვა მოსიძე საკასაციო სარჩელის განხილვის მერე გაიქცა სასამართლოს შენობიდან. ყოფილი მინისტრის მოადგილე კი იმავე საღამოს ვიღაც უცნობმა მისივე სახლის სადარბაზოში ჩაცხრილა. მას 10 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული თავის არეში.

მიუხედავად იმისა, რომ მოსიძეს მთელი საბჭოთა მილიცია ეძებდა, მან და პეტრენკომ კანადაში გაქცევა მოახერხეს.

ნიკა ლაშაური


скачать dle 11.3