კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კამბოჯის მეფის – სიამონის რამდენი დედმამიშვილი შეეწირა პოლ პოტის სისხლიან დიქტატურას და ვინ გახდება კამბოჯის სამეფოს მომავალი მონარქი

მეფედ კურთხევამდე ის „სდეჩ კრომ ხუნის” ტიტულს ატარებდა, რაც კხმერულ ენაზე „დიად თავადს” ნიშნავს, ხოლო სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ იგი „მისი უდიდებულესობა, კამბოჯის სამეფოს მეფე ნოროდომ სიამონად” მოიხსენიება. ის არის კამბოჯის მეორე მეფე, მას შემდეგ, რაც ამ აზიურ ქვეყანაში დიქტატორ პოლ პოტის სისხლიანი რეჟიმი დაეცა და ქვეყნის სათავეში ლეგიტიმური ხელისუფლება მოვიდა. სახელი სიამონი მისი მშობლების სახელების – სიჰანუკისა და მონიატის გაერთიანებიდან წარმოიშვა. მისი გზა, დაბადებიდან ტახტზე ასვლამდე, საკმაოდ საინტერესოა, რის მოკლე მიმოხილვასაც ამჯერად გთავაზობთ.

* მეფე სიამონი 1953 წელს დაიბადა პნომპენში. მამამისი მეფე ნოროდომ სიჰანუკი იყო, ხოლო დედა – მონიატი, ფრანგ-იტალიელი ბანკირის, ჟან-ფრანსუა იზისა და პრინც ნოროდომ დუნგჩაკუს შვილიშვილი. დღემდე უცნობია, იყო თუ არა მონიატი მეფის ოფიციალური მეუღლე, რადგან, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ცნობილია ორი თარიღი: 1952 წლის 12 აპრილი და 1955 წლის 5 მარტი და, მკვლევართა უმეტესობის აზრით, მეფე მას შემდეგ დაქორწინდა მონიატიზე, რაც სიამონი დაიბადა, თანაც, ქორწინება ფორმალური იყო და, რიგითობის მიხედვით, მონიატი მისი მეშვიდე ცოლი იყო. მეფე სიამონს მამის მხრიდან 14 და-ძმა ჰყავდა, რომელთაგან ხუთის სიცოცხლე პოლ პოტის რეჟიმთან ბრძოლას შეეწირა.

* თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი სიამონს კამბოჯის საზღვრებს მიღმა აქვს გატარებული. 1962 წელს მეფემ პრინცი სიამონი ჩეხოსლოვაკიაში, კერძოდ, პრაღაში გაგზავნა სასწავლებლად, სადაც მან დაწყებითი და უმაღლესი განათლება მიიღო. პრაღაში პრინცი სამუსიკო ხელოვნების აკადემიაში კლასიკურ ცეკვასა და ბალეტს შეისწავლიდა. ჩეხოსლოვაკიაში სიამონი 1975 წლამდე ცხოვრობდა. ის სრულყოფილად ფლობს ჩეხურ, ფრანგულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. 1975 წელს სიამონი ჩრდილოეთ კორეაში, ფხენიანში გაემგზავრა კინოხელოვნების შესასწავლად, საიდანაც 1977 წელს დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ კამბოჯაში რევოლუცია მოხდა, ხელისუფლებაში წითელი კხმერები მოვიდნენ პოლ პოტის ხელმძღვანელობით და პრინცი სიამონი, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, შინაპატიმრობაში 1979 წლამდე რჩებოდა. 1981 წელს სიამონი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც განაახლა ბალერონის კარიერა და მოგვიანებით სათავეში ჩაუდგა კხმერული ნაციონალური ცეკვის ასოციაციას. საფრანგეთში ის ოცი წელი ცხოვრობდა, თუმცა, დროის გარკვეულ ნაწილს პრაღაშიც ატარებდა.

* ნოროდომ სიამონი ერთადერთი მონარქია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, შეასრულოს ურთულესი საბალეტო ილეთი – ფუეტე. მის კერპად ბალეტში რუდოლფ ნურიევი ითვლება, ხოლო საყვარელ ბალეტად – „გედების ტბა”. გარდა იმისა, რომ სიამონი პროფესიონალურ დონეზე ცეკვავდა ბალეტს, იგი კხმერების ნაციონალური ცეკვითაც იყო გატაცებული, რომელსაც მისი და, პრინცესა ბოფა დევი, პროფესიულ დონეზე ფლობს. სხვათა შორის, სიამონის და, გარდა იმისა, რომ კამბოჯის ნაციონალური ბალეტის ვარსკვლავად ითვლება, ასევე, არის ბესთსელერების ცნობილი ავტორის, ერიკ ვან ლასტბადერის ერთ-ერთი წიგნის გმირი სერიიდან „ნინძები”, რომლის სიუჟეტი იაპონიასა და აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთში ვითარდება.

* 90-იანი წლების დასაწყისში სიამონი „იუნესკოში” კამბოჯის სამეფოს ოფიციალური წარმომადგენელი იყო და, აღსანიშნავია, რომ მანამდე მან უარი განაცხადა კამბოჯის ელჩის თანამდებობაზე საფრანგეთში.

* ნოროდომ სიამონის მამას, მეფე ნოროდომ სიჰანუკს თავისი სცენარების მიხედვით 20-მდე მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული და ამით უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი კამბოჯური კინოს განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ ფილმების უმეტესობაში მთავარ როლს მისი შვილი, კამბოჯის ამჟამინდელი მეფე, ნოროდომ სიამონი ასრულებდა, მათ შორის 1967 წელს გადაღებულ „პატარა პრინცში” და 1994 წელს გადაღებულ ფილმში – „ჩემი სოფელი მზის ჩასვლის შემდეგ”.

* 2004 წლის ოქტომბერში, მეფე ნოროდომ სიჰანუკი ყველასთვის მოულოდნელად მეფობიდან გადადგა და სპეციალურმა ცხრაკაციანმა საბჭომ ახალ მეფედ ნოროდომ სიამონი დაამტკიცა, რომლის კანდიდატურას მხარს უჭერდნენ კამბოჯის პრემიერ-მინისტრი ჰუნ სენი და სიამონის ძმა, ეროვნული ასამბლეის სპიკერი ნოროდომ რანარიდი. საინტერესოა, რომ კამბოჯის მეფედ არ ინიშნება მეფის პირდაპირი მემკვიდრე. მეფედ არჩევის უფლება მხოლოდ სპეციალურ საბჭოს აქვს. აღსანიშნავია, რომ ნოროდომ სიამონი დაუქორწინებელია და შვილი არ ჰყავს. არსებობს მოსაზრება, რომ სიამონი ჰომოსექსუალია, თუმცა, ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ კამბოჯაში.

* კამბოჯის მეფემ, ნოროდომ სიამონმა სპეციალური ბრძანებულების საფუძველზე, ჰოლივუდის სუპერვარსკვლავ ანჯელინა ჯოლის კამბოჯის მოქალაქის სტატუსი მიანიჭა. ცნობილია, რომ ანჯელინას განსაკუთრებულად უყვარს კამბოჯა – თავისი უფროსი ვაჟი, მედოქსი, ჯოლიმ სწორედ კამბოჯიდან აიყვანა და, გარდა ამისა, იგი ყოველწლიურად სოლიდური თანხებით ეხმარება სამოქალაქო ომისგან დაზარალებულ მოსახლეობას. 2003 წელს ჯოლი გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსით მუშაობდა კამბოჯაში და იმ პერიოდში საკუთარი სახლიც კი შეიძინა, სადაც ხშირად ჩადის მედოქსთან ერთად. ცნობისთვის, ანჯელინა ჯოლი მეფე სიამონის საყვარელი მსახიობია. ჯოლის გარდა, მეფე სიამონი აზიური კინოს ვარსკვლავთან – ჯეკი ჩანთან მეგობრობს, რომელიც ასევე გაეროს კეთილი ნების ელჩია და ხშირად ჩადის კამბოჯაში.

* რამდენიმე წლის წინ კამბოჯის სამეფოსა და ტაილანდს შორის დიპლომატიური სკანდალი აგორდა. მეფე სიამონმა ეკონომიკურ საკითხებში თავისი მრჩევლის პოსტზე სკანდალურად ცნობილი მილიარდერი, კორუფციული გარიგებების გამო ტაილანდის მთავრობის მიერ დევნილი და ინტერპოლით ძებნილი, ტაილანდის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტაქსინ შინავატრა დანიშნა. ტაილანდის მთავრობამ შინავატრას დაუყოვნებლივ გადაცემა მოითხოვა, რაზეც მეფის მხრიდან უარი მიიღო. სიამონის განცხადებით, ის და ტაქსინი დიდი ხნის მეგობრები არიან, იმ დროდან, როცა სიამონი ჯერ კიდევ ბალეტის მოცეკვავე იყო, ტაქსინი კი – ბიზნესმენი და პოლიტიკისგან ორივე გარკვეულ დისტანციაზე იმყოფებოდა. მეფის მსგავსად, ტაქსინის გადაცემაზე უარი პრემიერ-მინისტრმა ჰუნ სენმაც განაცხადა და ამით კამბოჯამ დიდი ბრიტანეთის, ფიჯის, ნიკარაგუას, გერმანიისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მთავრობებს მიჰბაძა, რომლებმაც ასევე განუცხადეს უარი ტაილანდს შინავატრას გადაცემაზე.


скачать dle 11.3