კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (109)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

როგორი სახის ტატუებია წელს ყველაზე აქტუალური და რომელია ყველაზე ძვირად ღირებული

სხეულის მოხატვა საუკუნეების წინათაც საკმაოდ აქტუალური იყო, თუმცა, ალბათ, არა ისე, როგორც ახლა. ძველად ტატუს სხვადასხვა დანიშნულება და დატვირთვა ჰქონდა, დღეს კი სხეულის საღებავით მოხატვა, უბრალოდ, სილამაზეა. როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მუდმივი და დროებითი, ფერადი და შავ-თეთრი ტატუები. როგორ კეთდება სხვადასხვა სახის ტატუ და რა აუცილებელი რჩევები უნდა გავითვალისწინოთ ტატუს გაკეთების წინ, ამ თემებზე ტატუს სპეციალისტი, აშოტ პერხალიციანი გვესაუბრება.

– როგორი ტატუებია წელს მოდაში?

– წელს მოდაშია საშუალო ზომის ტატუები. ადრე, მახსოვს, ყველა ობობას ან მგელს იხატავდა. ძალიან მიხაროდა, როცა ვინმე სხვა რამის დახატვას მთხოვდა. ახლა ასე ნამდვილად აღარ არის. წელს არჩევანი აშკარად გაფართოვდა და ხალხს გაცილებით უკეთესი გემოვნება ჩამოუყალიბდა. მოდაშია წვრილი წარწერები მაჯაზე ან წელზე. ძველი ქართული წარწერები მოდიდან გადავიდა. ასევე, მოდაშია ვარსკვლავების ან პატარა ცხოველების დახატვა.

მაგალითად, თუ ათი წლის წინ მოდაში იყო ობობები, ხუთი წლის წინ კი – ჩინური იეროგლიფები, წელს ვერაფერს გამოვყოფთ, რადგან ძალიან დიდი არჩევანია: აქტუალურია გრაფიკული ნახატები, პეიზაჟები, პორტრეტები.

– როგორც ვიცი, უცხოეთშიც მუშაობდით ამ პროფესიით. რით განხვავდებიან ქართველი და უცხოელი კლიენტები ერთმანეთისგან?

– ქართველი და უცხოელი კლიენტები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან: იქ გაცილებით უკომპლექსოები არიან და იხატავენ ისეთ ტატუს, როგორიც უნდათ, აქ კი ცოტა შეზღუდულები არიან – საზოგადოებრივი აზრის ეშინიათ. უცხოელებს მოსწონთ იშვიათი და უცნაური ტატუები. საქართველოში კი თითქოს ერთმანეთს ჰბაძავენ და ისე იკეთებენ ტატუებს. ეშინიათ თამამ ექსპერიმენტებზე წასვლა.

– სხეულის რომელ ნაწილზეა ტატუს დახატვა ყველაზე აქტუალური?

– გააჩნია, გოგონას სურს თუ ბიჭს. გოგოებში ტატუ აქტუალურია წელზე ან ფეხზე – ალბათ, იმიტომ რომ ძალიან ლამაზად ჩანს ამ ადგილებზე გაკეთებული ტატუ. რაც შეეხება ბიჭებს, მოდაშია, მხარზე, ზურგზე და ფეხზე.

– როგორც ვიცი, არსებობს აკრძალული ტატუებიც.

– დიახ, არსებობს, რისი გაკეთებაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეიძლება. ხშირ შემთხვევაში, სამსახურები კრძალავენ ტატუს გაკეთებას. მაგალითად, ერთხელ მოვიდა ბიჭი, რომელიც პოლიციაში მუშაობდა და ტატუს გაკეთება ისეთ ადგილას უნდოდა, სადაც არ გამოჩნდებოდა, რადგან სამსახურში უკრძალავდნენ.

– რა ასაკის ადამიანები იკეთებენ ტატუს ყველაზე ხშირად?

– ყველაზე ხშირად იკეთებენ თინეიჯერები. ტატუ არანაკლებ აქტუალურია 30-იდან 40 წლამდე ადამიანებშიც. იშვიათად იკეთებენ ხანში შესული ადამიანები. რა თქმა უნდა, ყველა ტატუს თავისი დატვირთვა აქვს, მაგრამ დღეს ამას აღარ უყურებენ. ტატუ, უბრალოდ, ალამაზებს სხეულს. არ მესმის, ცუდი რა არის ამაში. ფურცელზე დახატვა თუ ცოდვა არ არის, სხეულზე რატომაა ცოდვა? რა მნიშვნელობა აქვს? თუმცა, მესმის, მაინც სხეულია და უფლება არ გვაქვს, დავაზიანოთ – გარკვეულწილად, მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მაგრამ, მთავარია, გულით გწამდეს ღმერთი, თორემ, სხეულზე თუ რამეს დავიხატავთ, ამით არ უნდა გამოიხატებოდეს ჩვენი რწმენა.

– რომელია ყველაზე ძნელად გასაკეთებელი ტატუ?

– რა თქმა უნდა, არსებობს როგორც ადვილად, ისე ძნელად გასაკეთებელი ტატუები. შედარებით ძნელია პორტრეტის გადატანა სხეულზე. ვინც ეს საქმე იცის, ყველა დამეთანხმება, რომ მილიმეტრებსაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სხვათა შორის, ხშირად ითხოვენ ადამიანის პორტრეტის დახატვას. შეიძლება, კარგი ხარისხით იყოს შესრულებული, მაგრამ, მაინც არ ჰგავდეს იმ ადამიანს, რადგან ერთ მილიმეტრში ასცდი (იცინის). სწორედ ამიტომ ღირს გაცილებით ძვირი, ვიდრე სხვა ტატუები.

– როგორც მივხვდი, არსებობს იაფიანი ტატუებიც და ძალიან ძვირად ღირებულიც?

– რა თქმა უნდა. როგორც უკვე გითხარით, ადამიანის პორტრეტის დახატვა ძალიან ძვირი ჯდება, რადგან დიდ დროსა და შრომას ითხოვს. ფასი დამოკიდებულია ზომაზე – რაც დიდია, მით ძვირი ჯდება. თუმცა, შეიძლება, ძალიან პატარა იყოს ტატუ, მაგრამ, ურთულესად გასაკეთებელი.

– დაახლოებითი ფასები თუ შეგიძლიათ, მითხრათ, საიდან იწყება მუდმივი ტატუს ფასი და სად მთავრდება?

– იწყება 40-50 ლარიდან და ზევით და ზევით ადის – შეიძლება, 15 ათასი დოლარიც კი დაჯდეს. ყველაფერს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ზომას, ფერებს, ნახატის სირთულეს. 50-ლარიანი ტატუ დაახლოებით ასანთის ყუთის ზომისაა.

– რომელი იყო ყველაზე განსხვავებული ტატუ, რომელიც ამ ბოლო პერიოდში გაგიკეთებიათ?

– ახალგაზრდები ხშირად მთხოვენ „სმაილიკების” დახატვას. ცოტა ხნის წინ გოგო მოვიდა და ზურგზე ტანსაცმლის საკიდის დახატვა ისურვა, ერთმა ბიჭმა ტანსაცმლის მარკის დახატვა მოინდომა, თავზე კი მიაწერა: „100 პროცენტი კოტონი“ (იცინის). ზოგადად, ძალიან ბევრ უცნაურ ტატუს იკეთებენ ხოლმე. მაგალითად, ერთმა დაიწერა: „თამაში დასრულდა”, ზოგს რეიბანის სათვალეების დახატვა უნდოდა და ასე.

– მთელ ტანზე თუ გაგიკეთებიათ ვინმესთვის ტატუ?

– მთელ ტანზე ერთიანად – არა, მაგრამ, პატარ-პატარა ტატუთი იწყებენ და ბოლოს მთელ ტანზე გამოდის ხოლმე (იცინის). იაპონიაში ძალიან აქტუალურია მთელი ტანის მოხატვა, რაც დაახლოებით 15 000 დოლარი ჯდება. ჩვენთან ჯერჯერობით მსგავსი ტატუების გაკეთებას არ ითხოვენ.

– რაც შეეხება დროებით ტატუებს, რამდენხნიანი არსებობს და როგორ კეთდება?

– დროებითი ტატუ კეთდება უმტკივნეულოდ. არსებობს სპეციალური საღებავი, რომელსაც „ხნას“ ეძახიან. წვრილ ჩხირს დაასველებ ამ საღებავით და სხეულზე დახატავ. დაახლოებით ნახევარი საათია საჭირო გასაშრობად და, სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში არ უნდა წაიშალოს.

– შეიძლება, დროებითი ტატუ იყოს ფერადი?

– არა, ფერადის საშუალება საქართველოში ჯერჯერობით არ არის. რა თქმა უნდა, იყიდება ფერადი საღებავებიც დროებითი ტატუებისთვის, მაგრამ, ძალიან ძნელია მისი შოვნა. უცხოეთიდან თუ გამოიწერ, მაშინ პრობლემა არ არის.

– დაახლოებით რა ჯდება დროებითი ტატუს გაკეთება?

– დროებითი ტატუ გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე მუდმივი – დაახლოებით 20-იდან 30 ლარის ფარგლებში შეიძლება, გაკეთდეს საშუალო ზომის ტატუ.

– რაც შეეხება ტატუს წაშლას. როგორც ამბობენ, ძალიან მტკივნეული პროცესია და გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე გაკეთება.

– მართალი ხართ. არსებობს სპეციალური ლაზერული აპარატი, რომლითაც ხდება წაშლა. ოღონდ, საჭიროა რამდენიმე პროცედურა, ერთი ხელის მოსმით ნამდვილად არ იშლება. რაც უფრო ძველია ტატუ, ანუ ღრმად არის შესული კანის ქვეშ, უფრო რთულია მისი წაშლა.

– როგორც ვიცი, არსებობს ტატუს მოშორების სხვადასხვა ხალხური მეთოდი, მაგალითად, რძით წაშლა.

– რძით, უბრალოდ, უფერულდება ტატუ. ჩემი აზრით, ეს მეთოდი საზიანოა ორგანიზმისთვის – კანს აფუჭებს. არავის ვურჩევ ტატუს რძით წაშლას. ჯობია, ძვირი გადაიხადო და ნორმალურად წაიშალო, ვიდრე მერე ინანო.

– რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ტატუმ კანს? ყოფილა შემთხვევა, რომ ტატუ სხვადასხვა დაავადების მიზეზი გამხდარა?

– ტატუ არანაირ დაავადებას არ იწვევს, მთავარია, ჰიგიენურ პირობებში იყოს გაკეთებული, რომ ჭუჭყი არ შეჰყვეს. მთავარია, შემდგომ გაუფრთხილდე – სანამ ახალი გაკეთებულია, სიფრთხილეა საჭირო. იყიდება სპეციალური კრემები და აუცილებელია მისი წასმა.

– ლაპარაკში ახსენე, რომ არსებობს ტატუ, რომელიც დღისით არ ჩანს და ღამით ანათებს.

– დიახ, ასეთ ტატუს „ნეონის ტატუ“ ქვია და, სხვათა შორის, ხშირად იკეთებენ ხოლმე. ძალიან მოდაშია ახალგაზრდებში, რომლებიც კლუბებში დადიან. ასეთი ტატუები არის რამდენიმეწლიანი. ერთკვირიანი და ორკვირიანი „ნეონის ტატუ“ არ არსებობს, რადგან, დაახლოებით ათი დღე მაინც უნდა, სანამ ის სხეულში ჩაჯდება.

– რომელ სეზონზეა რეკომენდებული ტატუს გაკეთება?

– ზამთარში, რადგან, კანი იმდენად არ ოფლიანდება, თან, გაცვია ისეთი სამოსი, რომელიც სხეულს ფარავს და, შესაბამისად, ინფექციაც არ შეგეჭრება. სასტიკად აკრძალულია ტატუს გაკეთების შემდეგ 2-3 თვე წყალში შესვლა – ვგულისხმობ ზღვებს, ტბებსა და ისეთ ადგილებს, სადაც, შეიძლება, ინფექცია შეგეჭრას. ამიტომ, ყველას ვურჩევ, ზამთარში გაიკეთონ ტატუ.


скачать dle 11.3