კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დასჯის როგორი ხერხები არსებობდა ქურდობისა და ბოზობისთვის საქართველოში გვიანფეოდალურ ხანაში

წინამძღვრიანთკარის ჰუმანიტარულ-ეკოლოგიურ კოლეჯს გასული საუკუნის 90-იან წლებში ორი ახალი ფაკულტეტი დაემატა – საგადასახადო საქმე და იურიდიული. ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე აქ, დიდი ილიას ხელშეწყობით დაარსებულ ცოდნის კერაში, 1991-1998 წლებში რამდენიმე საგანს ასწავლიდა: – ფილოსოფიას, ლოგიკას, ფსიქოლოგიას, ეთიკას...

გელა გარაყანიძე: ეთიკურ ნორმებზე, ზნეობაზე, სირცხვილზე, ღირსებაზე, პატიოსნებაზე გულწრფელი საუბარი არასდროს არ არის ადვილი... სტუდენტებისთვის პატიოსნებაზე რომ თვალსაჩინოდ მომეთხრო, ქურდობის საკითხსაც უნდა შევხებოდი და არც ბოზობის თემას გავქცეოდი... ერთ ეშმაკობას კი მივმართავდი: ბოზობაზე საუბარს „მივეპარებოდი” ხოლმე... ამა თუ იმ ქართული ფილმის გარჩევისას, თუ არავინ „ამიწევდა სატოპკეს” („მასწ., რას ნიშნავს – „მე ის თამრო აღარა ვარ...” მასწ., რას ნიშნავს „მაგის წამალი ნარგიზაა?“), მაშინ, ქურდობაზე მსჯელობისას ჩავურთავდი პროვოკაციულ დებულებას: „ყველა ქურდი, უმრავლეს შემთხვევაში, ამავე დროს, ბოზიც არის”... პრიმიტიულ ეშმაკობას არასდროს უღალატია, ყოველთვის აღმოჩნდებოდა ხოლმე ერთი მოსწავლე მაინც (უფრო ხშირად – ერთდროულად რამდენიმე), რომელიც ამ დებულებას აპროტესტებდა და... მიზანი მიღწეული მქონდა – გაკვეთილზე აღარავინ ამთქნარებდა...

– ბატონო გელა, იმედია, ჩემგანაც არ ელოდებით პროტესტის გამოთქმას?!

– რასაკვირველია, არა! მაშინვე გადამყავდა გაკვეთილი ასეთ კალაპოტში: მოდი, ჯერ ქურდობისა და ბოზობის ცნებები გამოვარკვიოთ...

– გინდათ, მოვლენებს გავუსწრო? ქურდობის ცნებაზე ადვილად ნახულობდით საერთო ენას, ბოზობის ცნების გარკვევისას კი ყველაზე ჩამორჩენილი მოსწავლეც იძულებული ხდებოდა, რუხი ნივთიერება „შეეწუხებინა“ – ასე არ იყო?

– ზუსტად. ქურდი – მპარავია, მპარავი – ქურდია... „კანონიერი ქურდი” – ქურდების ასოციაციის პრეზიდიუმის წევრია...

ბოზობის ცნების დადგენის მცდელობა კი ყოველთვის დისკუსიას იწვევდა, რომელშიც ყველაზე მორცხვებიც ერთვებოდნენ...

– კონსენსუსს აღწევდით თუ ვერა?

– ხან – ასე და ხან – ისე... მთავარი იყო, რომ ისინი საკუთარ მოსაზრებას ღიად გამოხატავდნენ, მსჯელობდნენ, ერთმანეთის მოსმენას სწავლობდნენ, განა ეს ცოტაა? და, საერთოდ, არსებობს კი ერთიანი, საყოველთაოდ მიღებული აზრი ამ საკითხში?!

„ბოზი“ – სომხური წარმოშობის სიტყვაა, „როსკიპი“ – სპარსული, „კახპა“ და „ჩათლახი“ – თურქული... ლათინურად ბოზის შესატყვისია ფუთანა“! (თურმე, საიდან წარმოშობილა „პუტანკა”).

– აკი, ქართული ენა მდიდარიაო, „სხვისი მისაბაძი რა გვჭირს...”

– თუ რატომ გვაქვს ეს სიტყვები უცხო ენებიდან აღებული, ამასთან დაკავშირებითაც მაქვს ჩემი მოსაზრება, მაგრამ, ამჯერად ძირითად თემას არ გადავუხვევ... – ქართული შესატყვისებიც ინებეთ – „მრუში“ და „მეძავი“ გვაქვს, ასევე; ავხორცი, დედათმავალი, მექალთანე და კიდევ სხვა მრავალი...

– გასაგებია... თქვენთვის მთავარი იქნებოდა არა ენათმეცნიერული, არამედ, ზნეობრივი წიაღსვლები.

– ბოზობის არსზე მსჯელობის შემდეგ ისტორიულ ასპარეზზე ვერთვებოდი და განსაკუთრებით როსტომ მეფე მყავდა ამოჩემებული – უფრო მეტად ვლანძღავდი და, თან, ცოტას ვიცავდი კიდეც!

– თუ ლანძღავდით, რატომღა იცავდით?

– ვლანძღავდი იმიტომ, რომ „შეერიათ ქართველთა განცხრომა, სმა-ჭამა ყიზილბაშური, სიძვა, მრუშება, ტყუვილი, ხორცთ-განსუენება, აბანო, კეკლუცობა უგვანი, მეჩანგე, მგოსანი, რამეთუ ამათ საქმეთა მოქმედთაგან კიდე არავის სცემდენ პატივსა” (ვახუშტი).

„განძლიერდნენ თათარნი და კადნიერებდნენ ქართველთა ზედა და რომელნიცა იყვნენ ქართველნი, მოყვარენი წესისა მათისა, მეძავნი და ბილწების მოქმედნი, დიდად პატივ სცემდა მეფე როსტომ და ჰკითხევდა და უსმენდა მათსა. და რომელნიცა იყვნენ სიმართლის მოქმედნი და წრფელნი გულითა და ცოდვის მორიდალნი, მათ არას პატივ სცემდა და ცუდ კაცს ეძახდენ და შეუძლებელსა” (ბერი ეგნატაშვილი).

... ვიცავდი იმიტომ, რომ გაზვიადებულად მეჩვენებოდა ბერი ეგნატაშვილის სიტყვები: „იყო სმისა და ჭამისა მოყვარე და გასცემდა არამცირედსა საბოძვარსა სმასა ზედა და ამისა ჟამსა შინა არა იყო ზრუნვა სულიერი ერისკაცთა შორის, არამედ იყვნეს ფუფუნეულ და ხორცთმოყვარე, რამეთუ თვით სამღვდელონიცა და მღვდელმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა, გოდებისაებრ იერემიასა, რამეთუ იყვნეს მოყვარე ღვინისა და სმისა და შვებისა და განცხრომისა, უმღერდენ ურთიერთას სიძვა-მრუშებასა და მეძაობასა. ამას შინა მოუძლურდა სჯული და განირყვნა წესი ეკლესიისა”.

ჯერ ერთი, სმისა და ჭამის უზომოდ მოყვარე 93 წლამდე ვერ იცოცხლებს, როსტომმა კი სწორედ აქამდე მიატანა: მეორეც: თუ ქართული ეკლესია ეგრე წამხდარი იყო, მაშინ, მარიამ დედოფლის პერსონასა და ღვაწლსაც ხაზი უნდა გადაუსვას.

– დავით გურამიშვილის „ქაცვია მწყემსს” არ იყენებდით იმის საილუსტრაციოდ, რომ ღრმად მორწმუნე, ეკლესიური ადამიანი, ვითარებიდან გამომდინარე – როცა ამას საქმის ინტერესები მოითხოვს, არ გაექცევა საჭირბოროტო თემაზე აზრის გამოთქმას?

– საგურამოდან, დავითის სამშობლოდან – წინამძღვრიანთკარამდე (დავითის დროს არჯაკელა ერქვა) ზუსტად 5 კილომეტრია... როგორ არ ვიყენებდი... გურამიშვილს აქვს ასეთი სიტყვები:

„უკუწვებიან რბილად შტაქუნსა

და მოჰყვებიან ჩქარად ქაქუნსა”.

საბჭოთა ცენზურა „შტაქუნის” განმარტების ნებას იძლეოდა, „ქაქუნისას” – არა! ამასთან, „შთაქუნი” სულხან-საბას ლექსიკონში არ გვხვდება, თუმცა, ბევრი განმარტავს, რომ „ლეიბია” ამ სიტყვის სინონიმი.

რაც შეეხება აკრძალულ „ქაქუნს”, სულხან-საბასთან ვკითხულობთ: „ქაქუნი” – ესე არს ცხოელთა მამალ-დედლობისა აღრევათა შინა ძრვა, რომელსა გლეხნი „ქაქუნს“ უწოდენ“.

საყურადღებოა, რომ „ქაცვია მწყემსი” დავითის სიჭარმაგის ნაყოფია და არა ჭაბუკური სისხლის ყივილი. პოეტი არც ღრმად მოხუცი ყოფილა, რომ სიბერით აცუნდრუკებულიყო – ნაწარმოების შექმნის შემდეგ 18 წელი კიდევ იცოცხლა.

– და მაინც... ფეოდალურ ხანაში, რა ჰქონდა ერთმანეთთან საერთო ქურდობასა და ბოზობას, გარდა იმისა, რომ ორივე მძიმე ცოდვაა?

– საერთო ძალიან ბევრია. დავიწყოთ იმით, რომ ორივე – ქურდიც და ბოზიც, სასულიერო პირმაც უნდა განიკითხოს და იმ დასახლებული პუნქტის მოურავმაც, სადაც ფაქტი დადგინდება. თუ ჩახლართული ვითარებაა, საქმეში მდივანბეგიც ჩაერთვება.

„ქურდსა და ბოზს როდესაც მოურავი დაიჭერს, ამის ჯარიმას მოურავი რომ გამოართმევს, ათისთავი მოურავისა არის და ამ ათისთავის ათისთავი ბატონის ნაცვლისა არის”.

„ასასები მოურავს უნდა ახლდნენ, ორი და სამი ასასი მაინც გამოულევლათ უნდა ახლდნენ. ქურდსა და ბოზს უნდა მოახსენებდენ ასასები მოურავს.”

– ასასი რას ნიშნავს?

– ასასი დაბალი რანგის საპოლიციო მოხელეა, იასაულის მაგვარი. იასაულიც თურქული სიტყვაა, ქართულად ითარგმნება, როგორც მანდატურიც და როგორც მტარვალიც. საბას მიაჩნია, რომ ადრე ამ სახელის ქართული შესატყვისი „კერკეტონი“ იყო; „მანდატური“ საკეთილო იასაულია, მტარვალი – საავო იასაული.

– რადგან ჯარიმა უნდა გადაეხადათ, ისმის კითხვა: რამდენი იყო გადასახადი ქურდობაზე და რამდენი – ბოზობაზე?

– „ქურდობა თუ საქართველოს მამულისა შეაჩნდეს, შვიდეულად აზღვევინოს მოურავმან; და ერთიორად პატრონს მისცეს; სხვა საბატონოდ მოვიდეს.

თუ სხვის ქუეყნის ქურდობა შეაჩნდეს ერთიორად აზღვევინონ: ერთი პატრონს მისცენ და ერთი საბატონოდ მოვიდეს. ვინც ბოზობა ქნას – ხუთი მინალთუნი”.

– ერთი მინალთუნი დაახლოებით რამდენს უდრიდა? სხვანაირად რომ ვთქვათ – ბოზობა ძვირი ჯდებოდა? რისკიანი ბიზნესი იყო?

– მინალთუნი თურქული ფულია და საქართველოშიც ჰქონდა გასავალი. ერთი მინალთუნი დაახლოებით ერთ ვერცხლის მანეთს უდრიდა. 5 მინალთუნი – 5 მანეთი – ნამდვილ ნახევარ თუმანს ძალიან ჩამოუვარდებოდა.

ძნელია, გადაჭრით თქმა, რისკიანი იყო თუ სარფიანი მაშინდელ მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონთა საქმიანობა. ალბათ, კლიენტთა მიერ გაღებული თანხის უცოდინრობის გამო, ამ თემაზე მსჯელობა უსარგებლო უნდა იყოს.

– სასულიერო პირთა მიერ ბოზების განკითხვაში რას გულისხმობთ? აკი თვითონ არ შეგვაგონებენ – „არა განიკითხოო”?

– რასაკვირველია, განქიქება არ მქონია მხედველობაში. სამღვდელონი ვალდებულნი იყვნენ, თავიანთი მრევლის ძალზე ბევრი ბიოგრაფიული დეტალი სცოდნოდათ. მაგალითად: მათ არ უნდა დაეწერათ ჯვარი ისეთი ყმისთვის, რომელიც დაქვრივებულ ქალბატონს შეირთავდა – „ამად, რომელ სხუათა კაცთა იჭვი არ შეუხდესთ დროსა უფლისა მისისასა კაცისა მის და დედოფლისა მისისა მეძავობისა.”

ასევე, ვერ შეირთავდა მამაკაცი ისეთ ქალს, რომელიც ფულით ჰყავდა ნაყიდი – „რათა არა იჭვნეულ იქმნენ მათ ზედა, ვითარმედ, მეძავობდენო პირველ ესენი და აწ იქორწინეს.”

იყო ასეთი ნორმაც: „კაცმან რომელმანმე უკეთუ იმრუშოს დედაკაცისა ვისთანამე, ვერღარა შეირთვას მემრუშისა მის დედაკაცისა დედის ნაცვალსა, არამედ შეირთავს მეორესა ბიძაშვილსა მისსა”.

– „მეორე ბიძაშვილი” რას ნიშნავს?

– მეორე თაობას, მაგალითად: ძმათა შვილიშვილები.

– რეციდივისტი ქურდებისა და ბოზების მიმართაც მხოლოდ ეკონომიკური სანქციები იყო გამოყენებული? ციხეში მოთავსება არ ხდებოდა?

– „ციხეს” მაშინ მხოლოდ თავდაცვითი დანიშნულების კოშკებს ეძახდნენ. არსებობდა საპყრობილეში მოთავსება და სხვა სახის ძალზედ მკაცრი სასჯელებიც.

– კერძოდ, რომელი როდის? გამიგია, ზოგიერთ ქვეყანაში ქურდებს დღემდე ხელს აჭრიანო, ჩვენთანაც იყო ანალოგიური სასჯელები?

– დასჯის ძალზე მრავალფეროვანი სპექტრი არსებობდა. ჩვენთანაც იყო დასჯის მსგავსი ფორმები და ქურდობის მძიმე, განსაკუთღებული შემთხვევების დროს ორთავ თვალის დაწვასაც მიმართავდნენ და ხელ-ფეხის მოკვეთასაც.

დასჯის ამ ფორმის ზოგადი სახელწოდება „ასოთმიღება” იყო.


скачать dle 11.3