კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადარია „თაუნ ჰოლის“ მაყურებელი ნუცა შანშიაშვილმა და როგორ გახდა მისი ბენდის საქსოფონისტი „გრემის“ მფლობელი

ის საოცრად ნიჭიერი ადამიანია, მისი ხმა, შესრულების მანერა, იმპროვიზაცია და არტისტიზმი ყველაზე კრიტიკულ მაყურებელზეც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ამას კიდევ ერთი მაგალითი ადასტურებს – 14 იანვარს ბროდვეიზე „თაუნ ჰოლში” გაიმართა კონცერტი და ქართველმა ძალიან ნიჭიერმა მომღერალმა, ნუცა შანშიაშვილმა კიდევ ერთხელ შეძლო მაყურებლის აღფრთოვანება. როდესაც კონცერტის ჩანაწერს ვუსმენდი, ჩემთვის – ქართველისთვის, განსაკუთრებით ემოციური იყო იმის მოსმენა, „თაუნ ჰოლში” რა საოცარი ემოციით, არაჩვეულებრივად მღეროდა ნუცა ბენდთან ერთად ქართულ სიმღერებს. თუმცა, ამ ყველაფრის შესახებ დაწვრილებით, ნუცას დედა, მშვენიერი ქალბატონი, მსახიობი მზია მაღლაკელიძე გვესაუბრება.

– ქალბატონო მზია, მე ვნახე ნუცას სიმღერაზე თქვენი დისშვილის, ლელა მახარობლიძის მიერ გადაღებული კლიპი, რომელიც ძალიან მომეწონა. როგორც ვიცი, ის ნიუ-იორკშიც ძალიან მოეწონათ.

– ამ სიმღერის მუსიკა ნუცას ეკუთვნის, ტექსტი – ნანა დვალიშვილს. როდესაც ნუცას ჰკითხეს, როგორ წერ სიმღერებსო, მან უპასუხა, ლექსი რომ წავიკითხე, დავჯექი და პირდაპირ ვიმღერეო. შემდეგ ჩემმა დისშვილმა, ლელა მახარობლიძემ, რომელსაც ნუცა – დას ეძახის, გადაიღო კლიპი. შოთიკო კალანდაძეც იღებდა მონაწილეობას, თუმცა, რა თქმა უნდა, იდეა ნუცასი იყო. ყველაზე მთავარი ის არის, რომ კლიპში მონაწილეობენ ჩემი დისშვილიშვილები, არაჩვეულებრივი ბავშვები – ქეთი და გიორგი. ეს კლიპი ნიუ-იორკში ტელევიზიის არხებზე ტრიალებდა და ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა. ისეთი ამბავი იყო, რომ ცოტათი გამიკვირდა. კონცერტამდე ნუცას ჰქონდა ინტერვიუები – პირდაპირ ეთერში, ეთერს მიღმა. ნიუ-იორკში ნუცა ძალიან უყვართ, აფასებენ. როდესაც მას იქ პირველი კონცეტი ჰქონდა და იმღერა ვიკტიუკის დადგმა – „ლუბოვნიცა ლუბვი”, საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. მეორედ, მესამედ, მეოთხედაც მოითხოვეს კონცერტის დანიშვნა. მეხუთედ რომ დანიშნეს, ნუცას მეუღლემ, თემურმა დამირეკა და მითხრა, ნუცა უარს ამბობსო. არ იცით, აქედან რა ამბავი ავტეხე. როგორ შეიძლება, ყოველდღე 2 საათი იდგეს სცენაზე. თან, ყველაფერს თვითონ აკეთებს – მღერის, იხარჯება ბოლომდე, მიჰყავს კონცერტი. ამიტომ ვუთხარი, არავითარ შემთხვევაში არ გამოვიდეს კონცერტზე, ნუ მოკლავთ ბავშვს-მეთქი და ჩემმა წივილ-კივილმა გაჭრა. სხვათა შორის, როდესაც კონცერტამდე ჩავფრინდი ნიუ-იორკში, აეროპორტში ნუცა დამხვდა. ჩავეხუტეთ ერთმანეთს, ერთ ამბავში ვიყავით და ამ დროს, ვიღაც ქალი მოვიდა და ნუცას მიმართა, ნუცა, ეს თქვენ ხართო. ნიუ-იორკში, კენედის აეროპორტში თუ ვინმე იცნობდა, არ მეგონა, გამიკვირდა. თან, ისე ეფერა, კოცნა – ძალიან მიყვარხარ, ველოდები შენს კონცერტსო. კონცერტი ჩატარდა ბროდვეიზე „თაუნ ჰოლში”, სადაც თავის დროზე გამოდიოდნენ: „ჰოლიდეი”, შოსტაკოვიჩი, რახმანინოვი, ელა ფიცჯერალდი, ლუი არმსტრონგი, სტრავინსკი, შალიაპინი. ნუცა ამბობდა, იმდენად კარგად მღერიან ჩვენი ქართველი მომღერლები, რომ მინდა, ამ სცენაზე შევდგა ფეხი და მათ გზა გავუხსნაო.

– ნუცა პირველი ქართველია, რომელმაც ამ დარბაზში იმღერა?

– დიახ, ამ დარბაზში სიმღერა ძალიან დიდი პრესტიჟია. რაც მთავარია, კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა. თუმცა, მანამდე, ნუცა ცუდად იყო, ვირუსი ჰქონდა, ისე ახველებდა, ძალიან ვინერვიულე. ნუცა როგორც კი სცენაზე გადის, აბსოლუტურად ეხსნება ყველაფერი და საოცარ რაღაცეებს აკეთებს. მაგალითად, კონცერტზე მიკროფონი გამოერთო, „შნური” მოძვრა, ნუცა თან მღეროდა და თან მიკროფონს აკეთებდა. რაც მთავარია, თან არ წყვეტდა დარბაზთან კონტაქტს, თამაში დაიწყო. დარბაზი ტაშით დაინგრა. ერთი სიმღერის დროს პიანინოზე უკრავდა და თან მღეროდა. უცებ, მიკროფონი ბუდიდან ამოვარდა და სახეზე მოხვდა, მაგრამ უცებ დაიჭირა. მიკროფონთან ისეთი სცენა ითამაშა, მე გამიკვირდა. ისე ესაუბრებოდა – რას მერჩი, მე ხომ ძალიან მიყვარხარ, ჩემო მზეოო და აკოცა. მერე ისევ ჩასვა ბუდეში და ისეთი ტაში დაუკრეს, ცოტა ხანი გააჩერა სიმღერა და მერე გააგრძელა. კონცერტი საათსა და 45 წუთს გაგრძელდა, თითქმის 2 საათი. დიდი ტრიუმფით ჩაიარა, ბევრი იყო ყვავილები, ტაში, აპლოდისმენტები. ფარმაკოვსკს, რომელიც კონცერტზე პიანინოზე უკრავდა, ნუცამ შესთავაზა, მოდი, ქართული სიმღერები გავაკეთოთო და იცი, რა ქნა? სუფრის სიმღერები გააკეთა ჯაზის სტილში. წარმოიდგინეთ, ბროდვეის შუაგული, საოცარი დარბაზია და ისმის ქართული სუფრის სიმღერები – ტაშ-ტაშ, ტუშ-ტუშ და კარო... ამ კონცერტის შემდეგ ჩიკაგოში ჰქონდა კონცერტი და იქ მოხდა ფოიერვერკი – ოთხჯერ გამოიყვანეს ბისზე და სხვადასხვა სიმღერა ამღერეს. ბენდის წევრებმა ნუცას უთხრეს, სადაც გინდა, როდესაც გინდა, ყველგან გამოგყვებითო. მანამდე, ეს მათი პირველი თანამშრომლობა იყო. ფარმაკოვსკიმ შეკრიბა ისინი, საოცარი მუსიკოსები არიან, ძალიან ცნობილები და პროფესიონალები. ყველაზე საოცარი ის იყო, ბროდვეიზე ნუცა რომ მღეროდა ქართულ სიმღერებს, ისინი ამ ყველაფერს როგორ უკრავდნენ. საქსოფონისტმა გრეკმა, რომელიც ცნობილი „მინგუს ბენდის” წევრია, ჩვენი ამერიკაში ყოფნის დროს, „გრემი” მიიღო. ნამდვილი პროფესიონალები არიან. ნიუ-იორკში ბეიკერ სტრიტზე არის სოჰო, სადაც მთელი ახალგაზრდობა დადის, სეირნობენ. იქვეა, პატარა ბარები, სადაც უფასოდ უდიდესი ჯაზმენები, მუსიკოსები უკრავენ, მღერიან. მე და ნუცა წავედით, ერთ კონცერტზე ვიყავით, საოცარი რამ იყო. მერე გრეკმა დაპატიჟა ნუცა. იქ გრეკი უკრავდა და ნუცა, რა თქმა უნდა, წავიდა. ჯერ ერთმა მომღერალმა იმღერა, მერე მეორემ, ბოლოს ერთმა ძალიან მაგარმა საყვირისტმა დაუკრა. ბოლოს, გრეკმა გამოაცხადა, აქ არის ქართველი მომღერალი და ვთხოვ, რომ იმღეროსო. ავიდა ნუცა სცენაზე და იმღერა „ლავ სთორი”, არ აჰყვა ბენდი, ნუცამ იფიქრა, ეტყობა, არ იციანო. ახლა, „ჯორჯია” იმღერა, მაგრამ გრეკიც და სხვა მუსიკოსებიც ჩუმად უსმენდნენ. ნუცამ ახლა იფიქრა, ეტყობა, ვერ უკრავენო და ჯაზი იმღერა აკაპელაში. საოცრება მომხდარა სცენაზე, ჯერ მესაყვირე ავარდა, მერე გრეკი, შემდეგ ხალხი და ეხვეოდნენ ნუცას. გადაირია ხალხი, ვინ ხარ, საიდანო.

– ნუცამ „თაუნ ჰოლში“ გამოაცხადა, რომ კონცერტს მისი დედა ესწრებოდა.

– გამოაცხადა, ყველა კონცერტზე ჩამოდის დედა და ესწრებაო, მსახიობია და მას მივუძღვნი „თბილისოსო”. ხალხი იდგა და ტაშს უკრავდა. საოცარი ის არის, რომ ეს სიმღერა მსოფლიოს ყველა კუნჭულში იციან. დიდი სიხარულით და სიყვარულით ხვდებოდნენ.

– ნუცა კონცერტის შემდეგ თუ გამოხატავს ემოციებს – კმაყოფილი თუა ან პირიქით – უკმაყოფილო?

– კონცერტის შემდეგ ვერ მიეკარები, 10 წუთის განმავლობაში, რიტუალს ატარებს. ანუ, ამ დროს, აკეთებს იოგას და ენერგიას აღიდგენს. კართან ერთი ადამიანი დგას და მასთან არავის უშვებს. მერე კი ისევ გამოდის, ძველი, მხიარული ნუცა. სახლშიც, კონცერტის წინ, ყოველთვის აკეთებს რაღაცეებს. დილითაც, სულ სუნთქვით ვარჯიშებს აკეთებს.

– ამერიკის შემდეგ იყო ისრაელი.

– ამერიკის შემდეგ წავედით ისრაელში. შარშან, იქ ნუცას „ედიტ პიაფი” ჰქონდა და ძალიან კარგად შეხვდნენ. ახლა, ვიკტიუკიც ჩამოფრინდა. ნუცას მისი „ლუბოვნიცა ლუბვი” უნდა ემღერა. რამდენიმე ქალაქში ჰქონდა კონცერტები და ყველგან საოცრად კარგად შეხვდნენ. პირადად მე, გამაგიჟა ისრაელმა, ამ ხრიოკ ადგილზე ედემის ბაღი აქვთ გაშენებული. ის ქვა ვნახე, სადაც ქრისტე ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ დაასვენეს. ახლაც ხელებში მაქვს ის საოცარი შეგრძნება, რაც მაშინ, იმ ქვაზე ხელის გადასმისას განვიცადე. ძალიან დამწყდა გული, რომ ნელ-ნელა ქართული ყველაფერი იფხიკება, ასოები, წარწერები...

კონცერტებმა საოცრად კარგად ჩაიარა, დიდი ემოციებით. პირველ კონცერტზე აშკილონში, სამი ქალი მივიდა ნუცასთან. ისეთი სიტყვები უთხრეს, გადავირიე. ერთმა უთხრა, რომ მოგისმინეთ, ისე მომეწონა, გავიქეცი და მანქანიდან საჩუქარი ამოვიღე, რომელიც დედაჩემისთვის მქონდა ნაყიდიო – მეორე დღეს, 8 მარტი იყო. ძალიან ლამაზი, სადაფის ზარდახშა აჩუქა ნუცას. ისე გადამრიეთ, თქვენ გქონდეთო. მერე ორი მოხუცი ქალი მოვიდა და უთხრეს, თქვენ ჩვენ სიცოცხლე გვაჩუქეთ, ძალიან ბედნიერები და ენერგიულები მივდივართ აქედანო. ერთ კონცერტზე პიანინო არ იყო და კლავიში მოუტანეს, ვნერვიულობდი, როგორ უნდა დაუკრას-მეთქი. არაჩვეულებრივად დაუკრა. ბავშვობაში ლეილა სიყმაშვილი მეუბნებოდა, ცოტა ხანი ჯოხი აიღე და ატარე ფორტეპიანოს გაკვეთილებზე, ნუცა პირველი პიანისტი იქნებაო. რატომ-მეთქი, თუმცა, ვიცოდი რატომაც – ნუცას თანდაყოლილი ტექნიკა აქვს. დიანა ხირსელი ასწავლიდა და დავალებას რომ მისცემდა, ნუცა ბოხი ხმით ეუბნებოდა – დამიკარითო. მერე სახლში მოდიოდა და იმეორებდა. ერთხელ „კავკასიურ ცარცის წრეზე” მყავდა. გავიხედავ, ეს ბავშვი მისჩერებია ლეილა სიყმაშვილს. ვიფიქრე, რას უყურებს ამ ლეილას, სპექტაკლი მიმდინარეობს-მეთქი, ის მაინც ლეილას ინსტრუმენტს უყურებდა. სახლში მოვედით თუ არა, დაჯდა პიანინოსთან და თავიდან ბოლომდე დაუკრა „კავკასიური ცარცის წრე”. ერთხელ მითხრა, რომ ვჯდები ინსტრუმენტთან, ზევიდან რაღაც მაკვრევინებს და მე თვითონ არ ვიცი რაო, ნუცა არა მხოლოდ ნიჭიერი, არამედ ძალიან უცნაური ადამიანია, განსაკუთრებული.


скачать dle 11.3