კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ჩქარობს გიგი დედალამაზიშვილი უკრაინელ შეყვარებულზე დაქორწინებას

„მგზავრების” უკრაინულ ვოიაჟს მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს, მით უმეტეს, რომ ეს არ ყოფილა ემიგრანტებისთვის ჩატარებული კონცერტი. ჯგუფის სიმღერები უკრაინელ ხალხს ისე მოსწონს, რომ საკლუბო კონცერტის ჩატარება აუცილებელი გახდა. თუმცა, უკრაინასთან გიგი დედალამაზიშვილს სხვა, ჩვენთვის უფრო საინტერესო ძაფებიც აკავშირებს, რომლის შესახებაც მომღერალმა ბევრი თხოვნის შემდეგ ისაუბრა.

გიგი დედალამაზიშვილი: ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სულ ვიგებდით უკრაინელებზე, ბელორუსებზე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, რომლებთანაც მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, ვიღაცამ თქვენი სიმღერა მოისმინა, ძალიან მოეწონა, გაამრავლა, უსმენენო. ჩვენი მეგობრები კი „ფეისბუქზე” გვწერდნენ – ჩამოდით, კონცერტი ჩაატარეთო. და, ჩვენც ვიფიქრეთ: რატომაც არა?! ცოტა ხნის წინ მე, ლაშა და ოთო, მეგობრული ვიზიტით ვიყავით ჩასულები კიევში, სადაც საკმაოდ კარგი, საჭირო კავშირები დავამყარეთ. შემდეგ ისე მოხდა, რომ, სრულიად შემთხვევით, გავიცანით ადამიანები, რომლებსაც უკრაინულ შოუ-ბიზნესში გავლენა აქვთ, მოისმინეს სიმღერები და ძალიან მოეწონათ. მთავარი, რასაც გვეუბნებოდნენ, იყო ის, რომ მსგავსი მუსიკა არ მოგვისმენიაო. მათთვის ეს მართლაც უცხოა, საქართველოსთვის კი კარგად ნაცნობია, ბევრიც უკრავს, რადგან სუფთა ქართულია.

– მაშინვე მოხდა მიწვევა?

– იქიდან წამოვედით და სულ იყო შემოთავაზებები: „მოდი, გავაკეთოთ კონცერტი, გავაკეთოთ კონცერტი“... გავიცანით ბიჭები, რომლებიც უკრაინაში ძალიან წარმატებულ ჯგუფში უკრავენ „ტანოკ ნა მეიდანე კონგო”, შემოკლებით – „ტეენემკა”, რომლებთან ერთადაც გავაკეთეთ დუეტი გალაკტიონის ლექსზე „ქარი ქრის”: ჩვენ ქართულად ვმღეროდით, ისინი – უკრაინულად. ძალიან კარგი სიმღერა გამოვიდა, აიტაცა ხალხმა და მალე გახდა პოპულარული. მეგობრულად გავაკეთეთ ეს სიმღერა. ჩვენი პროდიუსერი ჩვენი მეგობარია და თუ ვიღაცას დაუმეგობრდება, ისიც ერთი მთლიანი სამეგობროს წევრი ხდება. „ტეენემკას” ჰყავს პროდიუსერი, კონცერტის აგენტი, ცალკე აგენტი, ჯგუფის დირექტორი და კიდევ ძალიან ბევრი ვინმე, რაც ჩვენ საერთოდ ვერ წარმოგვიდგენია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ქართულად, პირდაპირ შემსრულებელთან გვქონდა ურთიერთობა – მეგობრული ამბავი იყო. „მგზავრებთან” ერთად მათი ორი ვოკალისტი რეჩიტატივს ამბობს, რეპავს, ასე ვთქვათ. ამ დროისთვის უკვე დაგეგმილი იყო კონცერტი „კრისტალ ჰოლში”, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე „კრუტოი” საკონცერტო კლუბია კიევში და ორი ათას ადამიანს იტევს. დაახლოებით იმ სტილის კლუბია, როგორიც ჩვენთან „ივენთ ჰოლი”. ამ კონცერტს ძალიან სერიოზული ფიარი უძღოდა წინ. ოთხი რადიო გვაფიარებდა, ტელევიზიები – მთელმა უკრაინამ გაიგო, რომ კონცერტი უნდა ჩაგვეტარებინა.

– იქ რამდენ ხანს იყავით?

– ერთ კვირამდე. იქ ვიგრძენი – რა რთულია იმ რეჟიმში ცხოვრება და მუშაობა. ყოველ დილით ვდგებოდით 6 საათზე, მივდიოდით რომელიმე ტელევიზიის დილის ეთერში, იქიდან – რომელიმე ჟურნალისტთან, მერე პრესკონფერენციაზე, მერე კიდევ სადღაც ინტერვიუზე, რადიოში, მერე ისევ სადღაც ტელევიზიაში. ბოლოს მონაწილეობა მივიღეთ ცნობილ გადაცემაში – „შუსტერ ლაივში” – ეს არის, სავიკ შუსტერის გადაცემა, რომელიც ღამის 12 საათზე გადის პირდაპირ ეთერში. იქიდან სახლამდე კიდევ ორი საათი მივდიოდით, რადგან სტუდია სადღაც გარეუბანში იყო და რომ მივხვდი დილით ისევ ექვს საათზე ფეხზე უნდა ვყოფილიყავი, ვიგრძენი, ასეთი რეჟიმის გაძლება საშინლად გამიჭირდებოდა. აქაც ძალიან რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ, იქ წუთები კი არა, წამები გვქონდა გათვლილი.

– ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა?

– დიახ, სრული ანშლაგი იყო, მართლა არ ველოდით ამას. ყველაზე კარგი ის მოხდა, რომ ცოტა ქართველი მოვიდა, ანუ, არ გამოვიდა ემიგრანტების კონცერტი. ეს ამბავი იქიდან გამომდინარე გამიხარდა, რომ, სხვა შემთხვევაში რეალურ სურათს თუ როგორ მოსწონთ უკრაინაში „მგზავრები” – ვერ დავინახავდით. ნებისმიერ ქვეყანაში რომ ჩახვიდე და ქართველები მოვიდნენ, ძირითად ნაწილს აუცილებლად მოეწონება იმდენად აწუხებთ ნოსტალგია და ისეთი მონატრებული აქვთ ყველაფერი ქართული. მიხარია, რომ იმაზე მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე ორგანიზატორები ელოდებოდნენ, მით უმეტეს, რომ ეს პირველი კონცერტი იყო.

სიმღერა შუა კონცერტზე სამჯერ გაგვამეორებინეს, სცენიდან არ გვიშვებდნენ, თან, ამას საოცრად კულტურულად აკეთებენ. ერთი სტვენა არ გამიგია, რაც საქართველოში ხშირად ხდება და შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს სცენიდან გაგდებენ. იქ „ბისის“ კულტურა აქვთ – უკრავენ ტაშს და აბაკუნებენ ფეხებს. ისე კი არა, ბის! ბის! „აეე, ბიჭო! ჩემი ძმა, დაბრუნდი სცენაზე!“ კონცერტიდან რომ გამოვედით და ვთქვით, რა მაგარი მაყურებელი გყავთ-მეთქი, მითხრეს, არა, გიგი, ასე არ არისო. შეგნებულად არ დავასახელებ იმ მომღერლებს – ვარსკვლავები იყვნენ ჩამოსული და მათი კონცერტები ჩავარდაო. რადგან უკრაინაში ტაში დაგიკრეს, ეს ნიშნავს, რომ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ტაშს დაგიკრავენო. თან, იქ არ რცხვენიათ დამოკიდებულების, მოწონების გამოხატვა. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით: შეიძლება კონცერტის შემდეგ ცოლ-ქმარი ერთად მოვიდეს, ცოლი გადაგეხვიოს, ჩაგეხუტოს და მერე ქმარიც ჩაგეხუტოს. აქ მსგავსი რამ არასდროს მოხდება.

– ახლა, მინდა, იმ მითებზე მომიყვე, რაც კიევში „გრუზინ პრიეხალზე” ხდება...

– აი, ეგ მართლა მითებია. იმის გამო, რომ ქართველი ხარ, არავინ კალთებს არ ჩამოგახევს. ამ კონცერტის ორგანიზატორებიც, სხვათა შორის, ქალები იყვნენ. უკრაინელი ქალები ძალიან ერთგულები არიან, აუცილებლად უნდა ვთქვა ეს, – ერთგულები და მოსიყვარულეები. ერთადერთი, რითაც ისინი ქართველი ქალებისგან განსხვავდებიან – ეს პირდაპირობაა. შეიძლება, ქართველი გოგო, როგორც ბიჭზე, შენზე გიჟდებოდეს, მაგრამ, ერთი წელი გადევნინოს, გატაროს, დაქალებს სტრატეგიები ახატვინოს: „ხვალ არ შევხვდები, მერე შევხვდები, მერე ტელეფონს არ ავიღებ“...

– კაცებს ეს ყველაფერი რომ არ მოსწონდეთ, ქალიც არ იზამდა.

– შეიძლება, მაგრამ, მე არ მომწონს. გეთანხმები იმაში, რომ კაცების დანაშაულიც ბევრია ასეთ ქმედებებში. ყველას გვაქვს ჩვენი პრობლემები და კომპლექსები. თან, ადამიანი არის ადამიანი, ქალი არის ქალი, მას ოდნავ ცვლის ის ტრადიციები, რომლითაც აღიზარდა. ქალს ეროვნება არ აქვს. იმდენად ინდივიდუალურია ნებისმიერი ქალი, რომ მათ საერთო ქართულ თვისებებს ვერ მიაწერ. ის კი არა, მილიონი ქალი ხომ ცხოვრობს აქ და, რეალურად, სამი მილიონი ხართ: რომ გგონია, იცნობ, აღმოჩნდება, რომ მეორე დღეს სხვანაირია. რაც შეეხება უკრაინელებს, ეგრევე ჩანს, რომ საოცრად თბილები არიან. თუ უყვარხარ – უყვარხარ, არაფერს თამაშობენ. თუ მოეწონე – შენია. ისიც ჩანს, რომ მოსწონთ ქართველი კაცები.

– შენი „ფეისბუქის” პროფილზე დევს ფოტო, სადაც მშვენიერ უკრაინელ გოგონასთან ერთად ხარ. რამე ხდება?

– ეს არის ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი გოგო, რომლის ფოტოს დადების სურვილიც გამიჩნდა. იმიტომ კი არა, რომ ვინმეს გაეგო მის შესახებ, უბრალოდ, ძალიან მომინდა, ასე მოვქცეულიყავი. იმიტომ დევს ფოტო, რომ ეს ადამიანი ძალიან მიყვარს.

– იქ გაიცანი?

– კი, მაგრამ, ადრე, არა ამ ჩასვლაზე. ახლა, უბრალოდ, ვნახე.

– სულ ღია ხარ, ხომ, ახალი გრძნობებისთვის?

– კი, სიყვარული მიყვარს და ძალიან მომწონს, თავბრუს რომ მახვევენ. ამ დროს დიდი რაოდენობით ადრენალინი გამოიყოფა ჩემს სხეულში. კარგი ადამიანი შემხვდა ნამდვილად. საერთოდ, მხიარული ადამიანები მიყვარს, გოგოები – განსაკუთრებით. ჩემ გვერდით სულ წარმომედგინა ადამიანი, რომელიც იუმორით, სიხალისით, სიცოცხლით სავსეა. ენერგიას უნდა აფრქვევდეს, ცეცხლი უნდა იყოს. ჩემ ირგვლივაც სულ ასეთმა ქალებმა მოიყარეს თავი. დედაჩემი სიცოცხლით სავსეა, ბებიაჩემიც ასეთი იყო. როგორ გარემოშიც გავიზარდე, ისეთი ქალები მომწონს.

– რა ჰქვია გოგოს?

– ჯუმბერი (იცინის). მარინა ჰქვია.

– ანუ, შეიძლება, ოჯახში უკრაინელი რძალი შემოგვივიდეს?

– ჩემს ოჯახში შეიძლება, შემოვიდეს. სტაბილური ადამიანი რომ ვიყო, აქამდეც შევქმნიდი ოჯახს, მაგრამ, არ მაქვს სტაბილური ცხოვრება. ახლა რა ეტაპზეც მაქვს მარინასთან ურთიერთობა, საუკეთესოა ამ კონკრეტული მომენტისთვის. ძალიან წარმატებული გოგოა თავის კარიერაში, ორივე ვცდილობთ ჩვენი საქმე კარგად გავაკეთოთ და ამაზე მერე ვიფიქრებთ.

– რამდენი წლის ხართ?

– მე პირველ აპრილს ოცდახუთის გავხდი, მარინა კი ოცი წლისაა. მოკლედ, ყველაფერი წინ არის.


скачать dle 11.3