კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაუფრინა კობა ბარათელმა მანქანით საიქიოს ოთხ წამში და რატომ არ მიიღეს ის იმქვეყნად სტუმრად

არა მარტო „კომედი შოუში”, არც ერთ ქართულ სატელევიზიო გადაცემაში არ შეგხვდებათ ისეთი მოქნილი, ენერგიული, ცქვიტი და ფერხორციანი მონაწილე, როგორიც კობა ბარათელი, ანუ, იგივე „ჩაინიკაა”. მართალია, ეს ზედმეტი სახელი მის გარეგნობას დიდად არ მიესადაგება, მაგრამ, თურმე სტუდენტობის დროს, ისე კარგად იღებდა ჩაიდნის ფორმას და ისეთ „პარს” უშვებდა, ნუ იტყვით. კობა წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. რატომ ვერ ახერხებს იქ დაბრუნებას, სად იფრინა მან დაუჯერებელი სისწრაფით და რის გამო მიაჩნია თავი მთელი მსოფლიოს ქალების საჩუქრად, ამაზე თავად გვესაუბრა.

– კობა, წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან ხარ. გავიგე, თურმე, შენი მხრის ხალხი გაბრაზებულია – რაც აქედან წავიდა, სულ დაგვივიწყა, აღარ ჩამოდისო. თან, იმასაც ამბობენ, ცოტა შეფერთხილი გვეჩვენება, ეტყობა ქალაქში კარგად ვერ კვებავენ და დასუსტდა კაციო. ამაზე რას მეტყვი?

– იმას გეტყვით, რომ არ მეგონა, ბატონო და, თურმე, მტრები არ მყოლია?! ვსვამ, ვჭამ და დამფასებელი არ მყავს, ეს საქმეა?! არა, გეკითხებით, მიფასებს ვინმე? კი ავამტვერე ფიტნეს-კლუბები, მაგრამ, რად გინდა? ისიც გავიგე, ბოროტი ენები ჩემზე ამბობენ, კობა იმიტომ ვერ მიდის დასავლეთში, გვირაბში ვეღარ ეტევაო. ისე, ახლა რომ დავფიქრდი, გვირაბში კი გავეტევი, მაგრამ, დრო არ მაქვს ჩემი სამსახურის გადამკიდე. დედაჩემი სულ იმას მეუბნებოდა, ძალიან სწრაფად იზრდებოდი, შვილო, ერთი დღისა, სამი დღის ბავშვს ჰგავდიო. ჰოდა, თუ დედაჩემს დავუჯერებთ და თუ ერთ დღეში სამი დღისას ვიმატებ, რა გასაკვირია, ამხელა რომ ვარ (იცინის). ერთი ამბავი გამახსენდა ჭამასთან დაკავშირებით. მოკლედ, იაპონურ რესტორანში ვიყავი. გავიხედე, ოფიციანტებმა აავსეს მაგიდა ლამაზად გაფორმებული, ნაირ-ნაირი, ზიზილ-პიპილო საჭმელებით. დავინტერესდი და ვიკითხე, რითია მომზადებული-მეთქი. მჭამელი კი ვარ, მაგრამ, მთლად გველის ჩაშუშულსა და ბაყაყის ბარკალ-მენჯს არ გეახლებით. აი, ნიანგის ბოზბაში რომ იყოს, ეგ სხვა საქმეა (იცინის), დავფიქრდები მაინც, სანამ მაგიდიდან გავიქცევი. მითხრეს, ეს ბრინჯია, ეს – თევზი, ეს კიდევ – ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი საკაზმებიო. ვჭყიტე თვალები – კარგად დავაკვირდე, არაფერი შემომაპარონ-მეთქი. დავაკვირდი და არც ერთი ჰგავდა ბრინჯს და არც მეორე – თევზს. წადი ახლა და იმარჩიელე, რა იყო. ისე დამარწმუნეს, მაინც წამძლია სულმა და, რომ დავაგემოვნე, მომეწონა. ახლა ვფიქრობ, იქ რაღაც-რაღაც უცნაურობები შემომაპარეს. ალბათ, ლოკოკინა თუ იქნებოდა, აბა სხვა რამეს მე როგორ მაკადრებდნენ, ამხელა გაბარიტებიან კაცს რომ დამინახავდნენ? (იცინის). იცით, რატომ მქვია „ჩაინიკა”? მართლა კი არ ვდუღდები და ბოლს კი არ ვუშვებ (იცინის). სტუდენტობის დროს თანაკურსელებს მოვუყევი ანეკდოტი „ჩაინიკზე”, თან, მისი ფორმა მივიღე და იმ დღის შემდეგ შემომრჩა ეს სახელი.

– ალბათ, ჩაიც გიყვარს, არა?

– არა, ჩაი არ მიყვარს, მაგრამ, თუ გავბრაზდი, უნდა ნახოთ, როგორი ადუღება ვიცი (იცინის).

– კობა, ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს ხარ დაბადებული და, მგონი, ეს კარგად არ უნდა გქონდეს დაცდილი. აი, იმ ავარიას ვგულისხმობ, გინესის რეკორდი კინაღამ რომ მოხსენი. გაგახსენდა?

– გინესების რეკორდი კინაღამ კი არა, ნამდვილად მოვხსენი. მაგ დღეს რა დამავიწყებს, კიდევ იმ დღეს, ქალების რომ არის და ყველას ასე ჰგონია, სინამდვილეში კი ყველა 8 მარტი მე მეკუთვნის (იცინის). სულ ვამბობ, კაცი რომ 8 მარტს დაიბადები, ქალების საგაზაფხულო საჩუქარი ხარ-მეთქი. ჰოდა, ჩემს შემთხვევაშიც ასეა. ამიტომ არის, ყველას რომ „ვევასები“, აბა, როგორ?! რაც შეეხება გინესის რეკორდს, მე უკვე მოვხსენი ბატონო, ისე ვიფრინე ჩემი ავტომანქანით და, თან, ისე ზუსტად დავჯექი დედამიწაზე, ამ რეკორდს, დამიჯერეთ, ბარე ორი ვერ გაიმეორებს. (იცინის). ჩემი დაბადების დღის მეორე დღეს ისეთი მთვრალი ვიყავი, აღარც კი მახსოვს, მანქანაში როგორ ჩავჯექი. უი, ახლა გამახსენდა, კარგა ხნის წინ კი იყო ეს ამბავი, მაგრამ, თქვენი ჭირიმე, ეს ისეთი გაკრული ტექსტით დამიწერეთ, პატრულმა რომ ვერ წაიკითხოს, თორემ, თუ მომთხოვა ძველ ცოდვებზე პასუხი, დავიღუპები (იცინის). ერთი სიტყვით, ბოძს დავეტაკე, მოვგლიჯე და ისეთი სისწრაფით ვიფრინე მანქანით, რომ საიქიოსაც კი გადავუფრინე. ბაბუაჩემი გაოცებული მიყურებდა იმქვეყნიდან – ეს რაებს სჩადიხარ, ბაბუო (იცინის). ერთადერთ ადგილას იყო ჭაობი და იქ ვისკუპე. ბედი მქონდა, თორემ, ცოტა რომ ავცდენოდი, კი ვესტუმრებოდი ცეკვა-თამაშით ბაბუაჩემს. წარმოიდგინეთ, ჭაობსა და იმ მოტეხილ ბოძს შორის მანძილი ოცდაშვიდი მეტრი მაინც იქნებოდა. თუ მაგარი ხარ, მიდი, აბა, გაიმეორე ეს რეკორდი! მაგრამ, გარანტიას მე ვერ მოგცემ, ძმაო და ვერც თავდებში ჩაგიდგები (იცინის). ეჰ, ახლა მეცინება, თორემ, მერე რომ ვნახე ის ადგილი და გავიაზრე, რას გადავრჩი, რომ შემოვირტყი თავში ხელი, ახლაც მტკივა შემონარტყამი. ისე, მოგატყუეთ. ახლა გამახსენდა, საიქიოს სტუმარი ვიყავი ოთხი წამით და ბაბუაჩემმა ისეთი მიყვირა, შემეშინდა და „დავცოცხე” იქიდან. რომ დამინახა, გაბრაზდა: აბა, ახლავე „დაახვიე” აქედანო და, არ გამომაგდო?! იმან კი გაიხაროს, სადაც არის, იქ, მაგრამ, კაცს რომ საიქიოშიც არ მიგიღებენ და გამოგაგდებენ, ესაა საქმე?! (იცინის). კიდევ კარგი, ამაში რომ ბედი არ მაქვს. ხომ მეთანხმები?

– რასაკვირველია, გეთანხმები. მაგრამ, ფრენის შიში რომ გაქვს, ამას რატომ მიმალავ?

– არა მარტო ფრენის, ჩაკეტილი სივრცის შიშიც მაქვს. ერთხელ, სამსახურში მაგვიანდებოდა. შევვარდი ლიფტში და, არ გავიჭედე?! დენი წავიდა და ისეთ უკუნში აღმოვჩნდი, კინაღამ წნევამ „მგლიჯა“. ის იყო, უნდა მეღრიალა ლომივით, რომ, არ განათდა და დაიძრა?! უნდა გენახათ, როგორი დაბერებული გამოვედი იქიდან. მთელი საუკუნე სიცოცხლე დამაკლო იმ სამმა წამმა. მე კი ჩემი დამემართა და... თუ ვინმესთან ერთად ვარ, ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო და ისიც არ დავაფრთხო ჩემი ღრიალით, მაგრამ, თუ მარტო ვარ, ლომი მიმიქარავს, ისე ვბრდღვინავ და ვღრიალებ (იცინის).

– თუ ამ დროს ქალის გვერდით აღმოჩნდი?

– ასეთი ამბავიც შემემთხვა. თვითმფრინავით ფრენის შიში დამჩემდა და კიევში მგზავრობის დროს, ისეთი გოგოს გვერდით აღმოვჩნდი, შიში კი არა, ჩემი სახელი და გვარიც კი დამავიწყდა. რომ მოვკალათდი და ამოვისუნთქე, გავიხედე, არ წამომადგა თავზე სტიუარდესა?! მითხრა, თუ შეიძლება, წინ უნდა გადაბრძანდეთო. ბარემაც არ შეიძლებოდა, მაგრამ, უარს ხომ არ ვიტყოდი (იცინის). იქაც ქალის გვერდით აღმოვჩნდი, მაგრამ, კი იქნებოდა ის შეჩვენებული კაი სამოცდათი წლის.

– შეჩვენებული რატომ?

– იმან მე დღეში ჩამაგდო?!. აფრინდა თუ არა თვითმფრინავი, „გააძრო“ ჩანთა, გახსნა და „დააძრო“ ვალიდოლი. არ გავიდა ორი წუთი, ისევ გახსნა ჩანთა და ახლა კორვალოლი ამოიღო და დალია. არ გავიდა კიდევ ორი წუთი და... ვალერიანის წვეთებს დაუწყო თვლა და სულ გადავირიე... თან, მეც მაძალებდა – დალიეთ, ბატონო, იქნებ დაწყნარდეთ და დამშვიდდეთ თქვენცო. ვეუბნები. მადლობა, ქალბატონო, მშვიდად და კარგად ვარ, ჩემზე ნუ ნერვიულობთ, არ მეშინია-მეთქი. არ გაჩერდა, შემომინთო და შემომინთო. მანამდე არ შემეშვა, სანამ მართლა ცუდად არ გავხდი. ისეთი შიში ამკიდა იმ ქალმა, კინაღამ გადავირიე. (იცინის). სანამ თვითმფრინავი მიწაზე არ დაჯდა და დედამიწაზე არ დავდგი ფეხი, მანამდე ვფიქრობდი, რა მინდოდა, ვერ ვიყავი ჩემთვის წყნარად, რა შარში გავყავი თავი, ჯანდაბა ჩემს მტერს-მეთქი (იცინის).


скачать dle 11.3