კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაში ბედთან

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹14(536)

თითოეული ჩვენგანი შეიძლება დაიბნეს და დაიკარგოს იმ უდაბნოში, რომელსაც ცხოვრება ჰქვია. არავის აქვს იმის უპირატესობა, თქვას – მე ამ ყველაფერზე მაღლა ვარ და საფრთხე არ მემუქრებაო. არ არსებობს იმუნიტეტი უზნეობის წინააღმდეგ; არ არსებობს იმუნიტეტი დანაშაულის წინააღმდეგ, ისევე, როგორც არ არსებობს იმუნიტეტი ჰეროინის წინააღმდეგ. ერთხელ გაუსინჯავ გემოს და – სიცოცხლის ბოლომდე მასზე დამოკიდებული ხდები. მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენა შეიძლება, იქცეს იმუნიტეტად, მაგრამ, ხშირად სწორედ ამ ჭეშმარიტების ძებნას მიჰყავს ადამიანი უდაბნოსთან, სადაც იკარგება კიდეც. საკმარისია, ცოდვა ერთხელ მაინც „დააგემოვნო“, რომ ის, ადრე თუ გვიან, აუცილებლად წამოგიყენებს საკუთარ უფლებებს და კუთვნილსაც მოითხოვს. ცოდვილი სამყარო მტვერსასრუტივით გვიწოვს თავის წიაღში, რათა მერე, „განელებული”, სისხლ და გრძნობებგამოცლილი, გამოცარიელებული და გამომშრალი უკანვე გადმოგვაგდოს.

***

თემომ მანქანის გასაღები მაგიდაზე დააგდო, ფეხსაცმელები შემოსასვლელში მიყარა და იქვე, პატარა პუფზე ჩამოჯდა. თავი უსკდებოდა, შიმშილიც იგრძნო. საათზე დაიხედა და ხმადაბლა შეიგინა. ცოლს, ალბათ, უკვე ეძინა. ვახშმის მომზადება თავად მოუწევდა, თუ მაკამ წინდახედულობა არ გამოიჩინა და რამე არ დაუტოვა. „ჯანდაბა, ჩაის მაინც დავლევ...” – ჩაილაპარაკა თავისთვის და წინდების ამარა გაემართა სამზარეულოსკენ. მაგიდაზე ხელსახოცგადაფარებული თეფში იდო: პიურე და კატლეტი. თემოს მადლიერებისგან რაღაც აეწვა ცხვირში, მაგრამ მიხვდა, რომ ლუკმასაც ვერ გადაყლაპავდა. ჩაიდანი ჩართო, სკამზე ჩამოჯდა, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და თვალით საფერფლეს დაუწყო ძებნა.

– ისევ შუაღამისას მოხვედი, – ცოლმა საფერფლე და ასანთი გაუწოდა, – ნუთუ არ შეიძლება, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი მუშაობს, შენც ისე იმუშაო?

– როგორ?

– რვაზე, ცხრაზე ან თუნდაც ათ საათზე მაინც მოხვიდე სახლში. თვეში ერთხელ შევძლოთ და წავიდეთ კინოში, ან – სტუმრად, მეგობრებთან... ერთხელ მაინც ისე გახვიდე შვებულებაში, რომ მობილური ტელეფონი გამორთო და მესამე დღეს სამსახურში არ გაიქცე. დავიღალე. ვიცი, რომ შენც დაიღალე, ამიტომ რამე მოიფიქრე. ბოლოს და ბოლოს, სულ წამოდი მანდედან.

თემომ სიგარეტს მოუკიდა და ცოლს მდუმარედ შეხედა. მაკასთან კამათს ყოველთვის თავს არიდებდა. ისიც კი გამოიმუშავა, რომ არ ესმინა და ყურადღების მიღმა დაეტოვებინა ცოლის სიტყვები.

– ვიცი, ცდილობ, არ მომისმინო. იმედი გაქვს, რომ მალე დავიღლები და გავჩუმდები. კარგი ტაქტიკაა, შენთვის მომგებიანი, მაგრამ, მე რას მერჩი?

– მკვლელობა მოხდა. სამმართველოს უფროსმა თათბირი თერთმეტ საათზე დანიშნა. წამოვსულიყავი?

– სულ რაღაც ხდება. მკვლელებს და მანიაკებს რა გამოლევს. ვიღაცას გაქურდავენ, ვიღაცას დააყაჩაღებენ... მე კი ქმარი მყავს და არც მყავს. მთელი დღე მარტო ვარ.

თემომ თავი ხელისგულებში ჩარგო:

– მაკა, ძალიან დავიღალე, მართლა ვერ წამოვედი.

– ვიცი, რომ ვერ წამოხვედი. როდის გეუბნები, რომ ეს ჩემი ჯიბრით გააკეთე, მაგრამ, მე რა ვქნა?

– შენ? არ ვიცი. წადი სადმე გაისეირნე, კინოში შედი მეგობრებთან ერთად. მაღაზიებში გაიარე. ბოლოს და ბოლოს, მუშაობა დაიწყე.

ქალს სახე მოეღრუბლა.

– დამცინი, არა?

– რატომ, ხომ მუშაობდი? ისევ შეგიძლია, სკოლაში დაბრუნდე. დარწმუნებული ვარ, სიხარულით მიგიღებენ.

– ნერვებს ნუ მიშლი, ვითომ არ იცი, რატომ აღარ მინდა სკოლაში მუშაობა. არ შემიძლია, სხვის ბავშვებს ვეფერო, მაშინ, როცა... როცა... ქალმა სახეზე ხელისგულები აიფარა და აქვითინდა, – კაცმა ვერ გაუძლო მის ცრემლებს. საერთოდ ვერ იტანდა ქალის ტირილს. ეს მასზე მაგიურად მოქმედებდა. მთელ სხეულში სისუსტეს გრძნობდა და თითქოს ბავშვივით უმწეო ხდებოდა.

– ძალიან გთხოვ, ნუ იტირებ... აბა, რატომ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. ექიმმა ხომ გვითხრა, პრობლემას ვერ ვხედავო. ოთხი წელი არც ისე დიდი დროა.

– ხუთი წელი ხდება. ის ექიმი კი ნამდვილი იდიოტია. მოცდა აღარ შემიძლია, მაგრამ შენ ეს ნაკლებად გაღელვებს. რა თქმა უნდა, ვერ გამოძებნი დროს, რომ სხვა ექიმთან წამომყვე. შენი სამსახური უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი შვილი.

– არა, საყვარელო, არა. შვილი ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ექიმთანაც წამოვალ, მაგრამ შენ ჯერ უნდა დამშვიდდე და აღარ ინერვიულო. ეს აუცილებელია.

– როგორ დავმშვიდდები, როცა შენ არასოდეს არ ხარ ჩემ გვერდით, – ამოისლუკუნა ქალმა და ცრემლით სველი სახე ხელით მოიწმინდა, – ჭამე. დედაჩემი იყო და კატლეტები იმან გააკეთა. შენ რომ გიყვარს, ისეთია.

– არ მშია.

– არ გშია, თუ აღარ გშია? – სარკასტულად გაიღიმა ცოლმა, გამომწვევად და გამაღიზიანებლად. თემო შეეცადა, მშვიდად გაეცა პასუხი.

– არ მშია, ჩაის დავლევ. დამისხი, რა!

– გაცივდებოდა, – მაკა ჩაიდანთან მივიდა – შენ მართალი ხარ, სამსახური უნდა მოვძებნო და სახლიდან გავიდე, თორემ, ნელ-ნელა ისტერიჩკას ვემსგავსები. რაღაცას მოვიფიქრებ.

– ერთად მოვიფიქრებთ, – თემომ წელზე მოხვია ხელი ცოლს და ლოყაზე აკოცა, – არ მინდა ჩაი, წავიდეთ, დავწვეთ.

***

გახსენით საწამლავის აღმოჩენის საიდუმლოება, გვიჩვენეთ ის და მომწამვლელს ჩამოვახრჩობთ, – თქვა ას ორმოცდაათი წლის წინ ლონდონის კრიმინალური პოლიციის უფროსმა, – ისტორიული ექსკურსით დაიწყო თავისი გამოსვლა დილის თათბირზე დევიმ, – მარტო ერთი შესაძლებლობა არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანი მოწამლეს – უნდა აღმოაჩინო საწამლავი გარდაცვლილის გვამში. ძველი რომის დროიდან, ექიმებმა და იურისტებმა ძალიან ცოტა რამ იცოდნენ მოწამვლის სიმპტომებზე. მოწამლულად ითვლებოდა ადამიანი, თუ მისი კანი ლურჯ-შავი ფერის იყო, ან – ლაქებით დაფარული, ანდა, მყრალი სუნი ჰქონდა. ჩვეულებრივ გვამურ ლაქებს მიიჩნევდნენ მოწამვლის ნიშნებად. პირდაპირ, გასაოცარია, როგორი გიგანტური ნაბიჯებით იარა სასამართლო მედიცინამ და... თემომ შეუმჩნევლად ჩაიცინა და გიორგი ახვლედიანს გახედა, ჭარხალივით წითელი რომ იჯდა და ხვნეშოდა. სიამოვნებით წამოხტებოდა და გააჩერებდა ლაპარაკის საღერღელაშლილ ექსპერტს, მაგრამ საამისოდ გამბედაობა არ ეყო. თემომ გუნებაში მადლობა გადაუხადა დევის ამისთვის. ისიც იმავე პათოსით განაგრძობდა.

– დიახ, ჩემო ძვირფასებო! მომწამვლელები ყველა დროში მრავლად იყვნენ, მე ვიტყოდი, შხამის პოპულარობა და აქტუალურობა ყოველთვის იყო განსაკუთრებით თვალშისაცემი. რომი და საბერძნეთი უკვე იცნობდა დარიშხანს, როგორც შხამთა შორის საუკეთესო შხამს. მართალია, ვერცხლისწყალმა და ფოსფორმა სიკვდილის უხვი მოსავალი მოიმკეს, მაგრამ მაინც არაბი ალქიმიკოსის ჯოჯოხეთურ სამზარეულოში აღმოჩენილი უფერო, უსუნო და უგემო, თეთრი ფერის დარიშხანის ანჰიდირიდი გახდა სიკვდილის უმაგალითო მთესველი!

ახვლედიანს ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა:

– საქმესთან ახლოს, თუ შეიძლება! – თქვა და ოხვრას გული ამოაყოლა. ექსპერტმა მიამიტი ბავშვივით გულუბრყვილოდ დაახამხამა წამწამები:

– კი მაგრამ, ბატონო გიორგი, მე სწორედ საქმეზე მოგახსენებთ, ვცდილობ, ყველაფერი დაწვრილებით აგიხსნათ. უფრო გასაგები რომ იყოს. მომწამვლელები დიდგვაროვნები და სახელოვანნი იყვნენ. თეთრი დარიშხანის ხსნარი – აკვატოფანის წყალი, მეჩვიდმეტე საუკუნის საშინელმა პიროვნებამ, თეოფინე დი ადამომ სიკვდილის მანქანად აქცია. თვითონაც ხოცავდა და სხვებსაც ასწავლიდა, როგორ უნდა მოეკლათ ადამიანი. მაშინ ყველამ იცოდა, რომ დარიშხანს არ აქვს არც სუნი და არც გემო; რომ მისი შერევა ადვილად შეიძლება წვნიანში, ნამცხვარსა და სასმელში. ისიც ყველამ იცოდა, რომ პოლიციას არ ჰქონდა არანაირი საშუალება, მკვლელისთვის დანაშაული დაემტკიცებინა.

– ბატონო დევი, საკმარისია. პირდაპირ გვითხარით, რასთან გვაქვს საქმე – დარიშხანი ჩაუყარეს საჭმელში? – სამმართველოს უფროსმა საბოლოოდ დაკარგა მოთმინება, წამოხტა და ოთახში წინ და უკან სირბილს მოჰყვა.

– თქვენ, ალბათ, არ გესმით, რა სერიოზული საქმეა. ელჩის სასიძო მოკლეს, თან – ჩვენ ცხვირწინ. ვიღაც მაწანწალა კი არა, ელჩის სასიძო. ერთ კვირაში ქორწილი უნდა ჰქონოდა. უკვე ამიკლეს ზარებით ელჩიც არის და ელჩიც! ევროკავშირი და ნატო სამუდამოდ სანატრელი გაგვიხდება, თუ მკვლელობა დროზე არ გავხსენით.

დევიმ თავი ვეღარ შეიკავა და ჩაიფხუკუნა. თემომ შეუმჩნევლად წაჰკრა ფეხი, მაგიდის ქვეშ, მაგრამ უკვე გვიან იყო. სამმართველოს უფროსი გველნაკბენივით შეხტა და გაფითრდა:

– იცინით? ძალიან კარგი! ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ სამხიარულოდ გვაქვს საქმე?! ბატონო დევი, მე თუ პრობლემები შემექმნება, არც თქვენ დარჩებით მიღმა. არ გემუქრებით, მაგრამ, ასეთ არასერიოზულ დამოკიდებულებას ვერ ავიტან. თათბირზე ხითხითი და სიცილი, მაშინ, როცა ზემოდან ყოველ საათში მირეკავენ და კითხულობენ, რას ვაკეთებთ, – დანაშაულია. დიახ, დანაშაული! დარიშხანზე ისტორიის მოსასმენად არ მომიწვევიხართ აქ. ბატონო თემურ, ამ ეტაპზე რა ინფორმაცია გაქვთ, მკვლელობის შესახებ?

– ბევრი არაფერი. დადგენილია მოკლულის ვინაობა. სუიციდი ანუ თვითმკვლელობა გამოირიცხა. სავარაუდოდ, მკვლელმა საწამლავი გამოიყენა. შესაძლებელია, სწორედ მკვლელთან გაატარა მან ღამე.

– კიდევ?

თემომ დევის გადახედა:

– კიდევ, შესაძლებელია, მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ან მამაკაცთან ჰქონდა ინტიმური სიახლოვე სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.

– აჰა, ანუ, მამაკაცთანაც?

– დიახ, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ბატონი ელჩის სასიძო სანიმუშო რეპუტაციით არ გამოირჩეოდა. მეტსაც გეტყვით, საკმაოდ გარყვნილიც ბრძანდებოდა, – ცუდად დაფარული ზიზღით წარმოთქვა გამომძიებელმა, – რაღაც ინფორმაცია მოვიძიე მის წარსულზე. სხვათა შორის, ერთი საინტერესო დეტალიც აღმოვაჩინე: ეს ჩვენი „მშვიდობის დესპანი” გაუპატიურების მცდელობისთვისაც იყო ნასამართლევი. უფრო სწორად, კი არ გაუსამართლებიათ, მხოლოდ რამდენიმე დღე დააკავეს და მერე გაუშვეს არასაკმარისი სამხილების გამო და, რაც მთავარია, მომჩივანიც გაქრა. თუ გაინტერესებთ, დაახლოებით ოთხი-ხუთი წლის წინანდელი ამბავია.

სამმართველოს უფროსი შეიჭმუხნა:

– ამას მის მკვლელობასთან რა კავშირი შეიძლება, ჰქონდეს?

თემომ არ უპასუხა, მხოლოდ ჩაახველა და შუბლზე შეთხელებული თმა შეისწორა. სამმართველოს უფროსი რაღაცას მიხვდა:

– ანუ, იმის თქმა გინდოდა, შეიძლება ამ ამბავს მკვლელობასთან რამე კავშირი ჰქონდეს?

– თუ შურისძიების ვერსიას არ გამოვრიცხავთ, შეიძლება.

– ჰოო?! პრინციპში, შურისძიებაზე, რატომღაც, არ მიფიქრია. სასწრაფოდ უნდა მოძებნოთ ის გოგო, მაგრამ, უხმაუროდ და ისე, რომ სკანდალი არ ატყდეს. გესმის, თემო? პირადად შენ ხარ პასუხისმგებელი ამაზე.

თემომ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ბოლო წუთში აშკარად გადაიფიქრა და სამმართველოს უფროსთან პოლემიკაში შესვლას გაჩერება ამჯობინა. ახვლედიანმა ეს საკუთარ გამარჯვებად ჩათვალა და გაიბღინძა.

– მოკლედ ასე, შურისძიების ვერსიაზე ვმუშაობთ. ვიპოვით იმ გოგოს თუ ქალს და – საქმეც გაიხსნება.

კაბინეტიდან გამოსულმა თემომ ვეღარ მოითმინა და იქვე, სამმართველოს უფროსის მისაღებში, მდივანი ქალის თვალწინ მოუკიდა სიგარეტს.

– თემურ, ხომ იცი, როგორ ვერ იტანს მისაღებში სიგარეტის სუნს? გამოვა და ერთ ამბავს ამიტეხს. ისედაც, ერთი სული აქვს, როდის გამიშვებს აქედან, – უსაყვედურა ქალმა და ფანჯარა სწრაფად გამოაღო.

– ვერ გაგიშვებს. თავისნაირი ღლაპი რომ მოიყვანოს, ვეღარავინ უკარნახებს, რომელ ღილაკს უნდა დააჭიროს თითი, ტელეფონი რომ დაურეკავს.

– თუ ღმერთი გწამს, გაჩუმდი, უცებ არ გამოვიდეს, – ტუჩებთან თითი მიიტანა მდივანმა და შეშფოთებით მიმოიხედა.

– წამოდი, სასადილოში ჩავიდეთ, ყავა მაინც დავლიოთ, – მკლავზე მოჰკიდა ხელი დევიმ და მდივან ქალს თვალი ჩაუკრა, – ახლავე მოგაშორებ ამას.

სასადილოში დარბაზის განაპირა კუთხეში ყველაზე განცალკევებით მდგარ მაგიდასთან დასხდნენ. დევიმ ყავა და სალათა მოიტანა.

– მომშივდა, ხო იცი! შენ არ შეჭამ?

– არა! – ჩაიბურტყუნა თემომ.

– მოიცა, ერთი, რა განერვიულებს, ილაპარაკოს და იყოს. მე მომბაძე, ვერ ხედავ, როგორ ოსტატურად ვხეთქავ გულზე?!

– ეგრე მარტივადაც არ არის საქმე, შენ კიდევ სჭირდები – ექსპერტები, თანაც, შენნაირი პროფესიონალები, ცოტაა. ვერ გაგიშვებს. მე კი ხვალვე ამაფარებს ბრძანებას ცხვირზე. ხელს შეუშლის ვინმე თუ რა...

– არც ისეთი დიდი ვინმეა, შენ რომ გგონია.

– არაფერიც არ მგონია. დიდი ვინმე რომ არ იყოს, მაგ კაბინეტში არავინ დასვამდა. ზოგჯერ ისეთ სისულელეს იტყვის, ვიცინო თუ ვიტირო, არ ვიცი. როგორ უნდა ვიმუშაო? ახლა შურისძიების ვერსიას აიკვიატებს და გადამიყვანს ჭკუიდან.

– რატომ? შეიძლება, მართლა შურისძიების მიზნით მოკლეს. მეც რაღაც ინფორმაციას მივაკვლიე და... კაროჩე, დიდი ნაგავი ვინმე ყოფილა.

– ეგ მკვლელობას არ ამართლებს. მით უმეტეს, მე ვერაფერში დამეხმარება.

– რატომ?

– იმიტომ რომ, ახლა, ამ წუთას, რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა მაქვს, რომლებზე ფიქრიც მოსვენებას არ მაძლევს. შენ ხომ ამბობ, რომ მოწამლეს?

დევიმ ყავა მოსვა და ხანმოკლე დუმილის მერე, თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.

– კარგი, მაგრამ მოწამლული, ტრუსისამარა ქუჩაში რატომ გარბოდა?

– ვინ გითხრა, რომ გარბოდა? მე ეს არ მითქვამს.

– მაშინ, მეორე, ნაკლებად სარწმუნო ვარიანტი რჩება, რომელიც საერთოდ მაბნევს.

– რა ვარიანტი?

– როგორ წარმოგიდგენია, ამხელა კაცი ქალმა აიკიდოს ზურგზე და ქუჩაში გამოათრიოს? მკვდარი რომ კიდევ უფრო მძიმდება, ეს შენზე კარგად ვინ იცის?

– მაგით რისი თქმა გინდა?

– იმის, რომ, რაღაც არ გამოდის, – თავი გააქნია თემომ, – არ გამოდის. ეგ ან თავისი ფეხით გამოვიდა ან მკვლელს თანამზრახველი ჰყავდა და მარტო არ იყო.

– ოო, „გრუპავუხა”?! პრინციპში, ბომონდში მოსული პონტია. ერთი მე და შენ დავრჩით გოიმები, – გაიკრიჭა დევი.

– ეე, შენც ზოგჯერ რა უადგილოდ ხუმრობ, – ეწყინა თემოს, – დროულად თუ არ გავხსნი ამ საქმეს, გეუბნები, სამსახურის ძებნა მომიწევს. არადა, პენსიამდეც რომ შორია?! ვაჭრობის ნიჭი კი მე არ მაქვს.

– გავხსნით, ნუ გეშინია. მაგისთანები გაგვიხსნია?! – შეაგულიანა ექსპერტმა, – ჰო, მართლა, ის ცნობისმოყვარე ქალიშვილი სად არის? თათბირზე რატომ არ მოიყვანე, ეგ რა, არ შედის პრაქტიკის კურსში?

– რაღაც დავალება მივეცი – სადღაც გავგზავნე. არ შემიძლია, როცა ცხვირწინ ტრიალებს, ისედაც დაჭიმული მაქვს ნერვები.

– არ ჩანს უჭკუო ბავშვი.

– ბავშვი... რა ბავშვი, თუ ძმა ხარ! ერთი ეგეთი ბავშვი უფროსად გვყავს. ეგეც ძალიან მალე აცოცდება ზევით, თორემ, ნახავ.

– აი, თურმე რაში ყოფილა საქმე! – გაეღიმა დევის, – რას ერჩი, სულელი ნამდვილად არ არის. თუ საკმაოდ მიმზიდველ გარეგნობასაც დავუმატებთ, დაწინაურებისთვის ყველაფერი აქვს.

– აბა, მე რას გეუბნებოდი! მე და შენ კი ისე ვიპახავებთ, შეიძლება, მადლობაც არავინ გვითხრას.

ექსპერტმა მხრები აიჩეჩა:

– შენ გჭირდება, ვინმეს მადლობა? მე – არა!

– ჰო, კარგი, უკვე დროა, უნდა წავიდე. წეღან დამირეკეს, იმ ბინისთვის მიუგნიათ, სადაც გარდაცვლილმა ღამე გაატარა, უნდა დავათვალიერო. ხომ არ წამოხვალ?

– რატომაც არა! საქმე მაინც არაფერი მაქვს. გვამი არ იქნება, მაგრამ, ჩემთვის საინტერესო რაღაცას მაინც ვიპოვი.

... ოთახი საკმაოდ კომფორტული და მოხერხებული ავეჯით იყო მოწყობილი. სააბაზანო და მისაღებიც ახლად გაერემონტებინათ. ლამაზი, მაგრამ, შედარებით იაფფასიანი შპალერი და კაფელი შთაბეჭდილებას ახდენდა. საწოლზე უწესრიგოდ ეყარა ბალიშები. ზეწარი სანახევროდ იატაკზე ეგდო. პატარა მაგიდაზე შამპანურის ერთი ცარიელი, ერთიც სანახევროდ დაცლილი ბოთლი იდგა. მოზრდილ ლანგარზე ხილის ნარჩენები ეყარა. თემომ იატაკიდან შამპანურის მაღალყელიანი ბოკალი ორი თითით აიღო და სინათლეზე გახედა.

– კრიმინალისტი სად არის?

– სააბაზანოში მუშაობს, – სწრაფად უპასუხა პოლიციელმა.

– კარგია. უთხარი ანაბეჭდები ამ თეფშიდან, ბოთლებიდან და ბოკალებიდანაც აიღოს.

– თუ იქნება, კი, – სარკასტულად ჩაიცინა დევიმ.

– ნუ ითარსები, გირჩევნია, მითხრა, რას ფიქრობ ამ ყველაფერზე.

– ნამდვილი სიყვარულის ბუდეა. ეს, ალბათ, ნაქირავები ჰქონდა.

– მართალი ხარ. ნაქირავები ბინაა. ბინის პატრონები წუთი-წუთზე მოვლენ.

– უნდა დაკითხო?

– არა, მათთან ერთად ფოტოები უნდა გადავიღო, – უკმაყოფილოდ გადააქნია თავი თემომ – გამოუსწორებელი ხარ... ერთი ეს მითხარი, შეეძლო მკვლელს, შამპანურში ჩაეყარა დარიშხანი.

– მე არ მითქვამს, რომ მკვლელმა აუცილებლად დარიშხანი გამოიყენა.

– რაო? შენ არ იყავი, იმსიგრძე მოხსენება რომ წაგვიკითხე დარიშხანზე?

– მერე რა... მე დარიშხანი მაგალითისთვის ვახსენე. კიდევ არის საწამლავები, რომელთა აღმოჩენა მოწამლულის ორგანიზმში ასევე ძალიან ძნელია.

– შენ იმის თქმა გინდა, რომ გვამში საწამლავის კვალი ვერ აღმოაჩინე? როგორ დავუმტკიცებთ დანაშაულს მკვლელს, თუ დავიჭერთ?

– შენ დაიჭირე და მაგის პრობლემა არ გექნება.

– კარგი, დევი გეყოფა. ყველაფერზე ღადაობაც ხომ არ შეიძლება!

– სულაც არ ვღადაობ. ჯერ ეჭვმიტანილიც არ გვყავს, თუ იმ ქალს არ ჩავთვლით, ხუთი წლის წინ თითქმის რომ გააუპატიურეს. როგორც ხვდები, საქმე სასწრაფოდ დახურეს. იმ ქალმა ან ფული აიღო ან...

– არა, არა, მკვლელობამდე საქმე არ მივიდოდა. ვნახოთ, ბინის პატრონი რას გვეტყვის.

ბინის პატრონი შუახანს გადაცილებული მამაკაცი აღმოჩნდა, სათვალეებითა და ინტელიგენტისთვის დამახასიათებელი დაბნეული მზერით. საუბრისას ხშირად იხსნიდა სათვალეს და ათრთოლებული თითებით პერანგის კალთით წმენდდა.

– ეს ბინა ჩემს ქალიშვილს ეკუთვნის. იმან იყიდა, დიახ, გასაქირავებლად: ფული გამოგვიგზავნა და მე შევიძინე. თვითონ სად არის? იტალიაშია. რისთვის იქნება წასული, ჩემო ბატონო, მუშაობს... ვიყიდეთ, გავარემონტეთ და ვაქირავებდით. უცხოელებზე, რა თქმა უნდა. მეტსაც იხდიან და არც ბინას აფუჭებენ. ჩვენი მდგმური? – დაახლოებით სამი თვის წინ მივაქირავე ბინა. სულ ორჯერ ვნახე. რა თქმა უნდა, ამოვიცნობ. მკვლელობის შესახებ არაფერი ვიცი. ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, მით უმეტეს – საინფორმაციო გამოშვებებს. დილის საინფორმაციო? არა, არა, მაგ დროს შვილიშვილი მიმყავს სკოლაში... რაშია საქმე?

თემომ ფოტოსურათი ამოიღო და მამაკაცს წინ დაუდო.

– სამწუხაროდ, უკეთესი ფოტოსურათი არ გვაქვს. კარგად დააკვირდით. შეგიძლიათ, ამ პიროვნებაში თქვენი მდგმური იცნოთ?

კაცმა სათვალე მოიხსნა, გაწმინდა, ისევ გაიკეთა. ჯერ ფოტოს ჩააშტერდა, მერე თემოს შეავლო დაბნეული მზერა და ენის ბორძიკით ჩაილაპარაკა:

– მაგრამ, ეს ხომ მიცვალებულია.

– დიახ, სამწუხაროდ და მკვლელი შემთხვევით არ მიხსენებია წეღან. ეს, სავარაუდოდ, თქვენს ბინაში მოხდა.

მამაკაცი დამდუღრულივით შეხტა:

– რა ბრძანეთ? ჩემს ბინაში? აქ?!

– დიახ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, გვითხრათ, ამ პიროვნებამ იქირავა თქვენგან ბინა თუ არა!

კაცმა სასოწარკვეთით აიქნია ხელები:

– არა, არა, არ შემიძლია, ასე არ შემიძლია!

– კიდევ ერთხელ დახედეთ ფოტოსურათს, აგვიწერეთ მამაკაცი, რომელიც, თქვენივე თქმით, ორჯერ ნახეთ.

კაცი დაფიქრდა:

– მე ის ორჯერ ვნახე. განცხადება გამოვაქვეყნე და გამომეხმაურა. შევხვდით და ბინის სანახავად მივიყვანე... ადამიანებს სახეზე ცუდად ვიმახსოვრებ. ბინა მოეწონა და ორი თვის ქირაც წინასწარ მომცა. მერე მითხრა, ბანკში ანგარიში გახსენით და რომ არ ვიწვალოთ, ფულს პირდაპირ ანგარიშზე გადაგირიცხავთ ხოლმეო... განსაკუთრებული არაფერი შემინიშნავს. ერთადერთი... – კაცი ცოტათი შეყოყმანდა და გამომძიებელს გაუბედავად შეხედა, – არც კი ვიცი, ამას აქვს თუ არა მნიშვნელობა...

– ყველაფერს შეიძლება, ჰქონდეს, სწრაფად მიაშველა სიტყვა თემომ, – აბა, რისი თქმა გინდათ?

– დიახ, როცა მელაპარაკებოდა, ვიფიქრე, ნეტავი, „ისეთი“ ხომ არ არის-მეთქი.

– ისეთი? – დევის გაეცინა, – გინდათ თქვათ, რომ ჰომოსექსუალი?

კაცმა თავი დაუქნია:

– ისეთი მანერები ჰქონდა... ხომ ხვდებით. კიდევ, ხმა და ძალიან მოვლილი თითები, მანიკიურით. სისუფთავე მეც მიყვარს, მაგრამ, როცა მამაკაცი ასე უვლის ხელებს, თან, თმასაც იღებავს...

თემომ ამოიოხრა:

– ესე იგი, დამქირავებელი და მოკლული სხვადასხვა პიროვნებებია.

– აბა, რისი იმედი გქონდა. ბინას თვითონ იქირავებდა და საჯაროს გახდიდა თავის გარყვნილებას კაცი, რომელიც ევროპის მაღალ საზოგადოებაში აპირებდა შესვლას. რაღაც მსგავსზე მქონდა კიდეც ეჭვი, – თქვა დევიმ.

– მე რა უნდა ვქნა? – იკითხა ბინის პატრონმა.

– თქვენ ბინა უნდა დაათვალიეროთ და ნახოთ, ყველა ნივთი ადგილზეა თუ არა, ისე, ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენი თანამშრომელიც დაგეხმარებათ.

დევიმ აივნის კარი გამოაღო, მერე სიგარეტი ამოიღო და თემოსაც შესთავაზა.

– პიდარასტი გყავს მოსაძებნი, ჩემო კარგო, – უთხრა ღიმილით:

– ჰო, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკვლელი აუცილებლად ის არის, ან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ. ბინა, შესაძლოა მისი თხოვნით იქირავა.

– მისაღები ვერსიაა, მაგრამ იმ წრეში, რომელშიც ჩვენი „გვამი” ტრიალებდა, ყველაფერი მოსულა.

– ვიცი, – უხალისოდ დაეთანხმა თემო და აივნიდან გადაიხედა. დევიმ თავი გააქნია.

– ტყუილად იხედები. ვიცი, რაც გაიფიქრე, მაგრამ, დარწმუნებით შემიძლია, გითხრა, რომ გამორიცხული ვარიანტია. გვამი მე დავათვალიერე. ერთი ნაკაწრიც არ ჰქონია. მეხუთე სართულია და აქედან რომ გადაეგდოთ...

დევიმ წაუსტვინა:

– იცი შენ, რა დაემართებოდა.

– ჰო, მეხუთე სართულია, ვერც ქალი და ვერც მამაკაცი ვერ შეძლებდა, მკვდარი ზურგით ჩაეყვანა ქუჩაში და იქ დაეგდო, თანაც ისე, რომ ეს არავის დაენახა.

– გეთანხმები. თვითმხილველი აუცილებლად იქნება, ძებნაა საჭირო, თუმცა... – დევიმ სიგარეტის ნამწვი გადააგდო და ნიკაპი მოისრისა, – არა, არა, ჯერ არ გეტყვი! ეს მხოლოდ ვარაუდია და კარგად უნდა მოვიფიქრო.

თემომ თვალები მოჭუტა:

– ვიცი შენი ამბავი... აბა, მოყევი.

– არა, ერთი-ორი დღე მაცადე და...

– ერთი-ორი დღე ბევრია, ხვალამდე გაძლევ დროს. ყველაზე მეტად შენი იმედი მაქვს ამ საქმეში, უნდა მიშველო...

– მე მოვრჩი, – ბინის პატრონი აივანზე გავიდა. უკან პოლიციელი მიჰყვა, – ყველაფერი, უფრო სწორად, ის, რაც მე მეკუთვნის, ადგილზეა, უბრალოდ... – ბინის პატრონი უხერხულად შეიშმუშნა.

– გისმენთ, რისი თქმა გინდათ?

– აქ რაღაც ნივთებია, მე არ მეკუთვნის. აი, ნახეთ...

თემო ოთახში შებრუნდა. ცნობისმოყვარეობაშეპყრობილმა დევიმ დაასწრო და პირველი მივიდა ჟურნალების მაგიდასთან. რამდენიმე წამს დააკვირდა და წაუსტვინა:

– ოჰო, ტიპს სერიოზული გართობა ჰყვარებია. რა მაგარია! ეტყობა, სპეციალურად უკვეთავდა უცხოეთში, ან – თვითონ ჩამოჰქონდა. ნეტავი, სასიმამრომ თუ იცოდა მისი სასიძოს სექსუალური გატაცებების შესახებ? ჰმ, ხელოვნური ფალოსი, მაჩვენე, ასეთი არ მინახავს.

– ხელი არ მოჰკიდო, იქნებ, მაგაზე მაინც იყოს ნათითურები. თემომ არ შეიმჩნია.

– გააჩნია, შენ რას ეძახი ნათითურებს. – იხუმრა დევიმ და ხმამაღლა გაიცინა.

– თქვენ თავისუფალი ხართ, – ბინის პატრონს მიმართა თემომ, – თუ რამე შეკითხვა გაგვიჩნდება ან დაგვჭირდებით, დაგიკავშირდებით.

– კი, მაგრამ, ჩემი ბინა... ჩემს ბინას რა ეშველება? ერთი თვის თანხა არ გადაუხდია, თანაც ხომ უნდა გავაქირაო? ვიღას მოუნდება იმ ბინაში ცხოვრება, სადაც ადამიანი მოკლეს?

– სამწუხაროდ, ვერაფრით დაგეხმარებით. თან ბინაც უნდა დავლუქოთ ცოტა ხნით – ეს აუცილებელია. თქვენ მობრძანდით განყოფილებაში და განცხადება დაწერეთ. ვერაფერს დაგპირდებით, მაგრამ, შეიძლება, რაღაც კომპენსაცია მოგცენ კიდეც.

თემომ ბინის პატრონთან საუბარი დაამთავრა. აივანზე გავიდა და სადღაც დარეკა.

– წამოდი, ის გოგო ვიპოვეთ, – მობილური ჯიბეში ჩაიტენა და მხარზე ძლიერად დაჰკრა ხელი დევის.

– ვა, ასე მალე? ყოჩაღ! მოიცა, ჯერ ოჯახის წევრებს არ უნდა დალაპარაკებოდი?

– ექსპერტი მასწავლის, გამოძიება როგორ უნდა ვაწარმოო? როდისმე მითქვამს შენთვის, გვამის გაკვეთა საიდან უნდა დაიწყო? და, საერთოდ, მგონი, აჯობებს, შენს გვამებთან დაბრუნდე.

– მგონი, მართალი ხარ. თან, რაღაც საქმეც მაქვს. მაგრამ, იმ ქალის ნახვა მეც ძალიან მაინტერესებს, ერთი-ორი შეკითხვა მეც მექნებოდა.

თემომ შუბლი მოისრისა:

– რა ვიცი. მერჩივნა, საწამლავის ამბავი გაარკვიოთ და რაღაც სათხოვარიც მაქვს.

გამომძიებელი ექსპერტისკენ გადაიხარა და ხმადაბლა რაღაც უთხრა. დევიმ თვალები დააჭყიტა და მერე სიცილი აუტყდა:

– გაგიჟდი? მე რატომ, ტო, რომელი „მამაშა” და პიდარასტების მწყემსი მნახე?

– ეგ რა შუაშია? თავს ნუ იშტერებ. შენ ისეთი კოლეგები გყავს, მაგისთანები ხშირად რომ აკითხავენ ხოლმე. თუ მოინდომებ, დამეხმარები, არც ისე ბევრნი არიან.

– შენ ეგრე გეგონოს, – ჩაიცინა დევიმ, – რამდენი ხანია, ბომონდურ თავყრილობებზე არ ყოფილხარ?

– დამცინი? როდის დავდიოდი?

– ძალიან ცუდია, ახალგაზრდავ, ძალიან ცუდი. იმიტომაც ხარ ჩამორჩენილი და გოიმი. შენ, ალბათ, სახინკლეების ხშირი სტუმარი ბრძანდები. არადა, რამდენი რამის ნახვა შეიძლება. რამდენი საინტერესო რამის...

– დევი, იმდენი საქმე მაქვს, ბოლოს სახლში როდის ვივახშმე, ისიც აღარ მახსოვს. მაკა ლამის გამცილდეს, ყოველღამე ვუსმენ მის ტირადებს.

– ჰო, მესმის მაკასი.

– შენ რა გენაღვლება, ცოლი ბალერინა გყავს და სახლში მარტო „გასტროლებზე” ნახულობ. ჩემი ცოლი კი ზის სახლში მარტო. მთელი დღე იგრუზება, ღამით კი ჩემზე გადმოცლის ხოლმე ჯავრს. ძალიან დავიღალე. შენ კიდევ, ბომონდურ თავყრილობებზე მელაპარაკები. თუ დამეხმარები, დამეხმარე, ისედაც ვგრძნობ, ეს საქმე ბევრ თავსატეხს გამიჩენს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3