კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოახერხა მოუხელთებელი ქართველების ბანდამ 3 მილიონი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობის გატაცება

ეს პუბლიკაცია რეალურ მოვლენებზე დაყრდნობით მომზადდა, ექსკლუზიურია და პრესაში პირველად ქვეყნდება. ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შევცვალეთ, მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია და წინასწარ გიხდით ბოდიშს.

პირველი „სროკი” და ფანტასტიკური გაქცევა

– პავლე ძუკუს ძე გერსამიას მიესაჯოს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით. პატიმრობის ვადა სრულწლოვნების შესრულებამდე მოიხადოს არასრულწლოვანთა შრომა-გასწორების კოლონიაში, დარჩენილი სასჯელი კი – მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში. სასჯელი საბოლოოა და კასაციას არ ექვემდებარება! – საზეიმო ტონით ჩაამთავრა თავისი სიტყვა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ გლუვიძემ და სასამართლოს დარბაზი გამარჯვებული ტორეადორის ნაბიჯით დატოვა.

17 წლის პავლე ძუკუს ძე გერსამია ზუგდიდის რაიონის მკვიდრი იყო და მილიციამ ის მოქალაქე ტუტუ მალაზონიას სახლის ქურდობისთვის დააპატიმრა. სინამდვილეში პავლე გერსამიას მალაზონიას ბინა არ გაუქურდავს, 17 წლის მოზარდი მალაზონიას დაჟინებული მოთხოვნით დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს. მალაზონია, ზუგდიდის რაიკოოპერატივვაჭრობის უფროსი, იატაკქვეშა მილიონერი იყო, მილიციაც, შავი სამყაროც და რაიონის ხელმძღვანელობაც მოქრთამული ჰყავდა და მის მრავალ სურვილს, ხშირ შემთხვევაში, ყოვლად უზნეოსა და უკანონოს, უსიტყვოდ ასრულებდნენ და წინააღმდეგობის გაწევასაც კი ვერავინ ბედავდა.

ტუტუ მალაზონიამ პავლე გერსამია მოუდრეკელი, შეუპოვარი და სამართლიანი ხასიათის გამო აითვალწუნა. ძუკუ გერსამია და ტუტუ მალაზონია თანაკლასელები იყვნენ და სიჭაბუკეში კონფლიქტი ცირა ქაცარავას გამო მოუვიდათ, რომელიც ორივეს უყვარდა. ცირა განთქმული იყო სილამაზით, მან ძუკუ აირჩია მეუღლედ და ტუტუ საბოლოოდ გადაეკიდა მათ ოჯახს. ცირა და ძუკუ 18 წლისანი იყვნენ, როდესაც დაქორწინდნენ, ერთი წლის შემდეგ კი ქვეყანას პატარა პავლე მოევლინა. ამ პერიოდში მალაზონია რუსეთში სწავლობდა, იგი 23 წლის ასაკში დაბრუნდა ზუგდიდში და სწორედ იმ წელს დაიღუპნენ ცირა და ძუკუ ავარიაში, 4 წლის პავლე კი მოხუცი ბებიის ანაბარა დარჩა, რომელიც მას 16 წლამდე ზრდიდა, მერე კი ისიც გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ 16 წლის ასაკში სრულიად მარტო დრჩა, პავლემ წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა და უმაღლესში ჩაბარებას აპირებდა, როდესაც მას შუაღამეს მილიცია დაადგა თავს. ის დააპატიმრეს და, მიუხედავად იმისა, რომ ის ბრალდებებს უარყოფდა, ციხეში ჩასვეს, გაასამართლეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ტუტუ მალაზონიას სახლი სინამდვილეში სულ სხვებმა გაქურდეს, მაგრამ მას იმდენად დაბნელებული ჰქონდა გონება და ისე ძლიერ უნდოდა ძუკუ გერსამიას ნაშიერის განადგურება, რომ ფულიც კი გადაიხადა მის დაჭერაში და ყოვლად უდანაშაულო, პატიოსანი მოზარდი ციხეში ჩაასმევინა.

– ესეც ასე, – თქვა ერთხელ მთვრალმა ტუტუმ თანამესუფრეებთან, – ეს გველის წიწილი ექვსი წლით ვირის აბანოში გამოამწყვდიეს და, მისი ხასიათი რომ ვიცი, შეიძლება, იქიდან ვერც კი გამოვიდეს.

ტუტუ მალაზონიას იმედი ჰქონდა, რომ პავლეს პატიმრებთან კონფლიქტი მოუვიდოდა და მას ან მოკლავდნენ, ან პატიმრობის ვადას გაუხანგრძლივებდნენ, მაგრამ მალაზონია შეცდა. პავლე საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა, ჯერ მცირეწლოვანთა კოლონიაში, შემდეგ კი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მყოფ პატიმრებს შორის და მას მეტსახელად „კეთილო” შეარქვეს.

კეთილოს ორი წელი რჩებოდა გათავისუფლებამდე. ის რუსთავში იჯდა, როდესაც შეშინებულმა ტუტუ მალაზონიამ დიდძალი ფული გადაიხადა და პავლე გერსამია რუსეთში ეტაპით გასამგზავრებელთა სიაში შეაყვანინა მილიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს. ეს ამბავი პავლემ ერთ-ერთი ზედამხედველისგან შეიტყო, რომელმაც პავლეს უთხრა:

– ცუდადაა საქმე, ძამა, რუსეთში გიპირებენ ეტაპირებას და ერთ კვირაში სვერდლოვსკში, მკაცრი რეჟიმის ციხე „კრასნაია კრისაში” გაგგზავნიან.

„კრასნაია კრისაში” ეგრეთ წოდებული გაფუჭებული პატიმრები იყვნენ თავმოყრილი. მის კონტინგენტს შეადგენდნენ მოძალადეები, ყოფილი ქურდები, ყოფილი მილიციელები და მსგავსი კატეგორიის ადამიანები, რომელთა უმრავლესობა ჰომოსექსუალი იყო. იმ ციხეში მოხვედრას ყველა ერიდებოდა და, ოღონდ იქ არ აღმოჩენილიყო, ბევრი პატიმარი თავსაც კი იკლავდა. კეთილომ მშვენივრად იცოდა იმ ციხის ამბები და ზედამხედველს უთხრა:

– „კრასნაია კრისასგან” თავის დაღწევის გზა თუ არსებობს?

– არანაირი. ტუტუ ნაბოზარმა დიდი მაყუთი გადაიხადა და უეჭველი გაგგზავნიან. ან უნდა გაიქცე, ან კი... – ზედამხედველმა თავი ჩაღუნა და აღარ დააბოლოვა.

– ან თავი უნდა მოვიკლა, ხომ? – ჩაეცინა კეთილოს, – თავის მოკვლა უკიდურესი მომენტისთვის შევინახოთ, ჯერ კი პაბეგს ვცდი.

მიუხედავად იმისა, რომ კეთილოს „კრასნაია კრისაში” გამგზავრებას ქურდებიც წინ აღუდგნენ და სერიოზული სამუშაო ჩაატარეს, მილიციის მაღალჩინოსნებს დიდი ფული ჰქონდათ აღებული და პავლე გერსამია სვერდლოვსკში ეტაპით გაამგზავრეს. თუმცა, კეთილოს გაუმართლა და ერთ-ერთ სადგურზე, როდესაც პატიმრები გადასათვლელად და სხვა საეტაპო მატარებელში გადასასმელად გაამწკრივეს სპეციალურ ბაქანზე, რომელიც უზარმაზარი დაგეშილი ნაგაზებითა და ავტომატმომარჯვებული ჯარისკაცებით იყო გარშემორტყმული, ხელბორკილდადებულმა პავლე გერსამიამ სწრაფად მომავალ მატარებელს გადაურბინა წინ და, სანამ ვაგონებმა ჩაიარეს, იგი თვალს მიეფარა და გაიქცა.

გაბოროტებული „კეთილო“ და მეორე გაქცევა

პავლე გერსამია, იგივე კეთილო, ბაქნიდან რომ გაიქცა 21 წლის იყო და მასზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა. მილიციელები ვარაუდობდნენ, რომ ვაჟკაცობის, გამბედაობისა და მახვილგონიერების მიუხედავად, პროვინციელი ქართველი ჭაბუკი დიდხანს ვერ მოახერხებდა რუსეთში მიმალვას, საკუთარ თავს გაამჟღავნებდა და დააპატიმრებდნენ. მაგრამ, მილიციელთა პროგნოზი არ გამართლდა – კეთილოს ვერსად მიაგნეს. იგი ორი წელი არსად გამოჩენილა და ისიც კი იფიქრეს, მოკვდაო, მაგრამ, მაისის ერთ საღამოს, ცნობილი მოსკოველი „ცეხავიკის”, აშოტ კარაპეტიანის ბინა გაძარცვეს, იქიდან 80 ათასი მანეთი და 1 კილოგრამი ოქრო წაიღეს ბოროტმოქმედებმა და მიიმალნენ, ხოლო, მძარცველები რომ აღწერეს, ერთ-ერთის გარეგნობა კეთილოს გარეგნობას დაემთხვა და მილიციამ პავლე გერსამიაზე მიიტანა ეჭვი.

ეს ეჭვი კი საბოლოოდ მაშინ დადასტურდა, როდესაც მოსკოვში ცნობილი იუველირის – ანტონ კორსიკოვის ბინა გაიძარცვა. ბინიდან ბოროტმოქმედებმა 160 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს და გამომძიებლებმა ზუსტად დაადგინეს, რომ ხუთკაციანი შეიარაღებული ბანდის მეთაური 23 წლის კეთილო, იგივე პავლე გერსამია იყო.

პავლემ გაქცევის შემდეგ ჯერ პატარა დაბა პოსელიჩნაიას შეაფარა თავი, შემდეგ კი მოსკოვში ჩავიდა, იქ მყოფ ქართველ სტუდენტებს დაუკავშირდა და მათგან მძარცველთა მობილური ბანდა ჩამოაყალიბა, რომელიც ოსტატურად მოქმედებდა და მაღალპროფესიულ დონეზე სჩადიოდა დანაშაულს. კეთილო და მისი ახალგაზრდა კოლეგები ერთი წლის განმავლობაში დაუსჯელად თარეშობდნენ მოსკოვში, 16 დანაშაული ჩაიდინეს და 1 მილიონ 650 ათასი მანეთის ძვირფასეულობა გაიტაცეს, თუმცა, ცამეტკაციანი ბანდის თორმეტი წევრი აიყვანეს დაბეზღების საფუძველზე, მხოლოდ კეთილოს მოხელთება ვერ მოახერხეს, რომელიც მილიციის სპეცჯგუფს ოსტატურად დაუსხლტა ხელიდან და მიიმალა. მიუხედავად იმისა, რომ კეთილოს მილიციამ ხმები გაუვრცელა – თავისი „პადძელნიკები” „ჩაუშვა”, თავად კი ნაძარცვი ქონებით მიიმალაო, ეს ჭორები არავინ დაიჯერა, რადგან 27 წლის პავლე გერსამიას შავ სამყაროში კვლავ უმწიკვლო რეპუტაცია ჰქონდა.

კეთილოს თორმეტი მეგობარი მოსკოვში გაასამართლეს და თითოეულ მათგანს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს სასჯელის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. პავლემ ნაძარცვი ქონების დიდი ნაწილი საიმედოდ გადამალა. საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხის, 100 ათასი მანეთის ღირებულების ნაძარცვი ნივთები პავლე გერსამიამ ფულად აქცია და, როგორც მეგობრებს, ასევე ქურდებს, პატიმრობის ადგილებში გაუგზავნა. ეს ყველაფერი კი ისე შეასრულა, რომ მილიციამ მის კვალს ვერ მიაგნო და კეთილო ექვსი თვით ისევ უგზო-უკვლოდ გაქრა.

დეკემბრის ერთ საღამოს, როდესაც ტუტუ მალაზონია ახალთახალი „ვოლგით” სოხუმიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა, გვერდით კი აფხაზეთიდან წამოყვანილი, რუსი ეროვნების ქერათმიანი გოგონა ეჯდა, მანქანა ზუგდიდის შესასვლელში გაჩერდა, რადგან მას წინა საბურავი გაუსკდა. ტუტუმ მანქანიდან გადასვლა დააპირა, რომ ბორბალი გამოეცვალა, მაგრამ, ღამის წყვდიადში, დათოვლილი და ცარიელი გზატკეცილის მდუმარებაში, კაცის ხმა გაიგონა:

– ფეხი არ მოიცვალო და ადგილზე დარჩი!

– მე ტუტუ ვარ, ტუტუ მალაზონია! შენ რომელი ხარ, ძმა? უცნობმა ტუტუს კეფაზე მიადო იარაღი და მიუგო:

– მე კი კეთილო ვარ!

– პავლე გერსამია ხარ? – ხმის კანკალით იკითხა ტუტუმ.

– მიცანი, შე ნაბოზარო? – ჩაეცინა პავლეს, მან ჯერ ტუტუ აიძულა, გაშიშვლებულიყო და გარეთ გადასულიყო. შემდეგ თვითონაც გადავიდა მანქანიდან რუს გოგონასთან ერთად, რომელსაც შიშის ნატამალიც კი არ ეტყობოდა და მაცდურად უცინოდა პავლეს.

კეთილომ ახალთახალი „ვოლგის” სალონში ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, შემდეგ იქვე მდგარ „ჟიგულიში” გოგონასთან ერთად ჩაჯდა და, სანამ ადგილიდან დაძრავდა, დედიშობილა ტუტუ მალაზონიას უთხრა:

– არარაობა ხარ და იმიტომ არ გბრიდავ, თუმცა, შურისძიება გრძელდება.

სანამ ტუტუ მალაზონია პირველივე მოსახლესთან შეაფარებდა თავს, გათბებოდა და მილიციას შეატყობინებდა ყველაფერს, კეთილომ რუს „ნაშასთან” ერთად მშვენიერი დრო გაატარა ტუტუს სახლში, ბოლოს მის ფეშენებელურ სახლს ცეცხლი წაუკიდა და გადაბუგა, თავად კი რუს გოგონასთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

როგორც კი მილიციამ საქართველოში კეთილოს გამოჩენის ამბავი შეიტყო, ძალოვნები შეფუცხუნდნენ, პირველი შემადგენლობის მობილიზაცია გამოაცხადეს, მთელი აგენტურული ქსელი ფეხზე დააყენეს და პავლე გერსამიას ძებნას შეუდგნენ. მაგრამ, კეთილოს მოხელთება საკმაოდ რთული საქმე იყო და ის ხან სად გამოჩნდებოდა, ხან – სად, თუმცა, საქართველოს ფარგლებს არ სცილდებოდა. 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე ზუსტად 5 წუთით ადრე, მოსამართლე ჯემალ გლუვიძის სახლი ვაკეში ხმელი ფიჩხივით ჩაიწვა – ასე იძია კეთილომ მასზე შური. პავლე, ალბათ, კიდევ დიდხანს დარჩებოდა მოუხელთებელი, რომ არა ერთი შემთხვევა, რამაც მილიციის წისქვილზე დაასხა წყალი.

სახლი, სადაც კეთილო კონსპირაციულად ცხოვრობდა, მარტის ერთ დილას ცეცხლის ალში გაეხვია და მოსახლეობამ, მათ შორის პავლემაც, იქაურობის დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ, უცებ, კეთილოს ქალის კივილი შემოესმა. იგი ალმოდებულ სახლში შებრუნდა და იქიდან შეშინებული, ნახევრად შიშველი ქალი გამოიყვანა. ის იყო, სამშვიდობოს უნდა გამოსულიყო, რომ პავლეს თავში ჭერის ძელი მოხვდა და ქალთან ერთად ძირს დაეცა. ქალი გადარჩა. კეთილო კი უგონოდ ეგდო, ის ერთ-ერთმა მილიციელმა ამოიცნო და გონწასული პავლე მილიციაში წაიყვანეს. კეთილოს მძიმე ფორმის ტვინის შერყევა ჰქონდა და გაძლიერებული დაცვის ქვეშ ერთ-ერთ კლინიკაში დააწვინეს სამკურნალოდ. მიუხედავად ამისა, პავლე გერსამია ერთი კვირის თავზე კლინიკიდან გაიქცა: მან მცველების უყურადღებობით ისარგებლა, ერთ-ერთ მათგანს პისტოლეტი აართვა, შემდეგ სამივე მილიციელი აიძულა რადიატორზე მიბმულიყვნენ, თავად კი ექიმის სამოსი გადაიცვა და მიიმალა.

ფანტასტიკური საქმე

კეთილოს გაქცევას მილიციის სამი მაღალჩინოსნის თანამდებობა შეეწირა, რომლებიც პირადად მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ მოხსნა და უთხრა:

– ორ ბატს ვერ ჩაგაბარებთ კაცი. წადით, „ოპერებად“ იმუშავეთ, ხელმძღვანელებად არ ვარგიხართ და საქმეს ვერ უძღვებით!

პავლე გერსამიას ყველგან ეძებდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ის რუსეთში გაემგზავრა, 100 ათასის ღირებულების ნაძარცვი ნივთები გაყიდა, მილიციის ერთ-ერთი გენერალი მოისყიდა თავისი ქერათმიანი საყვარლისა და მარჯვენა ხელის – ვერა კარცევას მეშვეობით. გენერალი კოლცოვი საპატიმრო ადგილებს კურირებდა და კეთილომ მისი მეშვეობით აქამდე არნახული გაქცევა მოაწყო. კოლცოვის განკარგულებით, გერსამიას თორმეტივე მეგობარი, რომლებსაც 15-15 წელი ჰქონდათ მისჯილი, მხოლოდ 3-3 წელი მოიხადეს და მოსკოვში, „ბუტირკის“ ციხეში გადმოიყვანეს. თუმცა, როდესაც ისინი უზარმაზარ საბადრაგო მანქანაში შეყარეს და სადგურიდან „ბუტირკის“ ციხეში მიჰყავდათ, მანქანას მოულოდნელად საბურავები დაეშვა და შემდეგ ცეცხლი წაეკიდა. კარი რომ გააღეს და პატიმრები გარეთ გამოიყვანეს, ბადრაგს ოთხი შეიარაღებული ახალგაზრდა დაესხა თავს, რომლებმაც ბადრაგი განაიარაღეს, გაკოჭეს და იქვე მდებარე საკანალიზაციო ჭაში აიძულეს ჩაძრომა, თავად კი, პატიმრებთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით მიიმალნენ.

თორმეტი პატიმრის უპრეცედენტო გაქცევამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ყოველივე კეთილოს მოწყობილი იყო. ჩატარდა უწყებრივი გამოძიება და მართალია, გენერალ კოლცოვს ქრთამის აღება და გაქცევაში ხელშეწყობა ვერ დაუმტკიცეს, მაგრამ ის მაინც გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

კეთილოსა და მისი მეგობრების ძებნა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ – მათი გაქცევის დღიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში ისინი არავის უნახავს.

– ქართველი ბანდიტების დაკავება მუნდირის ღირსების საქმეა და ყველაფერი უნდა იღონოთ საამისოდ! – აღშფოთებას ვერ მალავდა შინაგან საქმეთა საკავშირო მინისტრი ნიკოლაი შჩოლოკოვი, მაგრამ, ქართველების დაჯგუფების აღმოჩენა ვერ ხერხდებოდა და მილიციის მაღალჩინოსნებმა ივარაუდეს, რომ ისინი ჩუმად გაიპარნენ უცხოეთში და ნაძარცვი ქონებაც თან წაიღეს.

1975 წლის 15 მაისს, მოსკოვში, ძველ არაბატზე მდებარე ერთ-ერთ ფეშენებელურ ბინაში, იმ პერიოდის მოსკოვური ბომონდი შეიკრიბა. ისინი ცნობილი მხატვრის – ივანე ვირობიოვის დაბადების დღეს ზეიმობდნენ. ზეიმზე შეკრებილი ადამიანების უმრავლესობას უიშვიათესი და უძვირფასესი ალმასები და ბრილიანტები ჰქონდა ასხმული, ანუ, მაღალჩინოსანი და ცნობილი მამაკაცების მეუღლეები თავიანთ უნიკალურ ძვირფასეულობებს „ამარიაჟებდნენ”.

საღამოს 9 სრულდებოდა, წვეულება ნელ-ნელა შედიოდა ეშხში და მოსკოვური ბომონდი თრობას ეძლეოდა, როდესაც ვორობიოვის ბინაში ოფიციანტების უნიფორმებში გამოწყობილი თხუთმეტამდე შეიარაღებული ახალგაზრდა დაუბრკოლებლად შევიდა და მხატვარი და მისი სტუმრები ალყაში მოაქცია. სიმპათიურმა ახალგაზრდამ კი, რომელსაც ვერცხლისფერი ბრაუნინგი ეჭირა ხელში, შეკრებილებს მიმართა:

– ერთი წუთით თქვენს ყურადღებას ვითხოვ, ძვირფასო სტუმრებო! რაც უფრო მორჩილები იქნებით, მით მალე შეძლებთ თქვენი ზეიმის გაგრძელებას. ახლა ჩემი ოთხი მეგობარი ჩამოგივლით და, როგორც ჩემი ძველი კოლეგა ლეონიდ პანტელეევი იტყოდა: „გთხოვთ, გათავისუფლდეთ ბურჟუაზიის ბორკილებისგან”, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენი ძვირფასეულობა ჩაგვაბარეთ!

კეთილოს მეგობრებმა, სულ რაღაც, თხუთმეტი წუთის განმავლობაში 3 მილიონი მანეთის ღირებულების უნიკალური ძვირფასეულობა აართვეს ვორობიოვის ბინაში შეკრებილ ადამიანებს და ისევე მოულოდნელად გაუჩინარდნენ, როგორც გამოჩნდნენ.

მილიციის უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ქართველ მძარცველთა ბანდა ვერსად მოიხელთეს, რადგან ძველ არბატზე განხორციელებული ფანტასტიკური ძარცვის შემდეგ, ისინი აღარსად გამოჩენილან.


скачать dle 11.3