კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს საბერძნეთიდან 1985 წელს ჭიათურში მოტყუებით გაშვილებულ ვაჟს და რას ვერ ივიწყებს 63 წლის ქალბატონი

63 წლის მაყვალა პატარაძე (სახელი და გვარი შეცვლილია) ეძებს – 25-26 წლის ბიჭს (სახელი და გვარი უცნობია), რადგან დაბადებისთანავე ბავშვი გააშვილეს.

ისტორია: ვეძებ შვილს, რომელთანაც მისი დაბადებისთანავე დამაშორეს. ჩემი შვილი 1985 წლის სექტემბერში დაიბადა, ჭიათურის სამშობიარო სახლში. შვიდთვიანი იყო, მაგრამ ჯანმრთელი და გაურკვეველი მიზეზით მითხრეს, რომ, გარდაიცვალა. ბუნებით, ძალიან მიამიტი ვარ და ამიტომ იმ დროს, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ეს შეიძლება, ტყუილი ყოფილიყო. შემდეგ კი წლების განმავლობაში, ვფიქრობდი ამაზე, ალბათ, ჩემი ბიჭი ახლა სულ სხვა ოჯახში იზრდება და არც კი იცის, თავისი ნამდვილი მშობლების ვინაობა-მეთქი. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ.

ჟურნალისტის შენიშვნა: ქალბატონი მაყვალა საბერძნეთიდან, ქალაქ ათენიდან დამიკავშირდა და მთხოვა, დაკარგული შვილის მოძებნაში დავხმარებოდი.

რესპონდენტის დიდი თხოვნით, მისი ნამდვილი სახელი და გვარი შეცვლილია, ამჟამად, მაყვალა ათენში ცხოვრობს. დაკარგულ შვილს ის ჭიათურასა და მთელ საქართველოში ეძებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის მკითხველი, ვისთვისაც რაიმეა ცნობილი, გაშვილებულ ბიჭზე, დაგვიკავშირდება და წლების წინ დაშორებულ დედა-შვილს ერთმანეთს ვაპოვნინებთ. ისტორია თითქმის უიმედოა, მაგრამ რუბრიკა „დაკარგულებისთვის” მსგავსი საოცრება უცხო არაა.

– მოგვიყევით, თქვენი ისტორია, როგორ დაკარგეთ შვილი, რა მოხდა 1985 წელს თქვენს ცხოვრებაში?

– 1985 წლის სექტემბერში შემეძინა ბიჭი, რომელიც შვიდთვიანი გაჩნდა, მანამდეც უკვე მყავდა ორი შვილი. ვიმშობიარე ჭიათურაში, ძალიან განვიცადე, რომ ბავშვი შვიდთვიანი გაჩნდა. თუმცა, ის ჯანმრთელი დაიბადა – ისე ხმამაღლა ტიროდა, რომ მისი ტირილი დღემდე მახსოვს. ამით ის მინდა ვთქვა, რომ დაბადებისთანავე არანაირი ნაკლი არ ჰქონია. მახსოვს, როგორ დარბოდა აქეთ-იქით მედპერსონალი. მე პალატაში ვიწექი და იქ იყვნენ სხვა ქალებიც, რომლებიც მგულშემატკივრობდნენ. მათგან ვიგებდი ბავშვის ამბავს და მეუბნებოდნენ, რომ ძალიან კარგად არისო. იმ დროს, ძალიან გულუბრყვილო ვიყავი, ახლაც კი, წლების შემდეგ, საკმაოდ მიამიტი და ემოციური ვარ. თქვენ წარმოიდგინეთ, ბარტყს ვერ ამოვიყვან ბუდიდან და იმას როგორ ვიფიქრებდი, შვილს ვინმე წამართმევდა (ტირის). მაგრამ, მეორე დღესვე გამომწერეს. სანამ გამომწერდნენ, მოვიდა სანიტარი და ჩემს მონაცემებს იწერდა. მეკითხებოდა რაღაც-რაღაცეებს, კიდეც მიკვირდა, რატომ მეკითხება, ჩემი ისტორია ხომ იციან, მიყვანისთანავე ყველაფერი ჩაწერეს-მეთქი. უცებ, შემოვიდა სხვა სანიტარი და მითხრა, შენი შვილი მოკვდა და მის დასამარხავად ფული უნდა გადაიხადოო. ბუნებრივია, პირველი, რაც მაშინ ვიგრძენი, დიდი შოკი იყო. არ არის სასურველი შენთვის მკვდარი ბავშვის ნახვა და ყველაფერს თვითონ გავაკეთებო – მითხრა. მას შემდეგ, წლებია გასული და აქამდე არ მასვენებს ინტუიცია, ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი ცოცხალია და ის გააშვილეს.

– მაინც, რა საფუძველი გაქვთ, რომ ასე იფიქროთ, რაიმე საეჭვო კიდევ მოხდა, თუ ეს მხოლოდ თქვენი ინტუიციაა? აქამდე თუ ეძებდით შვილს, რატომ გადაწყვიტეთ მისი მოძებნა მაინცდამაინც ახლა, 25 წლის შემდეგ?

– როდესაც გინეკოლოგიური განყოფილებიდან გამოვედი, ეზოში დამხვდა წითელჟაკეტიანი ქალი, რომელიც მაშინვე გამომელაპარაკა. ძალიან საეჭვოდ მომეჩვენა მისი იქ ყოფნა, რადგან არამც თუ განყოფილებაში შემოსვლა, ეზოში მოხვედრაც კი ძალიან რთული იყო. ჩემი ნათესაობა საჭმელს მედპერსონალის მეშვეობით მიგზავნიდა. ანუ, შიგნით, არავის უშვებდნენ. ეს ქალი კი, როგორც ჩანს, ადვილად შემოუშვეს. კიდეც ვკითხე, აქ ვინ შემოგიშვა-მეთქი. ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი სწორედ იმ ქალმა იშვილა, ანუ მას მიაშვილეს. სწორედ ამით იყო განპირობებული მისი ასეთი ინტერესი. აქამდე ჩემი შვილის ძებნა არ დამიწყია, სწორად გამიგეთ, მინდოდა მისი პოვნა, მაგრამ ძალა და გამბედაობა არ მყოფნიდა. ბოლო დროს ტელევიზიით ნანახმა სიუჟეტებმა, ბავშვების მშობლების დაუკითხავად გაშვილების და ყიდვის შესახებ, კვლავ გამახსენა ის დრო და ჩემი ისტორია. ამიტომ, გადავწყვიტე მისი მოძებნა. ვიცი, რომ ეს ძალიან რთული იქნება, რადგან არც ის ვიცი, ვინ იშვილა, რა სახელსა და გვარს ატარებს, მაგრამ დედის გულს ვერ მოატყუებ. ვგრძნობ, რომ ჩემი შვილი ცოცხალია, მაშინ არ მომკვდარა და მე მომატყუეს. მოვიძიე ასევე ისიც, რომ იმ დროს იქ მომუშავე სანიტარი, რომელმაც ჩემი ისტორია და მონაცემები მეორედ ჩაიწერა, მომკვდარა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შვილს ვიპოვი, რადგან ეს მთელი გულით მინდა.

– ბავშვს რაიმე დამახასიათებელი ხომ არ ჰქონდა, ანუ, თქვენი აზრით, ის ბიჭი, რომელიც ახლა 25 წლისაა, როგორი უნდა იყოს ფიზიკურად?

– პირადად მე, ცისფერთვალება ვარ და სუსტი აღნაგობისა, მაშინაც გამხდარი ვიყავი, 38 წლისამ დავკარგე ჩემი მესამე შვილი. ხასიათით თუ მე მგავს, ემოციური და მიამიტი უნდა იყოს, ხოლო თუ მამას დაემსგავსა, რაც უფრო რეალურია, მაშინ თაფლისფერი თვალები უნდა ჰქონდეს, ხასიათით კი ძალიან პრინციპული და მიზანდასახული უნდა იყოს. ასევე, ჩემი მეუღლე ძალიან თმიანია და შესაძლებელია, ჩემს შვილსაც გამოჰყოლოდა გენეტიკურად ჭარბთმიანობა. ძალიან მინდა, მისი პოვნა, ეს არის ჩემთვის მთავარი მიზანი ცხოვრებაში.

– როგორ ფიქრობთ, მან თუ იცის თავისი ისტორია, ანუ, ის, რომ ნაშვილებია?

– ამის შესახებ არაერთხელ მიფიქრია. რატომღაც მგონია, მისი აღმზრდელი მშობლები, თუ მას ეტყოდნენ სიმართლეს, ანუ იმას, რომ ნაშვილებია, იმ მიზნით, რომ მას თავისი ნამდვილი, ბიოლოგიური მშობლები არ მოეძებნა, შესაძლებელია, ცუდი რამ უთხრეს ჩემზე. მაგალითად, რომ მე მასზე უარი ვთქვი, ან თვითონ გავაშვილე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე მგონია. სინამდვილეში, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მე გიამბეთ. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში უკვე საბერძნეთში ვარ, სულ მეფიქრება, რომ ჩემი მესამე შვილი, სადმე, ჭიათურაში ან საქართველოს რომელიმე ქალაქში გაიზარდა და არც კი იცის, რომ ბიოლოგიური დედა მას ეძებს.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3