კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში

საკუთარი თავის პატიება

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, რომელიც ამქვეყნად ცხოვრობდა და შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, გარდაიცვალა. ეს რომ მოხდა, აათვალიერ-ჩაათვალიერა საკუთარი თავი და გაოცებული დარჩა. სხეული საწოლზე იწვა, ხოლო ეულად დარჩენილი შიშველი სული ისეთი გამჭვირვალე იყო, რომ მასზე აღბეჭდილი ყველაფერი ცხადად და დაუფარავად ჩანდა. კაცი დაიბნა – სხეულის გარეშე ყოფნა არასასიამოვნო იყო და თავს უხერხულად გრძნობდა. მისი ყველა ფიქრი ფერად-ფერადი თევზებივით სულში დალივლივებდა. მოგონებები სულის ფსკერზე დალექილიყო – მიდი და ათვალიერე, რამდენიც გაგეხარდეს! მათ შორის შეხვდებოდით ლამაზ და კარგ ამბებს, რომელთა გაგება სიამოვნებას მოგანიჭებდათ და ისეთებსაც, რომელთა გამო თვითონ პატრონს შიში და ზიზღი ეუფლებოდა. კაცი ცდილობდა სულიდან არასასურველი მოგონებები განედევნა, მაგრამ ამაოდ. მაშინ ზედაპირზე ისეთი მოგონებების ამოტანა გადაწყვიტა, რომლებიც უფრო მოსწონდა და ამ არჩევანს მიჰყვა. უფალმა თვალი შეავლო კაცის საქმიანობას და არაფერი უთქვამს. შიშველი სულის პატრონმა ჩათვალა, რომ ღმერთს ეჩქარებოდა, ვერ შენიშნა მისი სხვადასხვანაირი მოგონებანი და ამიტომ გახარებულმა სამოთხისკენ გასწია, მით უმეტეს, რომ ღმერთს მისთვის კარი ცხვირწინ არ მიუხურავს. გამოხდა ხანი. რა დრო გავიდა, ძნელია იმის თქმა, რადგან იქ, სადაც კაცი იმყოფებოდა, დრო უფრო სხვაგვარად გადიოდა, ვიდრე დედამიწაზე და ეს ადამიანი ღმერთთან დაბრუნდა.

– რატომ დაბრუნდი? – ჰკითხა უფალმა. – მე ხომ შენთვის სამოთხის კარი არ დამიხურავს?

– უფალო, – უთხრა ადამიანმა, – სამოთხეში თავს ცუდად ვგრძნობ. ნაბიჯის გადადგმის მეშინია – ჩემს სულში იმდენად ცოტაა კარგი, რომ ის ცუდს ვერ ფარავს. ვშიშობ, რომ ყველა ხედავს, როგორი უხეირო ვარ.

– რა გსურს? – ჰკითხა ღმერთმა, რადგან ის იყო დროის შემოქმედი და მისი განმკარგავი: ამიტომ შეეძლო ყველასთვის მოესმინა და თითოეულისთვის გაეცა პასუხი.

– ყოვლისშემძლე და სულგრძელი ხარ! – უთხრა კაცმა, – ჩემს სულში ავიც და კარგიც – ყველაფერი ზედმიწევნით იცი, მაგრამ არ შემაჩერე, როდესაც ვცდილობდი ჩემი ცოდვების დამალვას. შემიბრალე, მიხსენი და გამათავისუფლე ცოდვებისგან!

– სულ სხვა თხოვნას ველოდი, – უპასუხა ღმერთმა, – მაგრამ შეგისრულებ, რასაც მთხოვ! ღმერთმა მოაშორა ადამიანის სულს ის, რისიც მას ერცხვინებოდა. გაათავისუფლა იმ მოგონებებისგან, რომლებიც გაცემასა და ღალატს, ლაჩრობასა და უზნეობას, ტყუილსა და ცილისწამებას, სიხარბესა და სიზარმაცეს მოაგონებდა. მაგრამ, კაცს სიძულვილთან ერთად სიყვარულიც დაავიწყდა, დაცემასთან ერთად აღმაფრენაც გაქრა. სული წარმდგარიყო ღვთის წინაშე და ცარიელი იყო – იმაზე მეტად ცარიელი, ვიდრე მაშინ, როდესაც ამქვეყანას მოევლინა. მაგრამ ღმერთი გულმოწყალეა და სულს დაუბრუნა ყველაფერი ის, რაც ავსებდა მას და მაშინ ადამიანმა ისევ ჰკითხა:

– რა ვქნა, ღმერთო? თუკი სიკეთე და ბოროტება ჩემში ასე იყო გადაჯაჭვული, სადღა წავიდე? ნუთუ – ჯოჯოხეთში? – სამოთხეში დაბრუნდი, – უპასუხა შემოქმედმა, – რადგან სამოთხის გარდა არაფერი შემიქმნია. ჯოჯოხეთს შენ თვითონ დაატარებ. ამის შემდეგ ადამიანი სამოთხეში დაბრუნდა, მაგრამ გამოხდა ხანი და ის ისევ წარდგა ღვთის წინაშე.

– შემოქმედო! – უთხრა ადამიანმა, – სამოთხეში თავს ცუდად ვგრძნობ. შენ ყოვლისშემძლე და სულგრძელი ხარ! შემიბრალე და მაპატიე, შემინდე ცოდვები!

– სულ სხვა თხოვნას ველოდი შენგან, – უპასუხა ღმერთმა, – მაგრამ იმას შეგისრულებ, რასაც მთხოვ. ღმერთმა შეუნდო ადამიანს ყველა შეცოდება და ადამიანი წავიდა სამოთხეში. გავიდა ხანი და კაცი ისევ დაბრუნდა ღმერთთან.

– ახლა რაღა გსურს? – ჰკითხა ღმერთმა.

– შემოქმედო! – უთხრა ადამიანმა, – სამოთხეში თავს ცუდად ვგრძნობ. ყოვლისშემძლე და სულგრძელი ხარ! შენ მე უკვე მაპატიე, მაგრამ მე თვითონ ვერ ვპატიობ ჩემს თავს. შემეწიე!

– ვიცოდი, ამას რომ მთხოვდი! – უპასუხა ღმერთმა, – მაგრამ ეს ის ლოდია, რომლის აწევაც მე არ შემიძლია.


скачать dle 11.3