კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მასალაზე მუშაობის გამოცდილება აქვს ლია ბარნაბიშვილს და რისგან იქმნება მისი კოლექცია

დარწმუნებული ვარ, შეურაცხყოფად არ მიიღებს ჩვენი რესპონდენტი ჩემს სიტყვებს და გეტყვით, რომ, მიუხედავად ასაკისა, ის ბუნებით ანცია, ცოცხალი, მოუსვენარი, მკვეთრი და მრავალფერი, საკუთარი ნამუშევრებივით; ერთდროულად ხუთ ამბავს გიყვება ბავშვური გულწრფელობით, მაგრამ, ეს ყველაფერი იმდენად შეხამებულია ერთმანეთთან, რომ საერთოდ არ გღლით, პირიქით...

ქალბატონი ლია ბარნაბიშვილის კოლექციაში უამრავი ნამუშევარია თავმოყრილი. მათ შესაქმნელად მხოლოდ და მხოლოდ ბუმბული და წებოა გამოყენებული. თუ რატომ და როდის დაიწყო ბუმბულით შედევრების შექმნა და რამდენი წლისაა ამჟამად მისი კოლექცია, ამას ჩვენი რესპონდენტი თავად გვიამბობს.

ლია ბარნაბიშვილი: ჯერ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დავამთავრე ფერწერის განხრით, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ვისწავლე კერამიკაზე მუშაობა. ძალიან ბევრ მასალაში მაქვს მუშაობის გამოცდილება. ზეთი ხომ ჟღერადია, როგორც პედაგოგოები ამბობდნენ – თამამი, მამაკაცური „მაზოვკებით” გამოირჩეოდა ჩემი ნამუშევრები, აკვარელში – ძალიან გამჭვირვალედ ვმუშაობდი. მიმაჩნია, რომ კერამიკაშიც კარგი სიტყვა ვთქვი შემდეგ ქსოვილებში ვმუშაობდი დაჩითვაზე – მთავარი მხატვარი ვიყავი ტრიკოტაჟის კომბინატში. ბოლო წლების განმავლობაში ბუმბულზე დავიწყე მუშაობა, მთელ გამოცდილებას ამ საქმეში ვიყენებ და, შედეგად, ჩემი კოლექცია იზრდება.

– პირველად როგორ მოვიდა იდეა, რომ ბუმბულით გემუშავათ?

– ჩემი ბიჭი და მისი მეგობრები ჯანდარის ტბაზე წავიდნენ ფრინველებზე სანადიროდ. იხვები ჩამოიტანეს. ხომ უნდა მომეშორებინა ნანადირევისთვის ბუმბული! იმდენად ლამაზი ფერები იყო, რატომღაც, შევინახე. ხომ იცით, რომ ყველაფერი უფლის ნებაა, არაფერი არ ხდება მის გარეშე: ზოგს სილამაზეს აძლევს, ზოგს ნიჭს... მე მეწვრილმანე დამბადა (იცინის), სულ ხარახურების შეგროვებაში ვარ, არაფერს არ ვყრი. ერთ საღამოსაც, ვიჯექი ჩემთვის, რაღაც ემოციებში ვიყავი... ხომ იცით, მხატვრები, ცოტა ემოციურები ვართ, რაღაცნაირ რელსებზე ვდგავართ... ჰოდა, ჩემს მაგიდასთან ვიჯექი და უცბად გამექცა თვალი – გაიბზინა, გაბრწყინდა ეს ბუმბული, და, არ ვიცი, როგორ მოვიდა ჩემს ხელამდე. ერთი სიტყვით, მივატრიალე, მოვატრიალე და გამომივიდა ტყე. დილას ჩემმა შვილმა რომ ნახა, მითხრა: ვაიმე, რა კარგია, მომეცი, ჩემს ოთახში ჩამოვკიდებო. ჰოდა, მას შემდეგ არ გავჩერებულვარ.

– ეს რამდენი წლის წინ იყო?

– ეს იყო 1992 წელს. ასე რომ, ეს კოლექცია უკვე 19 წლისაა.

– მხოლოდ და მხოლოდ ბუმბულია გამოყენებული ამ კოლექციის შესაქმნელად?

– მხოლოდ ბუმბული და წებო.

– მასალით, ანუ ბუმბულებით ვინ გამარაგებთ?

– ცოტა ზოოპარკიდან მომაქვს, გასულ წელს საპატიო მოქალაქე გამხადეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში და ამას წინათ ჩვენი რაიონის დეპუტატი ანდრო ალავიძე მირეკავს: ქალბატონო ლია, კახეთში ვიყავით სანადიროდ და ბიჭებს ვუთხარი, ერთი ბუმბულიც არ გააფუჭოთ-მეთქი, საგულდაგულოდ შევაგროვებინე და ახლა მძღოლს ვატანო. ასე რომ, ვინც მიცნობს, ყველას ვახსოვარ.

ძნელი სამუშაოა, მაგრამ, ძალიან მიყვარს. ამ კოლექციაშია ჩადებული მთელი ჩემი ენერგია.

– ბუმბულს ღებავთ ხოლმე?

– ჩემი ჩარევა რად უნდა, როდესაც თვითონ ბუმბულს ასეთი ძლიერი და მრავალფეროვანი ტონალობა აქვს?! რა თქმა უნდა, არ ვღებავ.

– კოლექციაში ბევრი ნამუშევარი გაქვთ?

– ასობით. უამრავი ნამუშევარი გაჩუქებული მაქვს.

– მუშაობის დროს რას ანიჭებთ უპირატესობას?

– იცით, იდეას რა მაძლევს?... ბუმბულს რომ ვარჩევ, ზოგჯერ ისეთ რამეს დავინახავ ხოლმე, რომ კომპოზიცია ამ დროს იქმნება გონებაში. ასე შეიქმნა ამ კოლექციისთვის ჩიტები, თევზები, პეიზაჟები, თამარ მეფის პორტრეტი პატრიარქის კურთხევით გავაკეთე.

რამდენიმე ხნის წინ ჩემმა მეგობრებმა იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულზე წამიყვანეს სოფელ ძევერაში – მათ მამას მამალი ჰქონია შეთქმული. შემოვუარეთ ეკლესიას, ვიგალობეთ, შემდეგ დაკლეს მამალი. მე იქვე ბალახებში დავჯექი და ბუმბული მოვაგროვე ჩანთაში. სახლში იმავე საღამოს დავბრუნდით. მთელი ღამე ვიჯექი და ვმუშაობდი, დილას კი ჩემს მეგობარს დავურეკე – მოდი, წუხელ შენი მამალი გავაცოცხლე და წაიყვანე-მეთქი.

– განსაკუთრებით რომელი ნამუშევარი მოგწონთ ამ კოლექციიდან და რატომ?

– განსაკუთრებით პეიზაჟები მომწონს. ერთი ნამუშევარი ვაჩუქე ნოდარ ტაბიძეს, ხეები იყო მასზე გამოსახული. იქ დამსწრე საზოგადოებას ბატონმა ნოდარმა უთხრა, მე ახლა ამ ხეების შრიალი მესმისო.

– რა დროს ანდომებთ ერთი სამუშაოს შექმნას?

– გააჩნია ნამუშევრის ზომასა და სირთულეს, ერთი კვირიდან ერთ თვემდე.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ყველაფერს...


скачать dle 11.3