კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

შეუძლია თუ არა კაცს ერთგულების თამაში და როდის უნდა გადაამოწმოს ცოლმა გაჩენილი ეჭვი

მარადიული თემა – ღალატი; მარადიული სამკუთხედი: ცოლი – ქმარი – სხვა ქალი; მარადიული კითხვა: რა უნდა ვქნათ, ვაპატიოთ და დავივიწყოთ თუ დავამთავროთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც ჩვენი ცხოვრების ნაწილია, გვიყვარს და მასთან განშორებაზე ფიქრიც კი ტკივილს გვგვრის? ერთგვაროვანი პასუხი, ამ შეკითხვებზე არ არსებობს და, ამიტომაც, ვერასოდეს ამოიწურება თემა. ადამიანები სხვადასხვანაირად ფიქრობენ, სხვადასხვანაირად აზროვნებენ და კონკრეტულ მომენტში, ხშირად სრულიად გაუთვალისწინებლად იქცევიან – იმპულსურად, ემოციის კარნახით; ან, პირიქით – უარს ამბობენ გრძნობაზე და საკუთარი თავის წინააღმდეგ მიდიან.

ვერავინ გეტყვით, რა უკეთესია: იცოდეს ცოლმა ქმრის ეროტიკული თავგადასავლების შესახებ თუ მისთვის საიდუმლოდ დარჩეს ღალატის ამბავი. ამ შემთხვევაში, თითქოს მეტია შანსი, გადარჩეს ურთიერთობა. თუმცა, ჯერ, ალბათ, იმაში უნდა იყო დარწმუნებული, შეგიძლია თუ არა ტყუილში ცხოვრება.

ია (36 წლის): მე ახლა გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. დავიბენი და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ვნანობ, კარგად რომ არ დავფიქრდი, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. მთლიანად ემოციის კარნახით ვიმოქმედე, მგონი, საკუთარი გრძნობის წინააღმდეგ წავედი და ახლა საკმაოდ რთულად არის საქმე. ან ყველაფერი ისე უნდა დავტოვო, როგორც არის, ან საკუთარ თავმოყვარეობას უნდა გადავაბიჯო და გავაკეთო ის, რაც მინდა. ცოტა გაუგებრად ვლაპარაკობ, მაგრამ, ჩემს ამბავს რომ მოგიყვებით, მიხვდებით. იცით, რა მიკვირს? რატომ გახდა ამ ბოლო დროს ღალატის თემა ასეთი აქტუალური? ჩვენს დედებსა და ბებიებს არ ღალატობდნენ, თუ, ისინი არ ლაპარაკობდნენ ამაზე?! საერთოდ, დუმდნენ და არ ხედავდნენ პრობლემას? საერთოდ, როცა არ ხედავ პრობლემას, ის არც არსებობს.

– იქნებ, საქმე მამაკაცებშია?

– იმის თქმა გინდათ, რომ ადრე უფრო ღირსეული მამაკაცები იყვნენ? სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ მეც მიჩნდება ხოლმე ასეთი აზრი, მაგრამ, არ მინდა, ვინმე გავლანძღო. შეიძლება, ჩვენც არ ვართ იდეალურები. ერთი მხარე არასდროს არ არის დამნაშავე. ჩემი შეცდომების დამალვას არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, შემეშალა, თანაც, საკმაოდ ბევრი შემეშალა. არ ხდება ისე, რომ ერთ წუთში იცვლებოდნენ ადამიანები, უბრალოდ, რისი დანახვაც არ მინდოდა, არ ვხედავდი. ქმრის ღალატის შესახებ ინფორმაცია ადრევე მქონდა, მაგრამ ეჭვი არ გამჩენია მის ერთგულებაში, ბრმად ვენდე. ის კი არა, კინაღამ მოვუბოდიშე კიდეც – სულ პატარა ეჭვიც კი როგორ გამიჩნდა-მეთქი. ამან კი მასში დაუსჯელობის სინდრომი გააჩინა.

– თქვენს ქმარს გაუჩნდა დაუსჯელობის სინდომი?

– რა თქმა უნდა! ყველას უჩნდება, თუკი ერთხელ დააშავებს, მეორედ, მესამედ, მეოთხედ და ყოველ ჯერზე შერჩება.

ჩემს ქმარს ყველაფერი ჰქონდა. ჩემი სიყვარულიც, ნდობაც; სულ თვალებში შევყურებდი და უსიტყვოდ მესმოდა მისი. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ქმარი იყო. გარეგნულად ყველაფერი არაჩვეულებრივად ჩანდა. მეც კი დავიჯერე, რომ იდეალური ოჯახი მქონდა და მის მთლიანობას არაფერი დაემუქრებოდა. ეჭვი პირველად მაშინ უნდა გამჩენოდა, როცა ჩემმა ქმარმა ყველაფერი გააკეთა, მასზე დამოკიდებული რომ გავეხადე. ეს მიზანმიმართული, წინასწარ განზრახული ნაბიჯი იყო. ახლა უკვე ვიცი, რომ კაცი მაშინ ცდილობს, ცოლი მასზე იყოს დამოკიდებული, როცა „ცუდი” ჩანაფიქრი აქვს. არც ისეთი შტერები და გულუბრყვილოები არიან, როგორადაც თავს გვაჩვენებენ. ასეთების კატეგორიას მიეკუთვნება ჩემი ძვირფასი მეუღლეც. ძალიან დიდხანს იყენებდა ბოროტად ჩემს ნდობას.

– გამოდის, ქმარს არ უნდა ენდობოდე.

– რომ არ ენდობი, ეს კიდევ ცალკე უბედურება და კატასტროფაა. ყველა შემთხვევაში, მე ყოველთვის ამას ვამტკიცებდი: ქმარს უნდა ენდო და არ უნდა სდიო ფეხდაფეხ. ეს შეურაცხმყოფელია, დამამცირებელი და ურთიერთობის დამანგრეველი-მეთქი. მაგრამ, თურმე როგორ ვცდებოდი. რა დროს მორალი და მაღალი მატერიებია. ადამიანი, მით უმეტეს, მამაკაცი, ისეთი პრიმიტიული არსებაა, არ სჭირდება ფოფინი. რა მომცა მე ნდობამ და თვალების დაბრმავებამ?! – კარგი არაფერი. დავრჩი მოტყუებული და გამწარებული. ისეთი საშინელი განცდით ვცხოვრობ, სიცოცხლე აღარ მინდა. ყველამ გაიგო, რომ ქმარს ღალატის გამო დავშორდი.

– თქვენ ქმართან დაშორება გაწუხებთ თუ ის, რომ მისი ღალატის შესახებ ყველამ გაიგო?

– ორივე, ისიც და ისიც. ჩვენ მაინც საზოგადოების ნაწილი ვართ. რამდენიც უნდა ვამტკიცოთ, რომ საზოგადოების კარნახით არ ვცხოვრობთ, მაინც დიდ გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ჩვენზე. მე ორმაგად მეტკინა ეს, რადგან საკუთარი თავი შეგნებულად ჩავიგდე ასეთ დღეში. მითხრეს, გღალატობსო და დამეჯერებინა, რა იქნებოდა?! ჩავიხვიე – ნდობაა მთავარი-მეთქი და დავრჩი ნდობის ამარა.

– ნდობა კარგია, მაგრამ, ზომიერება, ალბათ, აქაც საჭიროა.

– გეთანხმებით. ზღვარი უნდა იცოდე და კიდევ, ზოგჯერ მაინც უნდა გადაამოწმო, იმსახურებს თუ არა ნდობას ის, ვისაც ერთხელ უკვე დასდეს ბრალი ღალატში.

– თქვენს მეუღლეს ბრალი დასდეს თქვენს ღალატში?

– დიახ, თანაც აშკარად და მოურიდებლად. პირდაპირ მითხრეს: თვალები გაახილე და, სანამ პირში ჩალაგამოვლებული დარჩენილხარ, ქმარს მიხედეო.

– ვინ გითხრათ?

– ამას აქვს მნიშვნელობა? კარგი, გეტყვით. ერთმა ქალმა. ახალგაზრდა ქალმა, რომელიც გავაბრაზე. გავაბრაზე იმით, რომ მოვიქეცი ისე, როგორც საჭირო იყო. საერთო საქმე ფუჭდებოდა. დაკონკრეტებას აზრი არ აქვს. მე კერძო ბიზნესი მაქვს. პატარა ბიზნესია, არაფერი განსაკუთრებული. არ დავუკარგავ დამსახურებას და ვიტყვი, რომ ჩემმა ქმარმა გამიკეთა ეს ბიზნესი. თავიდან კი შეეცადა, ჩემი ფული არ მქონოდა და გახარებული იყო, სამსახურიდან რომ წამოვედი, მაგრამ, მერე მიხვდა, რომ ისევ მისთვის აჯობებდა, რამეს თუ გავაკეთებდი.

– ფინანსურად გაგიჭირდათ?

– გაგვიჭირდა არა, მაგრამ, ფული საკმარისი არასდროს არის. თანაც, სახლში უსაქმოდ ჩამჯდარი, მის თავისუფალ ნავარდს შევუშლიდი ხელს. ვერ წავიდოდა და წამოვიდოდა აქეთ-იქით თავის ნებაზე. როგორც კი მოსაღამოვდებოდა, მაშინვე ვურეკავდი და ვეკითხებოდი, სად ხარ-მეთქი. ვთხოვდი, მალე დაბრუნებულიყო, რადგან ძალიან მწყინდებოდა მთელი დღე. გარეთ რომ არ გავდიოდი, ვღიზიანდებოდი. ერთი სიტყვით, ამ ყველაფერმა დისკომფორტი შეუქმნა, თან, ეტყობა, უკვე ჰქონდა იმ ქალბატონთან კავშირი და იმისი დასაქმებაც გადაწყვიტა. ამას ახლა ვვარაუდობ, ახლა გამიჩნდა ეჭვი, რომ ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. მისთვისაც კომფორტული იქნებოდა, თუ ცოლიც და საყვარელიც, ორივე ცხვირწინ ეყოლებოდა. ალბათ, ფიქრობდა, ასე უკეთესად გავაკონტროლებ სიტუაციასო. პრინციპში, თავიდან, გამოუვიდა კიდეც. იმიტომაც დაკარგა საფრთხის გრძნობა. მე არ ვიცი, რატომ ჰგონიათ მამაკაცებს, რომ ყოველთვის ყველაფერი შერჩებათ; რომ ცოლები უთავმოყვარეო, ღირსებაუარყოფილი არსებები ვართ, რომლებსაც ისე შეგიძლია, მოექცე, როგორც მოგეხასიათება. დაუსჯელობის სინდრომს მათში იმისი განცდა აჩენს, რომ ჩვენ, ცოლები, მათ გარეშე დავიღუპებით. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

– ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ცოლი მართლაც არის დამოკიდებული მეუღლეზე და ვერც წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება ქმრის გარეშე.

– გეთანხმებით. თუმცა ზოგი მარტო ღალატს კი არა, ცემა-ტყეპასაც კარგად უძლებს და იტანს.

– ფინანსური დამოკიდებულების გამო თუ წასასვლელი არსად აქვთ?

– ვერ ვიტყვი, რომ მარტო ეს ორი მიზეზია. წასასვლელი ყოველთვის არის და მშიერიც არავინ მოკვდება. ვიცი, ბევრი იტყვის ჩემზე, რა ენაღვლება, საკუთარი ბიზნესი ჰქონია, რატომ არ მიუხურავდა ქმარს ცხვირწინ კარსო. მაგრამ მგონია, ღატაკიც რომ ვყოფილიყავი, მაინც, ასე მოვიქცეოდი. თუმცა, დღეს გაურკვევლობაში ვარ – იქნებ, ჯობდა, მეპატიებინა?!

– აი, მიზეზი, რატომაც ვერ ელევიან ცოლები ქმრებს...

– სიყვარული? – შეიძლება. არ გამოვრიცხავ. ბრმა სიყვარულიც არსებობს – ყველაფრის მიუხედავად რომ გიყვარს და ყველაფერზე რომ ხარ თანახმა, ოღონდ კი შენ გვერდით იყოს. ქალებს უფრო გვახასიათებს ასეთი მაზოხიზმი. ცუდად ვიყავი მაშინ, როცა გავიგე, რომ მიღალატა; ცუდად ვარ ახლაც, იმიტომ, რომ მონატრების განცდას ვერ ვიშორებ და ეს საშინელებაა.

იცით, რაზე ვმწარდები? – იმის მერეც, რომ გააგრძელა იმ უნამუსოსთან ურთიერთობა, რაც მის თვალწინ მოხდა. იქ იყო, როცა მითხრეს, შენი ქმარი გღალატობსო და ეს საკუთარი ყურით მოისმინა. ისიც კი მითხრეს, ვისთან მღალატობდა.

– და არ დაიჯერეთ?

– ჩემს ქმარს დავუჯერე, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა შეურაცხყოფილი კაცის როლი: მაგას როგორ უჯერებ! ვერ ხედავ, დაბოღმილია, სამსახურიდან რომ ვუშვებ და ყველანაირად ცდილობს, ორივე გაგვამწაროსო. როგორ გავბედავდი, საყვარელი აქ, შენს ოფისში გამეჩინა. წარმოგიდგენია მაინც, როგორ უნდა გამერისკა. ნუთუ, ასეთი სულელი გგონივარო?! იმ ქალბატონმაც მიამიტი გოგოსავით დაახამხამა წამწამები და ასლუკუნდა – როგორ მაკადრესო. თან, იცით, როგორი ტიპაჟია? რომ ვერ იფიქრებ მისგან ვერანაირ ცუდს. მომწონდა კიდეც. წყნარად, მშვიდად აკეთებდა თავის საქმეს, თვალებში მიყურებდა. როგორ წარმოვიდგენდი, რომ პარალელურად ჩემი ქმრის ლოგინშიც ერთობოდა. იტირა, როცა გაიგო, რომ მისი და ჩემი ქმრის ურთიერთობაზე მეუბნებოდნენ. შემეცოდა და ბოდიში მოვუხადე, ამ ინციდენტის მოწმე რომ გახდა. მერეც კი არ გამჩენია ეჭვი. პირიქით, იმ ქალზე ვბრაზობდი, ვინც ჩემი საქმის კურსში ჩაყენება სცადა. მართალია, მან ეს გაბრაზებულმა გააკეთა, ბოღმითა და სამაგიეროს გადახდის სურვილით, მაგრამ, არ მოვუტყუებივარ. რატომ აღმოვჩნდი ისეთი სულელი, რომ სულ პატარა ეჭვიც კი არ შევიტანე, გაუგებარია. რომელი კაცია სანდო, ან, ჩემი ქმარი რატომ იქნებოდა გამონაკლისი? გადამემოწმებინა, კიდევ რომ მივეცი ჩემი გაცუცურაკების საშუალება. სანამ ფაქტზე არ წავასწარი, მანამდე წარმატებით თამაშობდა „უდანაშაულო მსხვერპლის” როლს. ძველებურად დადიოდა მეგობრებთან ლუდის დასალევად და მეც მჯეროდა. უსიამოვნო ინციდენტის შესახებ საერთოდ დავივიწყე, „წავშალე” მეხსიერებიდან. ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა: ბედნიერი ვიყავი, გვერდით რომ მყავდა, ისიც ზრუნავდა ჩემზე. მაგრამ დიდხანს არაფერი იმალება. რომ გაჩერებულიყო და გაეწყვიტა მასთან ურთიერთობა, მაშინ, ალბათ, შერჩებოდა ღალატი, მაგრამ თავხედობა ეყო და არც უფიქრია, რამე შეეცვალა.

– როგორ ფიქრობთ, რატომ არ შეეშინდა, რომ თქვენ გაიგებდით?

– სულ მაგაზე ვფიქრობ. არ ვიცი. ორი ვარიანტია: ან, რადგან ერთხელ დამარწმუნა, რომ არ მღალატობდა, დაიარხეინა გული და გადაწყვიტა, რომ პრობლემა ამოიწურა; ან საერთოდ „ეკიდა”, გავიგებდი თუ არა. ჩემთვის ორივე ვარიანტი ერთნაირად მიუღებელია.

– ფაქტზე როგორ წაასწარით?

– საშინელება იყო. ბავშვი ჩემს დედამთილს ჰყავდა წაყვანილი და მეც იქ ვაპირებდი დარჩენას. როცა მივედი, ბავშვს უკვე ეძინა. ჩემს დედამთილთან აღარ გავჩერდი და წამოვედი სახლში. გზად ღვინო და ჩემი ქმრის საყვარელი სალათა ვიყიდე.

ჩემმა ქმარმა იცოდა, რომ იმ ღამეს სახლში არ მივიდოდი. მეც აღარ დავურეკე – მინდოდა, სიურპრიზი მომეწყო მისთვის და კარგი სიურპრიზიც გამომივიდა...

– თქვენ თუ იცოდით, როგორ აპირებდა იმ საღამოს გატარებას თქვენი მეუღლე, რა ჰქონდა დაგეგმილი?

– მითხრა, ოფისში რაღაც საქმე მაქვს. ბარემ დავკეტავ კიდეც. მერე სახლში მივალ და დავიძინებ. უშენოდ მოწყენილი ვიქნები და მირჩევნია, გამოვიძინოო. სახლში, რომ მივედი, არავინ დამხვდა, მთლიანად ჩაბნელებული იყო იქაურობა. ჯერ დავაპირე, რომ დამერეკა მისთვის, მერე კი, რატომღაც ვიეჭვე. ეს ეჭვი სპონტანურად მოვიდა ჩემთან. რაღაცამ მაიძულა, პირდაპირ ოფისში მივსულიყავი და დავადექი კიდეც თავზე დივანზე. ისეთ პოზაში, რომ კითხვაც აღარ გამჩენია, ისედაც გასაგები და ნათელი იყო ყველაფერი. მეორე დღესვე, წავედი და განცხადება შევიტანე განქორწინებაზე.

– იმ წუთში როგორი რეაქცია გქონდათ?

– შეიძლება ითქვას, რომ არანაირი. დავმუნჯდი და გავშტერდი, მერე მუხლები ამიკანკალდა და გამოვიქეცი. ჩემი ქმარი რაღაცას მომძახოდა, მაგრამ მე არ გამიგონია, ეტყობა სმენაც დამეხშო. სახლში არ მივსულვარ, ჩემს დაქალთან წავედი. მობილური გამოვრთე და დილამდე ვტიროდი.

– ქმარმა თავის მართლება არ სცადა?

– არა. მითხრა, უჩემოდ მაინც ვერ იქნებიო, ამით ცეცხლზე ნავთი დაასხა და გავშორდი. ახლა მარტო ვარ. მითხრეს, რომ ჩემი ყოფილიც განიცდის ჩვენს დაშორებას, მაგრამ ამით მე არაფერი მემატება. ნეტავ საერთოდ არაფერი მცოდნოდა.

– და, თუნდაც, ჰყოლოდა საყვარელი?

– არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ფაქტი ის არის, რომ ახლა ძალიან ცუდად ვარ.


скачать dle 11.3