კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ღმერთს მადლობას ვწირავ

37 წლის რომ გავხდი და მივხვდი, ძალიან გამიჭირდებოდა გათხოვება (არა მარტო ასაკის, არამედ, ჩემი ხასიათის გამოც) გადავწყვიტე, ბავშვი მეშვილა. რამდენიმე თვე ვფიქრობდი ამაზე და, როცა დავრწმუნდი, რომ დედობისთვის ნამდვილად ვიყავი მზად, დავატრიალე ნაცნობები და ძალიან მალე ერთი თვის ნუცას დედა გავხდი. ცხოვრებაში უამრავი საოცრება და სასწაული ხდება და ნუცას აყვანიდან ერთი წლის შემდეგ, სრულიად შემთხვევით გავიცანი მამაკაცი, ჩემზე 12 წლით უფროსი, რომელმაც მაშინვე მომხიბლა თავისი საოცარი თვისებებით, უაღრესად დახვეწილი ქცევით, ინტელექტით. მივხვდი, რომ მასაც მოვეწონე. ერთი სიტყვით, ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა. მე უკვე 39 წლის ვიყავი, ის კი – 50-ს გადაცილებული. რა თქმა უნდა, ბავშვის შესახებ ყველაფერი ვუამბე. მან კი მითხრა, რომ პირველ ცოლს რამდენიმე წლის წინ გაეყარა, მეორედ ოჯახის შექმნაზე კი აღარ უფიქრია, რადგან უშვილო იყო და, არ უნდოდა, კიდევ ერთი ქალი გაეუბედურებინა. მეც პირდაპირ მითხრა, ჩემგან შვილი არასდროს გეყოლება, არადა, მთელი ცხოვრება ბევრ შვილზე ვოცნებობდი და ისე უნდა წავიდე იმქვეყნად, ჩემი მაგიერი ვერ უნდა დავტოვოო. ამ სიტყვებმა გული მომიკლა. აღარ ვიცოდი, რა მეთქვა.

ბოლოს, რამდენიმესაათიანი საუბრისა და გულების გახსნის შემდეგ, დაქორწინება გადავწყვიტეთ. დიდი ქორწილი არ გადაგვიხდია, საქორწინო მოგზაურობაში კი, შეიძლება, გაგეცინოთ და, ნუცაც წავიყვანეთ, თუმცა, შემეძლო, ვინმესთვის ერთი კვირით დამეტოვებინა, მაგრამ თემურმა აიჩემა და უარი აღარ ვუთხარი. მოგზაურობიდან დაბრუნებიდან მეორე დღესვე თემურმა ნუცას თავისი გვარი მისცა და რამდენიმე დღეში გამომიცხადა, თუ წინააღმდეგი არ ხარ, კიდევ ვიშვილოთ ბავშვი, არ მინდა, ნუცას და-ძმა არ ჰყავდესო. სიმართლე გითხრათ, ეს ნაბიჯი საკმაოდ დიდ რისკად მიმაჩნია და შევეცადე, გადამეთქმევინებინა, მაგრამ, მივხვდი, რომ ამით გულს ვატკენდი და დავთანხმდი. დაახლოებით ორი თვის შემდეგ კიდევ ვიშვილეთ, მაგრამ, არა ერთი, არამედ ორი ბავშვი – 3-3 წლის ტყუპი და-ძმა, ერთი წლის შემდეგ კი – ისევ და-ძმა, ოღონდ, ტყუპები არა: ბიჭი 6 წლის ხდებოდა, გოგონა – 5-ის. ისე გამოვიდა, რომ ყოველ შემდეგ ჯერზე წინა შვილებთან შედარებით, უფროსი ბავშვები მოგვყავდა შინ და, საბოლოოდ, ნუცა, რომელიც ყველაზე ადრე მოვიყვანე სახლში, ნაბოლარა აღმოჩნდა.

მე და თემურმა მთელი სული და გული ჩავაქსოვეთ ხუთივეს აღზრდაში. რომ წამოიზარდნენ, ყველა ერთად დავსვით და სიმართლე ვუთხარით, ოღონდ, შევეცადეთ, რომ ეს ნაკლებად დრამატული ყოფილიყო მათთვის. მართალია, ცოტა განიცადეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ვინაიდან ხუთივე ერთ მდგომარეობაში იყო, უფრო გაუადვილდათ ამის გადატანა. როცა უკვე დიდები გახდნენ, მაშინ გვითხრეს ამისთვის მადლობა – ტყუილში ცხოვრებას ყველაფერი ჯობიაო. სხვათა შორის, ინსტიტუტი რომ დაამთავრეს, გვთხოვეს, უფლება მიგვეცა, თავიანთი ბიოლოგიური მშობლები მოეძებნათ. ცხადია, დავთანხმდით ნუცამ დედა იპოვა, ტყუპებმა – ორივე, დედაც და მამაც, უფროსმა და-ძმამ კი – მხოლოდ მამა. თავიდან ყველა ერთად ეძებდა და ერთად მიდიოდნენ ერთმანეთის მშობლებთან. მე და თემურმა საშინლად ვინერვიულეთ, მაგრამ ყველა ისევ ჩვენთან დაბრუნდა და ჩვენ ისევ ერთ ოჯახად განვაგრძეთ ცხოვრება. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ პერიოდულად ხუთივე უგზავნიდა მშობლებს გარკვეულ თანხას, რადგან მათ ძალიან უჭირდათ და ხანდახან აკითხავდნენ კიდეც. რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენი გოგონები გათხოვდნენ, მერე ბიჭებმაც შეირთეს ცოლები და იმდენი გავხდით, ერთად რომ ვიკრიბებოდით, ქორწილში ეგონებოდა კაცს თავი.

ამ წერილის წაკითხვისას იფიქრებთ, ლამაზი მელოდრამა ან ზღაპარი მოგწერეთ. რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში ცრემლიც ბევრი გვქონია, გასაჭირიც, ტკივილიც და იმედგაცრუებაც, მაგრამ, რაც მთავარია, ყოველთვის ერთად ვიყავით, ერთ მუშტად შეკრული და ამიტომ ყოველთვის ვამარცხებდით ყოველგვარ წინააღმდეგობას.

ახლა მე და თემური ბედნიერი მშობლები და ბებია-ბაბუა ვართ და მე ძალიან მადლიერი ვარ ღმერთის, რომ მას შემახვედრა ცხოვრებაში.

რუსუდანი, 71 წლის.



ალბათ, ოჯახიდან წასვლა მომიწევს

შვიდი წელია, გათხოვილი ვარ. გვყავს 5 წლის გოგონა. ვცხოვრობ დედამთილ-მამამთილთან ერთად. პირველი სამი წლის განმავლობაში, რომ იტყვიან, გვრიტებივით ვცხოვრობდით, მერე კი ჩვენს შორის ურთიერთობა თანდათან დაიძაბა და ახლა მე და ჩემი ქმარი ძაღლი და კატასავით ვართ. რა უნდა, ვერ გავიგე. რაც არ უნდა ვთქვა, რაც არ უნდა გავაკეთო, ყველაფერს მიწუნებს, ყველაფერზე შარს მდებს. მეც ვეღარ ვითმენ ხოლმე და ამის გამო სულ აყალმაყალი გვაქვს. არადა, მეც მიყვარს ჩემი ქმარი და, რომ ჰკითხო, მასაც ვუყვარვარ. ხანდახან მართლა ვიჯერებ მის სიტყვებს, მაგრამ, ისე მექცევა, სიყვარული კი არა, ასე მგონია, ჩემზე მეტად არავინ სძულს ამქვეყნად. ზოგჯერ მზად არის, ხელითაც შემეხოს, გინებაზე აღარაფერს ვამბობ. ბავშვისა და თავისი მშობლების თვალწინ ისეთ შეურაცხყოფას მაყენებს, თავის მოკვლა მინდა ხოლმე. სხვათა შორის, არც დედამთილი და არც მამამთილი ხმას არ იღებენ, ერთს არ ეტყვიან, ცოლს ასეთ სიტყვებს რატომ აკადრებ ან შვილს რატომ ანერვიულებო. ბავშვს ისტერიკა რომ ეწყება, მხოლოდ მაშინ მოდის გონს, იწყებს შვილის მოფერებას, მერე მე მიხდის ბოდიშებს. რაც შეეხება მის მშობლებს, მამამთილი მხოლოდ ამის შემდეგ დგება და გადის თავის ოთახში, დედამთილი კი დამცინავი სახით შეხედავს ხოლმე, თავს გადააქნევს, ჩართავს ტელევიზორს და სერიალს ან რამე სხვა სისულელეს უყურებს უკმაყოფილო სახით – აშკარად არ მოსწონს ხოლმე, რომ ჩვენი ჩხუბი მხოლოდ ყვირილითა და ლანძღვა-გინებით მთავრდება და არა ჩემი ცემით. რა თქმა უნდა, ეს დედამთილისთვის არ მითქვამს, რადგან, ზუსტად ვიცი, ვენებს გადაიჭრის და შავ დღეს დამაყრის – მიგონებო, მაგრამ, იმ მომენტში მისი სახე რომ განახათ, ნამდვილად თქვენც ჩემსავით იფიქრებთ. რაც შეეხება მამამთილს, ერთხელ შემთხვევით გავიგონე, ცოლს რომ ეუბნებოდა, ხანდახან ზურას (ჩემს ქმარს) ზედმეტი კი მოსდის, მაგრამ მაინც სწორად იქცევა – ცოლს სიმკაცრე სჭირდება, ქალი სულ შიშის ქვეშ უნდა გყავდეს, რომ მისი მოთოკვა არ გაგიჭირდეს და, თუ საჭირო გახდა, არც შემოლაწუნება აწყენს. მხოლოდ ასე იქნება ქმრის მორჩილიო. რა ვიცი, თავის ცოლს ფინიასავით კუდს უქიცინებს და სულ თვალებში შესციცინებს, თითქოს ეშინია, არ გამიბრაზდეს და ქუჩაში არ გამაგდოსო. ეტყობა, თავისი „კაცური” პრინციპები ცოლთან ვერასდროს გაატარა და რძალთან აქვს დიდი გული.

ერთი სიტყვით, აუტანელი სიტუაცია მაქვს ოჯახში. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მშობლები არ მყავს, და რაიონშია გათხოვილი და თავისი გასჭირვებია. კი მაქვს მშობლების დანატოვარი ერთოთახიანი ბინა, მაგრამ, რომ გავეყარო და წავიდე, ბავშვი როგორ უნდა ვარჩინო, წარმოდგენა არ მაქვს, რადგან, უკვე რამდენიმე წელია, აღარ ვმუშაობ. ძალიან კარგი სამსახური მქონდა, მაგრამ ქმარმა აღარ გამიშვა – ქალი სახლში უნდა იჯდეს და ოჯახს უვლიდესო. მეც დავემორჩილე. დედამთილი კი მომენტს არ უშვებს ხელიდან, ლუკმა რომ არ დამაყვედროს – ჩემს შვილს ჩამოეკიდე კისერზე, ნამდვილი მუქთამჭამელი ხარო. მუქთამჭამელი რატომ ვარ, ვერ გამიგია, მთელ ოჯახს მე ვუვლი: სახლის დალაგება, სარეცხი, სადილი და პრაქტიკულად ყველა დანარჩენი საქმე ჩემზეა. თვითონ ყოველ საღამოს თავის დაქალებთან დადის სტუმრად ან ისინი მოჰყავს სახლში და მაშინაც მე ვემსახურები. ისე მიბრძანებს ხოლმე – სამი ყავაო, თითქოს დაქირავებული მოახლე ვიყო. აქამდე ყველაფერს ვითმენდი, მაგრამ, ახლა გადავწყვიტე, ამ თავხედ ქალს მაინც ვასწავლო ჭკუა, ოღონდ, ისე ტაქტიკურად, რომ შარი ვერ მომდოს. იქნებ, ამან მიშველოს ცოტათი მაინც და ოჯახში ჩემი ადგილი დავიმკვიდრო. თუ არაფერი გამომივიდა, მაშინ კი, ალბათ, მართლა მომიწევს სახლიდან წასვლა. ბოლოს და ბოლოს, რამე სამსახურს მეც ვიშოვი, ბავშვს ბაღში მივიყვან და რამენაირად გავიტანთ თავს. ბინის ქირა მაინც არ მექნება გადასახდელი.

აზა, 29 წლის.

ცოლი აღარ მიყვარს

ორი წელი მიყვარდა გოგო, რომელიც მერე ცოლად შევირთე. სიმართლე გითხრათ, ძლივს დავითანხმე, გამომყოლოდა, რადგან მეუბნებოდა, მომწონხარ, მაგრამ არ მიყვარხარო. რომ აღარ მოვასვენე, მითხრა, გავრისკავ და გამოგყვები. შენ ისეთი კარგი თვისებების და ხასიათის ბიჭი ჩანხარ, შეიძლება, ჩემი სიმპათიები დიდ სიყვარულშიც გადაიზარდოსო. მოკლედ, გამომყვა. ორი კვირის შემდეგ თვალებში შემომციცინებდა, ერთი თვის შემდეგ კი ისე შევუყვარდი, ლამის ჩემზე ლოცულობდა. ბედნიერებისგან დავფრინავდი. სახლში მომიხაროდა, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი საყვარელი ცოლი გამიღებდა კარს და ისეთი თვალებით შემომხედავდა, გონებას დამაკარგვინებდა. ესმა ისე მევლებოდა თავს, ისე მივლიდა და ზრუნავდა ჩემზე, თითქოს ის დედა იყო და მე – შვილი. თავიდან ძალიან მსიამოვნებდა ეს ყველაფერი, მერე თანდათან მომბეზრდა, ბოლოს კი ისე ამომივიდა ყელში, ვცდილობდი, რაც შეიძლება ადრე გავსულიყავი სახლიდან და მაქსიმალურად გვიან დავბრუნებულიყავი. დასაწყისში ათას მიზეზს ვიგონებდი, მაგრამ ესმა რაღაცას მიხვდა და პირდაპირ მკითხა, რა გემართება, რატომ გამირბიხარ, აღარ გიყვარვარ და თავს მარიდებო? მე ვიუარე, მაგრამ ტყუილს მიმიხვდა, თუმცა, არაფერი აღარ მითხრა, ადგა და ოთახიდან გავიდა.

იმ დღესაც, როგორც ყოველთვის, გვიან ღამით მივედი სახლში, მაგრამ ესმა იქ აღარ დამხვდა – ჩაელაგებინა თავისი ნივთები და წასულიყო. ბალიშზე ბარათი იდო, რომელზეც ეწერა: „თუ მოგენატრე, დამირეკე”.

გაოგნებული დავრჩი, რადგან მსგავს სიტუაციაში ქალები ასე კი არ იქცევიან, პირიქით, შურს იძიებენ ხოლმე, მაგრამ ესმა ყოველთვის და ყველა სიტუაციაში გამოირჩეოდა არაორდინარული საქციელით, რაც სულ სასიამოვნოდ მაოცებდა ხოლმე და ახლა კიდევ ერთხელ გამაოცა, ოღონდ, მესიამოვნა თუ არა მისი წასვლა, ვერ გეტყვით, რადგან, მართლა არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ აღარ მიზიდავს ქალი, რომელსაც ორი წელი ვაღმერთებდი, რომლის გვერდით ყოფნა ბედნიერებად მიმაჩნდა და რომლის ცოლად შერთვაზე ვოცნებობდი. ახლა კი, როცა ეს ყველაფერი რეალობად მექცა, ცოლი აღარ მიყვარს, მაგრამ, სამაგიეროდ, ახლა ის გიჟდება ჩემზე და იტანჯება უჩემობით. მე კი არ ვურეკავ, რადგან არ მენატრება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მართლა აღარ მიყვარს, რასაც ძალიან განვიცდი, თუმცა, თავს ვერ ვერევი და ვერ ვაიძულებ, პასუხისმგებლობის, ან, თუნდაც, სიბრალულის გამო, დავურეკო, სახლში დავაბრუნო და მერე მთელი ცხოვრება მასთან გავატარო. ვერც კი წარმომედგინა, ასე თუ შევიცვლებოდი. იყო დრო, როცა ლექსებს ვუწერდი, ახლა კი მისი სახელის გაგონებაც აღარ მინდა. რა მემართება, ვერ ვხვდები.

ანრი, 24 წლის.



გოგოებს არ მოვწონვარ

ვგიჟდები გოგოებზე, მაგრამ მათ საზოგადოებაში თავს უხერხულად ვგრძნობ. არ ვიცი, ეს რისი ბრალია, ალბათ, იმის, რომ მაინცდამაინც ლამაზი ბიჭი არ ვარ, თუმცა, ჩემზე უარესებიც არიან და გოგოები გუნდ-გუნდად დასდევენ კუდში. თავის ქებად არ ჩამითვალოთ და, ჩემი აზრით, არც მთლად უინტერესო ტიპი უნდა ვიყო: ვუკრავ რამდენიმე ინსტრუმენტზე, არა უშავს რა ვმღერი, არც სხვაზე ნაკლებად არ ვცეკვავ, ვერც უწიგნურობას დამწამებს ვინმე, მაგრამ, რატომღაც, გოგოებს არ ვაინტერესებ. ერთი ეს არის, რომ სუპერთანამედროვედ არ მაცვია, საკუთარი მანქანა არ მყავს და მაინცდამაინც ხშირად არც ფული მიდევს ჯიბეში. ალბათ, იტყვით, მაქედან დაგეწყო და ყველაფერი გასაგები იქნებოდაო. სამწუხაროდ, ისე გამზარდეს, რომ მატერიალური მხარე ყოველთვის მეორეხარისხოვანი მეგონა, მაგრამ, თურმე საზოგადოებას (არც ერთ ასაკში) სულაც არ აინტერესებს შენი სულიერება და პიროვნული ღირსებები, მთავარია: მამიკო გყავდეს თანამდებობის პირი, მილიონერი ან ცნობილი სახე, გაძეძგილი იყო პრეტენზიებითა და „მარიაჟობით“ და იყო თავხედი.

ამ წერილის დასაწყისში ვთქვი, გოგოებში პოპულარული არ ვარ-მეთქი. სამაგიეროდ, ჩემს საძმაკაცოში ვარ ლაღად. თითქმის ყველა, პატარაობიდან ერთად მოვდივართ, ერთმანეთს, რომ იტყვიან, შემწვარ-მოხრაკულს ვიცნობთ და ამიტომ ერთმანეთთან არ გვჭირდება რაღაცეების მტკიცება. მე, საერთოდ, ისეთი ტიპი ვარ, ძალიან მსიამოვნებს, როცა ჩემს ახლობელს რამით ვახარებ, განსაკუთრებით გოგოებისთვის მიყვარს სიურპრიზების მოწყობა, მაგრამ, რატომღაც, მათი მხრიდან დაინტერესება ვერ გამოვიწვიე. ჩემს დას რომ გავუმხილე ჩემი დარდები, მითხრა, ზედმეტად ბავშვური ხარ, რომ დაკაცდები, მერე ყველას მოეწონებიო. 17 წლის ვარ, თითქოს ბავშვობის ასაკს უკვე დავემშვიდობე, ვცდილობ, კაცურად მოვიქცე, მაგრამ, ეტყობა, მაინც არ გამომდის, რაც ძალიან მაწუხებს.

ლუკა, 17 წლის.



ცოლმა მიღალატა და ქონებაც წამართვა

ვერასდროს წარმოვიდგენდი, ოდესმე ჟურნალში თუ გავგზავნიდი წერილს, მით უმეტეს – პირად ცხოვრებას თუ გამოვამზეურებდი, მაგრამ, თურმე არასდროს არ ვიცით წინასწარ, რას გავაკეთებთ მომავალში. ამ ნაბიჯის გადადგმა კი გადამაწყვეტინა იმ დრამამ, რაც ჩემს სახლში, ჩემს ოჯახში მოხდა.

ვიცი, ბევრი გამამტყუნებს – ამ ხნის კაცი რამ გამოათაყვანა, ვის არ შემთხვევია უბედურებაო, მაგრამ ჩემს ამბავს ვინმე კონკრეტულ ადამიანს, თუნდაც მეგობარს, ვერ ვეტყვი, რადგან ამის უფლებას თავმოყვარეობა არ მომცემს. არადა, ვინმეს რომ არ გადავუხსნა გული, შეიძლება, მეორე ინფარქტი დამემართოს (პირველი მაშინ დამემართა, როცა ეს ამბავი მოხდა). ცხადია, სახელები და ერთი-ორი სიტუაციაც შევცვალე, რომ ჩემი უახლოესი წრე არ მიხვდეს, ვინ არის სინამდვილეში ამ წერილის ავტორი.

საქმე ისაა, რომ 50 წლამდე ცოლი არ მყოლია. ესეც იმიტომ მოხდა, რომ სპორტსმენი ვიყავი, სულ აქეთ-იქით ვმოგზაურობდი, თან ძალიან გამანებივრეს ათასნაირი ჯურის ქალებმა და, მოკლედ, ვერ მოვიცალე და სერიოზულად არც მიფიქრია ოჯახის შექმნაზე. სულ ვამბოდი, რა მეჩქარება, მოვა დრო და ამ საქმესაც მივხედავ-მეთქი, მაგრამ, დრო კი არ მოვიდა, არამედ – წავიდა, ისე გაფრინდა, რომ მოხედვაც ვერ მოვასწარი.

50 წლის ასაკში მივხვდი, რომ მარტო დავრჩი და, სანამ ჯერ კიდევ ყოჩაღად ვგრძნობდი თავს, უნდა სასწრაფოდ მეპოვა ქალი, რომელიც მყუდრო კერას შემიქმნიდა და, იქნებ, შვილიც კი გაეჩინა. აქტიურად დავიწყე ძებნა და ახლობლებიც ჩავრთე ამ საქმეში. დიდი რჩევა-რჩევის შემდეგ, ნათესავმა გამაცნო ჩემზე ოცი წლით უმცროსი, განათხოვარი ქალი. მისი განათხოვრობა ჩემთვის პრობლემა არ იყო, მით უმეტეს, რომ ძალიან მომეწონა. მასაც მოვეწონე და ერთ თვეში ხელიც მოვაწერეთ. ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულებოდა, ისეთი ხასიათის ქალი გამოდგა. რადგან ჩემზე ბევრად ახალგაზრდა იყო, მეც სულ ვცდილობდი, „ახალგაზრდული დამეჭირა“ – თავს ვუვლიდი, ვვარჯიშობდი. რამდენიმე თვის შემდეგ ჩემმა ცოლმა მახარა, ორსულად ვარო და საერთოდ ცაში დავიწყე ფრენა. ისე გამიხარდა, აღარ ვიცოდი, მადლობა რითი გამომეხატა და მთელი ჩემი ქონება ცოლის სახელზე გადავაფორმე – ვიფიქრე, უკვე ასაკში ვარ და, რამე რომ დამემართოს, რატომ უნდა იწვალოს მემკვიდრეობის მისაღებად-მეთქი. შვილი რომ გაჩნდა, ჭკუაზე არ ვიყავი სიხარულით, მაგრამ, თურმე, მოიცა... ბავშვის მონათვლის მეორე დღეს ცოლმა მითხრა, გეყრებიო. ეს ისეთი ელდა იყო, ვერ აგიწერთ. მაგრამ, თურმე მთავარი წინ მელოდა: სული რომ მოვიბრუნე და მიზეზი ვკითხე, მიპასუხა, ეს ბავშვი შენი შვილი არ არის, მამამისმა ცოლად შერთვაზე თანხმობა მითხრა და შენგან მივდივარო. მე ინფარქტით დამაწვინეს კლინიკაში, ის კი წავიდა ბავშვიან-ქონებიანად და დამტოვა ასე სულიერად და მატერიალურად ნულზე. კიდევ კარგი, ჩემს ძმას ჰქონდა დაკეტილი ოროთახიანი ბინა და იქ გადამიყვანეს საავადმყოფოდან.

აი, ასე გავუბედურდი. ახლა აღარც კი ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო.

სოსო, 53 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3