კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას განიცდიდა ყველაზე მტკივნეულად ნიკო გომელაური და რა დაუბარა მან შვილებს

ნიკო გომელაურის გარდაცვალებიდან ერთი წელი გადის. ამ დღეს უნდა შედგეს დოკუმენტური ფილმის „ნიკო... აპლოდისმენტები” პრემიერა, რომელიც ნიკოს მეუღლის, ნინა ჩოდრიშვილის უდიდესი შრომისა და ენერგიის შედეგად შეიქმნა. ფილმთან დაკავშირებით, ჩვენ გასულ ნომრებშიც ვისაუბრეთ, თუმცა არის საინტერესო სიახლეები. სტატიის ბოლოს კადრს მიღმა დარჩენილი წერილებიდან ამონარიდებსაც გთავაზობთ.

ნინა ჩოდრიშვილი: არასდროს მქონია შეხება კინემატოგრაფიასთან და ჩემდა სამწუხაროდ, ახლა ძალიან ღრმად ჩავიხედე ამ სფეროს სამზარეულოში. აღმოვაჩინე, რომ ერთია დაწყობილი, გამართული ლიტერატურული სცენარი და მეორეა ამის ვიზუალიზაცია. ის, რაც სცენარში წერია და ერთიმეორედან გამომდინარეობს, ვიზუალურ მასალაში ასე დალაგებულად არ ჩანს – არ გამოისახება ისე, როგორც საჭიროა. ამ ყველაფერის დაძლევას კი მყარი ნერვები და დიდი შრომა სჭირდება. მშვიდი ადამიანი ისედაც არ ვარ, თან პირადი საქმითა და, ჩემი სამსახურით საშინლად დაკავებული ვარ, ამ დროს კი ისეთი საქმე დამემატა, პრაქტიკულად, ღამე არ მძინავს. სულ რაღაც იდეები მომდის თავში – ეს მასალა არ მომწონს, მოდი, იქნებ შევცვალოთ. მიწევს სიარული რაიონებში, საიდანაც რაღაც მასალებს მაწვდიან. ჩემს თავს აბსოლუტური კატასტროფა ხდება. გიორგი ბერიძე, რეჟისორი, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემგან განსხვავებით, წყნარი, მშვიდი არსებაა – მისი მდგომარეობიდან გამოყვანა თითქმის შეუძლებელია, მოვახერხე და ისე გადავრიე, მთელ ხმაზე მიყვიროდა: დამანებე თავიო. სხვა რეჟისორებმა დამაწყნარეს, ეს რა არის, ხალხი გადაღების პროცესში ერთმანეთს ხოცავსო. ძალიან მინდა, ისე დასრულდეს ეს ფილმი, გიორგის ისევე ვუყვარდე, როგორც მანამდე ვუყვარდი.

– გია ყანჩელი როგორ ჩაერთო ფილმში?

– საოცარი რამ მოხდა. ეს ამბავი ჩემთვის სასიხარულო და ამავდროულად, ძალიან გულდასაწყვეტია. ბატონმა გიამ თავად დამირეკა და მითხრა, რომ სურვილი აქვს, ნიკოს ფილმზე დაწეროს მუსიკა ერთი პირობით – ამაში არც ერთ თეთრს არ აიღებს. ახლა ჩამოვიდა და ჩამოიტანა აბსოლუტური ფანტასტიკა. კარგად ვერ მოვუსმინე, რადგან ტირილისგან ნახევარი არ მესმოდა. ნიკოს რომ გაეგო, როგორ მოსწონს თურმე, გია ყანჩელს მისი ლექსები უსაზღვროდ ბედნიერი იქნებოდა. ბატონი გია აპირებს კიდეც ნიკოს ლექსის თავის ნაშრომში გამოყენებას, რომელიც 2012 წელს უნდა გამოვიდეს. რასაც კი ნიკოს სახელით ვაკეთებ, დომინანტი „მე” არასდროს არ ვარ. მთლიანად ვექვემდებარები ნიკოს გემოვნებას, სურვილებს, ხასიათს. როდესაც ნიკო ჩემ გვერდით იყო, შემეძლო ჩემი აზრი გამეტანა, ან მინიმუმ, ვიბრძოდი ამისთვის. ეს იქნებოდა ლექსი, წიგნის ყდა თუ სხვა – ყოველთვის მქონდა ჩემი სუბიექტური აზრი და ეს ნიკოს მოსწონდა კიდეც. არასდროს დამიქნევია თავი და არ მითქვამს, მომწონს იმაზე, რაც არ მომწონდა. ზოგჯერ ნიკო ითვალისწინებდა ჩემს აზრს, ზოგჯერ – არა და თავისი გაჰქონდა. ის ავტორი იყო და თავისი გემოვნებით იღებდა გადაწყვეტილებებს. დღეს კი სულ ნიკოს გემოვნების, ხედვის და ინფორმაციის გავლენის ქვეშ ვარ. რა ინფორმაციაც მაქვს ნიკოსგან კონკრეტული პიროვნების, წიგნის, ფურცლის, ელემენტარულად, ასოთა განლაგების შესახებ, იმის მიხედვით ვაკეთებ ყველაფერს. მთელ ამ ამბავში ნულზეა ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება, გემოვნება, აზრი... თითქოს, არც გამაჩნია. შეიძლება, რაღაც არ მომწონს, მაგრამ ისე ვაკეთებ, როგორც მას მოეწონებოდა... ვერ შევეკამათები.

– საბოლოო ჯამში, ალბათ, ძალიან კარგი გამოვა.

– ყველაზე მეტად ეს მინდა. თვითონ მსახიობი იყო და ყოველთვის რეჟისორს, ოპერატორს ექვემდებარებოდა, ასრულებდა იმ ამოცანებს, რომელსაც კინოსა თუ თეატრში უსახავდნენ. როდესაც შემდეგ, მთლიანობაში, რაღაც არ მოსწონდა, საშინლად განიცდიდა. სულ ამაზე ვჩხუბობდით, რადგან ნიკოს განცდა სმა იყო. შეეძლო, რაღაც არ მოსწონებოდა და ამის გამო, საკუთარი თავისთვის კატასტროფა მოეწყო – დაეწყო სმა, ერთი, მეორე, მესამე დღე... მერე იქიდან რთულად გამოდიოდა... სულ ვეუბნებოდი, შეიძლება, ასეთი პატარა რაღაცის გამო, საკუთარი თავის ასე დასჯა-მეთქი? ერთხელ მომიტრიალდა და მითხრა – ეს შენთვის არის პატარა რაღაც, ჩემთვის კი ცხოვრებააო. აქედან გამომდინარე, უნდა გავითვალისწინო ყველაფერი, რაც კი მას ოდესმე ჩემთვის უთქვამს. მაგალითად, ნიკოსგან ვიცი, რომ ზურა ყიფშიძე არის ღრმა და თავისი საქმის ძალიან კარგი სპეციალისტი, პროფესიონალი. ამიტომ, ზურას თამამად მივმართე. იგივე იყო გიორგი ბერიძესთან დაკავშირებით. ამიტომაც ვამბობ, ვარ დამდგარი იმ გზაზე, რომელიც გამიკვალა ნიკომ... რამე რომ არ მომწონს, არ ვაძლევ თავს უფლებას, „ჩემებურად” გავაკეთო, ამის გამო შესაძლოა, ჩხუბიც კი მოგვსვლოდა (იცინის).

– ხშირად იყო ეს ჩხუბები?

– არაფერი გაგვიკეთებია ცალკე – ყველაფერში ერთმანეთს აზრს ვეკითხებოდით და ამაზე ხშირად იყო კამათი. სულ გვერდით ვეჯექი, როდესაც მუშაობდა. „ზონგებს” აკეთებდა და ღამის ოთხ საათზე მითქვამს, წავედი, დავიძინებ-მეთქი. კარგი, ბატონო, წადი... ისე იტყოდა, შეგრძნება მქონდა, სამშობლოს ვღალატობდი. სულ მრთავდა თავის საქმეში – სიტყვის ანალოგს, სინონიმს ვეძებდით ერთად, ან მუსიკას – სიმღერის ტექსტს. ჩემთვის ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და მთავარი ბედნიერება.

– ბოლოს რაზე იჩხუბეთ?

– ვიჩხუბეთ ერთი ლექსის გამო, სადაც ბანანები ფიგურირებდა. არ მომეწონა როგორც ლექსი მთლიანობაში, ისე ეს ბანანების თემაც. დაამთავრა ლექსი და ჩუმად ვარ. ვერაფრით ეტყოდი – არ მომწონსო, რადგან მერე ეგრევე იწყებდა ჩხუბს – მაშინ წადი და შენ დაწერე უკეთესი, შენ რა გესმის, „ვაფშე” რა დებილი ვარ, რომ გეკითხები, შენ რა იცი... ერთ-ორ საათში დამიძახებდა – ნინ, მართალი ხარ, ხომ იცი?! ასე ხომ უფრო უხდება? ზოგჯერ არც გამსვლია, მაგალითად, „ახალ ლექსში” ერთი ადგილი დღემდე არ მომწონს. მაგრამ, არ გამივიდა, ასე ხედავდა მას სწორად.

– თქვენს საქმეებში თუ ერეოდა?

– როგორ არა. ბაღში სპექტაკლებს ვაკეთებ, რომლისთვისაც პატარა პიესებს ვწერ და თუ მოსწონდა, ყოველთვის ერეოდა. მაგალითად „მუხა ცაკატუხა” მაქვს გაკეთებული პიესის სახით და გაგიჟდა, ისე მოეწონა, ხმაც ჩაწერა და მიზანსცენებშიც მეხმარებოდა. ზოგიერთი პიესა კატეგორიულად არ მოსწონდა, თავი დამანებე ამ სისულელეში მონაწილეობა როგორ მივიღოო. ამ დროს უკვე თიკო კორძაძე და მაიკო დობორჯგინიძე მეხმარებოდნენ. საერთოდ, ეს ნიკოს პოზიცია იყო – თუ რამეს აკეთებ, კარგად უნდა გააკეთო. თუ კარგად გაკეთების თავი არ გაქვს, საერთოდ არ უნდა გააკეთოო. ხელოვნებასთან თამაში, მისი მერკანტილური თვალსაზრისით განხილვა, ნიკოსთვის საშინელი კატაკლიზმის ტოლფასი იყო. რომ ვეუბნებოდი, პოპულარული ხარ-მეთქი, გამომხედავდა და მეტყოდა, თბილისში პოპულარობას რა უნდაო. ისე წავიდა ამქვეყნიდან, ვერც მიხვდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი დატოვა... ჩემი ყველაზე დიდი დარდი სწორედ ეს არის. ვერაფრით ვერ აღიქვა ხალხის მიერ მისდამი სიყვარულის მასშტაბი. მეც კი დღემდე მიკვირს. ქუჩაში მცნობენ, მეკითხებიან, როდის იქნება ნიკოს ახალი წიგნიო. ლილოს ბაზრობაზე დავდივარ ხოლმე ბაღისთვის ბიჟუტერიების საყიდლად. მოვიდა ერთი ქალბატონი, მითხრა, გიცანით, ნიკო გომელაურის ცოლი ხართო. მომიტანა პატარა ჩაიდანი საჩუქრად. რომ ვკითხე, იცით, ნიკო-მეთქი. შეიცხადა, რას ნიშნავს, არ ვიციო. მომიტანა სქელი რვეული, რომლის ერთ გვერდზეც ეწერა იმ დღის ნავაჭრი, მეორე გვერდზე კი – ნიკოს ლექსები ჰქონდა ხელით ამოწერილი... ამას არ ჰქვია სიკვდილი, ამას ცხოვრების გაგრძელება ჰქვია სიკვდილის შემდეგ.

ამონარიდები კადრს მიღმა დარჩენილი წერილებიდან:

ტასო გომელაური: სიკვდილის წინ ძალიან ცუდად იყო, ძლივს ლაპარაკობდა. მე და ჯეჯის დაგვიძახა, ექთნებს გასვლა სთხოვა და გვითხრა – მე მოვკვდები, მერე რა, რა მოხდა. ძალიან გთხოვთ, თქვენ მაგრად იდგეთ, არ შემარცხვინოთ. ისწავლეთ და მიაღწიეთ იმას, რომ თქვენ იყოთ – ტასო გომელაური, ჯეჯი გომელაური და არა ნიკო გომელაურის შვილები. ეს სიტყვები ყოველდღე ჩამესმის...

გიორგი ნაკაშიძე: ნიკოს ბინა იყო მისი ბავშვობის მეგობრებისა და ჩვენი, უფრო გვიან დამეგობრებულების, თავშეყრის ადგილი. უსინათლობის, სიცივის, უსახსრობის მიუხედავად, იქ ყველაფერი გვიადვილდებოდა, რადგან, გარესამყაროსგან დროებით გარინდულები, სიმშვიდეს ვპოულობდით. ხელოვნებაზე, სიყვარულზე, პოეზიაზე საუბრებით, რომელთაც იაფფასიანი სპირტიანი სასმლითა და ნიკოს მიერ ნაუცბათევად გაკეთებული ტაფამწვარით ვაჯერებდით.

თამუნა ნიკოლაძე: „ბოლომდე... ბოლომდე გააკეთე რა, რასაც აკეთებ...”

კახა მიქიაშვილი: უცხო თვალით ნიკო ამაყი, „გრუბი“, ამპარტავანი ადამიანი იყო. თუმცა, მასთან ურთიერთობიდან გამომდინარე, ვამბობ, რომ იყო ძალიან კეთილი, უბრალო, უშუალო, გულჩვილი, სიყვარულის ნიჭით დაჯილდოებული, უბოროტო, დიდთან დიდი, პატარასთან პატარა... მიუხედავად იმისა, რომ იყო პირველი, თანაც ორ თეატრში, შეეძლო თეატრის რიგით თანამშრომელთან, სცენის მუშასთან, ყარაულთან უშუალო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონოდა.... ერთხელ ასეთი რამ მითხრა: მე ისე მეშინია ღმერთის, მასთან მისვლისაც კი მერიდებაო.

აპოლონ კუბლაშვილი: ნიკო ამბობდა, იცი, რა არის ჩემთვის ყველაზე მთავარი? ჩემი ოჯახი, მეგობრების პატარა წრე და რა თქმა უნდა, მე არტისტი ვარო. როდესაც ეტყოდნენ: ნიკუშ, რა კარგად გამოიყურებიო, ის დაუფიქრებლად პასუხობდა, შენ გახდილი უნდა მნახოო. ერთხელ სუფრაზე მის კურსელებთან ერთად მოვხვდი. მათ მიამბეს 9 აპრილს, გაბრაზებულმა, რომ არ იცი რა უნდა ქნა, რუსთაველზე ტანკს დანა ესროლაო... ნიკო არასდროს არავის ვალში არ რჩებოდა. თუ ვიღაცას, მასთან მიმსვლელს სიგარეტს დააბარებდა, ჩუმად მიდიოდა და მის ქურთუკში ფულს დებდა. ერთხელ ფეხით ნახევარი საათი მატარა, მაღაზიაში ვალი მაქვს დასაბრუნებელიო და თურმე, სამოც თეთრზე იყო საუბარი.

სანდრო მარგალიტაშვილი: ნიკომ ბავშვი მომინათლა. სანამ ვთხოვდი ბავშვი მომინათლე-მეთქი, ნათქვამი ჰქონდა: „არ შემიძლია პატარა ბავშვის ხელში დაჭერა. სულ მგონია, რაღაცას ვატკენ, არასწორად მიჭირავს. არაფრით არ შემიძლია, რომ ტირის, არ ჩერდება, და არ იცი, როგორ გააჩერო... ცუდად ვხდები. მე ისეთი ასაკი მიყვარს, რაღაცას რომ მოუყვები, ერთად რომ თამაშობთ უკვე.” როდესაც ვთხოვე, ჩემი შვილი მონათლე-მეთქი, უარი არ უთქვამს, დამთანხმდა. შეუძლოდ იყო უკვე, როდესაც საბოლოო თარიღი გაირკვა. ბავშვის ნათლიებიდან პირველი ნიკო მოვიდა ეკლესიაში. დაიწყო ნათლობა. ბავშვის წყალში ჩაყვინთვის შემდეგ მღვდელმა იკითხა: „თბილი ხელები ვის აქვს, ბავშვს ვინ დაიჭერსო”. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლოდ იყო, ნიკომ თქვა: „ბავშვს მე დავიჭერ”. მთელი ნათლობის განმავლობაში ხელში ეჭირა ბავშვი, თავის ქურთუკში ხვევდა, კოცნიდა. ბავშვი არ ჩერდებოდა, სულ მოძრაობდა, ტიროდა. ნათლობის შემდეგ გავიგე, რომ ნიკო ეკლესიიდან პირდაპირ საკმაოდ მძიმე პროცედურაზე მიდიოდა... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლობელი იყო, ბოლომდე მაინც თქვენობით მივმართავდი, თვითონ ეს არ მოსწონდა, მაგრამ მე არ ვიშლიდი. ნიკო, მაგრად მიყვარხარ და მომენატრე!


скачать dle 11.3