კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უთანხმებდა ლუიზა შაკიაშვილი თავის გათხოვებას ედუარდ შევარდნაძეს და რით ამარაგებდა ის ციხიდან მწველავებს

ლუიზა შაკიაშვილი საქართველოს უახლესი წარსულის ცოცხალი მემატიანეა – 80-იანი წლების ქართულ პოლიტიკაში არ დარჩენილა არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელშიც მას არ მიუღია მონაწილეობა: ეროვნული მოძრაობა, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პარლამენტი, პოლიტიკური მეგობრები, ციხე, ყველაზე დიდი ტკივილი და სიხარული... კარგი იუმორითა და ორიგინალური შარმით ცნობილი ქალბატონი დღეს ამ ყველაფერს დიდი სიყვარულით, და მონატრებით იხსენებს.

ლუიზა შაკიაშვილი: მთელი ახალგაზრდობა დისიდენტურ ცხოვრებას ვეწეოდი, მაგრამ ციხეში საკმაოდ გვიან, 40 წლის ასაკში მოვხვდი. ახალგაზრდობაში ჩემთვის, მარტო ვაკეთებდი ყველაფერს: ვავრცელებდი აკრძალულ ლიტერატურას, რაც კი ხელში ჩამივარდებოდა, მაშინ არც არავინ მიცნობდა და არც ყურადღებას მაქცევდა ვინმე. მერე გავიცანი თამრიკო ჩხეიძე, ნანა კაკაბაძე, თამრიკო ბაღდავაძე, გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი, გელა ნიკოლაიშვილი, მათ ჯგუფში ჩავერთე და ერთად დაგვიჭირეს ყველა. გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი უნდა ეზეიმათ და ჩავუშალეთ ეს ზეიმი – პლაკატები დავიჭირეთ და გავიჭერით რუსთაველზე. აბა, ამას ვინ გვაპატიებდა?! მე ორი წელი მომისაჯეს. ჯერ ორთაჭალის ციხეში ვიჯექი, მერე – „მატროსოვზე“, ქალთა კოლონიაში. „მატროსოვიდან“ დასამუშავებლად „კაგებეს“ ციხეში გადამიყვანეს, 4 კვადრატული მეტრი ფართის საკანში გავატარე ოთხი თვე. თავიდან სამი დღე-ღამე მარტო ვიყავი, მეოთხე სუტკა რომ დაიწყო, „შუმოკი“ ავტეხე და ვიღაცა ქალთან გადამიყვანეს, მალე მიხვდნენ, რომ ჩემს დამუშავებას აზრი არ ჰქონდა და ისევ „მატროსოვზე“ დამაბრუნეს. „მატროსოვიდან“ წმიდა ბარბარეს ეკლესიის გუმბათი ისე მოჩანდა, როგორც ჩემი სახლის აივნიდან, რომელიც წმიდა ბარბარეს ეკლესიასთან ძალიან ახლოს იყო. გუმბათის დანახვაზე ჩემი სახლი მახსენდებოდა. ჩემი „ავტონომია“ მქონდა. ჩვენი კოლონიის უფროსმა ორჯერ ჩამსვა კარცერში პრევენციის მიზნით, მერე ჩვენ ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს და ერთხელ ვკითხე: რას მერჩოდით, ახლა თუ ასე შეგიყვარდით, კარცერში რატომ მსვამდით-მეთქი? არ დამალა და მითხრა: მეშინოდა, ქალები არ აგეყოლიებინა, ბუნტი არ მოგეწყო და წინასწარ გაჩვენე, კარცერი როგორი იყოო. თურმე, პრევენციას მიტარებდა (იცინის). 1 200 ქალი იჯდა მაშინ „მატროსოვზე“, ზოგი – ასეთი, ზოგი – ისეთი. მე არ მქონდა ურთიერთობა იმ ქალებთან, ვინც იჯდა მკვლელობაზე, ნარკოტიკების გასაღებაზე, მაგრამ, იყვნენ პატიოსანი პატიმრებიც – ორგანიზაციების ბუღალტრები, ვინც სხვადასხვა ფინანსური ოპერაციებისთვის იხდიდნენ სასჯელს, სპეკულანტები და მათთან ვიყავი ახლოს, დღემდე ჩემი უახლოესი ადამიანია იქ გაცნობილი ერთ-ერთი მეგობარი. ძალიან კარგად მახსოვს მასთან დაკავშირებული ერთი ამბავი: არ ვიცი, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ, მე ვადაზე ორი თვით ადრე გამათავისუფლეს. ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. თურმე, ეს ამბავი ჩემს მეგობარს გაუგია წინა დღეს და არაფერი მითხრა – ეს ღამე როგორ უნდა გაათენოსო. საღამოს, საჭმელი რომ მომიტანა, მითხრა: ამის მეტად საჭმელს აღარ მოგიტან, ახლა ბოლოჯერ გაჭმევო. ვერ მივხვდი, რატომ მეუბნებოდა ამას. თურმე, მეორე დღეს მიშვებენ და მე აზრზე არ ვარ. დილა რომ გათენდა, ჩემმა მეგობარმა მითხრა: მოდი, დაიბანე, გამოიპრანჭე, კარგად რომ გამოიყურებოდეო. ვაა, კიდევ ვერ მივხვდი ვერაფერს, – რა გინდა, გოგო, რას დამდევ-მეთქი და, ერთ საათში დაიძახეს კიდეც: „შაკიაშვილი ს ვეშჩამიო“. სრულიად რომ არ ელოდები და ამას დაიძახებენ, ისეთი რამეა, არასდროს რომ არ დაგავიწყდება.

– ციხეში გატარებულმა წლებმა ყველაზე მეტად რა შეცვალა თქვენში?

– ციხემ მასწავლა ადამიანების ამოცნობა, რაშიც მე ძალიან უნიჭო ვიყავი. ციხეში ყოფნამ ძალიან გამაძლიერა სულიერად. ციხესთან დაკავშირებით ერთი ხალისიანი ისტორია უნდა გავიხსენო: იქ ხომ ყველას გვამუშავებდნენ. მე ვკერავდი ქამრებს მიტკლის ლურჯი და თეთრი ხალათებისთვის, რომლებიც ფერმებში იგზავნებოდა მწველავი ქალებისთვის. მაშინ პირველად დავჯექი საკერავ მანქანასთან. ელექტროსაკერავი მანქანა შორიდანაც კი არ მქონდა თვალით დანახული, ან კერვა საიდან უნდა მცოდნოდა?! ვერასდროს ვასწრებდი, მიმეწოდებინა ქამარი ქალისთვის, რომელიც, ქამრებს ხალათებზე აკერებდა. ის ქალი გამოცდილი მკერავი იყო, ოცდამეშვიდე „კრუგზე“ იყო წასული, როცა მე სასჯელს ვიხდიდი. ის ქალი ეროვნებით რუსი იყო, ყოველ წელს საპასპორტო რეჟიმის დარღვევისთვის იჭერდნენ და ისევ უკან, კოლონიაში აბრუნებდნენ, იქნებოდა სწრაფი და მარჯვე, აბა, რას იზამდა?! მე იმას როგორ უნდა დავწეოდი? არ მოსწონდა, ქამრების გადაცემას რომ ვერ ვასწრებდი და მთელი დღე გაჰყვიროდა ხოლმე: „შაკიაშვილი, დაი პადაჩუ!“ მოკლედ, ერთმანეთთან არცთუ ჰარმონიული ურთიერთობა გვქონდა. იმ დროს მინისტრის მოადგილე ალექსი ინაური იყო, მან კარგად იცოდა ის საქმე, რაზეც დაგვიჭირეს და, ერთ დღესაც, კოლონიაში მოვიდა: მაჩვენეთ ეს შაკიაშვილის ქალი, სად არის და როგორო. სამუშაო დღე იყო, არადა, იმ დღეს საკერავი მანქანა გამიფუჭდა. ის რუსი ქალი უსაქმოდ ხომ არ მოცდებოდა! მოკლედ, ზის ჩემს მანქანასთან, ხელში სახრახნისი უჭირავს და აკეთებს. 27 წელი საკერავ მანქანას უყურებდა და გაკეთებაც ეცოდინებოდა, მა რა ჭირს იზამდა? მოკლედ, მოვიდა ინაური და რას ხედავს, მე და რუსი ქალი ერთად ვჭუკჭუკებთ. მოვიდა ინაური ჩემთან ახლოს, მომიკითხა. მე ვუთხარი: ხომ ხედავთ, ისე გამომასწორეთ, რომ, რუსებთან ბრძოლისთვის აქ მოვხვდი და, ისე დავმეგობრდით, აგერ, რუსი ზის და მანქანას მიკეთებს-მეთქი. იქ სიცილი ატყდა?! ჩაბჟირდნენ სიცილით...

– იმ გაგანია კომუნისტურ რეჟიმში პოლიტიკური მუხლით გასამართლებულმა როგორ მოახერხეთ სამუშაოდ ისევ ტელევიზიაში დაბრუნება?

– როცა ციხიდან გამომიშვეს, ჩემთვის ვფიქრობდი: მე ახლა ტელევიზიაში ვინ აღმადგენს-მეთქი. იქ ბევრი მეგობარი და ახლობელი მყავდა, მაგრამ, არ მივდიოდი, ვინმეს არ ჰგონებოდა, რომ მათთვის მინდოდა მეთხოვა სამსახურში დაბრუნება. ერთ დღეს დამირეკეს მუსიკალური რედაქციიდან, სადაც მე ვმუშაობდი: არ უნდა გვნახოო? – მკითხეს. წავედი ტელევიზიაში, ვნახე ჩემი მეგობრები, მათ შემიყვანეს ივლიტა მესხიშვილთან, რომელიც თავმჯდომარის მოადგილე იყო. კარგა ხანს ვისაუბრეთ ერთმანეთთან, რაღაცეები მკითხა, მერე უცებ მითხრა: კი მაგრამ, ქალბატონო, არ გეყო დასვენება, არ გინდა მუშაობის დაწყებაო? ვიფიქრე, ხომ არ მომესმა-მეთქი. არადა, ამას მეუბნებოდა ტელევიზიის უფროსი. როგორც მერე მივხვდი, ჩემი აღდგენა სამსახურში ცეკას დონეზე გადაწყდა, აბა, ივლიტა ჩემს აღდგენას სამსახურში დამოუკიდებლად ხომ ვერ შეძლებდა?!

– გავიდა წლები და ცხოვრებამ ისევ დაგაკავშირათ იმ ადამიანთან, ვინც ჯერ დაგიჭირათ, მერე გამოგიშვათ…

– აბა, კაცო! (იცინის). ჯერ დამიჭირა, მერე გამომიშვა. წელიწად-ნახევარი, გაგრის დაცემამდე, მისი გუნდის წევრი ვიყავი, ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. თუ რამეს გავიგებდი, ქვეყნის საზიანოს, აუცილებლად ვეუბნებოდი ედუარდს; ედუარდი მე ყოველთვის ძალიან ადვილად მიღებდა, რჩევასაც ვაძლევდი, ჩემს აზრსაც ვუზიარებდი. მოსმენა იმნაირი იცოდა, გეგონებოდა გიჯერებდა. მე არ მაქვს მოსმენის ასეთი კულტურა – ადამიანს ბოლომდე ვერ ვუსმენ, შუა ლაპარაკში ვეჭრები. ედუარდთან კი, რამდენ ხანსაც არ უნდა გელაპარაკა, ისეთი ყურადღებით გისმენდა, გეგონებოდა უკეთესი არაფერი გაეგონა. ამ თვისებით ხიბლავდა კიდეც ხალხს; იუმორი ხომ, ჰქონდა და ჰქონდა! ხშირად მეხუმრებოდა ხოლმე რაღაც-რაღაცეებს. თმას რომ შევიჭრიდი, მაშინვე იმას მეუბნებოდა: თმა რატომ შეიჭერი, გათხოვებას ხომ არ აპირებო. ან – ვისზე თხოვდები, პარლამენტის თავმჯდომარეს არ უნდა უთხრაო? გათხოვების ამბავიც კი ედუარდთან უნდა შემეთანხმებინა (იცინის).

– თქვენი დროის პარლამენტში საკმაოდ ბევრი კოლორიტული ადამიანი იყო, შესაბამისად, ძალიან ბევრი იყო პოლიტიკური ჯახაჯუხიც.

– მე თუ მკითხავთ, კომუნისტური წყობის შემდეგ ჩვენი პარლამენტი ყველაზე საინტერესო იყო, ჩვენ ბევრ კარგ საქმესაც ვაკეთებდით, თან კარგი იუმორიც გვქონდა, ამის გარეშე, ისეთი დრო იყო, გაგიჟდებოდი. მახსოვს, დავიხოცეთ სიცილით, ჯაბას პასუხზე. ვიღაცამ იკითხა – აბა, ლიდერი სადაა, ვის გავყვეთო? ტრამვაის გაჰყევით, ტრამვაისო, – დაიძახა ჯაბამ. მერე ლობიოზე რომ თქვა, კაცო?! დემოკრატია ლობიოობა კი არ არიო (იცინის).

– ყველაზე მეტად რას ნანობთ წარსულიდან?

– ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ ციხიდან ვერ მივუსწარი მამას, შვიდი თვის უნახავი მყავდა, როცა გარდაიცვალა. საოცარი განცდა მქონდა, როცა სახლში მიმიყვანეს და მკვდარი მამა დავიტირე – ეს ყველაზე მძიმე მოსაგონარია ჩემს ცხოვრებაში. სულ მქონდა განცდა, თითქოს მე მოვკალი მამაჩემი. საშინელი თვითგვემა მქონდა, სიყრმის შვილი ვიყავი მისთვის. პირველად პაემანზე რომ მოვიდა ჩემთან, 45 წუთი ცხარე ცრემლით ტიროდა, მერე ცუდად გამხდარა და დედასთვის უთქვამს: მე იქ წამომსვლელი აღარ ვარ, ჩემს შვილს იქ ვეღარ ვნახავო.

მთელი ჩემი ახალგაზრდობა რთულ საქმეს შევწირე, მაგრამ, თავიდან რომ დამაწყებინა ცხოვრება, ალბათ, ისევ იმ გზას გავივლიდი. მაშინ ისე ძალიან აქტიური რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, ჩემს პირად ცხოვრებასაც სხვანაირად მივხედავდი. ახლა რაღა დროს ამაზე სინანულია, მაგრამ, უფრო მეტი დრო უნდა დამეთმო ჩემი პირადი გრძნობებისთვის.

– გიყვარდათ ვინმე?

– როგორ არ მიყვარდა, აბა როგორ, „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე“ (იცინის). სიყვარული ისეთი რამეა, შეიძლება, ერთხელ მოვიდეს და მთელი ცხოვრება გაგყვეს. მეც მქონდა ასეთი სიყვარული, ყველაზე ძლიერი ერთი უპასუხო სიყვარული იყო.

– ცნობილ ადამიანთან?

– კი, ის იმ დროს ფრიად პოპულარული იყო, დღეს ცოცხალი აღარაა. როცა გარდაიცვალა, ძალიან განვიცადე.

– ახლა როგორ ცხოვრობთ?

– როგორც შეჰფერის ჩემი ასაკის ქალს, ვცხოვრობ ძმასთან, ძმისცოლთან და ძმისშვილებთან ერთად. ხუთი ძმის შვილი მყავს, ერთმანეთზე უკეთესები. ჩემი ძმისშვილები ძალიან ამაყობენ ჩემით, სულ მეუბნებიან: როგორ ახსოვხარ მამიდა, ხალხს, როგორც კი გვარს გაიგებენ, გვეკითხებიან, ლუიზასი ვინ ხართო. ახლა ჩვენ ვცხოვრობთ როგორც ქართული ოჯახების უმეტესობა: ხან გვიჭირს, ხან გვილხინს... ისევ იმ სახლში ვცხოვრობ, საიდანაც წმიდა ბარბარეს ეკლესიის გუმბათი მოჩანს...




скачать dle 11.3